დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1199-1443-05 3 აპრილი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს თ. ბ-ავამ და მ. შ-შვილმა. მათ სარჩელში აღნიშნეს, რომ 2002წ. 29 ივლისს მოსარჩელეებსა და მოპასუხე ი. ქ-შვილს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლეიც დაამოწმა ქ.თბილისის ნოტარიუსმა ნ.ი-შვილმა. ხელშეკრულების საფუძველზე თ.ბ-ავამ სესხის სახით გადასცა ი.ქ-შვილს 31200 აშშ დოლარი 3 თვის ვადით ყოველთვიური 1%-ის დარიცხვით, ხოლო მ.შ-შვილმა სესხის სახით გადასცა ი.ქ-შვილს 2100 აშშ დოლარი 3 თვის ვადით ყოველთვიური 1%-ის დარიცხვით. ასევე იპოთეკით დაიტვირთა ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ..., ბინა ¹40.
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების I თავის მე-3 პუნქტში აღნიშნულია: „მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო, შესაბამისად გადასახდელი თანხის 0,3% ყოველი გადაცილებული დღისათვის». ვინაიდან ი. ქ-შვილის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველგვარი ვალდებულება, თ. ბ-ავამ და მ. შ-შვილმა სარჩელით მოითხოვეს ძირითადი თანხის, პროცენტის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება ი. ქ-შვილისათვის, კერძოდ, თ. ბ-ავას სასარგებლოდ 9134 აშშ დოლარის, ხოლო მ. შ-შვილისათვის _ 6822 აშშ დოლარის, სულ _ 15956 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ასევე‚ იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ბ-ავას და მ. შ-შვილის სარჩელი მოპასუხე ი. ქ-შვილის მიმართ და ი.ქ-შვილს დაეკისრა თ.ბ-ავას სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 3200 აშშ დოლარის, პროცენტის სახით 96 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 1536 აშშ დოლარის, სულ 4832 აშშ დოლარის გადახდა. ასევე ი.ქ-შვილს დაეკისრა მ. შ-შვილის სასარგებლოდ ძირითადი თანხა - 2100 აშშ დოლარი, პროცენტი - 63 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 1323 _ აშშ დოლარი, სულ -3486 აშშ დოლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება 2005წ. 18 მარტს სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ფაქტორივი გარემოებები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
თ. ბ-ავასა და მ. შ-შვილის მიერ შეტანილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ქ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ.ბ-ავას და მ.შ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივარი და გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ქ-შვილს დაეკისრა თ.ბ-ავას სასარგებლოდ პირგასამტეხლო _ 3567 აშშ დოლარის 0,1% ყოველ გადაცილებულ დღეზე 2004წ. 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო მ. შ-შვილის სასარგებლოდ _ პირგასამტეხლო 3486 აშშ დოლარის 0,1% 2004წ. 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადასულ დღეზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ი. ქ-შვილის მიერ თ.ბ-ავასთვის გადახდილი თახის ოდენობა და სწორად გამოიყენა სკ-ის 623-ე, 625-ე მუხლები. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 417-ე და 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1 %-ის ოდენობით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.ქ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი, ვერ დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, დაარღვია პროცესუალური ნორმები, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ი. ქ-შვილმა თ. ბ-ავასაგან ისესხა 3200 აშშ დოლარი, ხოლო მ. შ-შვილისაგან 2100 აშშ დოლარი 3 თვის ვადით 1%-იანი სარგებლით.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ კასატორი კრედიტორებს უხდიდა არა 1%-ს, არამედ 7%-ს. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ი.ქ-შვილის მტკიცების ტვირთს, რაც მხარის მიერ დადასტურებული არ არის. ამდენად‚ ის გარემოება, რომ თ.ბ-ავა და მ.შ-შვილი ღებულობდნენ სკ-ის 625-ე მუხლის საწინააღმდეგოდ შეუსაბამოდ დიდ პროცენტს სესხისათვის, საქმის მასალებით არ დასტურდება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რადგან თ.ბ-ავამ და მ.შ-შვილმა უარი თქვეს სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. სსკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, მიეღო შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას კვლავ გაიზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, სასამართლო უფლებამოსილი იყო მიზანშეწონილად მიეჩნია გაზრდილი პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაყენება და დაეკმაყოფილებინა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ქ-შვილისა და მისი წარმომადგენლის, ა. გაბუნიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება