გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 22.02.2005
საქმის ნომერი
ას-1258-1387-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1258-1387-04 22 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს/ს „ქ.-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს ს/ს “კ.-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე წარმოადგენდა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატს, რასაც აწარმოებდა „ჩ.-ის“ მეშვეობით, რომელიც შემაერთებელი ხაზით უკავშირდება ყვარლის 35\10 კვტ-იან ქვესადგურს. დასახელებულ ქვესადგურთან მიერთების დროს დამონტაჟდა ელექტროენერგიის მრიცხველები, რომელთა ჩვენებები დაფიქსირდა ს/ს „ქ.-ისა“ და გამანაწილებელი კომპანიის _ ს/ს „ს.-ის“ წარმომადგენლების მიერ. მხარის მითითებით, „ჩ.-ში“ წარმოებული ელექტროენერგია მიეწოდება უშუალოდ კ.-ს სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელის გავლის გარეშე. არსებული სქემიდან გამომდინარე, „ჩ.-ზე“ წარმოებული ელექტროენერგიის მიწოდება სხვა სუბიექტისთვის, კ.-ის გარდა, ტექნიკურადაც შეუძლებელია. მოსარჩელის განმარტებით, კ.-ა წარმოადგენდა ელექტროენერგიის განაწილების ერთადერთ ლიცენზიატს რაიონში და ამდენად, მხოლოდ მას შეეძლო მიეღო და გაენაწილებინა „ჩ.-ზე“ წარმოებული ელექტროენერგია აბონენტებზე. მხარის მითითებით, კ.-ის მიერ „ჩ.-ზე“ წარმოებული ელექტროენერგიის მიღების ფაქტი დასტურდება ელექტროენერგიის გამომუშავების ხარჯისა და მიწოდების შესახებ აქტებით, აგრეთვე, 2003წ. 17 ივლისს შედგენილი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების აქტით. მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობა დაფიქსირებულია ყვარლის 35\10 კვტ-იან ქვესადგურში დამონტაჟებულ მრიცხველებზე. ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ „ჩ.-ისთვის“ დადგენილი ტარიფი მისი გადამცემ ან\და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების დღიდან, ანუ 2000წ. ნოემბრიდან 2002წ. ოქტომბრამდე შეადგენდა 0.0525 ლარს 1 კვტ\სთ-სთვის, ხოლო 2002წ. ნოემბრიდან განისაზღვრა 0,05 ლარით 1 კვტ-სთვის. 2000წ. ნოემბრიდან 2002წ. ოქტომბრამდე კ.-ს მიეწოდა 7 295 900 კვტ\სთ, რისი ღირებულებაც შეადგენს 383034,75 ლარს. 2002წ. ნოემბრიდან 2003წ. ნოემბრამდე კ.-ს მიეწოდა 3873300 კვტ\სთ, რისი ღირებულებაც შეადგენს 193 665 ლარს. მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, ცხადია, რომ კ.-მ 2000წ. ნოემბრიდან 2003წ. ნოემბრამდე მიიღო „ჩ.-ზე“ წარმოებული 576 699 75 ლარის ღირებულების ელექტროენერგია. მიუხედავად ამისა, კასატორის განმარტებით, ს/ს კორპორაცია „ქ.-ს“ მის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ აუნაზღაურდა მხოლოდ 62966 ლარი, ანუ მოპასუხემ მოსარჩელეს მიწოდებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ არ აუნაზღაურა 513733,75 ლარი. მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი. ასევე დარღვეულია „ელექტროენერგიის წარმოების და განაწილების ლიცენზიატებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის 610 კვ. ძაბვაზე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2002წ. 31 დეკემბრის ¹19 დადგენილების მეორე მუხლი და მესამე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატებს შორის კონტრაქტის დადებაზე კ.-ა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებდა. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ღირებულების მიუღებლობის მიზეზით, მოსარჩელემ ვერ შეძლო გადასახადების დაფარვა, რის გამოც 2003წ. 17 ივლისს შედგენილი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების აქტით ს/ს კორპორაცია „ქ.-ს“ დაეკისრა ჯარიმა 40955.2 20 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მოსაზრებით, „კ.-მ“ დაარღვია სკ-ის 361-ე და 477-ე მუხლები, რის გამოც ვალდებულია, აანაზღაუროს ს/ს კორპორაცია „ქ.-ის“ ზიანი 554 688.95 ლარის ოდენობით სკ-ის 408-ე, 411-ე და 414-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ს/ს „კ.-ის“ მიერ „ჩ.-ზე“ წარმოებული ელექტროენერგიის მიღების ფაქტი ელექტროენერგიის გამომუშავების, ხარჯისა და მიწოდების შესახებ, სსკ-ის 135-ე მუხლის თანახმად, აქტებით არ შეიძლება დადასტურებულ იქნეს, ვინაიდან აქტები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ასლების სახით. წარმოდგენილი აქტების უმეტესობა ხელმოწერილია მხოლოდ მიმწოდებლის მიერ. მოპასუხის მითითებით, 2003წ. 17 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტით არანაირად არ დასტურდება მხარეთა შორის რაიმე ურთიერთობის არსებობა და ს/ს კორპორაცია „ქ.-ის“ მიერ ს/ს „კ.-ისათვის“ ელექტროენერგიის მიწოდების ფაქტი და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად. საბაზრო წესებიდან გამომდინარე, პირდაპირი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, მყიდველი ელექტრობაზრის სპეციალურ ტრანსფერტულ ანგარიშზე იხდის მიღებული ელექტროენერგიის საფასურს, ხოლო ამ ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა ხდება ელექტროენერგიის გამყიდველების საბანკო ანგარიშებზე. იგივე გამომდინარეობს ფინანსთა სამინისტროს 1999წ. 19 აგვისტოს ¹187 ბრძანების მე-11 მუხლიდან. ვინაიდან, მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის პირდაპირი კონტრაქტი არ არსებობდა ს/ს „კ.-ა“ ანგარიშსწორებას ზემოაღნიშნული წესების თანახმად, ახორციელებდა ელექტრობაზართან. მოპასუხემ მიიჩნია, რომ, ს/ს „კ.-ის“ მიერ სემეკის 2002წ. 31 დეკემბრის ¹19 დადგენილების დარღვევის გამო, სარჩელი ამ ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სასამართლო დავა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ს/ს „ქ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 85-ე და 102-ე მუხლებზე და განმარტა, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შემოწმების შესახებ 2003წ. 17 ივლისის აქტით დასტურდება, რომ ს/ს „ქ.-ი“ ელექტროენერგიას აწვდიდა არა მოპასუხეს, არამედ „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს”. აღნიშნული, აგრეთვე, დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ცალმხრივად შედგენილი აქტებით. რაც შეეხება მრიცხველის ჩვენების აღრიცხვის ქსეროასლებს, ის არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვინაიდან ამ მონაცემებით ვერ დგინდება, თუ ვინ არის ელექტროენერგიის მიმწოდებელი და მომხმარებელი. კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ს/ს „ქ.-ის“ მიერ ჯარიმის სახით გადახდილი 40955220 ლარი, რადგანაც 2003წ. 17 ივლისის აქტის თანახმად, მოსარჩელეს ჯარიმა გადახდილი აქვს იმის გამო, რომ გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 102,388 ლარის ოდენობით არ იყო დაფიქსირებული მის ბუღალტერიაში. კოლეგიის აზრით, მოსარჩელის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან მიღების ფაქტი დასტურდება თვითონ ს/ს „ქ.-ის“ დირექტორის ჩვენებითაც, რომლის თანახმად, სარჩელში მითითებული 62966 ლარი ს/ს „ქ.-ის” ანგარიშზე ჩაირიცხა არა მოპასუხის, არამედ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ, რომელმაც ჩარიცხა 2002 წელს მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილი _ 89639 ლარი. კოლეგიის განმარტებით, დარღვეულია „საბაზრო წესების“ მე-11 მუხლი და სემეკის 2002წ. 31 დეკემბრის ¹19 დადგენილების მე-3 და მე-4 პუნქტები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს/ს კორპორაცია „ქ.-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 85-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია სათანადო მოპასუხედ საბითუმო ბაზარი. საქმეში მოპასუხედ უნდა გამოდიოდეს ის სუბიექტი, რომელმაც მოსარჩელის უფლება ხელყო, როგმელსაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ს/ს „კ.-ა“. მხარე არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე საქმის განხილვისას მოპასუხე უნდა იყოს უშუალოდ პროდუქციის მიმღები მხარე ან საბითუმო ბაზარი, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში საქმეში მოპასუხედ უნდა გამოდიოდეს მხარე, რომელმაც მიიღო ელექტროენერგია და არ აანაზღაურა მისი ღირებულება. საკითხისადმი ასეთი მიდგომა არ შეიძლება შეიცვალოს იმისდა მიხედვით ანგარიშსწორება ხდება ელექტრობაზრის ტრანსფერტული ანგარიშის მეშვეობით თუ უშუალოდ ელექტროენერგიის მიმღების მიერ თანხის მიმწოდებლისათვის გადახდის გზით. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, განაწილების ლიცენზიატს ევალება ელექტროენერგიის ღირებულების დროული, სრული და გარანტირებული ანაზღაურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებულება უნდა აუნაზღაურდეს მიმწოდებელს. სასამართლომ ასევე, არ გამოიყენა სემეკის 2001წ. 10 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული „საბაზრო წესების“ 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, თუ საბითუმო ბაზრის მყიდველი დაარღვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, იგი პასუხს აგებს საერთო წესით, ანუ მას ეკისრება მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001წ. 10 სექტემბრის ¹11 დადგენილებით დამტკიცებული “საბაზრო წესების“ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრობაზარი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში დააფიქსიროს დავალიანების ოდენობა და წარმოების ლიცენზიატის მოთხოვნისთანავე განსაზღვროს მის მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე განაწილების ლიცენზიატი. დავალიანების საკითხზე სარჩელით აღძრულ საქმეში საბითუმო ბაზარი შეიძლება გამოსულიყო მოსარჩელის და არა მოპასუხის სტატუსით. ს/ს კორპორაცია „ქ.-ის“ აღძრულ სარჩელში საბითუმო ბაზრის მოპასუხის სტატუსით მონაწილეობა თეორიულადაც გამოირიცხებოდა, რადგან, კასატორის განმარტებით, ერთსა და იმავე საქმეში ერთსა და იმავე სუბიექტის მონაწილეობა როგორც მოსარჩელის, ასევე, მოპასუხის სტატუსით დაუშვებელია. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სემეკის 2002წ. 31 დეკემბრის ¹19 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის წარმოების და განაწილების ლიცენზიატებს ან პირდაპირ მომხმარებლებს შორის 6-10 კვ. ძაბვაზე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების და ანგარიშსწორების წესების” პირველი მუხლი, რომლის თანახმადაც, თუკი წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება განაწილების ლიცენზიატს 6-10 კვ. ძაბვაზე გადაცემის ქსელის გაუვლელად ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელის გაუვლელად, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებული არიან, დადონ ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი კონტრაქტი. სასამართლომ არ გამოიყენა დასახელებული აქტის მე-3 მუხლიც, რომლის თანახმად, მიწოდებული ელექტროენერგიისთვის ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უშუალოდ განაწილების ლიცენზიატსა და წარმოების ლიცენზიატს შორის. საკასაციო საჩივარში მითითებული ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე, ს/ს „კ.-ა“ ნებისმიერ შემთხვევაში სათანადო მოპასუხეა იმის მიუხედავად, ელექტროენერგიას უშუალოდ ღებულობდა თუ ელექტრობაზრის მეშვეობით, რის გამოც სასამართლოს მიერ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა, კასატორის მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგოა. მხარის განმარტებით, საბითუმო ბაზრის 24.12.2003 წლით დათარიღებული ¹01/1701 წერილით ს/ს კორპორაცია „ქ.-ი“ და ს/ს „კ.-ა“ ვალდებული არიან, გააფორმონ კონტრაქტი და ანგარიშსწორება მოახდინონ უშუალოდ ერთმანეთს შორის. მოპასუხე თავს არიდებდა ასეთი ხელშეკრულების დადებას. სემეკის 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, „კ.-ს“ დაევალა პირდაპირი კონტრაქტის გაფორმება სემეკის 2002წ. 31 დეკემბრის ¹19 დადგენილების თანახმად და მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების უშუალოდ ს/ს კორპორაცია “ქ.-ისთვის“ გადახდა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ ს/ს „კ.-ა“ ხელს არ აწერს რა ხელშეკრულებას ელექტროენერგიის მიმწოდებელთან და ელექტროენერგიის მიღების დამადასტურებელ აქტებს, არღვევს სემეკის 2002წ. 31 დეკემბრის ¹19 დადგენილებას, აგრეთვე, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი ბაზის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ლიცენზიატებისა და მომხმარებლებისთვის. ამის ნაცვლად, სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი ელექტროენერგიის მიმღები ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას და პროდუქციის მიღების დამადასტურებელ აქტებს, მაშინ მას არ შეიძლება მოეთხოვოს მისი ღირებულების ანაზღაურება. კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 102-ე მუხლი, რადგან ს/ს კორპორაცია „ქ.-ი“ ადასტურებდა ელექტროენერგიის მიწოდების ფაქტს. კასატორის მოსაზრებით, თუკი ელექტროენერგიის მიწოდება მოხდა რაიმე იურიდიული საფუძვლის გარეშე, მისი მიმღები ვალდებული იქნება, გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება, რადგან იგი მიმწოდებლის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, მოპასუხის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელი, მიეკუთვნება ბუნებრივ მონოპოლიას. გარდა ამისა, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ „ჩ.-ზე“ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდებოდეს სხვა სუბიექტს და არა მოპასუხეს. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სემეკის 2001წ. 10 სექტემბრის ¹11 დადგენილებით დამტკიცებული „საბაზრო წესების“ მე-17 მუხლი და მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ თუკი ს/ს „კ.-მ“ გადარიცხა ელექტროენერგიის ღირებულება, მაშინ ასეთმა სუბიექტმა პასუხი აღარ უნდა აგოს სხვა დავალიანებაზე. სასამართლოს ასეთი მსჯელობა ეწინააღმდეგება იმავე საბაზრო წესების მე-8 მუხლს. ამასთან, თუკი სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ს/ს „კ.-მ“ ელექტრობაზარს გადაუხადა „ჩ.-ზე“ წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულება, მაშინ, აქედან გამომდინარეობს, რომ ს/ს კორპორაცია „ქ.-ი“ ელექტროენერგიას აწვდიდა ს/ს „კ.-ს“. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მნიშვნელოვნად შეზღუდა მოსარჩელის შესაძლებლობანი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცების მხრივ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, კასატორი ასაჩივრებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 9 სექტემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც ს/ს „კ.-ა“ სსკ-ის 85-ე მუხლით მიჩნეულ იქნა არასათანადო მოპასუხედ და ამავე სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც სასამართლომ უარი უთხრა „ქ.-ს“ საქმეზე მოწმის სახით შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კახეთის ფილიალის ყვარლის საქსელო უბნის უფროსის _ გ. ზ.-ის ჩართვაზე. კასატორის განმარტებით, ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სსკ-ის 102-ე მუხლზე დაყრდნობით, თუმცა, არსად მიუთითა ნორმაზე, სახელდობრ, რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ელექტროენერგიის მიწოდების ფაქტი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ს/ს “ქ.-ის” სარჩელი არ დააკმაყოფილა სსკ-ის 85-ე მუხლზე დაყრდნობით და მიუთითა, რომ ს/ს „კ.-ა“ სათანადო მოპასუხეს არ წარმოადგენს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებზე მსჯელობით დადგენილად მიიჩნია, რომ

ს/ს „ქ.-ი“ ელექტროენერგიას აწვდიდა არა მოპასუხეს, არამედ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს და ელექტროენერგიის ღირებულებასაც ამ უკანასკნელისაგან ღებულობდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ ზემოხსენებული გარემოებების შეფასებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების კანონის დარღვევით გამოტანილად მიჩნევისა და, შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველია, კერძოდ, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ელექტრობაზარი არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა მართვისა და ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის ეტაპობრივი განვითარების მიზნით ჩამოყალიბებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილით, საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში შემავალი ყველა ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და საქართველოში იმპორტირებული მთელი ელექტროენერგიის (სიმძლავრის), აგრეთვე, გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ლიცენზიატების მომსახურების საბითუმო ყიდვა-გაყიდვა (გარდა პირდაპირი კონტრაქტებით გათვალისწინებული სიდიდეებისა) ხორციელდება ელექტრობაზარზე.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2001წ. 10 სექტემბრის ¹11 დადგენილებით დამტკიცებული “საბაზრო წესების” მეორე მუხლის “ე” და “ვ” ქვეპუნქტების შესაბამისად, “ელექტრობაზრის გამყიდველად” ითვლებიან ელექტრობაზრის წევრები _ ელექტროენერგიის წარმოებისა და იმპორტის ლიცენზიანტები, რომლებიც ელექტრობაზარზე გამოდიან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიმწოდებლებად, ასევე გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტები, რომლებიც ელექტრობაზარზე გამოდიან მომსახურების მიმწოდებლად, ხოლო “ელექტრობაზრის მყიდველად” ითვლებიან ელექტრობაზრის წევრები _ განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტები, პირდაპირი მომხმარებლები, რომლებიც გამოდიან როგორც ელექტრობაზარზე მოთხოვნის განმსაზღვრელები.

ამავე წესების მე-8 მუხლის მეექვსე პუნქტით, განსაზღვრულია რა ელექტრობაზრის ვალდებულება განაწილებისა და ექსპორტის ლიცენზიანტების, პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტრობაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისას, გადაუხდელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი აფიქსირებს დავალიანებების ოდენობას და წარმოების (იმპორტის) ლიცენზიატის მოთხოვნისთანავე განსაზღვრავს მის მიმართ დებიტორული დავალიანების მქონე განაწილების ლიცენზიატს ან/და პირდაპირ მომხმარებელს. დავალიანების საკითხის სასამართლოში გადაცემის შემთხვევაში ელექტრობაზარი შეიძლება გამოვიდეს თანამოსარჩელედ.

ამდენად, ზემოთ დასახელებული ნორმებით განსაზღვრულია რა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სტატუსი და ფუნქციები, გამიჯნულია ელექტრობაზრის წევრთა უფლება-მოვალეობანი, სასამართლოს სათანადო მოპასუხის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ამ ნორმათა ანალიზის საფუძველზე უნდა მოეხდინა. საქმის ხელახალმა განმხილველმა სასამართლომ ელექტროენერგეტიკულ სფეროში ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობათა წარმოშობის სპეციფიურობის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს ანგარიშსწორებაზე ვალდებული პირები. მხოლოდ ამ გარემოებების გამოკვლევის შედეგად არის შესაძლებელი სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს მოსარჩელის მოთხოვნას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს/ს “ქ.-ის” დირექტორის _ კ.კ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.