გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 19.04.2005
საქმის ნომერი
ას-1271-1405-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1271-1405-04 19 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 მარტის გადახდის ბრძანებით დაკმაყოფილდა სს “ჰ.-ის” განცხადება სს “ზ.-სათვის” 211581 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ. ამავე სასამართლომ დააკმაყოფილა ს/ს “ზ.-ის” მოთხოვნა მოცემული საქმის საერთო სასარჩელო წესით განხილვის თაობაზე.

ზესატაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც ამ უკანასკნელმა შეიტანა საჩივარი. ამავე სასამართლოს 2003წ. 23 ივნისის განჩინებით აღნიშნულ საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაც მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ჰ.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1994წ. 16 მაისს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹308 დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სამთო-მეტალურგიული მრეწველობის სახელმწიფო კონცერნი “ს.-ი”. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 6 იანვრის ¹4-გ განკარგულებით სამთო-მეტალუგიულ კონცერნში შემავალ ორგანიზაციას და საწარმოებს დაევალათ კონცერნის აპარატის შესანახი ხარჯებისათვის საწარმოს მოგების 1,5%-ის, ხოლო მეცნიერებისა და ტექნიკის ცენტრალიზებული ფონდის შესანახად _ საწარმოთა თვითღირებულების 1,5%-ის გადარიცხვა. 1995წ. 1 აგვისტოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/420 ბრძანებით, რომელიც გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 23 მაისს ¹335 ბრძანების შესასრულებლად, სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია “ს.-ის” ბაზაზე დაფუძნდა სააქციო საზოგადოება “ჰ.-ა”. 1996წ. 19 აგვისტოს ქ.რუსთავის სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა სს “ჰ.-ა”, საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 305848 აშშ დოლარით, დარეგისტრირდნენ სააქციო საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 51.1 მუხლის პირველი ნაწილით და 57.2 მუხლის პირველი წინადადებით. საოლქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 1995წ. 6 იანვარს მიღებული განკარგულების შეუსრულებლობა, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე სამთო-მეტალურგიულ კონცერნში შემავალი საწარმოების, მათ შორის, სს “ზ.-ის” მიერ გადაუხდელი თანხების ანაზღაურება. პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე, როგორც სააქციო საზოგადოება, ვერ ისარგებლებდა სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია “ს.-სათვის” მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი სამეურნეო ანგარიშსწორების წესებით. მოსარჩელის მითითება მხარეთა შორის 2002წ. 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტით მოპასუხის მიერ ვალის აღიარების შესახებ სასამართლომ მიუღებლად მიიჩნია და მოსარჩელის არგუმენტი, მოპასუხის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემდეგ, ზემოხსენებული განკარგულების თანახმად, თანხების ჩარიცხვის გაგრძელების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სათანადო საფუძვლად არ ჩათვალა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 106-ე მუხლის პირველი ნაწილით და ზემოხსენებული განკარგულება ძალადაკარგულად მიიჩნია. პალატის განმარტებით, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, საქართველოში მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა, ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ამასთან, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მინისტრთა კაბინეტის განსახილველი განკარგულება, ასევე, ეწინააღმდეგება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 54-ე და 57-ე მუხლებს, ვინაიდან სააქციო საზოგადოების მოგების განაწილების უფლებამოსილება გააჩნია აქციონერთა საერთო კრებას, სამეთვალყურეო საბჭოს ან წარმოებს დირექტორთა წინადადების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება სს “ჰ.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 25 მაისის განჩინებით სს „ჰ.-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის _ ზ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს მოცემულ დავაზე მხარეთა უფლებამოსილების საკითხი, სამართლებრივი შეფასება მისცეს 2002წ. 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „ჰ.-ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: სს “ზ.-ს” დაეკისრა სს „ჰ.-ის“ სასარგებლოდ 211581 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამთომეტალურგიული მრეწველობის სახელმწიფო კონცერნ “ს.-ის” სამართალმემკვიდრე იყო სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია “ს.-ი”, ხოლო ამ უკანასკნელის _ “ჰ.-ი”. სსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, საქმეში მონაწილე მხარეებს ურთიერთშედარების აქტის დადებისათვის ჰქონდათ კანონის საფუძველზე არსებული წინაპირობა აღნიშნულის შესადგენად, სს „ჰ.-ს“ გააჩნდა სამართლებრივი მემკვიდრეობის გზით მიღებული მოთხოვნის უფლება, რაც სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე სადავო არ გამხდარა.

სასამართლომ მიუთითა, რომ 2002წ. 9 სექტემბერს შედგენილი ურთიერთშედარების აქტის თანახმად, 2002წ. 1 სექტემბრის მდგომარეობით სს „ჰ.-ს“ სს “ზ.-დან” ეკუთვნის 188072 ლარი. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 131-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს დაკისრებული ვალდებულების არსებობის აღიარების წერილობითი ფორმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ზ.-ის” წარმომადგენელმა ი. გ.-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, რადგან სასამართლოს არ უმსჯელია მინისტრთა კაბინეტის განკარგულების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე, არ უმსჯელია სს “ზ.-ს” არგუმენტაციაზე, რომ აღნიშნული განკარგულება, რომელიც საფუძვლად დაედო წარმოშობილ დავალაინებას, ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციის და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის, ასევე, “მეწარმეთა შესაებ” კანონის დებულებებს. სასამართლოს შეფასება არ მიუცია სს “ზ.-ს” მიერ გამოთქმული მოსაზრებისათვის საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 106-ე მუხლის პირველი ნაწილის, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-10 მუხლის გამოყენების აუცილებლობის შესახებ. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ისე, რომ სრულყოფილად არ უმსჯელია ურთიერთშედარების აქტთან დაკავშირებით სს “ზ.-ს” მიერ წამოყენებულ მოსაზრებებზე. ვალდებულებითი ურთიერთობის აღიარება განასხვავებს მორიგებას ვალის აღიარების აბსტრაქტული ხელშეკრულებისგან, შესაბამისად, გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ის 360-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ სს „ზ.-ის“ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიიჩნია მითითებულ საზოგადოებასა და სს „ჰ.-ს“ (იმ დროისათვის კი კონცერნ „ს.-ს“) შორის 2002წ. 9 სექტემბერს შემდგარი ურთიერთშედარების აქტი, რომლის თანახმად, სს „ზ.-დან“ „ს.-სათვის“ გადასახდელია 188072 ლარი. აღნიშნული შედარების აქტი კი შედგენილია (მხარეები ამ გარემოებას სადავოდ არ ხდიან) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 6 იანვრის განკარგულების საფუძველზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო კონცერნი „ს.-სთვის“ მასში შემავალ ორგანიზაციებს და საწარმოებს უნდა გადაერიცხათ საწარმოს მოგებიდან მოგების 1,5 პროცენტი და საწარმოს თვითღირებულებიდან თვითღირებულების 1,5 პროცენტი.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად მიიჩნია, რომ შედარების აქტი წარმოადგენს დაკისრებული ვალდებულების არსებობის აღიარების წერილობით ფორმას. აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, რადგან მითითებული ნორმა შეეხება საპროცესო აღიარებას. მხარეს კი სასამართლო სხდომაზე „ს.-ის“ ვალი არ უღიარებია, რის გამოც მითითებული ნორმა ვერ იქნება გამოყენებული დავის გადაწყვეტისათვის.

ვალის არსებობის აღიარება რეგულირებულია სკ-ის 341-ე მუხლით. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, აუცილებელია წერილობითი აღიარება. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ვალის აღიარებისათვის მხარეთა შორის უნდა არსებობდეს ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის აღიარება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით. ამდენად, სასამართლოს უპირველესად უნდა იმსჯელოს შემდეგ გარემოებაზე: არსებობდა თუ არა მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა. თუ არ არსებობს მხარეთა შორის ასეთი ურთიერთობა, შეუძლებელია მოხდეს ვალის აღიარება.

სკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა დაედგინა ის გარემოება, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის მითითებული მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, ანუ არსებობდა თუ არა მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა. ამასთან, შეფასება უნდა მიეცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 6 იანვრის განკარგულებისათვის იმ თვალსაზრისით, შეიძლებოდა თუ არა აღნიშნული აქტის საფუძველზე სს „ზ.-ს“ წარმოშობოდა ვალდებულება „ს.-ის“ მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ზ.-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე დაბრუნდეს ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.