გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1326-1555-05 5 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ახალაძე დავის საგანი: მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ალ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. წ-ას, მ. მ-ასა და ქ. ბათუმის ნოტარიუსი ლ. ჭ-ას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, ვ. წ-ამ მას მოტყუებით მოაწერინა ხელი მინდობილობაზე, რომლითაც ამ უკანასკნელს გადაეცა ა. თ-ის კუთვნილი ბინის მართვისა და განკარგვის უფლება. მოტყუება იმაში გამოიხატა, რომ ა. თ-მა არ იცოდა ქართული ენა და მისთვის უცნობი იყო სანოტარო აქტის შინაარსი. აღნიშნული მინდობილობა კი ვ. წ-ასა და მ. მ-ას შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა. მოსარჩელემ მოითხოვა 2003წ. 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2002წ. 4 მარტის მინდობილობის ბათილად ცნობა.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო, ხოლო მ. მ-ამ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ალ., ე., ა., გ., ა. თ-ების ბინიდან გამოსახლების შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 სექტემბრის განჩინებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა მ. მ-ას შეგებებული სარჩელი და მოპასუხეები სადავო სახლიდან გამოსახლდნენ.
საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება ალ. თ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 4 მარტის მინდობილობა და 2003წ. 2 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მ. მ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 დეკემბრის განჩინებით ვ. წ-ას საკასაციო საჩივრის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე თ-ების წარმომადგენელმა ს. დ-ემ შეიტანა საჩივარი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ იმსჯელა ა. თ-ის საჩივარზე და იგი არ დააკმაყოფილა.
ხსენებული განჩინება ალ., ე., ა., გ., ა. თ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ე., ა., გ. და ა. თ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 სექტემბრის განჩინებით ალ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა მ. მ-ას შეგებებული სარჩელი და ალ., ე., ა., გ., ა. თ-ები სადავო სახლიდან გამოსახლდნენ.
საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ალ. თ-მა, ხოლო ე., ა., გ., ა. თ-ების მიმართ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
მოცემულ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 სექტემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ა. თ-თან ერთად შეიტანეს ასევე ე., ა., გ. და ა. თ-ებმა.
სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანამხად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. მოცემულ შემთხვევაში ე., ა., გ., ა. თ-ებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 15 სექტემბრის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ, ამდენად, მათ მიმართ ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე., ა., გ. და ა. თ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 401-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე., ა., გ. და ა. თ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.