გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 21.04.2005
საქმის ნომერი
ას-1331-1456-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1331-1456-04 21 აპრილი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 16 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს.-ის” განცხადება, გაუქმდა საარბიტრაჟო სასამართლოს 1997წ. 14 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.-ს” მოსარჩელე შპს „ი.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 175716 ლარის გადახდა და განახლდა საქმის წარმოება.

ამავე სასამართლოს 2000წ. 26 დეკებრის განჩინებით საქმე დარჩა განუხილველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნული განჩინება შპს „ი.-ის” კერძო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა.

მოსარჩელის განმარტებით, 1996წ. 29 იანვარს შპს „ი.-სა” და „ნ.-ს” შორის გაფორმდა შეთანხმება მიწოდებასა და გაყიდვაზე, რომლის თანახმადაც, გამყიდველს მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 189 მეტრული ტონა ნიდერლანდური წარმოშობის კარაქი (Mასლო) მინიმუმ 80% ცხიმიანობით. 1996წ. 31 იანვარს კი შპს „ი.-სა” და სს „ს.-ს” შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 34400 აშშ დოლარის სესხის თაობაზე შპს “ი.-ის” საკუთარი ფულადი სახსრების _ 18920 აშშ დოლარის ხარჯზე.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოპასუხის დაუდევარი მოქმედების შედეგად მომწოდებელმა _ ჰოლანდიურმა ფირმამ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიიღო ჰოლანდიური კარაქის ნაცვლად ინგლისური კარაქის შემცვლელი პროდუქტი, რის გამოც მიღებული პროდუქციის რეალიზაცია მოხდა დაბალ ფასებში, რამაც შპს “ი.-ი” 171535 ლარით დააზარალა.

მოცემული საქმის განხილვა დანიშნული იყო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2004წ. 16 ივლისს, მხარეებს ეცნობათ სხდომის დროსა და ადგილზე სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპასუხე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და სასამართლოსთვის, გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს „ი.-ის” სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მოპასუხეს სს „ს.-ს” გადაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 166934,7 ლარის გადახდა ზიანის ანაზღაურების სახით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სს „ს.-მა” შეიტანა საჩივარი, მაგრამ მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ 2004წ. 16 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.-მა”, მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე, 2004წ. 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 აგვისტოს განჩინება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 18 ივნისის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2000წ. 26 დეკემბრის განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ და განაახლა საქმის წარმოება. საქმის მომზადების ეტაპზე სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, ასევე, სასამართლომ მიიღო დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, 2004წ. 6 ივლისს სასამართლომ მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, რის მიღებაც დადასტურებულია მოპასუხის მიერ ხელმოწერით. გზავნილში აღნიშნულია, რომ მოპასუხე ვალდებულია წერილობით შედგენილი შეპასუხება სასამართლოს წარუდგინოს 16 ივლისამდე. იმავე წლის 9 ივლისს სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც საქმეზე მთავარი სხდომა დაინიშნა 16 ივლისს, 10 საათზე, რის შესახებაც სასამართლო უწყება 12 ივლისს ჩაბარდა მოპასუხეს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ I ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 202-ე მუხლის დარღვევით დანიშნა სასამართლო სხდომა, რადგანაც ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო უწყებასთან ერთად მოსამართლე მოპასუხეს უგზავნის სასარჩელო განცხადებასა და თანდართული საბუთების ასლებს. ამდენად, საპროცესო კოდექსი უშვებს მოპასუხის მიერ შეპასუხების წარმოდგენამდე მთავარი სხდომის დანიშვნის შესაძლებლობას, რაც გააკეთა კიდევაც სასამართლომ.

პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მას არ მიეცა გონივრული ვადა ზეპირ შეჯიბრებაზე მოსამზადებლად, რადგანაც მხარეს უწყება ჩაბარდა 12 ივლისს და მთავარ სხდომამდე დარჩენილი იყო 4 დღე, გარდა ამისა, მას უკვე მიღებული ჰქონდა სასარჩელო განცხადებისა და სხვა დოკუმენტების ასლები. პალატამ მიიჩნია, რომ 10 დღე სავსებით საკმარისია და გონივრულია მხარის მოსამზადებლად რაც შეეხება იმას, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალების გადაგზავნის დრო და ისე დანიშნა მთავარი სხდომა. ამ შემთხვევაში, პალატის აზრით, შეიძლება საუბარი მოსარჩელის უფლებების დარღვევაზე, რაც სადავო შეიძლება გახადოს მხოლოდ მოსარჩელემ, მაგრამ რადგანაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს შეპასუხება არ წარმოუდგენია, ასეთი პრეტენზია მოსარჩელის მხრიდანაც უსაფუძვლო იქნებოდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს _ სს „ს.-ს” სასამართლო უწყება ჩაბარდა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ამ საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა არ შეიძლება დაკმაყოფილდეს. აპელანტის მიერ მითითებული სსკ-ის 202-ე მუხლი არ არის გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებში.

რაც შეეხება სასამართლო უწყებისადმი წაყენებულ სხვა პრეტენზიებს, როგორიცაა სხდომის მითითება, დარბაზის ნომერი და სხვა, კონკრეტულ შემთხვევაში უსაფუძვლოა, რადგანაც უწყების შინაარსი (სსკ-ის 72-ე მუხლის I ნაწილი) არ შეიცავს მთავარი თუ მოსამზადებელი სხდომის მითითების აუცილებლობას, რაც შეეხება დარბაზის ნომერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ერთადერთი დარბაზი აქვს, რომელიც დაუნომრავია.

პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ სსკ-ის 230-ე მუხლის საფუძველზე მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგანაც სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებს იურიდიულად სარჩელის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ I ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევა სრულიად საკმარისი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად, რადგანაც ეს პირობები იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 16 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, რადგანაც საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოსარჩელე არ ესწრებოდა განჩინების გამოცხადებას და მას განჩინების ასლი ჩაბარდა 2004წ. 8 ივნისს. სსკ-ის 416-ე მუხლი კერძო საჩივრის შეტანის ვადად 12 დღეს ადგენს. ამდენად, პალატის განმარტებით, მოსარჩელემ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეიტანა კერძო საჩივარი. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა „ს.-ის” ლიკვიდატორმა ქ. ნ.-მა. კასატორი ითხოვს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გამოტანისას უნდა გაეთვალისწინებინა სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, რასაც არც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება 2004წ. 16 აგვისტოს განჩინების გამოტანისას. ს.-ის მხრიდან პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, პროცესზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბანკის თანამშრომელმა ვერ შეძლო დროზე წარედგინა სასამართლოში ბანკის ლიკვიდატორის წერილი, რომლითაც ის ითხოვდა პროცესის გადადებას გარკვეული მიზეზების გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი. სასამართლოს არ შეუძლია დანიშნოს მთავარი სასამართლო სხდომა, თუ მხარეები არ იქნებიან საკმაოდ მომზადებული ზეპირი შეჯიბრებისათვის. ამდენად, სასამართლომ სასარჩელო განცხადების მხარისთვის გაგზავნის პარალელურად უგზავნის არა მთავარი სხდომის შესახებ უწყებას, არამედ გზავნილს შესაგებელი პასუხის წარმოსადგენად.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნია დასაბუთებულად, რადგან გარემოებები, რასაც საკმარისად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისთვის იურიდიულად ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 230-ე მუხლის II ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს მოპასუხის გამოუცხადებლობისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, შეამოწმოს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, თუ არა. დადებით შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდება. პალატა მიუთითებს, რომ მხარის გამოუცხადებლობისას სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, მაგრამ მითითებული ნორმით მხოლოდ ეს არაა საკმარისი. აგრეთვე, საჭიროა ეს ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად იწვევდნენ იმ შედეგს, რომლის დადგომაც სურს მოსარჩელეს, ე.ი. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი – კონკრეტული მატერიალური ნორმა _ იძლეოდეს მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას აუცილებლად უნდა დაადგინოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (მისცეს დავას იურიდიული კვალიფიკაცია) და იმსჯელოს სარჩელში მითითებული გარემოებები (რომლებიც მხარის გამოუცხადებლობით დადგენილად ითვლება). იწვევენ თუ არა იმ შედეგს, რასაც მოსარჩელე მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში დავა სახელშეკრულებო (საბანკო) ურთიერთობიდან გამომდინარეა. მართალია, სასამართლომ ფორმალურად მიუთითა სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მაგრამ არ მისცა დავას იურიდიული კვალიფიკაცია და არ მიუთითა, იწვევს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებები იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იწვევს.

აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი. სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუტებული.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის იმ მოსაზრებას, რომელიც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს შეეხება, რადგან იგი დაუშვებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.