დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.09.2006
საქმის ნომერი
ას-1353-1579-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1353-1579-05 11 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ქონებაზე ყადაღის მოხსნა.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. კ-იამ და ნ. ქ-იამ 2002წ. ნოემბერში სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ... სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვეს მათი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და ყადაღის დატოვება მხოლოდ მოვალის წილ ქონებაზე. მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ... სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ჯუმბერ ბარაბაძის მიერ 2002წ. 15 ნოემბერს ყადაღა დაედო მ. ზ-იას ქონებას, მათ შორის მოსარჩელეების ქონებას, კერძოდ ნ.ქ-იასა და მ.ზ-იას ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას და ლ. კ-იას მზითევს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. კ-იას და ნ. ქ-იას სარჩელს მოპასუხე ... სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირი მოპასუხის მხარეს კ. ხ-ანია, ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ლ. კ-იამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 18 მაისის განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ ... სააღსრულებო ბიურო შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით, კ. ხ-ანიათი და მ. ზ-იათი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტ ლ. კ-იას შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარე კ. ხ-ანიას გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარე თანამოპასუხე მ. ზ-იამ ცნო სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივნისის გადაწყვეტილება ლ. კ-იას სარჩელის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა და ... სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ჯუმბერ ბარაბაძის მიერ 2002წ. 15 ნოემბერს შედგენილი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმიდან ამოირიცხა ლ. კ-იას საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება: ორნაწილიანი «ზალის» გარნიტური (ღირებულება _ 500 ლარი); ერთი ტახტი (ღირებულება _ 200 ლარი); ორი სავარძელი (თითოეულის ღირებულება _ 75 ლარი); ჟურნალების მაგიდა (ღირებულება _ 50 ლარი); საწერი მაგიდა (ღირებულება _ 75 ლარი); პიანინო «სუიტა» (ღირებულება _ 300 ლარი); ექვსნაწილიანი საძინებელი გარნიტური (ღირებულება _ 500 ლარი); «სერვანდი» (ღირებულება _ 150 ლარი); 5 ცალი გადაკრული სკამი (თითოეულის ღირებულება _ 15 ლარი); ორნაწილიანი სამზარეულო გარნიტური (ღირებულება _ 200 ლარი). დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კ. ხ-ანიამ საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინებით კ. ხ-ანიას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. ხ-ანიას მიერ წარმოდგენილი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ შეიცავდა ამბოლატორიულ-სამედიცინო ბარათის ნომერს და ამდენად ვერ დაადასტურებდა ავადმყოფობის ფაქტს. სასამართლომ შესთავაზა კ. ხ-ანიას შესაბამისი ამბულატორიულ-სამედიცინო ბარათის ასლის და ცნობების წარმოდგენა, რითაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ 2005წ. 14 ივნისს მას არ შეეძლო გადაადგილება, ტრანსპორტით მგზავრობა და საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილეობა, მაგრამ დამატებითი დოკუმენტები მას არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ არასაპატიოდ მიიჩნია კ. ხ-ანიას გამოუცხადებლობა 2005წ. 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე და ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ხ-ანიას წარმომადგენელმა მ.ორბელიანმა და მოითხოვა გასაჩივრებული სასამათლოს განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. კასატორის მითითებით, კ. ხ-ანიას მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი 2005წ. 14 ივნისში ნამდვილად იყო ავად, სააპელაციო სასამართლოში მას არ მიეცა საშუალება, რომ წარმოედგინა სათანადო წესით შედგენილი ავადმყოფობის ცნობა და ამბოლატორული ბარათის დამოწმებული ფორმა და ამონაწერი ამავე ამბულატორული ბარათიდან. მითითებული მტკიცებულებები წარმოდგენილია საკასაციო საჩივართან ერთად. ის გარემოება, რომ მათ აღნიშნული მტკიცებულებები ვერ წარადგინეს სასამართლოს მიზეზით, დასტურდება სხდომის ოქმის მიმართ გაკეთებული შენიშვნებითაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. ხ-ანიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კ. ხ-ანიას სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 14 ივნისის სხდომის შესახებ ეცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლო უწყებით, რომელიც მას 2005წ. 26 მაისს პირადად ჩაბარდა. კ. ხ-ანიამ 2005წ. 10 ივნისს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება იმ საფუძვლით, რომ არის მწოლიარე ავადმყოფი, მიუთითა, რომ სამედიცინო ცნობას დამატებით წარმოადგენდა. მაგრამ იმის გამო, რომ მან სააპელაციო პალატას 2005წ. 14 ივნისისათვის არ წარუდგინა ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო სასამართლომ მისი გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია კ. ხ-ანიას გამოუცხადებლობა 2005წ. 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე არასაპატიოდ. კ. ხ-ანიამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ საჩივართან ერთად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა ქ.ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ კ. ხ-ანია 2005წ. 10 ივნისიდან 16 ივნისამდე იმყოფებოდა ამბულატორიულ მკურნალობაზე ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით; მაგრამ წარმოდგენილ ცნობაში არ არის დაკონკრეტებული, შეეძლო თუ არა კასატორს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლოში გამოცხადება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა იმის შესახებ, სსკ-ის 103-ე მუხლის შესაბამისად კ. ხ-ანიას დამატებითი მტკიცებულების სახით სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია შესაბამისი ამბულატორიული სამედიცინო ბარათის ასლი და ცნობები, რომლებითაც შეიძლებოდა იმის დადასტურება, რომ 2005წ. 14 ივნისს, კ. ხ-ანიას არ შეეძლო გადაადგილება, ტრანსპორტით მოძრაობა და საქმის ზეპირ განხილვაში მონაწილების მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს სსკ-ის 241-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების არსებობას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ხ-ანიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 სექტემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება