გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-1363-1588-05 29ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)‚
თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: სადაზღვევო თანხის რეგრესის წესით ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს სადაზღვევო კოპანია «ა-მა» სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს «მ-ის» მიმართ 94195 ლარის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 28 ივნისს გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება შპს «გ-თან», რის შესახებაც გაიცა სადაზღვევო პოლისი ¹100-0006251. ამ პოლისით სადაზღვევო კომპანიამ დააზღვია შპს «გ-ის» ქონება.
2002წ. 13 დეკემბერს, ... ¹5-ში მდებარე შპს «მ-ს» სასურათე ჩარჩოების წარმოების უბნის საწყობში სს «ელვას» შენობის მესამე სართულზე გაჩნდა ხანძარი და გავრცელდა იმავე სართულზე მდებარე შპს «გ-ის» ტერიტორიაზე, სადაც განადგურდა შპს «გ-ის» კუთვნილი ქონება. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელემ აუნაზღაურა შპს «გ-ს» დაზღვეული ქონების ღირებულება _ 94195 ლარი, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მოსარჩელეს მოეთხოვა მოპასუხისაგან ამ თანხის რეგრესის წესით ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი უარყო შემდეგი საფუძვლებით: მისი აზრით, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდებოდა შპს «მ-ის» საწყობში ხანძრის გაჩენის ფაქტი, ასევე, საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ შპს «მ-ის» საწყობში არ ინახებოდა ხანძარსაშიში ნივთიერებები და, შესაბამისად, მისგან არ გამომდინარეობდა მომეტებული საფრთხე; ამასთან, დადასტურებული იყო, რომ ხანძრის გაჩენაში ბრალი არ მიუძღვოდა შპს «მ-ის» მუშაკებს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა შპს «გეოსათვის» 94195 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი.
საქმეზე ჩატარდა აალებადსაშიშ, შხამიან და აფეთქებადსაშიშ ნივთიერებათა კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, შპს «მ-ის» საწყობში არსებული ნივთები იყო არა ხანძარსაშიში, არამედ წვადი, ე.ი ზოგადაალებადი წვის უნარის მქონე და არა თვითაალებადი მასალები.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს სადაზღვევო კომპანია «ა-ს» უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხანძარი გაჩნდა შპს «მ-ის» სასურათეEჩარჩოების წარმოების უბნის საწყობში და მის გავრცელებას ხელი შეუწყო ამ საწყობში მოთავსებულმა მუყაოს, ხისა და პლასტმასის წვადმა მასალებმა. რაც შეეხება ხანძრის გაჩენის მიზეზს, აღნიშნული ვერ დადგინდა საქმეში არსებული სავარაუდო დასკვნების გამო.
მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან ფეთქებადსაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუ კი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება, ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხე მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა და არ მოიპოვებოდა ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ყოველივე ზემოაღნიშნული დაედო საფუძვლად მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმას.
სს სადაზღვევო კომპანია «ა-ი» არ დაეთანხმა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას და გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (სკ-ის 1000-ე მუხლი) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სკ-ის 992-ე მუხლი).
აპელანტის განცხადებით, თუ სასამართლო მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ საწყობში მოთავსებული მასალები არ წარმოადგენდნენ ხანძარსაშიშს ან ფეთქებადსაშიშს, მას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც წარმოადგენს დელიქტური ურთიერთობის არა სპეციალურ, არამედ ზოგად ნორმას და ამ ნორმის გათვალისწინებით ჩამოეყალიბებინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს «მ-ს» დაეკისრა სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სასარგებლოდ 94195 ლარის გადახდა. პალატამ მიიჩნია, რომ დავის განხილვისას მე-1000 მუხლის ნაცვლადუნდა გამოყენებულიყო 992-ე მუხლი, ხოლო შპს «მ-ის» მიერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია იმ თვალსაზრისით, რომ შპს «მ-ს» არ ჰქონდა «სახანძრო უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გამართული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები და სისტემები. ამასთან, სასამართლომ სადაზღვევო პოლისის, ხანძრის შემდეგ სათანადო კომპეტენტური ორგანოების მიერ შედგენილ აქტებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შპს «გ-ს» მიადგა 147422 ლარის ოდენობის ზიანი, ხოლო სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა უფლება რეგრესის წესით მოეთხოვა თანხა შპს «გ-ისგან», რაც საბოლოოდ განისაზღვრა 94195 ლარის ოდენობით.
2005წ. 15 თებერვალს პალატის იმავე შემადგენლობის მიერ გამოტანილ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «მ-ს» სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» მიერ ჩარიცხული სახელმწიფო ბაჟის _ 2354 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «მ-მა» და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ იმსჯელა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად წამოყენებული სარჩელის შეცვლის საფუძველზე, რომლის შესახებ სს სადაზღვევო კომპანია «ა-ს»მანამდე არ განუცხადებია, რითაც დაირღვა საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა. ამასთან, სასამართლომ იმსჯელა აპელანტის მიერ მთავარ სხდომაზე წამოყენებულ, ახალ გამოკვლეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რითაც დაირღვა ამავე კოდექსის 380-ე მუხლის მეორე ნაწილი. კასატორის აზრით, სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას დაეყრდნო მხარის მიერ დაგვიანებით წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დადგენილად ისე მიიჩნია მთელი რიგი გარემოებანი, რომ არ დაუნიშნავს ექსპერტიზა; სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 102-ე მუხლის, 103-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 105-ე მუხლის მოთხოვნები; სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში უკვე იმსჯელა სასამართლო ხარჯების თაობაზე და მას გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 5 ივლისის განჩინებით შპს «მ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 იანვრის გადაწყვეტილება და 2005წ. 15 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ გაიზიარა კასატორის აზრი იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზა არ იყო დანიშნული სსკ-ის 162-176-ე მუხლების საფუძველზე. მტკიცებულება სასამართლოს შეუფასებია არ სსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე. მტკიცებულების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა არ შემდგარა არც რაიონულ და არც სააპელაციო სასამართლოში, რამაც გამოიწვია ის შედეგი, რომ ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა დასკვნის აღწერილობით ნაწილში მოცემული ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი მოსაზრებები ხანძრის ქრობის ავტომატური მოწყობილობების თაობაზე და მასზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სასამართლოს მიერ მიღებული სამართლებრივი შეფასების საფუძველს და დაკავშირებული იყო გადაწყვეტილების შედეგთან, რის გამოც ამგვარი გარემოების დადგენა მეტ სიფრთხილეს მოითხოვდა და შესაძლებელი იყო ისეთი ღონისძიების გამოყენება, როგორიცაა ექსპერტიზის დანიშვნა სსკ-ის 162-176-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო პალატის მითითებით ანალოგიური შეცდომები იქნა დაშვებული სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაშიც. სასამართლომ ასანაზღაურებელიზიანის ოდენობა განსაზღვრა სადაზღვევო პოლისში მითითებული ჩაის ფილტრების დამფასოებელი დანადგარისა და ჩაის მუყაოს ყუთების შემფუთავი დანადგარის ღირებულების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მტკიცებულებებს ყოველმხრივ და სრულად გამოიკვლევდა, შესაძლოა სასამართლოს მიეღო სხვა გადაწყვეტილება, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა ჩაის ფილტრების დამფასოებელი დანადგარის დაზიანების ფაქტი. პალატა მიიჩნევდა, რომ მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებანი დადგენილი ჰქონდა სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატა მიიჩნევდა, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო და ხალახალი განხილვისათვის დაბრუნებოდა იმავე პალატას.
ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო სასამართლოს მიერ მიღებული დამატებითი გადაწყვეტილებაც, რადგან დავის ხელახალი განხილვის დროს სასამართლოს მიერ მიღებული შედეგის გათვალისწინებით უნდა გადანაწილებულიყო სასამართლო ხარჯები მხარეთა შორის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ოქტომბრისგადაწყვეტილებითდაკმაყოფილდა სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს «მ-ს» სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 94195 ლარის გადახდა. შპს «მ-ს» ასევე დაეკისრა სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის _ 5179 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებასაკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «მ-მა» და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შპს «მ-ს» წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა მართლსაწინააღმდეგო, განზრახ ანგაუფრთხილებელ მოქმედებას (უმოქმედობას). მოცემულ შემთხვევაში შპს «მ-ს» ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ვერ წარმოეშობა; აგრეთვე, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (საქართველოს კანონი «სახანძრო უსაფრთხოების შესახებ»). სასამართლომ შპს «მ-ის» მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებად მიიჩნია ის გარემოება, რომ საწარმოში გამართული არ იყო სახანძრო დაცვისა და ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აღნიშნულ საკითხზე არ ჩატარებულა ექსპერტიზა და მისი დადგენა შეუძლებელია სპეციალისტის დასკვნის გარეშე. მათ იშუამდგომლეს, რომ სასამართლოს წინაშე დანიშნულიყო ექსპერტიზა და კანონის მოთხოვნის სრული იგნორირებით უარი ეთქვათ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან ერთად შპს «მ-ი» ასაჩივრებს საოლქო სასამართლოს განჩინებას ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვს მის გაუქმებას. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, ხოლო მასში მოცემული დასაბუთება არასწორია. გადაწყვეტილების მიღებისას საოლქო სასამართლომ დაარღვია კანონი, ითხოვს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 28 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სს სადაზღვევო კომპანია «ა-ის» სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2002წ. 26 ივნისს სს სადაზღვევო კომპანია «ა-ს» და შპს «გ-ს» შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. აღნიშნულის შესახებ გაიცა სადაზღვევო მოწმობა _ პოლისი, რომლის თანახმად ერთი წლით დაზღვეულ იქნა შპს «გ-ის» კუთვნილი 238858 ლარის ქონება მდებარე ქ. თბილისში, ... ¹52-ში.
ასევე დადგენილია, რომ 2002წ. 13 დეკემბერს, ... ¹52-ში მდებარე შპს «მ-ის» სასურათეEჩარჩოების წარმოების უბნის საწყობში გაჩნდა ხანძარი, და გავრცელდა შპს «გ-ის» ტერიტორიაზე, რის შედეგადაც დაიწვა იქ არსებული მანქანა, დანადგარები.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხანძრის გავრცელებას შპს «გ-ის» ტერიტორიაზე ხელი შეუწყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებამ, რაც გამოიხატა «სახანძრო უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევაში, ვინაიდან მას არ ჰქონდა გამართული სახანძრო დაცვისა და ავტომატური ხანძრის ქრობის სისტემები, რაც უფრო დაცული ადვილად წვადი მასალების დიდი ოდენობით არსებობის გამო აუცილებელი და საჭირო იყო.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 992-ე მუხლი და მიიჩნია, რომ შპს «მ-ის» მიერ არ იქნა დადასტურებული მის ქმედებაში ბრალის არარსებობის ფაქტი სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი და არ დაადგინა ამ ნორმის კვალიფიკაციისათვის საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ გაამახვილა ყურადღება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ხანძრის გავრცელებას შპს «გ-ის» ტერიტორიაზე ხელი შეუწყო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებამ, რაც გამოიხატა «სახანძრო უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მეორე ნაწილის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევაში ანუ მას არ ჰქონდა გამართული სახანძრო დაცვისა და ავტომატური ხანძრის ქრობის სისტემები. ამის საფუძვლად სააპელაციო სასამართლო უთითებს ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანძრის გავრცელებას მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ხელი შეუწყო სახანძრო დაცვისა და «სპონკლერების» ავტომატური ხანძრის ქრობის სისტემის გაუმართაობამ. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ შეიძლება ჩავთვალოდ სკ-ის 992-ე მუხლის გამოყენების საკმარის საფუძვლად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახანძრო დაცვისა და ავტომატური ხანძრის ქრობის გაუმართავი სისტემების არსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა მიზეზობრივი კავშირი აღნიშნული ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, რომ შპს «გ-ის” ტერიტორია მნიშვნელოვნად იყო თუ არა მოშორებული ხანძრის კერიდან ანუ ექსპერტის დასკვნით დადგენილი გარემოებით იმის შესახებ, რომ ხანძრის გავრცელებას მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ხელი შეუწყო სახანძრო დაცვისა და «სპონკლერების» ავტომატური ხანძრის ქრობის სისტემის გაუმართაობამ, არ დასტურდება, რომ შპს «გ-ის” ტერიტორია მნიშვნელოვნად იყო დაშორებული ხანძრის გაჩენის კერიდან და თუ არა შპს «მაგთივანის” სახანძრო დაცვის სისტემის გაუმართაობა, ხანძარი ვერ გავრცელდებოდა შპს «გ-ის” ტერიტორიაზე.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ სახანძრო დაცვისა და «სპონკლერების» ხანძრის ავტომატური ქრობის სისტემის გაუმართაობის შედეგად გავრცელდა თუ არა ხანძარი შპს «გ-ის” ტერიტორიაზე ანუ რამდენად იყო დაშორებული შპს «გ-ის” ტერიტორია ხანძრის გაჩენის კერიდან და ამ მანძილის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული სისტების გამართვის შემთხვევაში შპს «გ-ის” ტერიტორიაზეგავრცელდებოდა თუ არა ხანძარი.
აღნიშნული ფაქტობრივი შემადგენლობა განსაზღვრავს მიზეზობრივ კავშირს შპს «მ-ის” ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გათვალისწინებულია სკ-ის 992-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღდეგო, არამედ ზინი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, განსახილველი ნორმით ასევე იგულისხმება პირის უმოქმედობა, რომლის შედეგად სხვა პირს მიადგა ზიანი. მართლსაწინააღმდეგო უმოქმედობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ზიანის მიმყენებელმა პირმა არ განახორციელა ის მოქმედებები, რომლის განხორციელებაც მას ევალებოდა სხვა პირის აბსოლუტური უფლების დასაცავად.
ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში, მიზეზობრივი კავშირის ინსტიტუტი გულისხობს უმოქმედობის უშუალო შედეგების დადგენას. სკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამრიგად, უნდა დადასტურდეს, რომ ხანძარი გავრცელდახანძარსაწინააღმდეგო სისტემების გაუმართაობით, ასევე შპს «გ-ის» ტერიტორია, სადაც გავრცელდა ხანძარი, მნიშვნელოვნად იყო დაშორებული ხანძრის კერიდან; შპს «მ-ს» ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა რომ ჰქონოდა გამართული, შპს «გ-ის» ტერიტორიაზე არ გავრცელდებოდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს და სწორად შეფასდესყველა ზემოაღნიშნული ობიექტურ გარემოება (სსსკ 105-ე მუხლი), რაც შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ცოდნის მეშვეობით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს «მ-ი” ვერ ასაბუთებს ზიანის მიყენებაში მისი ბრალის არსებობას.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს «მ-ი” ვერ ასაბუთებს ზიანის მიყენებაში მისი ბრალის არსებობას.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დელიქტურ ვალდებულებებისათვის დამახასიათებელია ბრალეულობის პრეზუმფცია, რაც, ნიშნავს იმას, რომ სანამ პირი არ დაადასტურებს თავის ქმედებაშიბრალის არარსებობას (რომელზედაც უთითებს კრედიტორი), იგი ითვლება ბრალეულად, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ბრალის არარსებობის დადასტურების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობა აღძრული იყო კასატორის მიერ.
კასატორის მიერ გასაჩივრებული ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის განჩინება (სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილი), შპს «მ-ის” წარმომადგენლის მიერ აღძრული შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აღნიშნული განჩინების კანონიერების შემოწმება შეუძლებელია, რადგან იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლო ასევე არ უთითებს (არ ასაბუთებს) გადაწყვეტილებაში დასკვნის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებზე.
ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 992-ე მუხლი (სსსკ 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტი).
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სკ-ის 1001-ე მუხლის თანახმად, ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს სხვა პირებისათვის მიყენებული ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში. იმისათვის რომ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს აღნიშნულ ურთიერთობას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განისაზღვროს განსახილველი ნორმის მიზანი, რომელიც მიმართულია ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი ნორმაში მითითებულია, რომ ანაზღაურდება ხანძრის ჩაქრობის, მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე მისი გავრცელების თავიდან აცილების დროს მიყენებული ზიანი, განსახილველი ნორმით დაცულია მესამე პირთა უფლებები ხანძრის ჩაქრობას და მისი თავიდან აცილებასთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელების მიუხედავად. ანუ ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია არა მართლზომიერ მოქმედებების არსებობის შემთხვევაში (რომლებიც მიმართული არიან ხანძრის თავიდან აცილებისაკენ) ამ ნორმის გამოყენების საფუძველზე, არამედ ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც ვლინდება ამ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივ-მარეგულირებელ მექანიზმში.
ამ ნორმით დაცულია იმ სხვა პირთა უფლებები, რომელთაც მიადგა ზიანი მეზობელ ბინებსა და ნაგებობებზე გავრცელებული ხანძრის შედეგად. ამდენად, განსახილველი ნორმით უზრუნველყოფილია იმ პირთა უფლებები, რომლებსაც ზიანი მიადგა სხვა პირთა მფლობელობაში, მათი ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ხანძრის გაჩენის შედეგად.
ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი განისაზღვრება როგორც სამართლებრივი საშუალებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც უზრუნველყოფილია ეფექტური სამართლებრივი ზემოქმედება ხანძრის შედეგად სხვა პირთათვის მიყენებული ზიანის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობაზე.
შპს «მ-ის”მიერბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისარარსებობის შემთხვევაში, დადგება იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ბრალი მიუძღვის ხანძრის გაჩენაში ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად.
აღწერილობითი ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს «მ-ის» დირექტორ ზ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.