დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.05.2005
საქმის ნომერი
ას-1386-1509-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1386-1509-04 5 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ბ-ემ 2003წ. ივნისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ო-ის“ მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხემ ქ. თბილისში, ...... ქუჩის ბოლოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ნახაზში შეცვალა საზღვრები და მოითხოვა შპს „ო-ს“ დაებრუნებინა უკანონო მფლობელობიდან 250 კვ.მ თავისუფალი მიწის ნაკვეთი მწვანე ნარგავებით. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1939წ. 20 აპრილს რ. ბ-ეს და მის ძმას _ ი. ბ-ეს გამოუყო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ინდივიდუალური ბინის მშენებლობისათვის ქ. თბილისში, ....... ქუჩის ბოლოში. ეს მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ და მისმა ძმამ შემოღობეს, დარგეს ნარგავები; 1961-1962 წლებში ამ მიწის ნაკვეთში ააშენეს ოროთახიანი საცხოვრებელი სახლი. ვინაიდან ეს სახლი უნებართვოდ იყო აშენებული, დაუნგრიეს და აშენების ნებართვა არ მისცეს. მოპასუხე ორგანიზაციას _ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ნებართვით გამოეყო კოოპერატიული ბინათმშენებლობისათვის მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ...... ქუჩისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ პირობით, რომ მოპასუხეს საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომთან შეთანხმებით თავისი სახსრებით უნდა აეღო და დაენგრია გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე არსებული სახლები და ამ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები დაეკმაყოფილებინა შესაბამისი საცხოვრებელი ფართით, ასევე, უნდა აენაზღაურებინა კანონის შესაბამისად მწვანე ნარგავების ღირებულება. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს მოსარჩელისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთიც; მოპასუხე ორგანიზაციამ მისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს მიუერთა თვითნებურად მოსარჩელის მიწის ნაკვეთიც და ააშენა საუწყებო და კოოპერატიული საცხოვრებელი სახლი; მოსარჩელისათვის კი მისი მიწის ნაკვეთის მითვისების სანაცვლოდ კომპენსაცია არ მიუცია არც საცხოვრებელი ფართით და არც ფულადი ანაზღაურებით.

რ. ბ-ემ სარჩელში მიუთითა, რომ წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა მისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესაბამისი დოკუმენტაცია; მაგრამ მან 2002 წელს თბილისის ცენტრალური არქივის მეშვეობით აღმოაჩინა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმაკომის 1939წ. 20 აპრილის ჩანაწერი მისთვის სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. იგი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ითვლება ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. ბ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალურ განყოფილებასთან არსებული ტექნიკური კომისიის 1939წ. 20 აპრილის ¹6 ოქმი, რომელშიც არ არის მითითებული ბ-ის სახელი და მამის სახელი. ამის გამო, სასამართლოს ეს დოკუმენტი არ ჩათვალა იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ რ. ბ-ეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ....... ქუჩის კუთხეში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყო 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მით უფრო, რომ სასამართლო სხდომაზე რ. ბ-ემ განმარტა, რომ 1939 წლისთვის იგი იყო მხოლოდ 11 წლის.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა რ. ბ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით “სსრ კავშირის 50 წლისთავის სახელობის თბილისის საწარმოო გაერთიანებას” (ამჟამად _ მოპასუხე შპს „ო-ს“) საუწყებო და კოოპერატიული საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისი, ..... ქ. ¹20, 20ა; ...... ქ. ¹14, 14ა, 16,17,17ა, 18,21; ....... ქ. ¹15,17,19,24,28,29 და ........ ქ. ¹20,23. ამ გადაწყვეტილებით დაევალა მოპასუხე ორგანიზაციას, საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომთან შეთანხმებით თავისი სახსრებით აეღო გამოყოფილი მიწის ნაკვეთზე არსებული სახლები, დაეკმაყოფილებინა მათში მცხოვრებნი საცხოვრებელი ფართით და აენაზღაურებინა შენობა-ნაგებობების და მწვანე ნარგავების ღირებულება კანონის შესახაბამისად; სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რ. ბ-ემ ვერ დაადასტურა მისთვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აპელანტის მიერ მითითებულ პერიოდში, ე.ი. 1939 წლისათვის იგი იყო არასრულწლოვანი, 11 წლის და ვერ შეძლებდა სრული მოცულობით განეხორციელებინა სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია ასევე საქმეში მოცემული საარქიტექტორო დაგეგმარების სამმართველოს უფროსის წერილიც.

თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს 2004წ. 9 სექტემბრის ცნობით ირკვევა, რომ რ. ბ-ის სახელზე არ ირიცხება ....... ქუჩაზე არც მიწის ნაკვეთი და არც რაიმე ნაგებობა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა განმარტებები იმის თაობაზე, რომ რ. ბ-ე ...... ქუჩის ბოლოში წლების მანძილზე სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს მოწმეთა ჩვენება.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია სკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რადგან დადგენილად ჩათვალა, რომ რ. ბ-ემ თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1987 წელს, როცა მოპასუხე ორგანიზაცია აპირებდა სახლის აშენებას და მან მაშინვე განუცხადა ხელმძღვანელობას, რომ იქ მიწის ნაკვეთი ჰქონდა. სასამართლომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლად ვერ მიიჩნია ის გარემოება, რომ რ. ბ-ემ 2002 წლამდე ვერ შეძლო სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიება, რადგან მან ასეთი დოკუმენტების წარდგენა სასამართლოსთვის მაინც ვერ შეძლო.

რ. ბ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი საარქივო ცნობა, რომელიც გაცემულია თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური განყოფილების სამსახურის 1939წ. 20 აპრილის ¹6 ოქმის თაობაზე. ასეთი ორგანოს ნებართვით გამოყოფილ მიწის ნაკვეთებს იურიდიული ძალა გააჩნია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი „ფიზიკური პირის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა იმ მოწმეთა განმარტებები, რომლებმაც დაადასტურეს პროცესზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი 50 წლის მანძილზე იყო კასატორის და მისი ძმის – ი. ბ-ის მფლობელობაში და სარგებლობაში. კასატორი მიუთითებს, რომ, მართალია, 1939 წლისთვის იგი იყო 12 წლის, მან იცოდა წერა-კითხვა, 5 კლასის განათლება ჰქონდა და უფროს ძმასთან, ი. ბ-ესთან, ერთად მიმართა განცხადებით თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომს, ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ იგი არასრულწლოვანი იყო და მაინც დაუშვა გამონაკლისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე. იგი თავის უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას ახორციელებდა მშობლების თანხმობის სკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად. მოსამართლემ არასწორად განმარტა არასრულწლოვანის შეზღუდული ქმედუნარიანობის საკითხი.

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 132-ე მუხლის „ბ“ პუნქტი, 135-ე მუხლი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების თაობაზე. ვინაიდან კასატორმა 2002 წლამდე ვერ შეძლო საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება ცენტრალურ არქივში მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ეს კი წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების საფუძველს. სასამართლომ მის საკუთრებად უნდა ცნოს 250 კვ. მ სადავო მიწის ნაკვეთი გაშენებული მწვანე ნარგავებით. ნაკვეთის მეორე ნაწილი, რომელიც 350 კვ.მ-ია, მასზე აშენებულია საცხოვრებელი კორპუსის ერთი ნაწილი, ამიტომ ეს ფართი საბაზრო ფასებში უნდა შეფასდეს კასატორი ითხოვს ფულად კომპენსაციას. ამისათვის კი საჭიროა აუდიტის შემოწმების ჩატარება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, რ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო: როგორც საქმის მასალებით ირკვევა რ. ბ-ემ 2003წ. ივნისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ო-ის“ მიმართ და მოითხოვა, რომ მოპასუხემ ქ. თბილისში, ...... ქუჩის ბოლოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ნახაზში ცვლილებები შეიტანოს საზღვრების შეცვლის შესახებ, შპს „ო-მა“ დაუბრუნოს უკანონო მფლობელობიდან 250 კვ.მ თავისუფალი მიწის ნაკვეთი მწვანე ნარგავებით.

სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამ ნორმის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მესაკუთრეს; ხოლო იმავე კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთი შეიძლება გამოითხოვოს კეთილსინდისიერმა მფლობელმაც. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალურ განყოფილებასთან არსებული ტექნიკური კომისიის 1939წ. 20 აპრილის ¹6 ოქმი; ამ დოკუმენტში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ კონკრეტულად რ. ბ-ეს გამოეყო სადავო ნაკვეთი, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია ეს დოკუმენტი სადავო მიწის ნაკვეთზე, რ. ბ-ის საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი უშუალოდ არ შეიძლება რ.ბ-ის სახელზე გამოყოფილად ჩაითვალოს იმის გამოც, რომ 1939 წლისთვის იგი იყო არასრულწლოვანი, კერძოდ 11-12 წლის, რაც დაადასტურა საკასაციო საჩივარში კასატორმაც.

დადგენილია, რომ თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით სსრ კავშირის 50 წლისთავის სახელობის თბილისის საწარმოო გაერთიანებას (ამჟამად მოპასუხე შპს „ო-ს“) საუწყებო და კოოპერატიული საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გამოეყო მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. თბილისი, ...... ქ. ¹20, 20ა; ...... ქ. ¹14, 14ა, 16,17,17ა, 18,21; ....... ქ. ¹15,17,19,24,28,29 და ........ ქ. ¹20,23. ამ გადაწყვეტილებით დაევალა მოპასუხე ორგანიზაციას საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომთან შეთანხმებით თავისი სახსრებით აეღო გამოყოფილი მიწის ნაკვეთზე არსებული სახლები, დაეკმაყოფილებინა მათში მცხოვრებნი საცხოვრებელი ფართით და აენაზღაურებინა შენობა-ნაგებობების, მწვანე ნარგავების ღირებულება კანონის შესახაბამისად;

რ. ბ-ემ მიუთითა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მისი მიწის ნაკვეთის მითვისების თაობაზე, ე.ი. თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 1987 წელს, როცა მოპასუხე აპირებდა სახლის აშენებას და მან მაშინვე განუცხადა ხელმძღვანელობას პრეტენზია მიწის ნაკვეთის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ რ. ბ-ის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლად სწორად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ რ. ბ-ემ 2002 წლამდე ვერ შეძლო სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის მოძიება, რადგან მან ასეთი დოკუმენტების წარდგენა სასამართლოსთვის მაინც ვერ შეძლო.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. იმავე კოდექსის 75-ე მუხლში კი მითითებულია, რომ საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა რ.ბ-ის სარჩელი ხანდაზმულად, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.