შეწყდა

სამოქალაქო 14.04.2005
საქმის ნომერი
ას-1401-1526-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.04.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1401-1526-04 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. მ.-სა და გაზეთ „თ.-ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი, სამოქალაქო საქმეზე _ ზ. ჟ.-ს სარჩელის გამო გაზეთ „თ.-ისა“ და ჟურნალისტ ი. მ.-ს მიმართ, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზ. ჟ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში გაზეთ „თ.-ისა“ და ჟურნალისტ ი. მ.-ს მიმართ და მოითხოვა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მიყენებული მორალური ზიანისათვის 5000 ლარის დაკისრება.მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა გაზეთ „თ.-ში“ გამოაქვეყნეს სტატია სათაურით _ „რა ...-ს“. სტატიაში გავრცელებულია ყალბი ცნობები, რაც, მოსარჩელის აზრით, მიზნად ისახავდა ზ.ჟ.-ს ფინანსურ მაქინაციებში დადანაშაულებას და მისი როგორც სახელმწიფო მინისტრის და პოლიტიკოსის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ გაზეთ „თ.-ს“ დაეკისრა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი გავრცელებული ცნობების უარყოფა იმავე საშუალებებით, როგორითაც ეს ცნობები გავრცელდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის სახით 5000 ლარის გადახდა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ „თ.-ი“ და ჟურნალისტი ი. მ. გასცდნენ დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, დაუდასტურებელი, გადაუმოწმებელი ფაქტები მიაწოდეს საზოგადოებას, როგორც ნამდვილი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს „თ.-მა“ და ი. მ.-მ.

აპელანტებმა მიიჩნიეს, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის მე-18 მუხლი, ვინაიდან მოპასუხეს არ შეულახავს მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა მისთვის ზიანის მიყენებას ან ძლიერი სულიერი ტანჯვისა თუ უარყოფითი ემოციის განცდას.

მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი, თუმცა პაექრობის სტადიაზე მან უარი განაცხადა სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც ითხოვდა მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 5000 ლარის დაკისრებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის გადაწყვეტილება გაზეთ „თ.-ისა“ და ი.მ.-სათვის 5000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება აპელანტებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელზე უარის თქმა.

კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო მთელი რიგი გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფრაზები არ წარმოადგენდა ფაქტებს და, შესაბამისად, არ ექცეოდა სკ-ის მე-18 მუხლის რეგულირების სფეროში. ასევე, მოწინააღმდეგე მხარემ ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.

საკასაციო სასამართლოს 2004წ. 27 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, დადგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ ხარვეზის შევსება.

სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში კასატორებმა გადაიხადეს სახელმწფიო ბაჟი და საკასაციო საჩივარი 2005წ. 2 თებერვალს მიღებულ იქნა წარმოებაში.

2005წ. 3 თებერვალს გარდაიცვალა კასატორების მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ზ. ჟ.-ა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია.

სკ-ის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო შეიცავს გარდაცვლილის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე _ მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

სკ-ის 1330-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. ამავე კოდექსის 1391-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის არაქონებრივი უფლებები, რომლებიც სამკვიდროში არ შედის, შეიძლება განახორციელონ და დაიცვან მემკვიდრეებმა კანონით გათალისწინებული წესით.

პირადი არაქონებრივი უფლებები მემკვიდრეობით არ გადაიცემა. გარდაცვლილი აღარ შეიძლება იყოს უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტი. მას აღარ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა.

სკ-ის მე-19 მუხლი იძლევა გარდაცვლილის პიროვნულ უფლებათა დაცვის გარანტიებს. პირებს, ვისთვისაც გარდაცვლილის პიროვნება მნიშვნელოვანია, უფლება აქვთ მოითხოვონ გარდაცვლილის პიროვნული უფლებების დაცვა და სარჩელით მიმართონ სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გარდაცვალების გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის შესაბამისად საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შეწყდეს საქმის წარმოება საქმეზე ზ. ჟ.-ს სარჩელისა გამო გაზეთ „თ.-ისა“ და ი. მ.-ს მიმართ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.