გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 09.06.2005
საქმის ნომერი
ას-1403-1513-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

¹ ას-1403-1513-04 9 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «ი-ის» დირექტორმა ა. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების რ. მ-ის, პ. ბ-ის, ვ. ზ-ისა და თ. ა-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997წ. 2 აპრილს შპს «ი-ი-92-ის» დირექტორ ა. ქ-ესა და მოსკოვის ღია სააქციო საზოგადოება «ს-ს» შორის დაიდო ხელშეკრულება 8160 ქილა ტომატ-პასტისა და 24696 ქილა ქართული «კეტჩუპის» მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, 1997წ. 27 მაისს შპს «ი-ი-92-მა» შპს „ლ-საგან” მიიღო ზემოაღნიშნული პროდუქცია. ზეპირი დავალების ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ი-ი-92-ის” დირექტორმა ა. ქ-ემ მოპასუხე თემურ ა-ეს დაავალა, რომ 2856 აშშ დოლარის ღირებულების 8160 ცალი ტომატ-პასტა და 24696 ცალი „კეტჩუპი”, ღირებული 8643,60 დოლარად, სულ საერთო თანხით _ 11499,60 აშშ დოლარის, უნდა ჩაეტანა ქ. მოსკოვში და ჩაებარებინა ღია სააქციო საზოგადოება „ს-სათვის”. პროდუქციის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა კი თ.ა-ეს უნდა ჩამოეტანა და გადაეცა შპს „ი-ი-92-ის” დირექტორ ა.ქ-ისათვის. თ.ა-ემ ზემოაღნიშნული პროდუქცია ჩააბარა არა ხელშეკრულების მხარეს – ქ.მოსკოვის ღია სააქციო საზოგადოება მოსკოვის „ს-ს”, არამედ 1997წ. 3 ივნისს, თავისი სახელით, შესანახად ჩააბარა ქ.მოსკოვის ერთ-ერთ საწყობს სახელწოდებით „ზაო ზპფ-ს”. ასევე, თ.ა-ეს პროდუქციის არც რეალიზაციით მიღებული თანხა და არც პროდუქცია შპს „ი-ი-92-ისათვის” არ დაუბრუნებია, რითაც შპს „ი-ი-92-ს” მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

შპს „ლ-მ” სარჩელი აღძრა შპს „ი-ი-92-ის” მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 1997წ. 17 მაისის პროდუქციის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსკოვში სარეალიზაციოდ წასაღები მის მიერ მიწოდებული 8160 ცალი ტომატ-პასტისა და 25000 ცალი «კეტჩუპის» ღირებულების ანაზღაურება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 21 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შპს „ი-ი-92-ს” დაეკისრა შპს „ლ-ს” სასარგებლოდ 26358 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 790 ლარის გადახდა, რომელიც შედგება გადასახდელი ძირითადი თანხის – 18054 ლარის, პირგასამტეხლოს _ 8304 ლარის, სულ _ 26358 ლარისაგან, ანუ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საქონლის საერთო ღირებულების 1,5%-ია, წლიური _ 12%, გადასახდელმა 3 წლისა და 10 თვის პერიოდში გადასახდელმა შეადგინა 8304 ლარი.

თავის მხრივ, შპს „ი-ი-92-ის” დირექტორმა ა. ქ-ემ, 2002წ. 5 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების – რ. მ-ის, პ. ბ-ის, ვ. ზ-ისა და თემურ ა-ის მიმართ, იურიდიული პირი შპს „ი-ი-92-ისათვის» მიყენებული ზარალის _ 27175 ლარის გადახდევინების შესახებ, რომელიც შეადგენდა მის მიერ ქ. მოსკოვში გადატვირთული ტომატ-პასტისა და საწებელი „კეტჩუპის” ღირებულებას, რომელიც აუნაზღაურა მომწოდებელს შპს „ლ-ს” და რომლის ღირებულება არ გადაუხდია თ. ა-ეს.

მოპასუხეებმა პ.ბ-ემ და ვ.ზ-მა არ ცნეს სასარჩელო განცხადება და განმარტეს, რომ ქ.მოსკოვში ტვირთის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადებაში ან პროდუქციის გადაზიდვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც რჩევა ა.ქ-ისათვის მიუციათ. რაც შეეხება თ.ა-ეს, მან ივალდებულა ტვირთის წაღება ადრესატისათვის ჩაბარება, მისი რეალიზაცია და ფულის ჩამოტანა, რაც სათანადოდ არ შეასრულა.

ასევე არ ცნო სარჩელი თ.ა-ემ, რომელმაც განმარტა, რომ მას ტვირთის ჩატანაზე ქ. მოსკოვში რაიმე წერილობითი პასუხისმგებლობა არ უკისრია. ტვირთი ჩააბარა შესანახად ბაზას, საიდანაც იგი დაიკარგა და აღარ მისცეს. მისივე მოსაზრებით, რადგან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა სამოქალაქო დავა, სადაც სხვებთან ერთად იგი მოპასუხედ იყო მითითებული, მაგრამ რაიმე თანხის გადახდა მისთვის არ დაუკისრებიათ, შპს „ი-ი-92-ს” აღნიშნული დავა მის მიმართ აღარ უნდა აღეძრა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თემურ ა-ეს შპს «ი-ის» სასარგებლოდ დაეკისრა 27575 ლარის გადახდა, ხოლო პ.ბ-ის, ვ.ზ-ისა და რ.მ-ის მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება. აპელანტი მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ეს შპს «ი-ის” სასარგებლოდ ზიანის სახით დაეკისრა 25175 ლარის გადახდა.

სკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და მის ხარჯზე.

ამავე კოდექსის 712-ე მუხლის პირველი ნაწილით რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.

ამავე ნორმის მე-2 ნაწილით კი რწმუნებულს შეუძლია გადაუხვიოს მარწმუნებლის მითითებებს, თუ, გარემოებებიდან გამომდინარე, მას შეუძლია ივარაუდოს, რომ მარწმუნებელი საქმის ვითარების ცოდნის შემთხვევაში მოიწონებდა ასეთ გადახვევას. რწმუნებული მოვალეა, მითითებებისაგან გადახვევამდე შეატყობინოს მარწმუნებელს და დაევალოს მის გადაწყვეტილებას, თუკი დაყოვნებით მარწმუნებელს არ შეექმნება ზიანის მიყენების საფრთხე.

სასამართლომ დაადგინა და თვით აპელანტმა თ. ა-ემაც დაადასტურა, რომ შპს „ი-ი-92-ის” დირექტორ ა.ქ-ის დავალების ზეპირი ხელშეკრულებით მან ვალდებულება იკისრა, რომ ქ.მოსკოვში გაჰყოლოდა შპს „ი-ი-92-ის” ავტომანქანით გადასაზიდ პროდუქციას. შპს „ი-ი-92-სა» და ღია სააქციო საზოგადოება „ს-ს” შორის დადებული 1997წ. 2 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მას უნდა ჩაებარებინა სს „ს-სათვის” 8160 ცალი ტომატ-პასტა და 24696 ცალი „კეტჩუპი”, სულ საერთო ღირებულებით _ 11 489,60 აშშ დოლარი და პროდუქციის რეალიზაციის ამონაგები თანხა უნდა ჩამოეტანა თბილისში და გადაეცა შპს „ი-ი-92-ისათვის».

დადგენილია, რომ რწმუნებულმა თ. ა-ემ გადაუხვია მარწმუნებლის მითითებას და, მასთან შეტყობინებისა და შეთანხმების გარეშე, პროდუქცია თავისი სახელით, ნაცვლად ხელშეკრულების მხარისა _ ქ.მოსკოვში ერთ-ერთ შესანახ საწყობს _ „ზაო ზპფ-ს” ჩააბარა, რის შემდეგ თ. ა-ეს არც პროდუქცია და არც მისი ღირებულება რწმუნებულის შპს „ი-ი-92-ისათვის»არ დაუბრუნებია, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მიუხედავად იმისა, რომ რწმუნებულ თ.ა-ეს კეთილსინდისიერად და გულისხმიერად უნდა შეესრულებინა მარწმუნებლის მიერ დავალებული საქმეები, მან პროდუქცია ჩააბარა არადანიშნულებისამებრ, ხელი არ შეუწყო მის რეალიზაციას და თანხის ამოღებას, რის გამოც, სკ-ის 719-ე მუხლიდან გამომდინარე, პასუხს აგებს მისი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის.

სკ-ის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რადგან პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია, თ. ა-ემ შპს „ი-ი-92-ს” უნდა გადაუხადოს აუნაზღაურებელი პროდუქციის ღირებულება 27175 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელით და რაც დაეკისრა გადასახდელად შპს „ი-ი-92-ს” შპს „ლ-ს” სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ, მისთვის მოსკოვში გადასატვირთად მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად . სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ თ. ა-ემ თავისი მოქმედებით მიაყენა ზიანი შპს „ი-ი-92-ს”.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თ. ა-ის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას პროდუქცია ხელშეკრულებით არ გადასცემია და მის დაკარგვაზე პასუხს არ აგებს. მოსარჩელიას და თვით თ.ა-ის განმარტებებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შპს „ი-ი-92-ის” ’დირექტორმა ა.ქ-ემ, ზეპირი ხელშეკრულების თანახმად, დაავალა პროდუქციის ქ. მოსკოვში ჩატანა და მისი რეალიზაცია, რაც ასევე დაადასტურეს რ. მ-ემ, პ. ბ-ემ და ვ. ზ-მაც.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ თ.ა-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება ყველა მოპასუხეს თანაბარ წილად უნდა დაკისრებოდა, რადგან ისინი ეწეოდნენ ერთობლივ საქმიანობას.

ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ იქნა დადგენილი, რომ მოპასუხეები ერთობლივ საქმიანობისას ეწეოდნენ სკ-ის 930-934-ე მუხლებიდან გამომდინარე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელე შპს „ი-ი-92-ის” დირექტორ ა.ქ-ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მათი სარჩელი პ.ბ-ის, ვ.ზ-ის და რ.მ-ისათვის ზიანის ასანაზღაურებელი თანხის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ემ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება არ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო სასამართლოს მიერ სკ-ის 139-ე მუხლის დარღვევაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და ისე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 393-ე მუხლით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო მეორე ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოთხოვნის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებზე იმ მიმართებით, რაზდედაც აპელანტი არ მიუთითებდა. ამასთან, აპელანტი (კასატორი) სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე . სააპელაციო სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გამოარკვია მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. აპელანტი თვლიდა, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სარჩელი სკ-ის 139-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა თ. ა-ის მიმართ მოთხოვნის უფლება როდის წარმოეშვა შპს „ი-ი-92-ს” და, შესაბამისად, გამოეყენებინა კანონი, რომელიც მოთხოვნის წარმოშობის დროს მოქმედებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და ისე მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

თ. ა-ეს დაეკისროს საკასაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.