დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-143-473-05 10 ივნისი, 2005 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ხანძრის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ჩ-მა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მისთვის ხანძრით მიყენებული ზიანის - 49 263 ლარის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ უხარისხო, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის მიწოდებამ გამოიწვია მოკლე ჩართვა და ხანძარი გაუჩნდა მის სახლს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ზიანის დადგომაში ბრალი არ მიუძღვის.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 49 263 ლარის გადახდა.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. ცვლილება შევიდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, კერძოდ, სს „ .. ..-ს” ნ.ჩ-ის სასარგებლოდ ნაცვლად 49 263 ლ., დაეკისრა 38 493 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ხანძრის შედეგად გამოწვეულ ზიანში მოპასუხის ბრალის დადასტურების ნაწილში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნისა და სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ხანძარი გაჩნდა მოპასუხის ბრალით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აპელანტი მხარის მოსაზრება, რომ ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი ეყრდნობა სპეციალისტის დასკვნას, სასამართლომ არ გაიზიარა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ექსპერტის დასკვნა, გარდა სპეციალისტის დასკვნისა, ეყრდნობა ასევე მოწმეთა ჩვენებებს, მხარის განმარტებას და შესაბამის ნორმატიულ მასალას. აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხანძარი გაჩნდა მოსარჩელის ბრალით, კერძოდ, მოსარჩელემ არ დაიცვა ხანძარსაწინააღმდეგო წესები, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან, სასამართლოს აზრით, აპელანტის აღნიშნული მოსაზრება ემყარებოდა მხოლოდ ვარაუდს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოთვალა ზიანის ოდენობა. ა-ის დასკვნაში განსაზღვრული იყო ისეთი ნივთების ღირებულება, რაც არ იყო მითითებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში. ამ ნივთების დაზიანების შესახებ კი საქმეში წარმოდგენილი არ იყო რაიმე მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა შემცირებულიყო 10 770 ლარით.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „.. ..ის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თ.გოგიჩაიშვილმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები და გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო სპეციალისტის დასკვნას, რომელიც არ იძლევა ერთმნიშვნელოვნად დასაბუთებულ მითითებას ხანძრის გამომწვევ მიზეზზე, მასში საუბარია მხოლოდ სავარაუდო, შესაძლო მიზეზებზე.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რადგან აღნიშნული ექსპერტიზა დაინიშნა არასათანადო მხარის - სს „.. ..ის” ოზურგეთის სამმართველოს (ფილიალის) წარმომადგენლის შუამდგომლობით. ფილიალის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები მათ მიმართ არ არის სავალდებულო.
კასატორის აზრით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ექსპერტის დასკვნა ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს და მხარის განმარტებას, რაც არასწორია. მოპასუხე მხარეს განმარტება არ მიუცია ექსპერტისათვის. ექსპერტმა იხელმძღვანელა საქმეში არსებული ცალკეული პირების ახსნა-განმარტებებით, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებულ მოწმეთა ჩვენებას არ წარმოადგენს.
კასატორს მიაჩნია, რომ ექსპერტი მისთვის დასმული შეკითხვების ფარგლებს გასცდა და გააკეთა ბუნდოვანი დასკვნები. კასატორი ასევე თვლის, რომ სასამართლოს ზიანის ოდენობის განსაზღვრისას არ უნდა გაეზიარებინა ა-ორული დასკვნა, რადგან იგი არასათანადო მტკიცებულებაა. ა-მა იხელმძღვანელა მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა დასტურით, ქონების ჩამონათვალის აღწერილობით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს ეს ზიანი.
მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ხანძარი გაჩნდა ნ.ჩ-ის საცხოვრებელი სახლის ელქსელში მომატებული ძაბვის მიწოდებით გამოწვეული პირველადი მოკლე ჩართვით. ასევე დადგენილია, რომ ხანძარი გაჩნდა მოპასუხის ბრალით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული და აგრეთვე, რომელიც გამორიცხავდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ექსპერტიზის დასკვნა, რადგან ექსპერტიზა დაინიშნა მისი ფილიალის შუამდგომლობით. ჯერ ერთი, ექსპერტიზა დაინიშნა არა მარტო ფილიალის შუამდგომლობით, არამედ სასამართლოს ინიციატივითაც, მეორეც, სკ-ის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ და სრულად და ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს. დადგენილია, რომ ფილიალი საქმეში ჩაბმულია მესამე პირად მოპასუხის მხარეზე, მესამე პირები კი სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით (მათ შორის განაცხადონ შუამდგომლობები) და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო მოვალეობები. გარდა სსსკ-ის 91-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, თუ კასატორს მიაჩნდა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბუნდოვანია, მას უფლება ჰქონდა განეცხადებინა შუამდგომლობა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე ანდა წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება მოსარჩელის მოთხოვნის გასაქარწყლებლად.
სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ ხანძარი არ იყო გამოწვეული მისი ბრალით.
საკასაციო პალატა თვლის, სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის დასკვნა და საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება „.. ..ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.