დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-162-488-05 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანაზიარი ქონებიდან საკუთრების უფლებით ფართის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 2 სექტემბერს დ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. და რ. გ-ების მიმართ და მოითხოვა თანაზიარი საკუთრებიდან წილის გამოყოფა. სასარჩელო მოთხოვნას დ. გ-ა აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ იგი 1980 წლიდან მშობლებთან ერთად ცხოვობდა ქ.თბილისში, ... ქუჩაზე მე-2 კორპუსის 56-ე ბინაში. 1993 წელს განხორციელებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით ბინა აღირიცხა ჯ. გ-ს სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსმა განუმარტა მას, რომ ბინა უნდა აღრიცხულიყო ერთ პირზე, რასაც იგი დაეთანხმა და თვლიდა, რომ ბინაზე დარჩებოდა როგორც ფლობის, ასევე, მისი განკარგვის უფლება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საკუთრებიდან მის კუთვნილ წილზე უარი არასოდეს განუცხადებია. 1993 წლიდან, მისი დაქორწინების შემდეგ მშობლებთან ურთიერთობა დაიძაბა და იძულებული გახდა, მეუღლესთან ერთად გადასულიყო ცოლის მშობლების ბინაში საცხოვრებლად. აქ ცხოვრებას კი დ. გ-ა არასასიამოვნოდ მიიჩნევს. მოსარჩელე ითხოვს ქ.თბილისში, ... ქუჩაზე მე-2 კორპუსში მდებარე 56-ე ბინიდან საკუთრების უფლებით 1/3-ის მიკუთვნებას.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისში, ... ქუჩაზე მე-2 კორპუსში მდებარე 56-ე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და ამ ბინიდან დ. გ-ს მიეკუთვნა საკუთრების უფლებით ბინის 1/3.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ჯ. გ-ებმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. ამასთან, აპელანტთა განმარტებით, სადავო ბინა ჯ. გ-მ მიიღო 1980 წელს და მოსარჩელეს ბინიდან წილი არ ეკუთვნის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 15 აპრილის გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ... ქუჩაზე მე-2 კორპუსში მდებარე 56-ე ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის ჩანაწერში სათანადო ცვლილებების შეტანის დავალების შესახებ. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დ.გ-ა ბინის პრივატიზაციის მომენტისათვის ცხოვრობდა სადავო ბინაში, იგი წარმოადგენს ამ ბინის თანამესაკუთრეს და მას უნდა მიეცეს 1/3 საზიარო საკუთრებიდან.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. და რ. გ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ჯ. გ-მ ბინის პრივატიზაციის დროს თანხმობა განაცხადა, რომ ჯ. გ-ს პირად საკუთრებაში გადასცემოდა თავის სახელზე რიცხული ბინა და მას სადავო საგანთან დაკავშირებით საკუთრების უფლების მისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ დაუყენებია. კასატორის განმარტებით, არ არსებობს დ. გ-ს თანასაკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება. ამასთან, კასატორები უთითებენ, რომ დ.გ-ს 10 წელი შეწყვეტილი აქვს სადავო საგანთან კავშირი და იგი არ კისრულობდა საზიარო საგნის მოვლის ხარჯებს, ხოლო სასამართლოს მითითება, რომ დ.გ- რეგისტრირებულია სადავო ფართში არ შეიძლება გამოიყენებულ იქნეს იმის დასადასტურებლად, რომ რეგისტრაცია წარმოშობს საკუთრების ან თანასაკუთრების უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1993წ. 22 სექტემბერს განხორციელდა სადავო ბინის პრივატიზაცია. პრივატიზაციის დროს ამ ბინაში ცხოვრობდნენ ჯ., რ. და დ. გ-ები. დ. და რ. გ-ებმა თანხმობა განაცხადეს, რომ ბინა აღრიცხულიყო ჯ. გ-ს სახელზე, რაც განხორციელდა კიდეც.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დ. გ-ს წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება სადავო ბინაზე. აღნიშნული უფლება მას მიენიჭა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ». აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ბინები უსასყიდლოდ გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ სახლის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ის გარემოება, რომ დ. გ-მ თანხმობა განაცხადა ბინის ჯ. გ-სათვის პირად საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ დ. გ-მ დათმო მისი წილი საკუთრებიდან. აღნიშნული თანხმობით მან გამოხატა ნება ბინის ჯ. გ-ს საკუთრებად დაფიქსირების თაობაზე.
ის გარემოება, რომ თითქოს დ.გ-ს 10 წელია შეწყვეტილი აქვს სადავო საგანთან კავშირი და იგი არ კისრულობდა საზიარო საგნის მოვლის ხარჯებს, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის წილ საკუთრებაზე უფლების დაკარგვის საფუძვლად. კასატორი არ უთითებს ნორმებზე, რომელთა შესაბამისად მითითებული საფუძვლით შესაძლებელია ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმება. იმ შემთხვევაში, თუ დ. გ-ა არ კისრულობს საზიარო საგანთან დაკავშირებულ ხარჯებს, კასატორებს შეუძლიათ, სკ-ის 960-ე მუხლის თანახმად, მოსთხოვონ დ.გ-ს ასეთი ხარჯების გაღება. მაგრამ აღნიშნული საფუძვლით საკუთრების უფლება არ შეიძლება გაუქმდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. და ჯ. გ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება