დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-220-517-05 14 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
პ. კ-ამ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა ჟ. ბ-ასა და ნ. ფ-ას გამოსახლება ქ. თბილისში, ....... ქუჩის მე-2 შესახვევის ¹1-ში მდებარე ბინიდან.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1998 წელს მან შეიძინა აღნიშნული ბინა, სადაც დახვდა მდგმური ჟ. ბ-ა და მისი ქალიშვილი ნ. ფ-ა ოჯახით.
2000 წელს სახელმწიფომ ჟ. ბ-ას გამოუყო 27 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, ...... ქ.¹26-ში, მაგრამ იგი ამ ბინაში არ გადავიდა.
აქედან გამომდინარე, პ. კ-ას აზრით, ჟ. ბ-ა გამოსახლებულ უნდა იქნეს მისი სახლიდან, რადგანაც იგი არ იხდის ბინის ქირას, ამასთან, მას საკუთრებაში სხვა საცხოვრებელი ბინა გააჩნია. რაც შეეხება ნ. ფ-ას, მასთან ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობს, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა მისი გამოსახლება ბინიდან იმ მოტივით, რომ ნ. ფ-ას დაკავებული აქვს ფართი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის გადაწყვეტილებით, პ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟ. ბ-ასა და პ. კ-ას შორის არსებობდა ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც სასამართლოს წესით შეწყდა იმის გამო, რომ გამქირავებელს ბინა სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის. რაც შეეხება ნ. ფ-ას, სასამართლომ დაადგინა, რომ მას არ გააჩნია ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ჟ. ბ-ამ და ნ. ფ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა, იმ საფუძვლით, რომ ბინის ადრინდელ მესაკუთრესთან ჟ. ბ-ას დადებული ჰქონდა მორიგება სასამართლოში, რომლის თანახმად იგი ვალდებული იყო, გაეთავისუფლებინა ბინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშენდებოდა კოოპერატივი, რომელშიც იგი იყო გაწევრიანებული. იმის გამო, რომ აღნიშნული კოოპერატივი დღესაც არ აშენებულა, ჟ. ბ-ას აზრით, მოთხოვნა მისი გამოსახლების შესახებ უსაფუძვლოა. რაც შეეხება ....... ქუჩაზე მიღებულ ბინას, იგი საცხოვრებლად უვარგისია.
სააპელაციო სასამართლომ 2003წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ჟ. ბ-ასა და ნ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული გადაწყვეტილებით პ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოს 1986წ. 3 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგება არ აღსრულებულა, რადგან კოოპერატიული ბინა არ აშენდა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. სასამართლომ ჟ. ბ-ა და მისი ქალიშვილი ნ. ფ-ა მიიჩნია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მიხედვით სადავო ბინის მოსარიგებლად. სკ-ის 157-ე და 572-ე მუხლების ანალოგიით სასამართლომ ჩათვალა, რომ პ. კ-ას ეკისრება ვალდებულება, ითმინოს ჟ. ბ-ას მხრიდან მისი საცხოვრებელი სადგომით სარგებლობა ჟ. ბ-ას კოოპერატიული სახლის აშენებამდე. პ. კ-ამ, სასამართლოს განმარტებით, შეიძინა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთი, მან იცოდა აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც მას ამ ნაკლის გამო უფლება დღეისათვის არ წარმოეშობა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ....... ქუჩაზე ბ-ასათვის გამოყოფილი ბინა მწვავე ავარიულია და საცხოვრებლად უვარგისია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია პ. კ-ას სარჩელის დაკმაფოილება.
პ. კ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან კოოპერატიული ბინის აშენება დაგვიანდა, ჟ. ბ-ას საკუთრების უფლებით გადაეცა ...... ქ.¹26-ში მდებარე ბინა, სადაც ის არ გადადის. ამასთან კასატორის განმარტებით, პ. კ-ას ბინა მწვავე ავარიულია და მას სჭირდება შეკეთება, აღნიშნულში კი ხელს უშლიან მოსარგებლეები. კასატორი მიიჩნევს, რომ ლ. ტ-ისა და ჟ. ბ-ას შორის არსებულ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელებულიყო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობები. კასატორის აზრით, სასამართლომ უგულებელყო სკ-ის 168-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნები. ასევე, გვერდი აუარა სკ-ის 558-ე მუხლის მოთხოვნებს და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბ-ას და მასთან მცხოვრებთ ბინის ქირა არ გადაუხდიათ. არ იქნა, აგრეთვე, გათვალისწინებული სკ-ის 562-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის ოთხივე ქვეპუნქტი დარღვეულია დამქირავებელთა მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე იყო ლ. ტ-ი, ხოლო 1977 წლიდან ამ სახლში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ჟ. ბ-ა.
თბილისის კიროვის რაიონის სასამართლოს 1988წ. 3 ივნისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ლ. ტ-სა და ჟ. ბ-ას შორის, რომლის თანახმად, ლ. ტ-მა იკისრა ვალდებულება, ჩაწეროს თავის სახლში ჟ. ბ-ას ქალიშვილი ნ. ფ-ა, ხოლო ჟ. ბ-ამ ივალდებულა, გაეთავისუფლებინა ლ. ტ-ის ბინა მისი კოოპერატიული ბინის აშენებისთანავე.
სააპელაციო სასამართლომ ჟ. ბ-ა და მისი ქალიშვილი ნ. ფ-ა მიიჩნია ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინის მოსარგებლეებად „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს ასეთ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოდავე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა უნდა შეფასდეს როგორც ბინის ქირავნობის ხელშეკრულება. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ის გარემოება, რომ კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებს იმ არგუმენტებს, თუ რატომ უნდა იქნეს შეფასებული მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა ასეთად.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 168-ე და 172-ე მუხლები. სკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მესაკუთრის მიერ წაყენებული ნებისმიერი პრეტენზია არ შეიძლება გახდეს მფლობელობის შეწყვეტის საფუძველი, არამედ სახეზე უნდა იყოს დასაბუთებული პრტენეზია. მოცემულ შემთხვევაში კი პ. კ-ას პრეტენზია სასამართლომ დასაბუთებულად არ მიიჩნია, რითაც გამოირიცხა აღნიშნული მუხლის გამოყენების შესაძლებლობა სასამართლოს მიერ.
უფრო მეტიც, სასამართლო ვერ გამოიყენებდა სკ-ის 172-ე მუხლის პირველ ნაწილსაც, რადგან, აღნიშნული მუხლის თანახმად, მესაკუთრეს მხოლოდ მაშინ შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ბინის უკან დაბრუნება, როცა მფლობელს არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლომ დაადასტურა, რომ ჟ. ბ-ას და მასთან მცხოვრებ პირებს აქვთ სადავო ბინით სარგებლობის უფლება. აღნიშნული კი გამორიცხავს მოცემული ნორმის გამოყენების შესაძლებლობას.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზეც, რომ სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა სკ-ის 558-ე მუხლის მოთხოვნებს. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები არ შეუფასებია როგორც ბინის ქირავნობის ურთიერთობა. აღნიშნული ნორმის გამოყენება კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მხარეთა შორის ურთიერთობას შეაფასებდა როგორც ქირავნობის ხელშეკრულებას, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებდა ამ ურთიერთობათა მოსაწესრიგებელი სამართლებრივი ნორმა (სკ-ის მე-5 მუხლით). მოსარგებლის გამოსახლების სკითხი კი უნდა გადაწყდეს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის შესაბამისად. იგივე შეიძლება ითქვას სკ-ის 562-ე მუხლზეც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.