დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-222-538-05 11 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ო.-მა“ სარჩელი აღძრა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში ნ. გ.-ის, დ. წ.-სა და კ.-ის მიმართ აღწერის სიიდან ქონების ამორიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით სს “ო.-ს” მეანაბრეთა სასარგებლოდ დაეკისრა თანხის დაბრუნება, რის გამოც მოსარჩელის ქონება, მათ შორის, 110000 აშშ დოლარად შეფასებული სამსართულიანი შენობა, აღირიცხა და დაყადაღდა. მხარემ აღნიშნა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს “ო.-ის” საქმის განხილვაში მონაწილეობის გარეშე, საზოგადოების პოზიციის გაუთვალისწინებლად, ამდენად, იგი უკანონოა. მოსარჩელის მითითებით, საზოგადოების ქონების მესაკუთრე არის 8000 მეანაბრე, ამდენად, ზემოხსენებული შენობის გასხვისებითა და გადაწყვეტილების აღსრულებით მეანაბრეთა უმრავლესობას მოესპო კუთვნილი ანაბრის დაბრუნების შესაძლებლობა. მეანაბრეთათვის თანხის დაბრუნება უნდა მომხდარიყო პროცენტულად, ყოველი მათგანის წილის ოდენობის გათვალისწინებით. მოსარჩელემ მოითხოვა სს “ო.-ის” დაყადაღებული ქონების აღწერის სიიდან ამოღება. მოგვიანებით, მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც განმარტა, რომ სს “ო.-ის” კრედიტორთა მოთხოვნით საზოგადოების მთელს ქონებას, აგრეთვე, საბანკო და საბუღალტრო ანგარიშებს დაედო ყადაღა, რამაც გამოიწვია საზოგადოების კომერციული და სამეურნეო საქმიანობის პარალიზება. მხარის აზრით, აღნიშნული ქმედება იყო უკანონო, რის გამოც მოითხოვა აღმასრულებლის გადაწყვეტილების გაუქმება.
მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აღწერის სიიდან მოსარჩელის კუთვნილი შენობის ამოღებისა და მის ქონებაზე ყადაღის მოხსნის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან აღნიშნული მოქმედება შესრულებულია სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაებნენ სს “ო.-ის” კრედიტორთა ჯგუფი _ ნ.გ.-ე, დ.წ.-ა, ლ.ბ.-ე, გ.გ.-ე, კ.ღ.-ე, ო.ლ.-ე, ნ.ლ.-ია, ც.ნ.-ე, ნ.ნ.-ე, თ.ა.-ი და მ.ჭ.-ია. ხსენებულმა პირებმა განმარტეს, რომ ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სს “ო.-ის” კრედიტორთა ჯგუფის სარჩელი დაკმაყოფილდა და საზოგადოებას დაევალა თანხის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ვინაიდან მოპასუხე თავისი ნებით თანხას არ იხდის, მესამე პირებმა მოითხოვეს საზოგადოების კუთვნილი შენობის რეალიზაცია და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
მოპასუხეებმა ნ.გ.-ემ და დ.წ.-მა ძირითადი სარჩელი არ ცნეს და არ გაიზიარეს მოსარჩელის არგუმენტი ქონების გაყიდვით 8 000 მეანაბრის დაზარალების შესახებ. დაზარალებულ მეანაბრეთა საერთო რაოდენობა ხელშეკრულებით სულ 4306 პირს შეადგენდა, საზოგადოების ხელმძღვანელობა შენობის გაქირავებითა და სხვა წყაროებიდან მიღებულ თანხას მეანაბრეებს არ უნაწილებდა. სს “ო.-ს” მეანაბრეთა დაკმაყოფილების რაიმე ღონისძიებები არ შეუმუშავებია. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წარმოების შეჩერების რაიმე საფუძველი არ არსებობდა.
2000წ. 20 სექტემბერს სს „ო.-ის“ კრედიტორებმა ნ.გ.-მ, დ.წ.-მ, თ.ნ.-მა, ო.ნ.-მა, ნ.ჩ.-მ, თ.ნ.-მ, ნ.ჩ.-მ, თ.ქ.-მ, ნ.ლ.-მ, თ.დ.-ამ ლ.ბ.-ემ, გ.გ.-მა, ნ.მ.-მ, ე.გ.-მ, ვ.მ.-მა, შ.ხ.-მა, დ.ს.-მ, ნ.ტ.-მ, ნ.ხ.-მა, თ. ფ.-ემ, ნ.-ემ, მ.ჭ.-იამ, ა.ჩ.-მა, თ.დ.-ემ, კ.ლ.-ემ, ო.ლ.-ემ, თ.ყ.-მა, ც.ნ.-ემ, ნ.ნ.-ემ და თ.ა.-მა სარჩელი აღძრეს კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოში სს „ო.-ისა“ და სს „ნ.-ს“ მიმართ ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის მოპასუხეთა კუთვნილი ქონების სიიდან ამორიცხვის, მოსარჩელეთა სასარგებლოდ ქ.თბილისის, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1999წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის ასანაზღაურებლად რეალიზაციისა და ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს ქ.თბილისში, ... მდებარე სს “ო.-ის” ოფისის დალუქვა, ქონების აღწერა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 ივნისის საოქმო განჩინებით ეს ორი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2004წ. 5 თებერვლის განცხადებით მოსარჩელეებმა სს „ნ.-ს“ მიმართ მოთხოვნა მოხსნეს.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით, როგორც სს “ო.-ის”, ისე მის კრედიტორთა ჯგუფის _ ნ.გ.-ისა და სხვათა სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სს „ო.-ის“ კრედიტორებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს „ო.-ის“ კრედიტორებს სასარჩელო მოთხოვნა აუქციონზე გაუსხვისებელი შენობის ნატურით გადაცემის, სს „ო.-ის“ საკუთრებიდან ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის ამორიცხვისა და ყადაღის მოხსნის შესახებ რაიონული სასამართლოში არ დაუყენებიათ, რადგან საქმის მასალებში დაფიქსირებულია სს „ო.-ის“ კრედიტორების მოთხოვნა სს „ნ.-ს“ მიმართ .... მდებარე ორსართულიანი შენობის სს „ო.-ისა“ და სს „ნ.-ს“ საკუთრების ქონების სიიდან ამორიცხვის, ქონების ყადაღისაგან განთავისუფლებისა და გაყიდვის შესახებ. რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2004წ. 2 მარტს კრედიტორების წარმომადგენელმა ნ. გ.-ემ დააზუსტა მოთხოვნა და სამ აუქციონზე გაუსხვისებელი შენობის გაყიდვის ნაცვლად, რაც სარჩელში იყო მითითებული, მოითხოვა შენობის მეანაბრეებისათვის გადაცემა. სასამართლოს აზრით, აღნიშნულის უფლებას მას ანიჭებდა სსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან მხარეს სასარჩელო მოთხოვნა არ შეუცვლია. აღნიშნული მოთხოვნის შესახებ, ასევე, მითითებულ იქნა კრედიტორთა განცხადებაში სს “ო.-ისა” და სს “ნ.-ს” მიმართ სს “ო.-ის” ქონებიდან ოფისის ამორიცხვისა და მათზე ნატურით გადაცემის შესახებ. ამდენად, პალატის აზრით, რაიონულ სასამართლოს სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება, რომ ზემოთ მითითებული მოთხოვნით სასამართლოს არ ჰქონდა სარჩელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, თუმცა რაიონულ სასამართლოს სს “ო.-ის“ კრედიტორების სარჩელი თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ არ განუხილავს. როგორც გადაწყვეტილების შესავალი, აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილებიდან ირკვევა, მათი სარჩელი განხილულ იქნა მოპასუხე სს „ო.-ის“ მიმართ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტების მოთხოვნა, ქ.თბილისში, ... მდებარე სს „ო.-ის“ კუთვნილი შენობის დალუქვის შესახებ წარმოადგენდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომელიც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის განჩინებით საპროცესო ნორმების მოთხოვნათა დაცვით განხილულ იქნა და არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება აპელანტებს არ გაუსაჩივრებიათ.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს “ო.-ის” კრედიტორთა ჯგუფმა _ ნ. გ.-ემ, დ.წ.-მა, ო. ლ.-ემ, ტ. გ.-ამ, ნ. ტ.-მა, თ.ფ.-ემ, თ. ნ.-მა, ლ. ბ.-ემ, ნ. ლ.-იანმა, ც. ნ.-ემ, ნ.ნ.-ემ, მ. ჭეპაამრიამ, დ. ს.-ემ, ე. გ.-ემ, ნ. ტ.-ემ, ვ.მ.-მა, თ. ა.-მა, დ. გ.-მა, უ. გ.-მა, ნ.ჩ.-ემ, ნ. ა.-მა, შ. ხ.-მა, ნ. ბ.-ემ, ე. ა.-მა, ნ.ხ.-მა, თ. ფ.-ემ, მ. ბ.-იამ, კ. ს.-მა, ქ.ბ.-იამ, მ. გ.-მა შემდეგი საფუძვლებით: კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა რაიონული სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას. პალატამ საერთოდ არ იმსჯელა სსკ-ის 377-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ მათ მოთხოვნაზე, რომელიც ეხებოდა, სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, სს “ო.-ის” არასათანადო მოსარჩელედ ცნობის შესახებ რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმებას. მხარის აზრით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება უთუოდ გამოიწვევდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ გაიზიარა მათი მითითება იმის შესახებ, რომ რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, რომელიც მხარეს რეალურად არ დაუყენებია, კერძოდ, რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა სადავო ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების, სს “ნ.-სა” და სს “ო.-ის” ქონების სიიდან ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის ამორიცხვისა და კრედიტორთა სასარგებლოდ ხსენებული შენობის გასხვისების შესახებ მოთხოვნა გააიგივეს კრედიტორთათვის ამ შენობის გადაცემის მოთხოვნასთან. ამდენად, სასამართლოებმა მოახდინეს მხარის მოთხოვნის არასწორი ფორმულირება და გასცდნენ მის ფარგლებს. კასატორები არ დაეთანხმნენ სააპელაციო პალატის მითითებას, თითქოს კრედიტორებმა რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე სსკ-ის 83-ე მუხლის საფუძველზე დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს სადავო შენობის ნატურით გადაცემა. მხარის მითითებით, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის გაზრდისათვის საჭირო წერილობითი ფორმა და აღნიშნულზე მოპასუხის თანხმობა. კასატორთა განმარტებით, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, თითქოს კრედიტორთა მოთხოვნა სს “ო.-ის” შენობის დალუქვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე არ დაკმაყოფილდა რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის განჩინებით, რომელიც კრედიტორებს არ გაუსაჩივრებიათ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ხსენებული განჩინება მათ არ ჩაბარებიათ და მის შესახებ მხოლოდ სააპელაციო პალატის განჩინებიდან შეიტყვეს, ამდენად ვერც გაასაჩივრებდნენ. მხარის აზრით, ვინაიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა, პალატას თავისი ინიციატივით უნდა შეემოწმებინა 2003წ. 24 სექტემბრის განჩინების კანონიერება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს “ო.-ის” კრედიტორთა ჯგუფს სააღსრულებო ბიუროს მიმართ სარჩელი არ აღუძრავს, თუმცა გასაჩივრებული განჩინებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია კრედიტორების მოთხოვნის არსებობა სადავო შენობის ნატურით გადაცემის შესახებ. კასატორთა აზრით, ამ მოთხოვნის აღძვრა დასაშვები იქნებოდა მხოლოდ სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მხარის განმარტებით, შენობის ნატურით გადაცემის თაობაზე სარჩელი კრედიტორებმა აღძრეს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, რომელიც 2004წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე, 248-ე და 377-ე მუხლების მოთხოვნები, არასწორად განმარტა და გამოიყენა 83-ე მუხლი. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სს “ო.-ის” არასათანადო მოსარჩელედ ცნობა და ქ.თბილისში, ... მდებარე სს “ო.-ის” კუთვნილი შენობის დალუქვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მეორე პუნქტით, სს “ო.-ის” კრედიტორების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
უსაფუძვლოა კასატორების მოითხოვნა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მათ სარჩელით არ მოუთხოვიათ შენობის ნატურით გადაცემა, ხოლო რაიონულმა და სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინეს ასეთი მოთხოვნის არსებობა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორებს ასეთი სახის პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ხოლო სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სს „ო.-ის“ კრედიტორებს რაიონულ სასამართლოში აღძრული ჰქონდათ სასარჩელო მოთხოვნა აუქციონზე გაუსხვისებელი შენობის ნატურით გადაცემის, სს „ო.-ის“ საკუთრებიდან ქ.თბილისში, ... მდებარე შენობის ამორიცხვისა და ყადაღის მოხსნის შესახებ.
აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღნიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი და მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული დადგენილი გარემოება დააფუძნა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: სს „ო.-ის“ კრედიტორების სარჩელზე სს „ნ.-სა“ და სს “ო.-ის” მიმართ ... მდებარე ორსართულიანი შენობის სს „ო.-ის“ და სს „ნ.-ს“ საკუთრების ქონების სიიდან ამორიცხვისა და ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ; რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის სხდომის ოქმზე, რომლითაც კრედიტორების წარმომადგენელმა ნ. გ.-ემ მხარი დაუჭირა სარჩელს და მოითხოვა სამ აუქციონზე გაუსხვისებელი შენობის გაყიდვის ნაცვლად შენობის მეანაბრეებისათვის გადაცემა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში განთავსებულ სს “ო.-ის” კრედიტორთა წარმომადგენელ ნ.გ.-ის 2004წ. 5 თებერვლის განცხადება-შუამდგომლობაზე, რომელშიც დაფიქსირებულია კრედიტორთა სასარჩელო მოთხოვნა სს „ო.-ისა“ და სს „ნ.-ს“ მიმართ სს „ო.-ის“ ქონებიდან შენობის ამორიცხვასა და ნატურით გადაცემაზე. სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული დადგენილად ცნობილი გარემოების დამდასტურებელ მტკიცებულებად მითითებული აქვს, აგრეთვე, საქმეში არსებული სს „ო.-ის“ კრედიტორების განცხადებები, რომლებშიც დასახელებულია იგივე სასარჩელო მოთხოვნა.
დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ პირველმა ინსტანციამ არასწორად მოახდინა მათი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება, კერძოდ, მათ მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ სს “ო.-ის” კუთვნილი შენობის დალუქვა. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე სს “ო.-ის” ოფისის დაყადაღებისა და დალუქვის შესახებ კრედიტორთა განცხადება ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინებით კანონის მოთხოვნათა დაცვით განხილულ იქნა და არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აპელანტთა მითითებული მოთხოვნა მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ.
რაც შეეხება კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა შეეფასებინა რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 სეტემბრის განჩინების კანონიერება, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სს “ო.-ის” კრედიტორებს ზემოხსენებული განჩინება არ გაუსაჩივრებიათ და შესაბამისად, იგი ვერ გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, სსკ-ის 83-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტორთა მიერ სარჩელის დაზუსტების თაობაზე. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის სასამართლო სხდომის ოქმით სს “ო.-ის” კრედიტორების წარმომადგენელი ნ. გ.-ე მხარს უჭერს სარჩელს და განმარტავს: “მე დავაზუსტებ. სასარჩელო მოთხოვნა არის სამ აუქციონზე გატანილი და გაუყიდავი შენობის მეანაბრეებზე გადმოცემა”. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს კასატორთა სასარჩელო მოთხოვნის შინაარსს. ამასთან, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება, რომ პალატამ ყურადღების მიღმა დატოვა ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის გაზრდისათვის საჭირო წერილობითი ფორმის და აღნიშნულზე მოპასუხის თანხმობის არარსებობა. სსკ-ისი 83-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დადგენილია რა მხარის უფლება სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტების თაობაზე, მოსარჩელეს აღნიშნული შეუძლია განახორციელოს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე და ამისათვის მოპასუხის თანხმობა საჭირო არ არის.
მიზანშეუწონელია საკასაციო საჩივრის იმ არგუმენტის გაზიარება, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სსკ-ის 377-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ მათ მოთხოვნაზე, რომელიც ეხებოდა ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად, სს “ო.-ის” არასათანადო მოსარჩელედ ცნობის შესახებ რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმებას. მხარის აზრით, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება უთუოდ გამოიწვევდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ო.-ის” სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და იგი ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მართებულად არ იმსჯელა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ კრწანისი- მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით სასამართლომ იმსჯელა სს “ო.-ის” კრედიტორების ნ.გ.-ის, დ.წ.-ს, თ.ნ.-ის, ო.ნ.-ის, თ.ნ.-ის, ნ.ჩ.-ის, თ.ბ.-ის, ნ.ლ.-იას, ე.გ.-ის, ვ.მ.-ის, შ.ხ.-ის, დ.ს.-ის, ნ.ტ.-ის, ხ.-ის, თ.ფ.-ის, მ.ჯ.-იას, ა.ჩ.-ის, თ.დ.-ის, კ.ლ.-ისა და თ.ა.-ის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო რა სს “ო.-ის” კრედიტორების სააპელაციო საჩივარი, აპელანტებად მითითებული იყვნენ მ.ბ.-ია, ქ.ბ.-ია, ლ.ს.-ი, თ.ნ.-ი, ო.ნ.-ი, თ.ა.-ი, ჟ.დ.-ე, გ.გ.-ი, თ.ფ.-ე, ტ.გ.-ა, ი.დ.-ია, ნ.ტ.-ი, ლ.ბ.-ე, შ.ხ.-ი, ნ.გ.-ე, თ.ყ.-ი, ნ.გ.-ი, ნ.ჩ.-ე და თ.ნ.-ე, ხოლო საკასაციო საჩივარი შემოტანილ იქნა შ.ხ.-ის, ნ. ბ.-ის, ნ.გ.-ის, დ.წ.-ის, ო.ლ.-ის, ე.ა.-ის, ნ.ხ.-ის, თ.ფ.-ის, ტ.გ.-ას, ნ.ტ.-ის, თ.ფ.-ის, მ.ბ.-იას, კ.ს.-ის, ქ.ბ.-იას, თ.ნ.-ის, ლ.ბ.-ის, ნ.ლ.-იანის, ც.ნ.-ის, ნ.ნ.-ის, მ.ჯ.-იას, დ.ს.-ის, ე.გ.-ის, ნ.ტ.-ის, ვ.მ.-ის, თ.ა.-ის, დ.გ.-ის, უ.გ.-ის, მ.გ.-ის, ნ.ჩ.-ის, ნ.ჩ.-ისა და ნ.ა.-ის მიერ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “ო.-ის” იმ კრედიტორებს, რომლებზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდათ სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, ფვინაიდან აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს მხოლოდ მხარეებისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ კრედიტორების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე, ვის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სს “ო.-ის” კრედიტორების _ ნ. ბ.-ის, ო.ლ.-ის, ე.ა.-ის, ტ.გ.-ას, ნ.ტ.-ის, თ.ფ.-ის, მ.ბ.-იას, კ.ს.-ის, ქ.ბ.-იას, ლ.ბ.-ის, ც.ნ.-ის, ნ.ნ.-ის, დ. გ.-ის, უ.გ.-ის, მ.გ.-ის, ნ.ჩ.-ისა და ნ.ა.-ის კასაცია არ უნდა დაკმაყოფილდეს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული კრედიტორების მიმართ არ ყოფილა გამოტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ო.-ის” კრედიტორთა საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 დეკემბრის განჩინება.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.