გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-268-680-06 ას-268-680-06 29 სექტემბერი, 2006 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჯ-ტმა 2005წ. თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე თბილისის ს. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება 2005წ. 15 იანვრიდან აღდგენამდე. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო განცხადება დაასაბუთა იმით, რომ 1974წ. დეკემბრიდან იგი მუშაობდა ს.სამედიცინო დახმარების ცენტრში უფროს იურისტკონსულტად და დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის 2005წ. 15 იანვრის ბრძანებით შეუწყვიტეს შრომის ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-18 და 30-ე მუხლების შესაბამისად; იგი 2005წ. 15 იანვრიდან 25 იანვრამდე აგრძელებდა შრომით საქმიანობას. მოსარჩელის მითითებით, შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად მისი შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი გადაწყდა პროფკავშირთან შეთანხმების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ჯ-ტს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჯ-ტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის განჩინებით გ. ჯ-ტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2004წ. 15 იანვარს ერთი წლის ვადით - 2005წ. 15 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო ვადიანი შრომის ხელშეკრულება შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის «ბ» პუნქტის შესაბამისად. ამავე კოდექსის 30-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ შრომის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა 2005წ. 15 იანვარს, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან იგი 2005წ. 15 იანვრის შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე. სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლი, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ასევე აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლო ვალდებული იყო მოწმეთა ჩვენებების სახით მოეპოვებინა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა 2005წ. 15 იანვრის შემდეგ მოპასუხესთან მისი მუშაობის ფაქტს, რადგან სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ასეთი მტკიცებულებები თავად უნდა წარედგინა სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებული იყო, მოსარჩელის განთავისუფლება შეეთანხმებინა პროფკავშირებთან, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროფკავშირებთან შეთანხმებით სამსახურიდან დათხოვნა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მუშაკს სამსახურიდან ანთავისუფლებს ადმინისტრაცია თავისი ინიციატივით. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა მოხდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო და არა ადმინისტრაციის ინიციატივით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 19 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჯ-ტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» და «გ» პუნქტები, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტი და საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოში მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა 2006წ. 6 თებერვალს დაიწყო კოლეგიურმა შემადგენლობამ, საქმის განხილვა არ იყო დამთავრებული და საქმის განხილვა გადაიდო სხვა დროისათვის; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ 2006წ. 14 მარტს სასამართლო სხდომა ჩაატარა ერთპიროვნულად და არ დააკმაყოფილა მისი სააპელაციო საჩივარი, ასევე არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვალდებული იყო, 2006წ. 6 თებერვალს სამი მოსამართლის შემადგენლობით დაწყებული საქმის განხილვა, 2006წ. 14 მარტს განეხილა იმავე შემადგენლობით. მოსამართლეს უნდა მოეწვია სააპელაციო საჩივარში მითითებული მოწმეები, რათა დაედგინა და დაემტკიცებინა აპელანტის კანონიერი მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ჯ-ტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდადაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით 2006წ. 6 თებერვალს დაიწყო გ. ჯ-ტის სააპელაციო საჩივრის განხილვა. სასამართლო სხდომაზე განხილულ იქნა მხარეთა შუამდგომლობები; მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო პალატის სხდომა გადაიდო 2006წ. 14 მარტს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ 2006წ. 14 მარტის სასამართლო სხდომაზე, როდესაც სასამართლომ გამოიტანა განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, საქმეს იხილავდა სააპელაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობით, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ხელმოწერილია მხოლოდ ერთი მოსამართლის მიერ; ხოლო დასაბუთებულ განჩინებაში მითითებულია მხოლოდ ერთი მოსამართლე და იგი ხელმოწერილია ამ მოსამართლის მიერ.
სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო განჩინებას, რომელიც მიღებულია ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ხელს აწერს ეს მოსამართლე, ხოლო, თუ იგი მიღებულია კოლეგიური სასამართლოს მიერ, _ ყველა მოსამართლე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა. როგორც საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს სხდომის ოქმებიდან ჩანს, სააპელაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობით მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, განიხილა მათი შუამდგომლობები, ასევე კოლეგიური შემადგენლობით გავიდა სათათბირო ოთახში, განჩინება კი გამოიტანა ერთპიროვნულად ერთი მოსამართლის ხელმოწერით.
სსკ-ის 394-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნული. ამ ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის მასალებიდან ჩანს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ სხვა მოსამართლეები, ხოლო გადაწყვეტილებაში მითითებულია და ამ გადაწყვეტილებას ხელს აწერს სხვა მოსამართლე ან ერთ-ერთი მათგანი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული დარღვევა წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, რის გამოც მ. ჯ-ტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჯ-ტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.