გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-285-611-05-05 20 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
სარჩელის საგანი: ქონების გადაცემა და ფულადი თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს „.. ..-ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ა-ის“ მიმართ და მოითხოვა 16 423,84 ტონა ამონიუმის გვარჯილის მისთვის გადაცემა, ასევე, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1 691 924,9 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1999წ. 14 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ამოქმედების თარიღი, ხელშეკრულების ცვლილებების მიხედვით, იყო 2000წ. 1 მარტი. ხელშეკრულებისა და დანართების შესაბამისად, შპს „.. ..-ს“ სს „ა-ისათვის“ უნდა მიეწოდებინა ბუნებრივი აირი, ხოლო სს „ა-ს“ უნდა დაემზადებინა და შემკვეთისათვის გადაეცა ამონიუმის გვარჯილა, რომლის რაოდენობაც გამომდინარეობდა სს „ა-ის“ მიერ დადგენილი ნორმატივიდან (1 ტ. ამონიუმის გვარჯილის საწარმოებლად საჭირო 810 მ3 ბუნებრივი აირი). 2000წ. 1 მარტიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით მენარდეს შემკვეთისათვის უნდა გადაეცა 239 795.17 ტონა ამონიუმის გვარჯილა და რეალურად გადასცა 223 371,33 ტონა, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებულ ოდენობაზე 16 423,84 ტონით ნაკლებია. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ჯარიმის გადახდა ხელშეკრულების ¹2 დანართის მე-4 პუნქტის შესაბამისად. მიუწოდებელ ყოველ ტონა ამონიუმის გვარჯილაზე 63 აშშ დოლარის გადახდა, რაც 2000წ. ივნისი-ოქტომბრის ჩათვლით შეადგენს 1 641 924,9 აშშ დოლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ შპს „.. ..-ს“ რამდენი ტონა ამონიუმის გვარჯილა გადაეცა, არ არის დაფიქსირებული. ბუღალტრის ხელმოწერა არ წარმოადგენს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას. 2000წ. მარტიდან 2000წ. მაისამდე პერიოდში 3 392 ტონა ამონიუმის გვარჯილის დანაკლისის თაობაზე მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას, რადგან ნორმატივი, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს მოთხოვნას, არ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილს, რაც იმას ნიშნავს, რომ სს „ა-ს“ ასეთი ვალდებულება არ ჰქონია აღებული.
მოპასუხის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სს „ა-ი“ ვალდებული იყო, პროდუქცია მიეწოდებინა თითოეულ თვეზე გაანგარიშებით, შესაბამისად, მისი უფლება დაირღვევა იმ თვეს, როცა ეს რაოდენობა არ იქნება მიწოდებული. ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასულია 2003წ. მარტიდან 2003წ. ოქტომბრის ჩათვლით, თითოეულ თვეზე შესაბამისად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „.. ..-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ა-ს“ დაევალა მოსარჩელისათვის 16 423,89 ტონა ამონიუმის გვარჯილის გადაცემა. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5000 ლარის გადახდა.
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის 1999წ. 14 დეკემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოსარჩელე, როგორც შემკვეთი, ვალდებული იყო, მიეწოდებინა მოპასუხისათვის ბუნებრივი აირი და ლილამინი, ხოლო, თავის მხრივ, მოპასუხე სს „ა-ს“, როგორც მენარდეს, უნდა დაემზადებინა ამიაკის გვარჯილა. მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 2000წ. მარტ-ოქტომბრის პერიოდში 192773441 მ3 ბუნებრივი აირი, რომლის გადამუშავების შედეგად, მისივე განსაზღვრული ნორმატივის მიხედვით, უნდა გამოეშვა 212111,79 ტონა ამონიუმის გვარჯილა, მაგრამ გამოუშვა და მოსარჩელეს გადასცა 223371,33 ტონა, ანუ 14 620,41 ტონით ნაკლები. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის ნაცვლად დაამზადა და მოსარჩელეს გადასცა 14620,41 ტონა ამონიუმის გვარჯილით ნაკლები.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 3წ. განმავლობაში, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ურთიერთანგარიშსწორების საკითხში მათ სრულ შესრულებამდე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 14.4 მუხლის მიხედვით, იგი ჯერ კიდევ ძალაშია, რადგან მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულებულა. ამდენად, სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. ვინაიდან, ხელშეკრულება ვალდებულებების შესრულების საკითხში ჯერ კიდევ ძალაშია, დამზადებული პროდუქციის გადაცემის შესახებ კი მხარეებს კონკრეტული დრო არ დაუთქვამთ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯარიმის გადახდის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 317-ე, 361-ე და 130-ე მუხლები.
საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ა-ის“ რეაბილიტაციის მმართველმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის მოთხოვნა არასოდეს იქნება ხანდაზმული, სასამართლომ შეცვალა ხანდაზმულობის ვადები და მათი გამოთვლის წესები, რითაც დაარღვია სკ-ის 130-ე და 146-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივია. ერთის მხრივ, დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ძირითადი მოთხოვნა, ხოლო აქცესორული მოთხოვნის ნაწილში კი _ არა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალდებულების შესრულებას არა ერთდროულად, არამედ განსაზღვრული პერიოდების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია (სკ-ის 129-ე მუხლი).
სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ამავე კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.
ხანდაზმულობის ვადების შესახებ ნორმები იმპერატიული ნორმებია. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს არ შეუძლიათ, ურთიერთშეთანხმებით გამორიცხონ ხანდაზმულობის ვადების მოქმედება ან შეცვალონ ისინი ან მათი გამოთვლის წესი. თუ მხარეები ხანდაზმულობის სხვა ვადებზე შეთანხმდებიან, ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული, მაინც გამოიყენება კანონით დადგენილი ვადები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დაარღვია ხანდაზმულობის ვადების შესახებ იმპერატიული ნორმები და სადავო მოთხოვნის მიმართ ფაქტობრივად გამორიცხა ხანდაზმულობის ვადების მოქმედება. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებს. ერთის მხრივ, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ ძირითადი მოთხოვნის ნაწილში დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულება, ხოლო, მეორეს მხრივ, აქცესორული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაშია. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დაადგინა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 14 620,41 ტონით ნაკლები ამონიუმის გვარჯილა, ხოლო სარეზოლუციო ნაწილით კი მოპასუხეს დააკისრა 16 423,84 ტონა ამონიუმის გვარჯილის მოსარჩელისათვის გადაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სარჩელის მიხედვით, სადავო ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების შესრულებას განსაზღვრული პერიოდების მიხედვით, რაც ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს თითოეული შესრულების მიმართ მოთხოვნის წარმოშობის მომენტი და, შესაბამისად, გადაწყვიტოს ხანდაზმულობის საკითხი. თუ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა არ დადგინდება, სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განიხილოს მტკიცებულებები, სრულად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება „ა-ის“ რეაბილიტაციის მმართველის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ამ საქმეზე საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.