დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-414-738-05 23 სექტემბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 6 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. წ-ემ მოპასუხე თ. წ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისში, ...... მდებარე 88კვ.მ სხვენ-სართულის იდეალურ ნახევარ წილზე თანამესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, იგი 1991წ. 2 აგვისტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. 1992 წელს მეუღლეებმა შეიძინეს ქ. თბილისში, ...... მდებარე 88 კვ.მ სხვენ-სართული, რომელიც 1994 წელს პრივატიზებულ იქნა თ. წ-ის სახელზე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ამჟამად მას სარჩელი ჰქონდა აღძრული მეუღლესთან განქორწინების თაობაზე და, შესაბამისად, ითხოვდა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფას სკ-ის 212-ე მუხლის საფუძველზე.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით ც. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ...... მდებარე 88კვ.მ სხვენ-სართულის იდეალური 1/2 მესაკუთრედ. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ფართი შეძენილი იყო ქორწინების პერიოდში და წარმოადგენდა მეუღლეთა საერთო ქონებას სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ სადავო ქონება, რომელიც გამოეყო სამხატვრო სახელოსნოს მოსაწყობად, წარმოადგენდა მისი პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთს, რადგან საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ მხარეებმა აღნიშნული ფართი თავიდანვე მოაწყვეს საცხოვრებელ ბინად, სადაც განქორწინებამდე ცხოვრობდნენ.
რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო ფართი ჯერ კიდევ ქორწინების რეგისტრაციამდე, როგორც შემოქმედებითი სახელოსნო, მას გადასცა ვაკის რაისაბჭოს აღმასკომმა. 1992წ. 3 ნოემბერს ადგილობრივ ¹88 სახლმმართველობასთან დადო ხელშეკრულება საკუთრებაში ფართის უსასყიდლო გადაცემის (პრივატიზების) შესახებ, ე.ი. ნივთის გადაცემა მოხდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, რის გამოც, სკ-ის 1161-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ნივთი წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას და არა მეუღლეთა თანასაკუთრებას. აპელანტის განმარტებით, სადავო ფართი განეკუთვნებოდა პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთს, ვინაიდან იყო პროფესიონალი არქიტექტორ-დიზაინერი, ხოლო სკ-ის 1165-ე მუხლის თანახმად, პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები, თუნდაც ქორწინების პერიოდში მეუღლეთა საერთო სახსრებით შეძენილი, გადაეცემოდა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთი თავისი საქმიანობისათვის სჭირდებოდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 25 ნოემბრის განჩინებით თ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოქმედებითი სახელოსნოს პრივატიზაციის ხელშეკრულება თ. წ-ესთან დაიდო ქორწინების პერიოდში _ 1992წ. 3 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. წ-ის არგუმენტი, რომ, ვინაიდან სადავო ქონება გადაცემული ჰქონდა უსასყიდლოდ, პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული ქონება არ წარმოადგენდა სკ-ის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა თანასაკუთრებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჩუქების ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს არ აურჩევია კონტრაჰენტები, იგი ვალდებული იყო, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 01 თებერვლის ¹107 დადგენილებით განსაზღვრულ პირთა წრესთან დაედო ხელშეკრულება. ასევე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელი იყო სკ-ის 1165-ე მუხლის გამოყენება, ვინაიდან პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთი, თუნდაც მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში ყოფილიყო შეძენილი, იმ მეუღლეს, რომელსაც ეს საქმიანობისათვის სჭირდებოდა, გადაეცემოდა მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს. ამ შემთხვევაში კი დავის საგანს წარმოადგენდა არა მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა, არამედ ერთ-ერთი მეუღლის თანამესაკუთრედ აღიარება, რის გამოც სკ-ის 1165-ე მუხლი ვერ იქნებოდა გამოყენებული.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება თ. წ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სადავო არასაცხოვრებელი ფართი უშუალოდ მას, როგორც პროფესიონალ არქიტექტორ-დიზაინერსა და საქართველოს დიზაინერთა კავშირის წევრს, გადაეცა შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990წ. 6 ნოემბრის განკარგულების, 1990წ. 9 ნოემბრის ორდერის საფუძველზე, სადაც კონკრეტულად აღნიშნული იყო გამოყენების მიზანი _ შემოქმედებითი სახელოსნო თ. წ-ეზე და სახეობა _ მუდმივი. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე 1990წ. 9 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება არასაცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შესახებ ვაკის რაიონის საბინაო სახლმმართველობასათან, სადაც კვლავ აღინიშნა, რომ დიზაინერთა კავშირმა ფართი შემოქმედებითი სახელოსნოს მოსაწყობად გადასცა მოიჯარე თ. წ-ეს. 1992წ. 3 ნოემბერს თ. წ-ესა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართის თ. წ-ისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, სადაც ასევე აღინიშნა, რომ საცხოვრებელი ფართის დანიშნულება იყო შემოქმედებითი სახელოსნო. აქედან გამომდინარე, კასატორი მიუთითებდა, რომ მას სახელმწიფომ აღნიშნული ფართი უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში, ანუ აჩუქა, რის გამოც სასამართლო არასწორად იყენებდა ტერმინს _ “შეძენა” და, შესაბამისად, მოცემულ ქონებაზე არ შეიძლებოდა სკ-ის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის გავრცელება. აღნიშნული სახელოსნო, როგორც ჩუქების გზით მიღებული ნივთი, სკ-ის 1161-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას და არა მეუღლეთა საერთო საკუთრებას. კასატორი მიუთითებდა, რომ სადავო ფართი განეკუთვნებოდა მისი პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთს, რასაც ადასტურებდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია და ის გარემოება, რომ იგი იყო პროფესიონალი არქიტექტორი, ხოლო არქიტექტორს, დიზაინერს, მხატვარს თავისი შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობისათვის პირველ რიგში შემოქმედებითი სახელოსნო ესაჭიროებოდა. სკ-ის 1165-ე მუხლი ითვალისწინებდა, რომ პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები, თუნდაც ქორწინების პერიოდში შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, უნდა გადაცემოდა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთი თავისი საქმიანობისათვის სჭირდებოდა. კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ სადავო შემოქმედებითი სახელოსნო არ წარმოადგენდა ბინას და მეუღლეები არ ყოფილან იქ ჩაწერილები. ისინი დადგენილი წესით ჩაწერილი იყვნენ მოპასუხის დედის საცხოვრებელ ბინაში. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 1158-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა სკ-ის 524-ე, 1161-ე, 1165-ე მუხლები, რაც, სკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. წ-ემ სადავო ფართის პრივატიზება მოახდინა ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში _ 1992წ. 3 ნოემბერს, „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ქონება, როგორც უსასყიდლო პრივატიზების ანუ ჩუქების გზით მიღებული, სკ-ის 1161-ე მუხლის საფუძველზე ჩაითვლება მის ინდივიდუალურ საკუთრებად და ამიტომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 1158-ე მუხლი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო პრივატიზებით. მართალია, სახელმწიფო აღნიშნულ ქონებას უსასყიდლოდ გადასცემს მოქალაქეს, მაგრამ ეს ურთიერთობა არ არის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ჩუქების სახელშეკრულებო ურთიერთობის იდენტური. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის იდება არა კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება, რასაც სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს, არამედ ადმინისტრაციული გარიგება, რაც სპეციფიკური საჯაროსამართლებრივი ურთიერთობაა და რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით _ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით. აღნიშნული დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების საფუძველზე განხორციელებული პრივატიზებისას საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემოდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები იყვნენ. ამდენად, სახელმწიფომ როგორც დამქირავებელს, ისე მისი ოჯახის წევრებს მისცა საშუალება, გამხდარიყვნენ ბინის მესაკუთრეები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივად ქონებაზე უფლება მოპოვებული აქვს კასატორის მეუღლესაც, მიუხედავად იმისა, რომ ნომინალურად მთელი სადავო ქონების პრივატიზება განხორციელებულია მხოლოდ კასატორის სახელზე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ქონება განეკუთვნება მისი პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთს სკ-ის 1165-ე მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის თანახმად, პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა და ა.შ.), თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო სახსრებით, გადაეცემა იმ მეუღლეს, რომელსაც ეს ნივთები თავისი საქმიანობისათვის სჭირდება. აღნიშნული ნორმის აზრის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთს წარმოადგენდა არა უძრავი ქონება, სადაც შემოქმედებითი სახელოსნო უნდა განთავსებულიყო, არამედ მხოლოდ აუცილებელი ნივთები, რაც მას დასჭირდებოდა არქიტექტორ-დიზაინერის სამუშაოს შესასრულებლად, მაგალითად, ფუნჯი, საღებავები, მოლბერტი და სხვა, ისევე როგორც მეცნიერის პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს სპეციალური ლიტერატურა მისი კვლევის სფეროში და არა სამუშაო კაბინეტი, სადაც ეს ლიტერატურაა განთავსებული, სტომატოლოგის პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთად _ საექიმო მოწყობილობა და არა კაბინეტი, სადაც ეს მოწყობილობა დგას და ა.შ. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნული ფართი მხარეებს თავიდანვე საცხოვრებელ ბინად ჰქონდათ მოწყობილი და კასატორს არასოდეს ჰქონია იქ სახელოსნო.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სადავო ფართი არ წარმოადგენდა ბინას და მეუღლეები იქ არ ყოფილან ჩაწერილები. აღნიშნული ასევე არ არის კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სადავო ფართი მოცემულ შემთხვევაში პრივატიზებულია როგორც საცხოვრებელი ფართი მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე და წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ქონება ვერ განიხილება კასატორის ინდივიდუალურ ნივთად, აღნიშნული ქონება მიჩნეულ უნდა იქნეს მეუღლეთა მიერ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებად და მასზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.
სკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მეუღლე ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. ამდენად, სადავო ქონებაზე, როგორც ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე, მოსარჩელე მიჩნეულ უნდა იქნეს თანამესაკუთრედ მოპასუხესთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვნელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის განჩინება.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.