დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.07.2005
საქმის ნომერი
ას-473-787-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-473-787-05 6 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ლ.გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: სადაზღვევო თანხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ჩ-მა სარჩელი აღძრა ყვარლის რაიონულ სასამართლოში სს «.. ..-ის» ყვარლის რ-ნის ფილიალის მიმართ, რომელშიც აღნიშნა, რომ 1989წ. 18 ივლისს ყვარლის რ-ნის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის აგენტის მეშვეობით, რომელიც ასრულებდა შუამავლის ფუნქციას მზღვეველსა და დამზღვევს შორის, გააფორმეს სიცოცხლის შერეული დაზღვევის ხელშეკრულება 5 წლის ვადით _ 1994წ. 30 ივნისამდე, დაზღვევის შესატანის _ 61 მანეთისა და 20 კაპიკის გადახდით თვეში, სულ 3672 მანეთისა და 20 კაპიკის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ყოველთვიურად იხდიდა გადასახადს. 1991 წელს კი გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი _ ორივე თვალიდან სინათლე დაკარგა და დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაადგილება. სადაზღვევო ვადის გასვლის შემდეგ ყვარლის რ-ნის სადაზღვევი ინსპექციის მიერ განისაზღვრა საზღაურის ოდენობა, რაც შეადგენს 3672 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მეუღლე პერიოდულად დადიოდა მოპასუხე ორგანიზაციაში და ითხოვდა ვალდებულების შესრულებას, მაგრამ სხვადასხვა მოტივებით მოპასუხე არ იხდიდა სადაზღვევო თანხას.

2003წ. 6 თებერვალს მოსარჩელის მეუღლემ წერილობით მიმართა სააქციო საზოგადოებას, რაზედაც მხოლოდ 2004წ. 4 იანვარს მიიღო პასუხი, რომ მოთხოვნას სადაზღვევო თანხის გაცემის შესახებ ვერ დააკმაყოფილებს კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მოსარჩელემ მოითხოვა გაშვებული ხანდაზმულობის ვადის საპატიოდ ჩათვლა და ხანდაზმულობის ვადის აღდგენა, ასევე, მოპასუხისათვის 3672 ლარისა და ადვოკატის მომსახურების _ 40 ლარის დაკისრება.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით თ. ჩ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-მა და მოითხოვა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინებით თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინებაში აღნიშნულია, რომ 1989წ. 18 ივლისს თ. ჩ-სა და .. ..-ის მთავარ სამმართველოს შორის, რომლის უფლებამონაცვლეა სს «.. ..", გაფორმდა სიცოცხლის შერეული დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა სადაზღვევო მოწმობა. მოწმობის მიხედვით, დამაზღვეველს _ თ. ჩ-ს უფლება აქვს, მიიღოს სადაზღვევო თანხა სამი ათასი მანეთის ოდენობით დაზღვევის ვადის დამთავრებისას, ე.ი. 1994წ. 30 ივნისის შემდგომ, თუ მის მიერ გადახდილი იქნება დაზღვევის ვადაში და სადაზღვევო თანხა. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით დამზღვევი ვალდებული იყო, დაზღვევის მთელი ვადის განმავლობაში, 1989წ. ივნისიდან ყოველთვიურად გადაეხადა დაზღვევის შესატანი 61 მანეთისა და 20 კაპიკის ოდენობით.

თ. ჩ-მაAსადაზღვევო თანხის მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 2004წ. 27 იანვარს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, თ. ჩ-მა გაუშვაAსადაზღვევო თანხის მოთხოვნის სამწლიანი ვადა.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თ. ჩ-ისათვის სადაზღვევო თანხის მიღების შესახებ ცნობილი იყო 1994წ. ივნისიდან. მან კი სასამართლოს სარჩელით მიმართა 2004წ. იანვარში, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჩ-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სს «.. .." 2004წ. 12 იანვრის წერილით აღიარებს ვალდებულებას, როცა იგი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ის მეუღლე ა. ა--ი სადაზღვევო თანხის მიღების უფლების წარმოშობის დღიდან ყვარლის ფილიალისაგან ითხოვდა ვალდებულების შესრულებას, მაგრამ, ვინაიდან მოპასუხე სთ-ობდა კუპონს, თითქოს იგი ამიტომ აცხდებდა უარს.

კასატორი, ასევე აღნიშნავს, რომ დადგენილია ფაქტი იმის შესახებ, რომ 1995წ. სექტემბრამდე (ლარის კურსის შემოღებამდე) ა. ა-ი ითხოვდა სადაზღვევო თანხას და მას არ გაუშვია მოთხოვნის ხანდაზმულობა.

კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა იმ დროს მოქმედი სკ-ის 83-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც აღიარებას ადასტურებს, როცა ერთი ან ორივე მოდავე მხარე მოქალაქეა.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონი არ არის დარღვეული; საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1989წ. 18 ივლისს თ. ჩ-სა და სახელმწიფო დაზღვევის მთავარ სამმართველოს შორის, რომლის უფლებამონაცვლეა სს «.. ..», გაფორმდა სიცოცხლის შერეული დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა სადაზღვევო მოწმობა. მოწმობის მიხედვით, დამაზღვეველს _ თ. ჩ-ს უფლება აქვს, მიიღოს სადაზღვევო თანხა სამი ათასი მანეთის ოდენობით დაზღვევის ვადის დამთავრებისას, ე.ი. 1994წ. 30 ივნისის შემდგომ, თუ მის მიერ შესრულებული იქნებოდა ნაკისრი ვალდებულება. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით დამზღვევი ვალდებული იყო, დაზღვევის მთელი ვადის განმავლობაში, 1989წ. ივნისიდან ყოველთვიურად, გადაეხადა დაზღვევის შესატანი 61 მანეთისა და 20 კაპიკის ოდენობით.

ამრიგად, კასატორს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1994წ. 30 ივნისის შემდეგ, ანუ მითითებული თარიღის შემდეგი დღიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა 1964წ. 26 დეკემბრის სკ-ის 75-ე და მე-80 მუხლების მოთხოვნები.

კერძოდ, სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განსაზღვრულია სამი წლით. ამავე კანონის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

მხარეთა შორის დადებული სიცოცხლის შერეული დაზღვევის ხელშეკრულებით თ. ჩ-ს მიეცა უფლება, მიეღო სადაზღვევო თანხა სამი ათასი მანეთის ოდენობით დაზღვევის ვადის დამთავრებისას, ე.ი. 1994წ. 30 ივნისის შემდეგ მის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სამი ათასი (3000) მანეთის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1994წ. 30 ივნისის შემდეგ ანუ მითითებული თარიღის მომდევნო დღეს. სახელმწიფო დაზღვევის მთავარი სამმართველო, რომლის უფლებამონაცვლეა სს «.. .. ", ვალდებული იყო, კასატორის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც მას წარმოეშვა, მითითებული თარიღის მომდევნო დღეს, გადაეხადა აღნიშნული თანხა.

იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ მითითებული ხელშეკრულებით შესრულების ვადა განსაზღვრული არ არის, კასატორის მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც ხანდაზმულია, კერძოდ, სკ-ის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როცა ვალდებულების ვადა არ არის წინასწარ აღნიშნული ან მოთხოვნის მომენტითაა განსაზღვრული, კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს შესრულება, როცა კი მოისურვებს, ხოლო მოვალეს მართებს, შეასრულოს ასეთი ვალდებულება შვიდი დღის ვადაში კრედიტორის მიერ მოთხოვნის წაყენების შემდეგ, თუ დაუყოვნებლივ შესრულების ვალდებულება არ გამომდინარეობს კანონის, ხელშეკრულების ან ვალდებულების არსიდან.

კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს საქმეში წარმოდგენილი სს «.. ..-ის» 2004წ. 12 იანვრის წერილზე და აღნიშნავს, რომ 1995წ. სექტემბრამდე ა. ა-ი ითხოვდა სადაზღვევო თანხას. ამდენად, დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებაში ვალდებულების შესრულების ვადის არარსებობის შემთხვევაშიც, სს «.. ..-ის» მიერ კრედიტორის მიერ მოთხოვნის წაყენების შვიდი დღის ვადაში, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორს სამი წლის განმავლობაში უნდა აღეძრა სარჩელი, რაც მას არ გაუკეთებია.

სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 83-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, როცა ერთი ან ორივე მოდავე მხარე მოქალაქეა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება, აგრეთვე, ვალდებული პირის ისეთი მოქმედების გამო, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს. მოვალეობის აღიარების ფაქტის დასადასტურებლად კასატორი უთითებს სს «.. ..-ის" 2004წ. 12 იანვრის წერილზე.

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, ვალდებული პირის მიერ მოვალეობის აღიარებაში იგულისხმება ვალდებული პირის ისეთი მოქმედებები, რითაც გამოხატულია მისი ნება ვალდებულების შესრულების შესახებ, კერძოდ, მოქმედებები, რომლებიც ადასტურებენ თანხის ნაწილის გადახდას ან ვალდებული პირის მოთხოვნას მომავალში თავისი ვალდებულებების შესრულების შესახებ, ან სხვადასხვა პირობებით ამ ვალდებულების შესრულების შესახებ შემოთ-ებას და ა.შ.

სს «.. ..-ის" 2004წ. 12 იანვრის წერილიდან ირკვევა, რომ სს «.. .." კი არ აღიარებს, არამედ უარს არ აკმაყოფილებს კასატორის განცხადებას თანხის მიღების შესახებ.

ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული წერილი არ შეიძლება მივიჩნიოთ ვალდებული პირის ისეთ მოქმედებად, რაც მოვალეობის აღიარებას ადასტურებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.