დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-501-828-05 ას-501-828-05 28 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი,მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში); თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ა-ის მიმართ, სადაც მიუთითა, რომ 1997წ. დეკემბერში იგი შეუთანხმდა მ. ა-ეს მანქანის ნასყიდობის თაობაზე. ავტომანქანა „ტოიოტას“ ღირებულებიდან მან წინასწარ გადაიხადა 1700 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 800 დოლარი უნდა გადაეხადა ორ თვეში მანქანით სარგებლობით მიღებული შემოსავლიდან. ნ. მ-ის განცხადებით, იგი არ იყო იაპონური მანქანის სპეციალისტი, ამიტომ დროულად ვერ შეამოწმა ავტომანქანის მდგომარეობა. როგორც მოსარჩელე უთითებს, ავტომანქანის წაყვანიდან მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ მანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო. მ. ა-ეს ავტომანქანის ნაწილები არ გამოუცვლია. ამის გამო ნ.მ-ემ ერთი თვის შემდეგ მანქანა გააჩერა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან კვლავ დააპირა მუშაობის დაწყება და მანქანა მიიტანა სარემონტოდ პროფილაქტიკაში. მ. ა-ემ კი მას მოხსნა მოტორი და შესთავაზა დარჩენილი გადასახდელი თანხის დაბრუნება, რის შემდეგაც იგი დაუბრუნებდა ამ ნაწილს.
როგორც მოსარჩელე მიუთითებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მას თ.ფ-ემ შესთავაზა მიექირავებინა ავტომობილი. მ. ა-თვის 100 აშშ დოლარის გადახდისა და მოტორის დაბრუნების შემდეგ ფ-ემ მუშაობა დაიწყო, მაგრამ ავტომობილი კვლავ გამოვიდა მწყობრიდან. თ.ფ-ე და მ.ა-ე შეთანხმდნენ, რომ ავტომობილს შეაკეთებდნენ. მათ წაიყვანეს მანქანა შესაკეთებლად და დაშალეს მოტორი. ამ დროს მათ მიაკითხათ მ.ა-ემ და ძალით წაიყვანა მანქანა, ხოლო შემდგომში უარი თქვა მის დაბრუნებაზე.
მოსარჩელემ მოითხოვა გადახდილი 1800 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.
აღნიშნული სარჩელი რამოდენიმეჯერ იქნა შეტანილი სასამართლოში და ყველა მათგანი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მ. ა-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ გაყიდული ავტომობილის თანხა ნ. მ-ეს დროზე არ დაუბრუნებია. მანქანას არავითარი ნაკლი ჰქონია. ნაკლის მქონე რომ ყოფილიყო, ნ.მ-ე არ გადაიხდიდა თავდაპირველ თანხასაც. მისი განმარტებით, ნ. მ-ე უდიერად ეპყრობოდა მანქანას, რითაც შემცირდა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება. მ-ის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობის შეუსრულებლობის შემდეგ მანქანა დაიბრუნა და ჩაუტარა რემონტი, რაც დაუჯდა 600 აშშ დოლარი. მ. ა-ე ითხოვს გადახდილი 1700 აშშ დოლარის ბედ მიჩნევას და მისთვის დატოვებას, ასევე, მანქანაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულების 800 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მ. ა-ეს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1700 აშშ დოლარი ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა. მ. ა-ეს უარი ეთქვა შეგებებილ სარჩელში ნ. მ-ეზე 700 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ მხარეთა ურთიერთობა შეაფასა როგორც ნასყიდობა განვადებით და ვინაიდან არ არსებობდა მტკიცებულება ავტომობილის მდგომარეობის თაობაზე გაყიდვის მომენტისათვის, ნ.მ-ის მიერ გადახდილი თანხა ასანაზღაურებლად მ.ა-ეს დაეკისრა. ასევე, რადგან არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ნ.მ-ის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენდა ბეს, უარი ეთქვა მოთხოვნას ნ.მ-ის მიერ გადახდილი თანხის ბედ მიჩნევის თაობაზე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ.მ-ის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება მანქანის მდგომარეობის თაობაზე, ასევე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ ჩათვალა ბე-დ ნ.მ-ის მიერ წინასწარ გადახდილი მანქანის ღირებულების ნაწილი. ასევე, გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული შეგებებული სარჩელის შესახებ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ გაყიდული ნივთი იყო ნაკლის მქონე, რის გამოც მ.ა-ე ვალდებულია, სკ-ის 491-ე მუხლის შესაბამისად, დააბრუნოს გადახდილი თანხა. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ 1700 აშშ დოლარი წარმოადგენდა ბეს, ვინაიდან საქმის მასალებით ასეთი ფაქტი არ დადასტურდა. სასამართლომ უარყო აპელანტის მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობასთან მიმართებაშიც.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 14 სექტემბრის განჩინებით მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
საქმის ხელახლა განხილვისას აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ 1700 აშშ დოლარი ნ.მ-ემ გადასცა ბეს სახით და თანახმად სკ-ის 423-ე მუხლისა, ეს თანხა მას უნდა დარჩეს, რადგანაც ნ.მ. ბეს თაობაზე შეთანხმების არსებობას, უარყოფს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ასეთ შეთანხმების არსებობას მხარემ ვერ წარმოადგინა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ასევე მოპასუხის მოსაზრება, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ აღძრული შეგებებული სარჩელის თაობაზე, რადგან ასეთი გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ გამომდინარეობს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის მე-4 მუხლი, სამართალწარმოება მიმდინარეობდა შეჯიბრებითობის გარეშე, არათანაბარი უფლებებით, არ დაიკითხა მოწმეები, დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას, რამაც განაპირობა ცალმხრივი ტენდენციური გადაწყვეტილების გამოტანა; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ეწინააღმდეგება სსკ-ის 379-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. კასატორის მოსაზრებით, მესხიძისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ იგი ყიდულობდა ძველ მანქანას, ამიტომ მანქანა ნაკლის მქონედ არ უნდა ჩაითვალოს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1997წ. დეკემბერში მ. ა-ესა და ნ. მ-ეს შორის დადებული ავტომანქანა „ტოიოტას“ ნასყიდობის ზეპირი ხელშეკრულების თანახმად, მ. ა-ემ იკისრა ვალდებულება, მიეყიდა თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „ტოიოტა“ ნ. მ-თვის, ხოლო ეს უკანასკნელი კისრულობდა ვალდებულებას, გადაეხადა მ. ა-ვის მათ შორის შეთანხმებული ავტომანქანის ღირებულების ფასი 2500 აშშ ოდენობით. ავტომანქანა „ტოიოტას“ ღირებულებიდან მან წინასწარ გადაიხადა 1700 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 800 დოლარი მას უნდა გადაეხადა ორ თვეში.
სკ-ის 506-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 507-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის
გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.
აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მ. ა-ემ გადასცა ნ. მ-ეს ავტომანქანა „ტოიოტა“. ამ შემთხვევაში მყიდველი, ე.ი. ნ. მ-ე, ვალდებული იყო, გადაეხადა ნივთის ფასი. ამავე მუხლის თანახმად, ნივთის გადაცემის მომენტიდან მ. ა-ეს წარმოეშვა ამ ნივთის ფასის გადახდის მოთხოვნა, კერძოდ, სკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულების შესრულების მოთხოვნა კრედიტორს არ აძლევს თვითნებობის უფლებას. მას არ შეუძლია, თვითნებურად წაართვას ნივთი მოვალეს. მოთხოვნის უფლება მოვალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მეშვეობით.
სააპელაციო საჩივარში მ.ა-ე ითხოვდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ნ.მ-ის სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება მანქანის მდგომარეობის თაობაზე, ასევე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ ჩათვალა ბედ ნ.მ-ის მიერ წინასწარ გადახდილი მანქანის ღირებულების ნაწილი. ასევე, გადაწყვეტილებაში არაფერია მითითებული შეგებებული სარჩელის შესახებაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მ. ა-ე შეგებებული სარჩელით ითხოვდა გადახდილი 1700 აშშ დოლარის ბედ მიჩნევას და მისთვის დატოვებას, ასევე, მანქანაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 800 აშშ დოლარის ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ, მ.ა-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1700 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო ბედ. სკ-ის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი. განსახილველი ნორმის თანახმად, ბე წარმოადგენს ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებულებას, რომელიც ამავდროულად უზრუნველყოფს ძირითადი ვალდებულების შესრულებას. ამდენად, ბე დამატებითი, აქცესორულ ხელშეკრულებაა, რომელიც არ არსებობს ძირითადი ვალდებულების გარეშე და არამარტო ადასტურებს მხარეთა შორის ძირითადი უფლება-ვალდებულებების არსებობის ფაქტს, არამედ უზრუნველყოფს ვალდებულებების შესრულებას.
საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ძირითადი, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად დადებული იყო აქცესორული, ე.ი. დამატებითი ხელშეკრულება ბეს შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ მ.ა-ის მოთხოვნა 800 აშშ დოლარის ნ.მ-ვის დაკისრების შესახებ, რადგან მ.ა-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მის მიერ ავტომანქანაზე გაწეული ხარჯების არსებობის ფაქტი სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაკითხა მის მიერ მოწვეული მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ, თუ რა ტექნიკურ მდგომარეობაში იყო სადავო ავტომანქანა გაყიდვის წინ და დაბრუნების შემდეგ, რითაც კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე და 223-ე მუხლის მე-2 ნაწილი. პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეტანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათ განხილვას ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარადგინა ეს მასალები პირველ ინსტანციის სასამართლოში. განსახილველი ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაუშვას და არ უნდა მიიღოს ისეთი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს შეეძლოთ წარედგინათ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარადგინეს. მ. ა-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, რომლითაც იგი ითხოვდა მისთვის გადახდილი 1700 აშშ დოლარის ბედ მიჩნევას და მისთვის დატოვებას, ასევე, მანქანაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 800 აშშ დოლარის ანაზღაურებას. იმ შემთხვევაში, თუ მას მიაჩნდა, რომ აღნიშნული 800 აშშ დოლარი წარმოადგენს იმ ზარალს, რაც გამოწვეულია ნ. მ-ის არამართლზომიერი ქმედებით და ამ ზარალის არსებობისას ფაქტს მისი მოსაზრებით დაადასტურებდნენ მოწმეები, მას შეეძლო პირველი ინსტანციაში საქმის განხილვის დროს აღეძრა ამ მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა, რაც მას არ გაუკეთებია. მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ იყო აღძრული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 დეკემბრის განჩინების გამოტანის დროს. მ. ა-ის მიერ მხოლოდ 2005წ. 2 თებერვლის სასამართლო სხდომაზე აღიძრა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალური ნორმების დარღვევის ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება პროცესუალური დარღვევები, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება. მხოლოდ ამ პროცესუალურ დარღვევების დასადასტურებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოში.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა, კერძოდ, მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს საკასაციო სასამართლოში არ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ სააპელაციო სასამართლოს მიერ პროცესუალური ნორმების დარღვევას, კერძოდ, საკასაციო საჩივრით არ დასტურდება, რომ მოწმეთა დაკითხვის აუცილებლობა წარმოიშვა პირველი ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. აღნიშნული შუამდგომლობა აღძრული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ არასწორად არ ჩათვალა ისინი საქმისათვის მნიშვნელოვნად ან არ მიიღო ისინი. ამრიგად, კასატორი არ უთითებს და არ ადასტურებს იმას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ მომხდარა უხეში გაუფრთხილებლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის არ აღძვრაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იყო დარღვეული სსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
არ შეიძლება გაზიარებულ იქნას კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 379-ე მუხლი, კერძოდ, კასატორს მიაჩნია, რომ ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს უნდა მიეღო მის მიერ სასამართლოში წარდგენილი დამატებითი შეგებებული სასარჩელო განცხადება, კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე. განსახილველ ნორმის მიხედვით, შეგებებული სააპელაციო საჩივარში იგულისხმება ძირითადი სააპელაციო საჩივრის გამო და მის წინააღმდეგ მიმართული საჩივარი, რომლის მიზანია ამ ძირითადი სააპელაციო საჩივრის გაქარწყლება და გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა მ. ა-ეს და მის მიერ შეტანილი დამატებითი შეგებებული სასარჩელო განცხადება არ არის შეგებებული სააპელაციო საჩვარი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დარღვეული სსკ-ის 379-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიღო დამატებითი შეგებებული სარჩელი, რადგან აპელანტმა მ. ა-მ შეცვალა დავის საგანი და საფუძველი. სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, ის თუ რა მოქმედების შესრულებას მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან, ხოლო სარჩელის საფუძველს წარმოადგენს იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას.
დამატებითი შეგებებული სარჩელით მ. ა-ემ დააყენა მოთხოვნები, სხვა საფუძვლით, კერძოდ, ნ. მ-ს მიერ ძრავის ბლოკის წაღებით, ნ. მ-ის მიერ მ. ა-ის ტექპასპორტისა და მინდობილობის დაგირავებით და მის მიერ გადახდილი თანხით გამოწვეული ზიანის შესახებ. ასევე მან მოითხოვა მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის ანაზღაურება, რასაც გააჩნია სხვა საფუძვლები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია სსკ-ის 381-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე, ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. იგივე წესი გამოიყენება შეგებებული სარჩელის აღძვრისა და ხარჯების განსაზღვრისას. იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნებოდა ზემოაღნიშნული პროცესუალური ნორმები, მათ საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა მხოლოდ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საბუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.