დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-541-818-04 27 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: უპირატესი შესყიდვის უფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ-ის საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ........ ქ. ¹51-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 5\42. ნ. მ-ის გარდაიცვალა 1975 წელს, მაგრამ მისი სამკვიდრო ქონება მემკვიდრეზე არ გადასულა. გ. თ-ემ 2000წ. 17 ივლისს განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ მან აწ გარდაცვლილი ნ. მ-ისაგან შეიძინა საკუთრების უფლებით ქ. ბათუმში, ........ ¹51-ში მდებარე სახლთმფლობელობის 5\42.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით მ. თ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტად დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. ბათუმში, ......... ¹51-ში მდებარე სახლთმფლობელობის 5\42, რომელიც შეადგენს ორ საცხოვრებელ ოთახს და დერეფანს, ნ. მ-ისაგან შესყიდული აქვს მ. თ-ეს და მის საკუთრებას წარმოადგენს.
საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს დაინტერესებულმა პირებმა: თ. ს-მა და ზ. მ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 20 სექტემბრის განჩინებით თ. ს-ისა და ზ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თ. ს-მა და ზ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების: მ. თ-ის და ქ. ბათუმის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ და მოითხოვეს ნ. მ-ის სახელზე რიცხული ბინის ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა და ცვლილებების შეტანა ტექბიუროს მონაცემებში.
სადავო ბინის თაობაზე სასამართლოს განცხადებით ასევე მიმართა ა. ჩ-ამ, რომელმაც მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა იმის შესახებ, რომ სადავო ბინა ნ. მ-ისაგან შეიძინა თ. ჩ-ამ 1977 წელს, მან, როგორც ამ უკანასკნელის მემკვიდრემ, მოითხოვა ამ ბინის მესაკუთრედ ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. თ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ზ. მ-ისა და თ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ა. ჩ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდა; სადავო ფართზე ცნობილი იქნა მისი საკუთრების უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს გ. თ-ემ, ზ. მ-მა და თ. ს-მა, მათ მოითხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სადავო ბინაში თ. ჩ-ა ცხოვრობდა სარგებლობის უფლებით, რაც შეწყდა მემკვიდრეობით და მის მემკვიდრეს ეს უფლება არ უნდა გადასცემოდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, დაკმაყოფილდა გ. თ-ის, თ. ს-ის და ზ. მ-ის სააპელაციო საჩივრები. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება სადავო ბინის ¹11 და ¹12 ოთახებზე ა. ჩ-ას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ზ. მ-მა და თ. ს-მა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. მ-ის და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოცემული საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ საქმეში მესამე პირად ჩართო ქ. ბათუმის მერია იმ მოტივით, რომ ნ. მ-ს გარდაცვალების შემდეგ არ დარჩენია მემკვიდრე და ამის გამო, შეიძლება დამდგარიყო სადავო ფართის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის საკითხი. საქმის განხილვისას ა. ჩ-ას წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ თუ სასამართლო სადავო ფართზე არ ცნობდა მის საკუთრების უფლებას, მაშინ ითხოვა სადავო ფართის უპირატესი შესყიდვის უფლების ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ჩ-ას მოთხოვნა საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების დადგენის თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
საცხოვრებელი ფართი, მდებარე ქ. ბათუმში, ......... ¹51-ში ლიტ „ა-ს“ მე-2 სართულზე, ოთახები ¹11 და ¹12, ჩაირიცხა ქ. ბათუმის მერიის კომუნალურ ფონდში, როგორც უმკვიდრო ქონება. ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნული ფართის გასხვისებისას უნდა გაითვალისწინოს განმცხადებელ ა. ჩ-ას უპირატესი უფლება მის შესყიდვაზე.
ქ. ბათუმის ვიცე-მერმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. ბათუმის მერიამ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული ფართის გასხვისებისას ა. ჩ-ას უპირატესი შესყიდვის უფლება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა ა. ჩ-თვის სადავო ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ........ ¹51 ლიტ „ა-ს“ II სართულზე ოთახები ¹11 და ¹12, უპირატესი შესყიდვის უფლების მინიჭების ნაწილში.
ა. ჩ-ას სადავო ბინის უპირატესი შესყიდვის უფლების შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმში, ........ ¹51-ში მდებარე ლიტ „ა-ს“ II სართულზე, ¹11 და ¹12 ოთახები საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. მ-ის სახელზე, რომელიც 1946 წლიდან დამქირავებლის უფლებით ეკავა თ. ჩ-ას. 1975 წელს გარდაიცვალა ნ. მ-ი, ხოლო 1977 წელს _ თ. ჩ-ა, რომლის გარდაცვალების შემდეგ სადავო ფართში ცხოვრობდნენ ზ. ჩ-ა და მისი ვაჟი ა. ჩ-ა. ეს უკანასკნელი 1999 წლიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს ქ. ბათუმში,M........ ¹1. ბ 30-ში, ხოლო ბ. ჩ-ა 1977 წლიდან რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, ....... ქ. ¹19 ბ.30-ში.
ა. ჩ-ას წარმომადგენელმა სასამართლოს ვერ წარუდგინა იმის მტკიცებულება, რომ სადავო ფართში ა. ჩ-ა ცხოვრობდა დამქირავებლის უფლებით და სარგებლობდა ამ ფართით. ამიტომ სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ა. ჩ-ას არ შეიძლება ჰქონდეს სადავო ფართის უპირატესი შესყიდვის უფლება, სკ-ის 209-ე მუხლის შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილია ა. ჩ-ას მიერ შესრულებული ხელწერილი გ. თ-ისათვის, რომელშიც მიუთითებს, რომ მას ამ ბინაზე პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული კი წარმოადგენს სკ-ის 156-ე მუხლის შესაბამისად მფლობელობის შეწყვეტის საფუძველს.
ა. ჩ-ამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი უპირატესი შესყიდვის უფლების ცნობა სადავო ბინის ხაზინის მიერ გაყიდვის შემთხვევაში.
მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა ცნობილი რომ ნ. მ-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. ბათუმში, ...... ქ. ¹51 ლიტ. „ა-ს“ ოთახები ¹11 და ¹12 დამხმარე სათავსებით, 1946 წლიდან დამქირავებლის უფლებით სარგებლობდა თ. ჩ-ა. თ. ჩ-ასთან ერთად ბინაში ცხოვრობდა კასატორის მამა ზ. ჩ-ა, ა. ჩ-ა ცხოვრობდა ამ ბინაში 1967 წლიდან. საცხოვრებელი ბინის ძირითადი დამქირავებელი იყო თ. ჩ-ა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა და ბავშვობიდან აყვანილი ჰყავდა თავისი ძმისშვილი, ანუ კასატორის მამა ზ. ჩ-ა.
1967 წლიდან 1999 წლამდე ამ საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა კასატორი. 1999 წლიდან იგი ამოეწერა ამ ბინიდან იმის გამო, რომ მან ამ ბინაზე სარგებლობის უფლება დაუთმო გ. თ-ეს, რომელმაც სანაცვლოდ გადაუხადა 1300 აშშ დოლარი, მაგრამ ეს გარიგება ოფიციალურად ვერ გააფორმეს და კასატორი კვლავ დაბრუნდა საცხოვრებლად ამავე ბინაში, მხოლოდ დარჩა რეგისტრაციიდან მოხსნილი. მფლობელობას ამ ბინაზე დღემდე ახორციელებს იგი. სახლის მესაკუთრე ნ. მ-ი ისე გარდაიცვალა, რომ მათ მიმართ არანაირი პრეტენზია საცხოვრებელი სახლის სარგებლობასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სადავო ფართობის მფლობელობასთან დაკავშირებით. საქმეში მოიპოვება საბინაო წიგნის ასლი, საიდანაც ჩანს, რომ იგი 1967 წლიდან 1999 წლამდე რეგისტრირებული იყო სადავო ფართში. საქმეში მოიპოვება, აგრეთვე, საგადასახადო ქვითრები, რომ ყველა სახის გადასახადებს კასატორი იხდიდა. სკ-ის 169-ე მუხლის თანახმად, მას აქვს ამ ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება. ასევე, 157-ე მუხლის თანახმად, მფლობელობის უფლება გადადის მემკვიდრეებზე იმავე სახით, რა სახითაც იგი არსებობდა მამკვიდრებელთან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, ა. ჩ-ას საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
ქ. ბათუმში, ........ ¹51-ში მდებარე ლიტ „ა-ს“ II სართულზე, ¹11 და ¹12 ოთახები საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ნ. მ-ის სახელზე, რომელიც 1946 წლიდან დამქირავებლის უფლებით ეკავა თ. ჩ-ას. 1975 წელს გარდაიცვალა ნ. მ-ი, ხოლო 1977 წელს თ. ჩ-ა, რომლის გარდაცვალების შემდეგ სადავო ფართში ცხოვრობდნენ ზ. ჩ-ა და მისი ვაჟი ა. ჩ-ა. ა. ჩ-ა 1999 წლიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს სხვა მისამართზე, ქ. ბათუმში,M....... ¹1. ბ. 30-ში; ხოლო ზ. ჩ-ა 1977 წლიდან რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, ....... ¹19 ბ.30.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ა. ჩ-ას საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს სადავო ფართობის მფლობელობასთან დაკავშირებით. საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ კასატორი 1967 წლიდან 1999 წლამდე რეგისტრირებული იყო სადავო ფართში. საქმეში წარმოდგენილია ა. ჩ-ას მიერ შესრულებული ხელწერილი გ. თ-ისათვის, რომელშიც მიუთითებს, რომ მას ამ ბინაზე პრეტენზია არ გააჩნია. აღნიშნული კი სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, სკ-ის 156-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბინაზე ა. ჩ-ას მფლობელობის შეწყვეტის საფუძვლად.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ჩ-ას ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია ა. ჩ-ას საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ სკ-ის 169-ე მუხლის საფუძველზე მას აქვს სადავო ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა ნივთს, აქვს ამ ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ა. ჩ-ას კი, საქმის მასალების თანახმად, სადავო ბინაზე მფლობელობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მიცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ა. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.