დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 03.11.2005
საქმის ნომერი
ას-541-860-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-541-860-05 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საკუთრებიდან წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ხ-მა 2004წ. მაისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნად., ნ., ვ., ნა. და ო. გ-ების მიმართ, მოითხოვა ქ. თბილისში, ..., მე-10 კვარტალი, „ე“ კორპუსში მდებარე 37-ე ბინიდან წილის გამოყოფა თავის ორ შვილთან ერთად. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1988 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ. გ-თან. მათ შეეძინათ ორი შვილი: ლ. გ-ი, დაბადებული 19......წ. ...... აგვისტოს და ნ. გ-ი, დაბადებული 19...... წ. ...... თებერვალს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქორწინების დღიდან ჩაწერილია და ცხოვრობს მეუღლის მშობლების ბინაში, რომელიც მდებარეობს ზემოაღნიშნულ მისამართზე. ამ ბინის პრივატიზაცია ოჯახის წევრთა თანხმობით მოხდა ნ. გ-ზე, რომელიც აღირიცხა ბინის მესაკუთრედ. მოსარჩელისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ნ. გ-ს 1995 წელს ეს ბინა უჩუქებია თავის დედისთვის _ ნად. გ-ისათვის.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ. ხ-ს, ნ. გ-ის სახელზე პრივატიზებულ, საერთო თანაზიარი საკუთრების უძრავი ნივთიდან, ბინიდან, მდებარე, ქ. თბილისი, ...... 10-ე კვარტალი “ე” კორპუსის ¹37-ში გამოეყო საკუთრებაში იდელაური 2/7. შეტანილ იქნა ამ გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები, დასახელებულ ბინასთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურში არსებულ მონაცემებში იდეალური 2/7 აღრიცხული იქნა შ. ხ-ის საკუთრებაში და რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნად., ნ., ვ., ნა. და ო. გ-ებმა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა შ. ხ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ-ების სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა შ. ხ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა შ. ხ-ის სარჩელი. შეტანილ იქნა ცვლილება 1995წ. 20 აპრილის ჩუქების ხელშეკრულებაში და ამორიცხულ იქნა ბინის, მდებარე თბილისში, ..., ბინა 37-ში 2\7 და აღირიცხა შ. ხ-ის სახელზე. შეტანილ იქნა სათანადო ცვლილებები ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსა და საჯარო რეესტრის მონაცემებში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მიიჩნია, რომ 1995წ. 20 აპრილის ნაჩუქრობის ხელშეკრულებას არ მოჰყოლია სამართლებრივი შედეგი. წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან და ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის ბიუროს მონაცემებიდან ირკვევა სადავო ბინა აღრიცხულია ნად. გ-ის სახელზე და ამ აღრიცხვის საფუძველია სადავო ნაჩუქრობის ხელშეკრულება, ამიტომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და გაუქმდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა დადგენილი და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა ბინის პრივატიზაციისას შ. ხ-ის მონაწილეობის ფაქტს. 1992წ. 10 ივლისს პრივატიზაციის ხელშეკრულებით შ. ხ-მა და მისმა შვილებმა მოიპოვეს საკუთრების უფლება სადავო ბინაზე და გახდნენ საზიარო უფლების მონაწილენი. 1995წ. 20 აპრილს ნაჩუქრობის ხელშეკრულებით ერთ-ერთ თანამესაკუთრეს უფლება არ ჰქონდა გაესხვისებინა სხვისი წილი.

ნად., ვ., ნ., ნა. და ო. გ-ებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მათი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა, კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება.

სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ შ. ხ-მა ბინის პრივატიზაციის თანხმობის მიცემით შეინარჩუნა ბინის შემძენთან პარალელურად, თანასაკუთრების უფლებამოსილება. შ. ხ-მა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას არ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით, რადგან იცოდა, რომ მისი თანხმობით ნ. გ-ი საკუთრების უფლებას იძენდა მთლიან ბინაზე. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ შ. ხ-ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებაში, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1992წ. 29 აპრილის დადგენილებაში (გარდა უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996წ. 2 აპრილის ¹1 დადგენილებისა) არც პირდაპირ და არც შინაარსობრივი განმარტებით არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ ოჯახის წევრი, რომელმაც ნოტარიული წესით დაამოწმა საკუთარი თანხმობა პრივატიზაციის ხელშეკრულების იმ სახით გაფორმებაზე, რა სახითაც იგი გაფორმებულ იქნა მხარეებს შორის, ინარჩუნებს მთლიან ბინაზე ან ბინის ნაწილზე საკუთრების უფლებას.

კასატორებს უკანონოდ მიაჩნიათ ასევე, მოსარჩელისათვის სადავო ბინიდან საკუთრების უფლებით 2\7 გამოყოფა. კასატორების წარმომადგენელმა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლითაც, რომ მოცემული საქმის განხილვისას ნ. გ-ი არ მონაწილეობდა პროცესზე, მისთვის სასამართლო სხდომის დრო არ იყო ცნობილი საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნად., ნ., ნა., ვ. და ო. გ-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ხ-ი 1988 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ. გ-თან, რა დროსაც შეეძინათ ორი შვილი. ქორწინების დღიდან იგი ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა მეუღლის მშობლების ბინაში. სადავო ბინის პრივატიზაცია მოხდა ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით და ბინა აღირიცხა მოსარჩელის მულის _ ნ. გ-ის სახელზე 1992წ. 10 ივლისს, რომელმაც 1995წ. 20 აპრილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გადაუფორმა დედას – ნად. გ-ს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან შ. ხ-მა სადავო ბინის პრივატიზაციისას თანხმობა განაცხადა, რომ ბინა ნ. გ-ის საკუთრებაში აღრიცხულიყო, ამით მან დაკარგა ამ ბინაზე საკუთრების უფლება. მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მეხუთე ნაწილის თანახმად საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი ბინის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წერები არიან. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად ჩათვალა შემდეგი: შ. გ-ს და მის შვილს ლაშა გ-ს სადავო ბინის პრივატიზაციის მომენტიდან წარმოეშვათ ამ ბინაზე საკუთრების უფლების მოთხოვნის უფლება და სწორედ ამ უფლების განხორციელება მოითხოვა მოსარჩელემ 2004წ. მაისში აღძრული სარჩელით.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის განხილვისას ნა. გ-ი არ მონაწილეობდა პროცესზე, მისთვის სასამართლო სხდომის დრო არ იყო ცნობილი საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 16 თებერვლის სხდომის შესახებ სასამართლო უწყება ნად., ნ., ვ., ნა. და ო. გ-ების სახელზე ჩაიბარა მათი ოჯახის წევრმა გადასაცემად; მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნა სსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოცხადდა ნად., ნ., ვ. და ო. გ-ების წარმომადგენელი ნ.ცხვარიაშვილი, რომელსაც არ განუცხადებია იმის შესახებ, რომ სასამართლო უწყება მათ მარწმუნებლებს არ ჩაბარებიათ. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლო სხდომის დროისათვის იგი არ იმყოფებოდა საქართველოში. საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ნა. გ-მა სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი წინადადების საფუძველზე აცნობა სასამართლოს თავისი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის) შეცვლის შესახებ.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს ნად., ნ., ვ., ნა. და ო. გ-ების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნად., ნ., ვ., ნა. და ო. გ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.