გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-608-882-05 18 მაისი,2006წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია
დავის საგანი: ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 18 თებერვალს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ განიხილა ვ. ი-ძის სარჩელი მოპასუხეების: ზ. და მ. კ-შვილების მიმართ. მოსარჩელე ითხოვდა ჯანმრთელობის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 20 000 ლარს ერთდროულად და 100 ლარს ყოველთვიურად. სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები. კ-შვილების ადვოკატმა _ დ. ს-ძემ პროცესის დაწყებამდე წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება იმ მოტივით, რომ იგი 2005წ. 18 თებერვალს მონაწილეობას იღებდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის პროცესში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის ადვოკატის ზემოაღნიშნული განცხადება არ მიიჩნია საპატიოდ, ვინაიდან განცხადებას არ ერთვოდა განმცხადებლის გამოუცხადებლობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამიტომ კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელე ი-ძის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და 2005წ. 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ. ი-ძის სარჩელი დააკმაყოფილა. მ. კ-შვილს დააკისრა ერთდროულად 20 000 ლარისა და ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა.
მ. და ზ. კ-შვილების წარმომადგენელმა დ. ს-ძემ დადგენილ ვადაში აღძრა საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივარი კოლეგიის მიერ დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი დ. ს-ძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა 2005წ. 17 თებერვალს და არა 18 თებერვალს, ამიტომ სასამართლომ მხარის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია და 2005წ. 30 მარტის განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორმა აღნიშნა, რომ ი-ძეს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და სასამართლოს არ უნდა დაეკმაყოფილებინა მისი სარჩელი, ასევე‚ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში მ. კ-შვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაუთვალისწინებია, რომ ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს, აგრეთვე, უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ადვოკატი დ.ს-ძე 2005წ. 17 თებერვალს მონაწილეობას იღებდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდა 19 საათამდე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის სხდომის ოქმიდან კი ნათლად ჩანს, რომ საქმის განხილვა გადაიდო 2005წ. 18 თებერვალს, 12 საათისთვის.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის წარმომადგენელ დ. ს-ძეს არ ჰქონდა გონივრული ვადა იმისათვის, რომ ჩასულიყო თბილისიდან ქუთაისში და გამოცხადებულიყო პროცესზე, ამიტომ აღნიშნული გარემოება უნდა ჩაითვალოს იმ «სხვა მოვლენად», რასაც მხარის გამოცხადებისათვის ხელის შეშლა შეეძლო და რომელიც, სსკ-ის 233-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, გამოუცხადებლობის საპატაიო მიზეზად მიიჩნევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეილახა მხარის სასამართლო მოსმენის უფლება, ვინაიდან სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ისეთ პირობებში, როდესაც მისთვის ცნობილი იყო მხარის გამოცხადებისათვის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 241-ე, 233-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 18 თებერვლის განჩინება და 2005წ. 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება