დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-623-892-05 8 ივლისი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 23 აპრილს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. კ-ამ მოპასუხეების _ მ. გ-ისა და ნ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება თბილისში, ...... ქ. ¹17-ში მდებარე თავისი კუთვნილი ¹6, ¹7, ¹8 საცხოვრებელი ოთახებიდან, ასევე, მოპასუხეთათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: არის თბილისში, ........ ქ. ¹17-ში მდებარე ¹6, ¹7, ¹8 საცხოვრებელი ოთახების მესაკუთრე, სახლის დანარჩენი ნაწილი ეკუთვნის მოქალაქე ვ. ბ-ეს. მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო ცხოვრობს შვილთან სხვა მისამართზე. მისი უმწეო მდგომარეობით ისარგებლა ვ. ბ-ის ნათესავმა ვინმე გ. დ-მა, რომელიც ცხოვრობდა მის მეზობლად მომიჯნავე ოთახში და წააქეზა თავისი ახლობლები _ მ. გ-ე და ნ. მ-ე, რომ საცხოვრებლად შესულიყვნენ მოსარჩელის ბინაში. მართლაც, მოპასუხეები 2000წ. ნოემბერში შეიჭრნენ მის ბინაში _ ლიტ “ა-ს” ¹6, ¹7, ¹8 საცხოვრებელ ოთახებში და აღარ ათავისუფლებენ, მიუხედავად მისი არაეთგზისი თხოვნისა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად ჰქონდა საკუთრების ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ვ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. გ-ე და ნ. მ-ე გამოსახლდნენ თბილისში, ....... ქ.¹17-ში მდებარე ¹6, ¹7, ¹8 საცხოვრებელი ოთახებიდან, მათვე დაეკისრათ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის _ 137,95 ლარის გადახდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, თბილისში, ....... ქ.¹17-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4, კერძოდ, ¹6, ¹7, ¹8 ოთახები ირიცხებოდა მოსარჩელე ვ. კ-ას სახელზე და წარმოადგენდა მის საკუთრებას. მოპასუხეთა განმარტებით დადგენილი იყო, რომ მათ სადავო ფართი დაიკავეს არა ვ. კ-ას თანხმობით, არამედ ბინის დანარჩენი ნაწილის მესაკუთრის _ ვ. ბ-ის თანხმობით. აქედან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ნ. მ-ემ და მ. გ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აპელანტები უთითებდნენ, რომ იყვნენ ლტოლვილები აფხაზეთიდან. მათი ოჯახი, ისევე, როგორც ლტოლვილთა უმრავლესობა, არაადამიანურ პირობებში მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა წლების განმავლობაში. უკვე მეოთხე წელი იყო, ამაოდ ითხოვდა სახელმწიფო ორგანოებისაგან ოჯახისათვის თავშესაფარს. ჰყავდა ორი მცირეწლოვანი შვილი. გასული წლის ნოემბერში ვ. ბ-ემ, რომელიც მათი ოჯახის ახლობელი იყო, მათი გასაჭირი გულთან მიიტანა და დროებით საცხოვრებლად დაუთმო ვაჟიშვილის _ ვ. ბ-ის კუთვნილი სახლი, რომელიც ამაჟამად სხვაგან ცხოვრობდა. აღნიშნული სახლი 1943 წელს შეძენილი ჰქონდა ვ. ბ-ის ბებიას _ ლ. კ-ას, რომელმაც შემდეგ სახლი ანდერძით შვილიშვილს დაუტოვა. მოსარჩელე ვ. კ-ა იყო მათი ნათესავი, რომელსაც სახლის გარკვეული ნაწილი უკანონოდ ჰქონდა მითვისებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები მ. მ-ე და მ. გ-ე გამოსახლდნენ ვ. კ-ას სარგებლობაში არსებული, თბილისში, ...... ქ. ¹17-ში მდებარე ¹6, ¹7, ¹8 ოთახებიდან. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ვ. კ-ა საჯარო რეესტრში ირიცხებოდა თბილისში, ...... ქ. ¹17-ში მდებარე ¹6, ¹7, ¹8 ოთახების მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, ვ. კ-ას მესაკუთრედ, ცნობის თაობაზე ბათილად იქნა ცნობილი, რის გამოც რაიონულ სასამართლოს არ ჰქონდა ვ. კ-ას, როგორც მესაკუთრის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1994წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ას მამკვიდრებელი ბუნიატოვი ცნობილ იქნა სადავო ფართის მოსარგებლედ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ვ. კ-ა წარმოადგენდა სადავო ფართის მოსარგებლეს, რაც მემკვიდრეობის წესით გადმოვიდა მასზე იმ სახით, რა სახითაც არსებობდა მამკვიდრებელთან, სკ-ის 157-ე მუხლის თანახმად. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტები ცხოვრობდნენ და სარგებლობდნენ სწორედ აღნიშნული ფართით, რასაც თავადვე ადასტურებდნენ. ამასთან, აპელანტებს არ გააჩნდათ ამ ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ვ. კ-ა, მესაკუთრის მსგავსად, სკ-ის 160-161-ე მუხლების თანახმად, უფლებამოსილი იყო, გამოეთხოვა ნივთი და მოეთხოვა ხელშეშლის აღკვეთა ახალი მფლობელისაგან, რომელსაც არ ჰქონდა მფლობელობის უკეთესი უფლება.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ე-გ-ემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. კასატორი უთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად ჰქონდა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, არასწორად ჰქონდა განმარტებული სამართლის ნორმები. კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ იმაზე მითითება, რომ მას არ გააჩნდა სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. მას სახლის მესაკუთრე ვ. ბ-ისაგან ჰქონდა სახლის ფლობისა და განკარგვის წერილობითი თანხმობა, ბ-ეს კი, როგორც სახლის კანონიერ მესაკუთრეს, სკ-ის 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა საკუთარი ქონება, რაც არ გაიზიარა სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილების გამოტანით ვ. კ-ა უპირობოდ ცნო მისი შვილის _ ე. ბუნიატობის მემკვიდრედ და მის სარგებლობაში მყოფი ფართის მოსარგებლედ, თუმცა ვ. კ-ას არ მიუმართავს სასამართლოსათვის, ეცნოთ შვილის მემკვიდრედ და მოსარგებლედ. ასევე, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მემკვიდრედ ცნობის დადგენილი ვადების შესახებ, არც იმის თაობაზე, იყო თუ არა ვ. კ-ა შვილის ერთადერთი მემკვიდრე. სააპელაციო სასამართლო არ დაინტერესებულა, მისი გამოსახლებით ილახებოდა თუ არა ვ. ბ-ის, როგორც მესაკუთრის ინტერესები, რადგან თუ ვ. კ-ას მიეცემოდა იმ ფართის ფლობის უფლება, რაც მის შვილს ჰქონდა, ვ. ბ-ეს წაერთმეოდა თავისი საკუთრების განკარგვის უფლება, რაც უხეშად ლახავდა მესაკუთრის უფლებებს.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა მხარი დაუჭირა თავის მოთხოვნას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი არ ცნო და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორს არ გააჩნია სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილია, რომ კასატორი თბილისში, ........ ქ. ¹17-ში მდებარე ¹6, ¹7, ¹8 საცხოვრებელ ოთახებს დაეუფლა 2000 წელში ვ. ბ-ის თანხმობით, რომელიც არ არის აღნიშნული ფართის მესაკუთრე, რაც ცნობილია კასატორისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორი არაკეთილსინდისიერი მფლობელია. ასევე დადგენილია, რომ ვ. კ-ას ოჯახი ათეული წლების განმავლობაში უწყვეტად ფლობს აღნიშნულ ფართს. დადგენილია, რომ ქ. თბილისის ნაძალდევის რაიონის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1994წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით, ვ. კ-ას მამკვიდრებელი _ მისი შვილი ე. ბ-ი ცნობილ იქნა თბილისში, ...... ქ. ¹17-ში მდებარე ¹6, ¹7, ¹8 საცხოვრებელი ოთახების მოსარგებლედ. ამდენად, მოსარჩელე, ვ. კ-ა წარმოადგენს, სკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერ მფლობელს და შესაბამისად, სარგებლობს მფლობელობის ხელყოფისაგან დაცვის უფლებით. სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია მოსთხოვოს ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება. ეს წესი არ გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. კასატორი კი არ წარმოადგენს მფლობელობის უკეთესი უფლების მქონე პირს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა სწორად დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ.
მართალია, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული მოპასუხედ ნ. მ-ის, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან განეკუთვნება მექანიკური ხასიათის შეცდომას, რომელიც, სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად, არის გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის და არა _ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.