გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-640-926-04 27 იანვარი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქ. გაბელაია,მ. ცისკაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 16 აგვისტოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველომ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების დ. ჭ.-სა და მ. გ.-ის მიმართ და აღნიშნა, რომ სოფ. ...-ის კულტურის სახლი იმყოფება სოფ. ...-ის გამგეობას ბალანსზე და წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას. სადავო შენობაში შეიჭრნენ დ. ჭ.-ი და მისი მეუღლე მ. გ.-ი, რომლებიც უარს აცხადებენ მის განთავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ აშენებულია მათი მამა-პაპის ნასახლარზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება მათ მიერ უკანონოდ დაკავებული სახელმწიფო ქონებიდან.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს სარჩელი და მოპასუხეები _ დ. ჭ.-ი და მ. გ.-ი გამოსახლებულ იქნენ სოფ. ...-ის კულტურის სახლის შენობიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ჭ.-მა და მ. გ.-მა.
სააპელაციო პალატამ საქმის განხილვა დანიშნა 2003წ. 26 დეკემბერს, მოსარჩელის გამოუცხადებლბის გამო იმავე დღეს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ.-ის და დ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა და გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ შეიტანა საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2004წ. 24 მარტის დანიშნულ სხდომაზე საჩივრის ავტორი კვლავ არ გამოცხადდა მიუხედავად უწყების კანონით დადგენილი წესის ჩაბარებისა, რაც სსკ-ის 242-ე მუხლის თანახმად მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველომ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. კასატორის განმარტებით, მართალია, მას ჩაბარდა უწყება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადება გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წერილით სასამართლო გაფრთხილებული იყო რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურისა და უფლებამოსილების შესახებ” კანონის მიღებასთან დაკავშირებით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაციის პროცესის გამო სამინისტროს ფორმირებამდე 2004წ. 23 მარტიდან 2004წ. 1 მაისამდე შეეჩერებინათ სასამართლო პროცესში მონაწილეობა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ.-ის და დ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 24 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს საჩივარი და უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 26 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ვერ გამოცხადნენ პროცესზე, ვინაიდან ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებით მინისტრის წერილით გაფრთხილებულნი იყვნენ სასამართლო პროცესების შეჩერების თაობაზე.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2004წ. 9 თებერვლის წერილით მინისტრი აცნობებდა, როგორც სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულებს, ისე სასამართლოებს რომ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიკვიდაციის პროცესი, ამასთან ითხოვდა მათ ეკონომიკის სამინისტროს ფორმირებამდე 2004წ. 23 მარტიდან 2004წ. 1 მაისამდე შეეჩერებინათ სასამართლო პროცესები, რომლებშიც მონაწილეობდნენ ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და მისი ტერიტორიული ორგანოები;
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის;
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე, რომელზეც იხილებოდა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და პალატამ ხელახლა განიხილოს საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცფესო კოდექსის 412-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გურჯაანის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.