დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 22.12.2005
საქმის ნომერი
ას-650-943-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-650-943-05 22 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამარტლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 21 ივლისს პ. მ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. მ.-ის მიმართ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ბინიდან გამოსახლების თაობაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან თბილისში, ... შეიძინა აუქციონზე.

პ.მ.-ის განმარტებით, აღნიშნულ ბინაში ქირავნობის უფლებით ცხოვრობს მისი ყოფილი მესაკუთრე თ. მ.-ე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ცხოვრობს მშობლებთან ერთად, დაქორწინდა და ესაჭიროება ბინა, რის გამოც მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხისა და მასთან მცხოვრები პირების სადავო ბინიდან გამოსახლება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. მ.-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისში, ....

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მეუღლე მძიმე ავადმყოფია და გამოსახლების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. აპელანტმა მოითხოვა ბინიდან გამოსახლების გადავადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პ. მ.-მა აუქციონზე შეიძინა თ.მ.-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული თბილისში, ... მდებარე ბინა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ, სკ-ის 303-ე მუხლის შესაბამისად, თ.მ.-ე დარჩა ბინის დამქირავებლად, თუმცა ბინის ქირა არ გადაუხდია და არც მოსარჩელეს მოუთხოვია.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ.მ.-ი დაქორწინდა ბინის შეძენის შემდეგ და მას სჭირდება საცხოვრებელი სახლი, რაც სკ-ის 562-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, ხოლო ამავე კოდექსის 561-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელი ვალდებულია, გამქირავებელს დაუბრუნოს ნივთი.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პ.მ.-ის მოთხოვნა საფუძვლიანია, ხოლო აპელანტის მოთხოვნა ბინიდან გამოსახლების გადავადების თაობაზე, მისი მეუღლის ავადმყოფობის გამო, სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან არ არსებობს დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა განჩინება, რომ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. თ.მ.-მ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობას, სასამართლომ კი არც იმსჯელა, რაში გამოიხატება დამქირავებლად დარჩენა, ხოლო სკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.

საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 303-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის შესაბამისად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს, დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევით).

სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტად მიიჩნია, რომ ბინის შეძენის შემდგომ, მხარეთა შორის ზეპირი ფორმის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ბინაში საცხოვრებლად (დამქირავებლად) დარჩა ყოფილი მესაკუთრე _ მოპასუხე მხარე. აღნიშნული გარემოება სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რადგან სარჩელში მითითებული ეს გარემოება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხეს არც ის გარემოება გაუხდია სადავოდ, რომ მოსარჩელე დაქორწინდა და ბინა სჭირდება უშუალოდ თვითონ, შესაბამისად, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდნენ. ამდენად, კასატორის საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სკ-ის 53-ე მუხლის თაობაზე. მითითებული ნორმის თანახმად, გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატულებიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემული საქმის განხილვისას მოპასუხეს რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში სადავო არ გაუხდია მოსარჩელესთან ზეპირი ფორმით ქირავნობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. აღნიშნულის გამო სასამართლოებს არც უნდა ემსჯელათ სკ-ის 53-ე მუხლის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება ამავე კოდექსის 303-ე მუხლის მე-2 ნაწილს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამ ნორმაზე და, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სწორედ გამოიყენა აღნიშნული ნორმა. მითითებული მუხლით, თუ მოვალე, მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ან შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ კანონით მინიჭებული ეს უფლება გამოიყენა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სწორად მიუთითა სკ-ის 562-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რადგან დადგენილია, რომ გამქირავებელს საცხოვრებელი ფართი ესაჭიროებოდა უშუალოდ თვითონ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თინა მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.