გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 15.07.2005
საქმის ნომერი
ას-653-930-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-653-930-05 15 ივლისი, 2005წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 9 ივლისს აბაშის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ. ი-მა მოპასუხე თ. ე-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მცირეწლოვანი შვილის _ ა. ე-ას აღსაზრდელად გადაცემა, შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: 2002წ. 2 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე თ. ე-ასთან, ერთად ცხოვრების პერიოდში 2003წ. 2 აპრილს შეეძინათ შვილი, ა. ე-ა. მეუღლეებმა ერთად ცხოვრება ვერ ააწყვეს, ჰქონდათ გამუდმებული კონფლიქტები, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა, ბავშვთან ერთად მშობლებთან წასულიყო საცხოვრებლად; 2004წ. 22 თებერვალს მოპასუხე ნასვამი მივიდა მოსარჩელის მშობლების სახლში და ბავშვი წაიყვანა, რის შემდეგაც ბავშვს დედას აღარ უბრუნებს. მოსარჩელის მითითებით, მისი მოთხოვნა საფუძვლიანი იყო სკ-ის 1204-ე მუხლის თანახმად.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივლისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

მოპასუხე თ. ე-ამ სარჩელი არ ცნო და, თავის მხრივ, 2004წ. 7 სექტემბერს შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, მოსარჩელესთან განქორწინების მოთხოვნით. მოპასუხე მიუთითებდა, რომ, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, მოსარჩელე ბავშვის დაბადების შემდეგ ხშირად იმყოფებოდა მშობლებთან ქ. ფოთში. 2004წ. თებერვალში მოსარჩელემ მას დაურეკა და უთხრა, რომ იპოვა ნამდვილი სიყვარული და გათხოვდა, ხოლო ბავშვი მოპასუხეს როგორც უნდოდა, ისე გაეზარდა. მოპასუხე დაუყოვნებლივ გაემგზავრა ფოთში, სადაც დახვდა აღელვებული სიდედრი და მეუღლის ბებია. მოსარჩელე სახლში არ დახვედრია. მოპასუხემ ბავშვი წამოიყვანა თბილისში და ზრდის დღემდე. მოპასუხე მიუთითებდა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ბავშვი გაზრდილიყო დედასთან, რამდენადაც დედის საქციელი სცილდებოდა ზნეობრივ ნორმებს _ მან მიატოვა ბავშვი. სკ-ის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვზე კეთილისმყოფელი გავლენის მოხდენა შეეძლო მოპასუხის ოჯახს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ისიანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 2003წ. 2 აპრილს დაბადებული ა. ე-ა აღსაზრდელად მიეკუთვნა მამას _ თ. ე-ას და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი. თ. ე-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა _ მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ე-ამ შვილი მეუღლის მშობლების ოჯახიდან წაიყვანა 2005წ. 22 თებერვალს, ლ. ი-მა კი ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით რაიონულ სასამართლოს მიმართა თითქმის ხუთი თვის შემდეგ. სასამართლო სხდომაზე მან ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ გააკეთა ეს უფრო ადრე. ეს გარემოება, სასამართლოს მოსაზრებით, მიუთითებდა თ. ე-ას შესაგებლის სისწორეზე იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. ი-მა მართლაც ნებაყოფლობით მიატოვა ბავშვი და რამდენიმე თვის მანძილზე არ დაინტერესებულა მისი მდგომარეობით. ბავშვი მამასთან უკვე რვა თვეა ცხოვრობდა და, ბუნებრივია, შეგუებული იყო მამის ოჯახში არსებულ გარემოს. რაიონულმა სასამართლომ ასევე გაითვალისწინა თ. ე-ას საცხოვრებელი პირობები, ქ. თბილისის მერიის განათლების განყოფილების მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კომისიის დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბავშვის აღსაზრდელად მამის ოჯახში დარჩენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 1201-ე მუხლის შესაბამისად, ბავშვი აღსაზრდელად უნდა მიკუთვნებოდა მამას _ თ. ე-ას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ე-ასათვის ბავშვის აღსაზრდელად მიკუთვნების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბავშვის მისთვის გადაცემა. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მისი მშობლების ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო და რომ დედის სიყვარულისა და სითბოს შეცვლა არავის შეეძლო. იგი აღნიშნავდა, რომ მეუღლე ემუქრებოდა და ბავშვის ნახვა ამიტომ ვერ მოახერხა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2003წ. 2 აპრილს დაბადებული ა. ე-ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის _ ლ. ი-ის საცხოვრებელი ადგილი და მასვე გადაეცა აღსაზრდელად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, რაიონულმა სასამართლომ დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სკ-ის 1201-ე მუხლი, მაგრამ ვერ დაეთანხმებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტებს სარჩელის უარყოფის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კანონი არ ცნობდა მამის ან დედის რაიმე უპირატეს უფლებას შვილების მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მშობლების უფლება-მოვალეობათა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის განათლების განყოფილების მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია ამ ეტაპზე ბავშვის მამასთან აღსაზრდელად დარჩენა შვილის აღზრდაში დედის აქტიური მონაწილეობით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საქმეზე სპეციალისტის სახით მოწვეული ფსიქოლოგის რეკომენდაცია, რომ ლ. ი-ი სხვისი დახმარებით გაზრდიდა შვილს, ხოლო თ. ე-ას უფრო შეეძლო მარტო გაეზარდა შვილი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ ჰქონდა წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებდა თავისი შინაგანი რწმენით, სასამართლო სხდომაზე მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ლ. ი-მა რამდენიმე თვის მანძილზე არ ინახულა შვილი, რასაც ეყრდნობოდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, არ წარმოადგენდა ლ. ი-ის ამორალურ პიროვნებად მიჩნევის საფუძველს და არც იმის დასამტკიცებლად გამოდგებოდა, რომ ლ. ი-მა მიატოვა და უარი თქვა შვილზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ შეიძლებოდა ერთ-ერთი მშობლისათვის უარის თქმა შვილის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ მეორე მშობელს უკეთესი მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა. მატერიალური მდგომარეობა გამოსწორებადი იყო მეორე მშობლისაგან შვილის სასარგებლოდ ალიმენტის მიღებით. რაც შეეხებოდა ფსიქოლოგის დასკვნას, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დასკვნა დამაჯერებლობას იყო მოკლებული, რადგან მისი საფუძველი არც საქმის მასალებში და არც სპეციალისტის განმარტებაში არ მოიპოვებოდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მცირეწლოვანი ბავშვის მშობლების საცხოვრებელი ადგილები დიდი მანძილით იყო დაშორებული ერთმანეთთან, რის გამოც დედას გაუჭირდებოდა შვილთან ურთიერთობა, რაც ხელს შეუწყობდა დედა-შვილის გაუცხოებას და არასასურველ გავლენას მოახდენდა ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე, ვინაიდან ბავშვის, მით უფრო გოგონას, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური კავშირი დედასთან უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე მამასთან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მაისის დამატებითი გადაწყვეტილებით თ. ე-ას დაეკისრა საქმეზე მოწვეული სპეციალისტის _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უ-ის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგის სასარგებლოდ 200 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ე-ამ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილებების გაუქმება და აღსაზრდელად შვილის მისთვის გადაცემა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო, რაც, სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა. კასატორი უთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოიტანისას არ გაითვალისწინა არც ფსიქოლოგის, არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნები, მაგრამ გაურკვეველი იყო, თუ რას დაეყრდნო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში. ორივე დასკვნა მიზანშეწონილად მიიჩნევდა ამ ეტაპზე ბავშვის მამასთან დარჩენას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული დასკვნების გამაქარწყლებელი მოსაზრებები არ იყო გადმოცემული. მართალია, სსკ-ის 105-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ ჰქონდა წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებდა თავისი შინაგანი რწმენით, რაც უნდა დამყარებოდა სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და სასამართლოს შინაგანი რწმენის დამაფუძნებელი მოსაზრებები უნდა ასახულიყო გადაწყვეტილებაში. კასატორის მოსაზრებით კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავდა ამ მოსაზრებებს. რაც შეეხებოდა დამატებით გადაწყვეტილებას, კასატორი მიუთითებდა, რომ ამ გადაწყვეტილებით მას არასწორად დაეკისრა სპეციალისტის ხარჯის მთლიანად გადახდა. სპეციალისტის სახით მოწვეულმა ფსიქოლოგმა საპროცესო მოქმედება სასამართლოს შუამდგომლობის საფუძველზე შეასრულა, ხოლო სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს ინიციატივით საპროცესო მოქმედების შესრულების შემთხვევაში სასამართლო ხარჯების თანხა ორივე მხარეს შეჰქონდა თანაბარწილად.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კასატორმა მხარი დაუჭირა თავის მოთხოვნას და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივარი არ ცნო და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ თ. ე-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის წინაპირობაა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც, სკ-ის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს მიერ განსაზღვრისათვის ძირითადი პირობაა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და საქმეზე სპეციალისტად მოწვეული ფსიქოლოგის დასკვნები, რომლებიც მიზანშეუწონლად მიიჩნევდნენ ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვის დედისათვის გადაცემას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ დაასაბუთა აღნიშნული დასკვნების გაუზიარებლობის მოტივები და არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სასამართლოსათვის აღნიშნული დასკვნების საწინააღმდეგო შინაგანი რწმენის შექმნას სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად. მარტოოდენ ის გარემოება, რომ ბავშვის ბიოლოგიური კავშირი დედასთან უფრო მჭიდროა დადედის მატერიალური მდგომარეობა ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი, ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლიანობას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, დედისათვის ბავშვის აღსაზრდელად გადასაცემად უპირატესობის მინიჭებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მშობლისათვის შვილის აღსაზრდელად გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას დედას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა იმ შემთხვევაში, თუკი მას უკეთესად შეუძლია შვილის სრულფასოვან მოქალაქედ აღზრდა და მშობლის მოვალეობების შესრულება, ვიდრე მამას ან ამ თვალსაზრისით დედისა და მამის შესაძლებლობები მეტ-ნაკლებად თანაბარია. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის მხოლოდ ის გარემოება, რომ, თუკი ვერ ხერხდება ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის თანაბარი მონაწილეობა, ბავშვი გადაეცეს იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი უკეთ გრძნობს თავს და რომელიც უფრო მზადაა მშობლის ფუნქციის შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის, 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ საქმის ყველა გარემოების დადგენისა და მათთან ერთობლიობაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და სპეციალისტის დასკვნების შეფასების გზით უნდა მიიღოს ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება ბავშვის ადგილსამყოფლის განსაზღვრის შესახებ.

რაც შეეხება დამატებით გადაწყვეტილებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ სპეციალისტის ხარჯი სწორად დააკისრა მხარეს, რომლის საჩივარიც არ დაკმაყოფილდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, უნდა გაუქმდეს სასამართლო ხარჯების თაობაზე გამოტანილი დამატებითი გადაწყვეტილებაც. სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაჯამოს და ხელახლა განსაზღვროს სასამართლო ხარჯების, მათ შორის, სპეციალისტის ხარჯების საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ე-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 მაისის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.