გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-66-372-05 31 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 9 ივნისს გ. ნ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ბ., მ., ქ. რ.-ის, რ. პ.-ის, ნ. ხ.-ს, ს. ა.-ისა და ვ. პ.-ის მიმართ და მოითხოვა ქ.ბათუმში, ... მდებარე ბარაკული ტიპის დამხმარე სათავსებიდან მოპასუხეთა გამოსახლება შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხეთა მიერ დაკავებული დამხმარე სათავსები განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. დამქირავებლები არ უხდიან გაზრდილ ქირას. ამავე დროს, მიწის ნაკვეთი მას ესაჭიროება კაპიტალური მშენებლობისათვის.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განლაგებული ნაგებობანი, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, გ.ნ.-ს საკუთრებას არ წარმოადგენდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა და მოპასუხეები გ.ნ.-ს კუთვნილ სახლმფლობელობა “ლიტერ ...-დან” გამოსახლდნენ, რაც გ. ნ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება შეიცვალა და მოპასუხეები: ბ. რ.-ი, მ. რ.-ი, ქ. რ.-ი ბ., რ. პ.-ი, ნ. ხ.-ი, ს. ა.-ი და ვ. პ.-ი გამოსახლდნენ ქ.ბათუმში, ... მდებარე მოსარჩელე გ. ნ.-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აგებული ბარაკის ტიპის ნაგებობიდან, ნახაზის მიხედვით “ლიტერ B-დან” და დადგინდა გ.ნ.-სათვის მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ნ.-ს 1986 წელს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლებით გადაეცა ქ.ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილი _ 27 მ2, რომელიც განლაგებული იყო 686,142 მიწის ნაკვეთზე. 1999 წლიდან გ.ნ.-ა აღირიცხა აღნიშნული 686,14 მ2-ის მესაკუთრედ, რაც დასტურდება 1999წ. 20 სექტემბერს შესრულებული საჯარო რეესტრის ამონაწერით. გ.ნ.-ს საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განლაგებული იყო როგორც საცხოვრებელი შენობა, ასევე, დამხმარე ნაგებობანი, რაც ტექნიკური ბიუროდან წარმოდგენილ ნახაზზეა აღნიშნული “ლიტერ ...-ით” და “ლიტერ BB-თი”. მათგან “ლიტერ ...-б1” დღეისათვის დანგრეულია, ხოლო ლიტერ B-ში მოპასუხეები დიდი ხანია ცხოვრობენ და გარკვეული პერიოდი უხდიდნენ ბინის ქირას მესაკუთრე გ.ნ.-ს. გ.ნ.-ს მიწის ნაკვეთი ესაჭიროება კაპიტალური შენობის ასაშენებლად. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღავნელა სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლებით, 562-ე მუხლის მეორე ნაწილი “ბ” პუნქტით, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად მიიჩნია და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ.ნ.-ს მიწის ნაკვეთი ესაჭიროება მშენებლობისათვის, ასევე, არსებობს ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის სხვა საფუძველიც, კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხეები მოსარჩელეს ქირის სახით უხდიდნენ 5 ლარს თვეში და დღეისათვის არ არიან თანახმა, გადაიხადონ გაზრდილი ბინის ქირა. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ გ.ნ.-ა არის “ლიტერ B-ს” მესაკუთრე, რადგანაც “ლიტერ B” მდებარეობს იმ 686,14 მ2 ნაკვეთზე, რაც გ.ნ.-ს საკუთრებაა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობანი იმის მიუხედავად, რომ ისინი მოცემულ შემთხვევაში არ არის მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, არ შეიძლება იყოს სხვისი საკუთრება. მოწინააღმდეგე მხარე არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ “ლიტერ B”, როგორც დამხმარე სათავსი, არ არის დაფიქსირებული ტექბიუროს მიერ გაცემულ ტექპასპორტში. პალატა დაეთანხმა სპეციალისტის სახით პალატის მთავარ სხდომაზე ტექნიკური ბიუროს წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას, რომლის მიხედვითაც ტექპასპორტის შევსებაში დაშვებულია შეცდომა, რაც დასტურდება ტექბიუროს იმ მონაცემებით, რის საფუძველზეც გაიცა ტექნიკური პასპორტი, სადაც „ლიტერ B“ მინიშნებულია დამხმარე ფართად.
სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით. კასატორთა განმარტებით, აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მათ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი ქ.ბათუმის მერიის, ქ.ბათუმის მიწის მართვის სამმართველოსა და გ.ნ.-ს წინააღმდეგ მიწის რეგისტრაციის გაუქმებისა და საქალაქო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ, რის გამოც მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება, რაც სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მოტივით. კასატორთა აზრით, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნა. კასატორთა აზრით, აპელანტმა მათი თანხმობის გარეშე შეცვალა დავის საგანი. ძირითადი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა თავისი კუთვნილი ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლიდან მოპასუხეთა გამოსახლებას, ხოლო სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თავის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება. მხარის აზრით, აღნიშნულზე სასამართლოს არ უმსჯელია, რითაც დაარღვია სსკ-ის 38-ე მუხლის მოთხოვნა. კასატორთა განმარტებით, სადავო “ლიტერ B” არ წარმოადგენდა გ. ნ.-ს საკუთრებას, რაც დასტურდება მის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 1996წ. სასამართლო გადაწყვეტილებით შ. ბ.-ას დაეკისრა 8480 მანეთის გადახდა გ. ნ.-ს სასარგებლოდ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გ. ნ.-მ მიიღო შ.ბ.-ას საკუთრებაში რიცხული “ლიტერი ... 27 მ2” საცხოვრებელი ფართი მდებარე ქ.ბათუმში ..., ხოლო კასატორები რამოდენიმე ათეული წელი ცხოვრობდნენ და ჩაწერილები იყვნენ ამავე მისამართზე “ლიტერ B-ში”, რომელიც ირიცხება როგორც საცხოვრებელი და არა დამხმარე სათავსი ფართი. აღნიშნული მტკიცებულებები, კასატორთა აზრით, სასამართლომ არასწორად შეაფასა, ის მხოლოდ დაეყრდნო მიწის რეგისტრაციას, რაც კასატორებმა გაასაჩივრეს. ყოვლივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერება, სანამ არ გამოვა საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილ ზემოხსენებულ სასარჩელო განცხადებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გ. ნ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თავსი პირადი საკუთრების, ბარაკის ტიპის ბინებიდან გამოსახლება. იგივე მოთხოვნა წარმოადგინა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა გ. ნ.-ს სარჩელზე, 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და მოპასუხეები გამოასახლა გ. ნ.-ს კუთვნილი სახლთმფლობელობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რა გ. ნ.-მ, მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება როგორც თავის პირად საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსებიდან, ასევე თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო საქმეთა პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ნ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება შეიცვალა და მოპასუხეები ბ. რ.-ი, მ. რ.-ი, ქ. რ.-ი, რ. პ.-ი, ნ. ხ.-ი, ს. ა.-ი და ვ. პ.-ი გამოსახლდნენ ქ.ბათუმში, ... მდებარე მოსარჩელე გ. ნ.-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე აგებული ბარაკის ტიპის ნაგებობიდან, ნახაზის მიხედვით “ლიტერ B-დან”. დადგინდა გ. ნ.-სათვის მიწის ნაკვეთის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, კერძოდ, ზემოაღნიშნული გარემოებებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ სააპელაციო ინსტანციაში გაადიდა სარჩელის საგანი და მოითხოვა მოპასუხეთა გამოსახლება როგორც საცხოვრებელი ფართიდან, ასევე, მიწის ნაკვეთიდან. სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმა იქნება ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს. ამდენად, დავის საგნის შეცვლას ან გადიდებას წინ უნდა უძღოდეს ორიდან ერთ-ერთი წინა პირობის არსებობა _ მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა ან სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული შეხედულება დავის საგნის შეცვლის ან გადიდების მიზანშეწონილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, თუ რა სავალდებულო წინა პირობის არსებობის გამო დაუშვა დავის საგნის გადიდება.
სსკ-ის 404-ე მუხლი მეორე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო საქმეთა პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის განჩინება დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს. მითითებული განჩინებით სააპელაციო პალატამ იმსჯელა რა მხარის შუამდგომლობაზე, საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე აღძრულ სარჩელზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის გამო, განსახილველი საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა იმ დასაბუთებით, რომ სარჩელში არანაირი საფუძვლები არის მითითებული საჯარო რეესტრში ჩანაწერების უკანონობაზე. სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ამდენად, საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და დაასაბუთოს ან გამორიცხოს კავშირის არსებობა განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს ან ორგანოს მიერ განიხილება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე მიიღო განჩინება, რომ არ უმსჯელია იმის თაობაზე, ხომ არ გამომდინარეობდნენ შუამდგომლობაში მითითებული და განსახილველი სარჩელი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საკასაციო სასამართლოს განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული კანონის მოთხოვნები, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს სააპელაციო საჩივრით დავის საგნის გაზრდის მიზანშეწონილობა და იმსჯელოს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობაზე კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. და ბ. რ.-ის, რ. პ.-ის, ვ. პ.-ის, ნ. ხ.-სა და ს. ა.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განჩინება საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.