გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.07.2006
საქმის ნომერი
ას-671-952-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-671-952-05 27 ივლისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ტ.პ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ტ-ის“ მიმართ და მოითხოვა 1000 კვტ-იანი ტრანსფორმატორის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სს «ტ-ის» დირექტორმა მისგან ხელწერილით 15 დღით ითხოვა ტრანსფორმატორი და, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, უკან არ აბრუნებს.

სს „ტ-მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ტრანსფორმატორი ნამდვილად წამოღებულია ტ.პ-დან ვალის _ 60818 ლარის ნაწილობრივი გაქვითვის მიზნით.

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „ტ.პ-ის“ სარჩელი და სს „ტ-ს“ დაევალა 1000 კვტ-იანი ტრანსფორმატორის დაბრუნება სს „ტ. პ-სთვის».

ტყიბულის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ს.გ.ს.ე-მ“ იმავე სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ სს „ტ-ი“ 2000წ. 29 დეკემბრიდან, როგორც სამართლის სუბიექტი, აღარ არსებობს. მისი განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 28 ოქტომბრის ¹1162 განკარგულების საფუძველზე იგი შეერწყა სს „ი.ე-ას“, რომელიც, თავის მხრივ, 2002წ. 27 მარტიდან შეერწყა სს „ს.გ.ს.ე.-ას“. ამდენად, როგორც სამართლის სუბიექტი აღარ არსებობს. განმცხადებლის აზრით, მხარე, სს «ტ-ის“ ნაცვლად, უნდა ყოფილიყო სს „ს.გ.ს.ე».

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს.გ.ს.ე-ის“ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და განახლდა საქმის წარმოება. 2003წ. 18 ნოემბერს სასამართლომ განიხილა „ტ.პ-ის“ სარჩელი და არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ტ.პ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სამეწარმეო რეესტრით სს „ტ-ის“ ლიკვიდაცია არ მომხდარა და იგი არსებობს როგორც იურიდიული პირი. აღნიშნულის გამო აპელანტმა არასწორად მიიჩნია გადაწყვეტილების გაბათილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2004წ. 15 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, უცვლელად იქნა დატოვებული ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ტ-ი“ დღესაც რეგისტრირებულია იურიდიულ პირად. სს «ტ.პ-ის“ მოთხოვნა კი ტრანსფორმატორის დაბრუნების თაობაზე ხანდაზმულად მიიჩნია.

სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ტ. პ-მა».

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 დეკემბრის განჩინებით სს «ტ. პ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების საფუძველზე დაადგინოს, როდის მოხდა სს «ტ-ის» ლიკვიდაცია, არის თუ არა სს «ს.ს.ე» მისი სამართალმემკვიდრე და, ამასთან, უნდა გაირკვეს, რა უფლებამოსილება გააჩნდა ლ.გ-ძეს დავის განხილვაში მონაწილეობის დროს და რატომ მონაწილეობდა მაშინ, როდესაც მხარეს წარმოადგენდა სს «ტ-ი».

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინებით სს «ტ.პ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. შესაბამისად, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სს «ტ.პ-ის» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სს «ს.ს.ე-ის» განცხადება მოცემულ საქმეზე ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო, რომ ლ. გ-ძე, რომელიც სასამართლო სხდომაზე უშუალოდ მონაწილეობდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლად, დანიშნული და 2002წ. 7 მაისიდან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იყო სს «ს.ს.ე-ის» ტყიბულის სამმართველოს (ფილიალის) დირექტორად. ასევე დადგენილად ცნო, რომ ლ. გ-ძის მოცემულ საქმეში მონაწილეობის საფუძველს ამ დროისათვის «სს ს.ს.ე-ის» ტყიბულის ფილიალის მიერ სს «ტ-ის» ქონების ფლობა წარმოადგენდა, ხოლო სს «ტ-ი» კი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ლ. გ-ძეს გააჩნდა უფლებამოსილება, როგორც სს «ს.ს.ე-ის» წარმომადგენელს, 2002წ. 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე მიეთითებინა იმ საფუძვლებზე, რაც მოყვანილია დასახელებული საზოგადოების განცხადებაში გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს..ს.ე-ამ», რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის საწინააღმდეგოდ, სრულყოფილად არ გამოიკვლია და, შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, არ გაითვალისწინა კანონის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ, სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტი, რომ ლ. გ-ძეს, როგორც სს «ტ-ის» წარმომადგენელს, პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა. ტყიბულის ფილიალის დირექტორი ვერ იქნებოდა სს «ს.ს.ე-ის» წარმომადგენელი, თუ მას ექნებოდა გენერალური დირექტორის მიერ მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილება გააჩნდა, ასევე, კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 28-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ. გ-ძე ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 მაისის ¹5-გ-I დადგენილებით რეგისტრირებული იყო სს «ს. გ. ს. ე-ის” ტყიბულის სამმართველოს (ფილიალის) დირექტორად.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ (ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 30 მარტის ¹437-9 ცნობის საფუძველზე) სს «ტ-ი”, რომელიც რეგისტრირებულია ტყიბულის რაიონულ სასამართლოში 1996წ. 31 დეკემბერს, 2002წ. 10 ივლისს არ იყო და არც ამჟამადაა გაუქმებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, ლ. გ-ძის მოცემულ საქმეში მონაწილეობის საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ ამ დროისათვის სს «ტ-ის” ქონებას ფლობდა სს «ს.გ.ს.ე-ის” ტყიბულის ფილიალი, ხოლო სს «ტ-ი” კი ფაქტობრივად აღარ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ, სკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ლ. გ-ძეს გააჩნდა უფლებამოსილება, როგორც სს «ს.ს.ე-ის» წარმომადგენელს, 2002წ. 10 ივლისის სასამართლო სხდომაზე მიეთითებინა იმ საფუძვლებზე, რაც მოყვანილია დასახელებული საზოგადოების განცხადებაში გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 28-ე მუხლის მოთხოვნა.

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა, კერძოდ, «მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუ საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება.”

სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ფილიალები არ არიან იურიდიული პირები. სკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ».

განსახილველი ნორმის თანახმად, იურიდიული პირი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «იურიდიული პირის ფილიალი _ განცალკავებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორეციელებს მის ფუნქციებს». აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმაზე, რომ ფილიალი არის იურიდიული პირის ნაწილი, რომელიც ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარეობს და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებს მის ფუნქციებს. კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლებამოსილების შესახებ უნდა იქნეს მითითებული ფილიალის საქმიანობისა და მისი ხელმძღვანელის უფლებამოსილების თაობაზე «მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-16.2 მუხლის «დ” ქვეპუნქტების თანახმად. იმისათვის, რომ სასამართლოში მონაწილეობდეს ფილიალის ხელმძღვანელი, აუცილებელია ამ ფილიალის იურიდიული პირის უფლებამოსილება. ამ უფლებამოსილების არარსებობის შემთხვევაში სასამართლო დავებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ძირითადი საწარმო (იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ¹ას-673-953-05 14.09.2005).

არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს «ს.ს.ე-ს» ტყიბულის სამმართველოს (ფილიალის) დებულების მე-4 მუხლის 4.2 და 4.3 პუნქტების შესაბამისად, ლ. გ-ძეს გააჩნდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, სს «ს.ს.ე-ს» სახელით მონაწილეობა მიეღო სასამართლოში.

იურიდიული პირის ფილიალი საქმიანობას ეწევა იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე (სკ-ის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილი). კონკრეტულ შემთხვევაში, საქმიანობაში იგულისხმება იურიდიული პირის მიერ ფილიალისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რაც უკავშირდება მისი სამეწარმეო მიზნების განხორციელებას. ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ სასამართლოში მონაწილეობის უფლებაც, რაც იურიდიული პირის და არა ფილიალის დეფინიციის ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, სსკ-ის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, «სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება ფილიალის ადგილსამყოფელის მიხედვით.” აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის თანახმად, თუ ურთიერთობა ეხება იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობას, მაშინ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, სადაც მდებარეობს ეს ფილიალი, მაგრამ ძირითადი საწარმოს წინააღმდეგ. ამდენად, თუ ამ იურიდიული პირის ფილიალს არ ექნება უფლებამოსილება სასამართლოში მონაწილეობის შესახებ, მაშინ სასამართლოში მხარედ მონაწილეობის უფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იურიდიულ პირს.

ამრიგად, ფილიალი არ არის იურიდიული პირი, იგი არც თავისი სახელით გამოდის ურთიერთობებში და არც დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა ეკისრება.

აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს სსკ-ის 422-ე მუხლის «ბ” ქვეპუნქტის გამოყენების ფაქტობრივი საფუძვლები (იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ¹ ას 366-705-05 07.12. 2005წ.).

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ განსახილველი ნორმით უზრუნველყოფილია სასამართლო წესით დაცვის უფლების დარღვევის აღდგენა. ამ ნორმის საფუძველზე აღძრული განცხადებების განხილვისას სასამართლო ამოწმებს, დაირღვა თუ არა მხარის «უფლება სასამართლოზე”, რომლის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს უფლება ხელმისაწვდომობაზე, ანუ საპროცესო უფლება, მის სამოქალაქო უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებული დავა სასამართლო განხილვის საგანი გახადოს და სამოქალაქო საპროცესო უფლება _ დაიწყოს სამართალწარმოება სასამართლოში. კონკრეტულ შემთხვევაში, ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით, სს «ტ-ის” ადმინისტრაციას დაევალა 1000 _ კილოვატიანი ტრანსფორმატორის სს «ტ.პ-თვის” დაბრუნება. სასამართლო პროცესზე სს «ტ-ის” სახელით მონაწილეობას ღებულობდა ლ. გ-ძე. არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მოსაზრება, კერძოდ, ლ. გ-ძის სააპელაციო სასამართლოს მონაწილეობის საფუძველს წარმოადგენს ის, რომ ამ დროისათვის სს «ტ-ის” ქონებას ფლობს სს «ს.გ.ს.ე-ის” ტყიბულის ფილიალი.

სასამართლოში მხარედ შეიძლება მონაწლეობდეს ფილიალის დირექტორი მხოლოდ ძირითადი საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სასამართლოში მონაწილეობის შესახებ უფლებამოსილებისა და არა სს «ტ-ის” ქონების ფლობის საფუძველზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციისათვის სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, გააჩნდა თუ არა ლ. გ-ძეს, როგორც ფილიალის დირექტორს, სს «ს.ს.ე-ის» მიერ მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლოში მონაწილეობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებამოსილება მას არ გააჩნდა, უნდა დადგინდეს ცნობილი იყო თუ არა ძირითადი საწარმოსათვის მისი სასამართლოში მონაწილეობის შესახებ და განაცხადა თუ არა ძირითადმა საწარმომ პრეტენზია. იმ შემთხვევაში, თუ ლ. გ-ძე მონაწილეობდა სასამართლოში სს «ტ-ის» წარმომადგენლად, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, გააჩნდა თუ არა მას სს «ტ-ის” სახელით სასამართლოში მონაწილეობის უფლება (იყო თუ არა სს «ტ-ის” დირექტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში გააჩნდა თუ არა ამ საზოგადოების ხელმძღვანელობის მიერ გაცემული უფლებამოსილება).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «ს.გ.ს.ე-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.