გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-674-939-04 29 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 24 იანვარს ო. მ-ემ მოპასუხეების _ ჯ. თ-ისა და ი. ქ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1997 წელს თურქეთში შეისყიდა ლენტური ტიპის დაზგა „ო-უ-100“, მისი ღირებულება შეადგენს 30000 ლარს, საქართველოში დაზგის ჩამოტანა დაუჯდა 1000 ლარი.
შპს „ჭ-ის“ დირექტორ ჯ. ს-ის თანხმობით მითითებული დანადგარი დამონტაჟებულ იქნა ამ საწარმოს ბალანსზე რიცხულ შენობაში. საამქროს ექსპლუატაციაში გაშვებისათვის დახარჯა 9800 ლარი.
მოპასუხეებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს მისი ნდობა და 3 წლის მანძილზე მიითვისეს საამქროთი სარგებლობის უფლება. ამჟამად საამქრო იმყოფება უვარგის მდგომარეობაში. მოსარჩელემ სკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა მისი ღირებულების _ 43800 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 54000 ლარის, სულ _ 97800 ლარის ანაზღაურება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს გადასახდელად დაეკისრათ 93000 ლარი.
მოპასუხეთა საჩივრების საფუძველზე ამავე სასამართლოს 2001წ. 22 მაისის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის განხილვა დაინიშნა სხვა დროს.
2001წ. 22 მაისს ჯ. ს-ემ მოსარჩელე ო. მ-ის მოპასუხეების: დ. მ-ის, გ. მ-ის, შპს „დ-ას“, ი. ქ-ის, ა. რ-ისა და მ. ა-ის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მას მ. ა-მა, ო. და გ. მ-ეებმა სთხოვეს თავისი კუთვნილი შპს „პ-ის“ სახელით გაეხსნა სახერხი საამქრო. ამ წინადადების საფუძველზე შპს „პ-ისა“ და შპს „ი-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ მითითებულმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს სახერხი დანადგარების შემოტანა. სახერხი დანადგარები შემოიტანა თურქულმა ფირმა „ო-უს“ წარმომადგენელმა ს. ი-მა. მან დროებით, ერთიწ. ვადით, სარგებლობაში გადასცა დანადგარები შპს „პ-ს“. მათი თხოვნის შესაბამისად, დანადგარები დამონტაჟდა შპს „ჭ-ის“ შენობაში, რის გამოც „პ-ისა“ და რესპუბლიკურ სავაჭრო ბაზას (ახლანდელი შპს „ჭ-ი“) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, საამქროს ოსტატად დაინიშნა ო. მ-ე.
ო. მ-ემ და მ. ა-მა თურქეთში გაიტანეს ხე-ტყე, არავითარი ანგარიშსწორება არ მოახდინეს შპს „პ-თან“ და არ გადაუხადეს იჯარის ქირა შპს „ჭ-ს“. 1999წ. მაისის ბოლოს ო. მ-ემ და მ. ა-მა მასთან მიიყვანეს ინდივიდუალური მეწარმე მ. შ-ის წარმომადგენლები _ ი. ქ-ე და ა. რ-ე და სთხოვეს, რომ ზემოთ მითითებულ ინდივიდუალურ მეწარმესთან ერთიწ. ვადით გაეფორმებინა ხელშეკრულება შენობისა და დანადგარი მოწყობილობის იჯარით გადაცემის შესახებ, სამაგიეროდ კი გადაუხდიდნენ „პ-ას“ დავალიანებას _ 3500 დოლარს და „ჭ-ის“ საიჯარო დავალიანებას _ 11520 ლარს. 1999წ. 1 ივნისს შპს „ჭ-სა“ და მ. შ-ს შორის გაფორმდა შენობის გადაცემაზე საიჯარო ხელშეკრულება. მათ უკანონო დემონტაჟი გაუკეთეს და გაიტანეს შპს „პ-ას“ დროებით სარგებლობაში გადაცემული სახერხი დანადგარები.
შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა: დაკისრებოდა გ. მ-ეს 20 თვის საიჯარო ქირა _ 520 ლარი შპს „ჭ-ის“ სასარგებლოდ და შენობისა და დანადგარებისათვის მიყენებული ზიანი _ 15000 ლარი სულ _ 26520 ლარი, ფირმა „ი-ის“ დირექტორ მ. ა-ს მითვისებული ხე-ტყისა და მასალის ღირებულება _ 3500 დოლარი, ხოლო ი. ქ-ესა და ა. რ-ეს _ სამი თვის გადაუხდელი ქირა _ 1728 ლარი.
ი. ქ-ემ არც სარჩელი და არც შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ დანადგარები მის საკუთრებას არ წარმოადგენს, იგი ეკუთვნის ს. ილდირიმს, რომელმაც დაზგების სარგებლობის უფლება დაუთმო მას. დანადგარები მან მამულ აიდენელთან ერთად გაიტანა, რადგან ვერ მოახერხეს სრული დატვირთვით მისი ამუშავება. ი. ქ-ის მოსაზრებით, ო. მ-ეს არ აქვს მოთხოვნის უფლება და იგი არასათანადო მოსარჩელეა, მოთხოვნის უფლება ასევე არ გააჩნია შეგებებული სარჩელის შემტანს, ვინაიდან შენობის მესაკუთრეს მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხეებს ჯ. ს-ესა და ი. ქ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 53600 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ჭ-ის“ დირექტორმა ჯ. ს-ემ და ი. ქ-ემ.
2001წ. 14 ოქტომბერს ჯ. ს-ე გარდაიცვალა, მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება რ. ს-ე.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 18 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხე რ. ს-ე შეიცვალა სათანადო მოპასუხე შპს „ჭ-ით“, საქმეში თანამოპასუხედ ჩაება შპს „პ-ა“.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ჭ-ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ი. ქ-ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება. მოსარჩელე ო. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ქ-ეს, ნაცვლად 53600 ლარისა, დაეკისრა 49600 ლარის გადახდა, ხოლო შპს „ჭ-თვის“ 53600 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელე ო. მ-ეს უარი ეთქვა, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ჭ-ის“ შეგებებული სარჩელი და ო. მ-ეს დაეკისრა სამი თვის საიჯარო ქირა _ 1728 ლარი _ შპს „ჭ-ის“ სასარგებლოდ. არ იქნა მიღებული შეგებებული სარჩელი ა. რ-ის, ი. ქ-ის, ი. მ-ისა და მ. ა-ის მიმართ და შეგებებული სარჩელის ავტორს მიეცა უფლება ამ ნაწილში სარჩელის დამოუკიდებლად წარდგენისა.
2002წ. 12 ივლისს ი. ქ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის თანხის გადასახდელად დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ამავე განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილება ო. მ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ი. ქ-ისათვის ო. მ-ის სასარგებლოდ 49600 ლარის გადასახდელად დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება, ო. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ი. ქ-ეს, ნაცვლად 53600 ლარისა, დაეკისრა 41373 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო სახერხი დაზგა-დანადგარი არის თურქული ფირმა „ო-უს“ საკუთრება, რომელიც შპს „ო-უსა“ და შპს „პ-ას“ შორის 1997წ. 20 აგვისტოს ¹1 იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „პ-ას“ და ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის _ ო. მ-ის მიერ 1997წ. 10 ოქტომბერს შემოტანილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე. შპს „პ-ას“, ო. მ-ესა და შპს „ჭ-ის“ დირექტორ ჯ. ს-ეს შორის მოლაპარაკებით და შეთანხმებით აღნიშნული დაზგა-დანადგარი დამონტაჟებულ იქნა შპს „ჭ-ის“ ბალანსზე არსებულ შენობაში. შპს „პ-ას“, როგორც მოიჯარის მიერ აღნიშნული სახერხი-დანადგარი სარგებლობის უფლებით იქნა გადმოცემული ო.მ-ისთვის, რაც შპს „პ-ას“ შემდგომში სადავოდ არ გაუხდია და რაც პალატამ დადასტურებულად მიიჩნია.
პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე ო. მ-ე ფლობდა სადავო სახერხ დაზგა-დანადგარს და აღნიშნული სახერხი დაზგის მესაკუთრეს მის მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, რაც ნათლად ადასტურებს იმას, რომ სადავო სახერხი დანადგარის კეთილსინდისიერი მფლობელი არის ო. მ-ე და მისი თანხმობის გარეშე მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება, მოეხდინა დემონტაჟი და თავისთან გადატანა.
პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ო.მ-ეს, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს აქვს უფლება სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, მოითხოვოს სადავო სახერხი დაზგა-დანადგარის ი. ქ-ის უკანონო მფლობელობიდან უკან დაბრუნება. კეთილსინდისიერ მფლობელ ო.მ-ეს უფლება აქვს, სკ-ის 408-ე და 992-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვოს მოპასუხის ბრალეული მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც შეადგენს 26773 ლარს.
პალატამ აღნიშნა, რომ ო. მ-ე ფაქტობრივად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელი. პალატამ მიუთითა იმაზეც, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრებასთან დაკავშირებით აპელანტს რაიმე საპირისპირო დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რისი მტკიცებაც, სსკ-ის 402-ე მუხლის თანახმად, მას ევალებოდა.
ი. ქ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
კასატორის აზრით, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება, რომ მ. ა-მა აიღო ვალდებულება პროკურატურაში, რომ გადაუხდიდა დაზგის ღირებულებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა, აგრეთვე, საქმეში არსებული წერილი, სადაც დაზგის მესაკუთრე წერს, რომ ხის სახერხი დაზგა, რომელიც ეკუთვნის ი. ქ-ეს, ო. მ-ისათვის არ მიუყიდია. სასამართლო კოლეგიამ არ მისცა შეფასება მოსარჩელის განმარტებას 1999წ. 7 ივლისს შედგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც სასამართლომ ო. მ-ე მიიჩნია დანადგარის კეთილსინდისიერ მფლობელად.
კასატორის აზრით, მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ს. ი-ის მიერ გამოგზავნილ 1999წ. 7 იანვრის წერილის საფუძველზე მიიჩნია, რომ ო. მ-ე არის სადავო დაზგა-დანადგარების მართლზომიერი მფლობელი. უპირველეს ყოფლისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ ო. მ-ე თანხის ანაზღაურებას ითხოვდა არა როგორც ნივთის მართლზომიერი მფლობელი, არამედ, როგორც მესაკუთრე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილი არ არის კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სსკ-ის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით შეუძლებელია. ზემოთ მითითებული წერილის ასლი შესრულებულია თურქულ ენაზე და თარგმნილია რუსულად და არა სამართალწარმოების ენაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თარგმანი არასრულფასოვანია და ჭირს მისი ზუსტი მნიშვნელობის დადგენა. თუ სასამართლო აღნიშნული მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნევდა, რომ ს. ი-მა შპს „ო-უს“ კუთვნილი სახერხი დაზგა-დანადგარები მიანდო ო. მ-ეს, მაშინ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, თვით ს. ი-ს „ო-გან“ მინიჭებული ჰქონდა თუ არა ასეთი სახის უფლებამოსილება. საქმეში წარდგენილი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამ მითითებულ გარემოებას, წარმოდგენილია სსკ-ის 135-ე მუხლის დარღვევით. ამასთან, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. ი-ი იყო შპს „ო-უს“ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, მაშინ გაუგებარია, რატომ იქნა უარყოფილი მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ მითითებული დანადგარი ქ-ის ქარხანაში ამანათად დევს.
სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრული და ობიექტურ განხილვას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული არ არის ის გარემოება, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იჯარის ხელშეკრულებით სახერხი შპს „ი-უს“ მიერ გადაეცა შპს „პ-ას“. ჯერ ერთი, იჯარის ხელშეკრულება, დადებული შპს „პ-ას“ და „ი-ს“ შორის, ხოლო, მეორეც, „პ-თვის“ ნივთის გადაცემა, არ ნიშნავს ო. მ-ისათვის ნივთის გადაცემას.
სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, ახალ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებულია შემთხვევა, როდესაც მოდავე მხარე თავს ნივთის მფლობელად მიიჩნევს. ო. მ-ის მოთხოვნა კი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ იგი სადავო ნივთის მესაკუთრე იყო. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ო. მ-ეს მისი მოთხოვნა არ შეუცვლია, ამიტომ სასამართლოს აღნიშნული მუხლი არ შეეძლო გამოეყენებინა.
პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი, სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა დააზუსტოს ო. მ-ის მოთხოვნა, ამასთან მხარეთა უფლებები სადავო ნივთის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ქ-ის წარმომადგენლის, ი. ზ-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.