დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 01.12.2005
საქმის ნომერი
ას-696-976-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-696-976-05 1 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა და ვალის აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ო. ბ-ის მიმართ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფისა და ვალის აღიარების თაობაზე.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1987 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1988 წელს _ ო. ბ-ი, და 1989 წელს _ ლ. ბ-ი. თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა, მდებარე ქ. გორში, .... გამზირის ¹53\3-ში, რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ო. ბ-ის სახელზე.

ოჯახური უთანხმოების გამო ისინი დაშორდნენ და მოსარჩელე ორ შვილთან ერთად იძულებული შეიქმნა საცხოვრებლად გადასულიყო სხვაგან. ფ.ც-მა სარჩელში მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებიდან 2\3-ის გამოყოფა საკუთრების უფლებით.

მესამე პირმა ნ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ო.ბ-ისა და ფ.ც-ის მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ მან ო.ბ-სა და ფ.ც-ს 1994 წელს ბინის შესაძენად ასესხა 8000 აშშ დოლარი, რაც მათ არ დაუბრუნებიათ. მოსარჩელემ მოითხოვა 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მის სასარგებლოდ ო.ბ-ისა და ფ.ც-ის თანასაკუთრებაში რიცხული ქონებიდან.

ფ.ც-მა მესამე პირის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნ.შ-ე მისი მულია (მეუღლის და) და არც მას და არც მის მეუღლეს ო.ბ-ის ბინის შესაძენად სესხი არ აუღიათ. ბინა საკუთარი სახსრებით შეიძინეს.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ფ.ც-ს ქ.გორში, ... მდებარე ო. ბ-ის სახელზე რიცხული ბინიდან საკუთრების უფლებით გამოეყო 2\3 საცხოვრებელი და დამხმარე ფართი. ნ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ო.ბ-ს დაეკისრა მის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ო.ბ-მა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ.ც-ი 1987 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში ო.ბ-თან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ო.ბ-ი და ლ.ბ-ი. თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა ქ. გორში, ..., რომელიც საკუთრების უფლების ირიცხებოდა ო.ბ-ის სახელზე. სკ-ის 1158-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას. სკ-ის 1168-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხადოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები. საქმის მასალებში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან. ასეთ პირობებში რაიონულმა სასამართლომ სწორად განუსაზღვრა მოსარჩელეს თანასაკუთრებიდან წილი 2\3-ის ოდენობით.

რაც შეეხება აპელანტის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლეთა კუთვნილი ვალი უნდა გაიყოს თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად, არ იქნა გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილია 1994წ. 26 ივლისით დათარიღებული ე.წ. “აქტი”, რომელზედაც დამყარდა აპელანტის მოთხოვნა. ბინის წინა მესაკუთრეების _ ჭ-ისა და ა-ის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მათ საკუთრებაში არსებული სადავო ბინა მიჰყიდეს ო.ბ-ს. ბინის გამყიდველები ხელწერილით ადასტურებენ, რომ ბინის საფასური _ 8000 დოლარი მათ გადასცა ნ.შ-ემ, რომელმაც ზემოაღნიშნული თანხა ასესხა ო.ბ-ს. აპელანმა დაადასტურა აღნიშნული ფაქტი. სხვა რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, აღიარება არის ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არსებობისდადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მოპასუხის ო.ბ-ის მიერ ვალის აღიარება არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს მეორე მოპასუხის _ ფ.ცალანის მიმართაც, რომელიც უარყოფს ნ.შ-ისაგან თანხის სესხების ფაქტს. საქმეში კი სხვა მტკიცებულება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ო.ბ-ს კანონის შესაბამისად დაეკისრა თანხის გადახდა.

ო.ბ-მა გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს 2005წ. 10 მარტისგანჩინება. კასატორის აზრით, აღნიშნული განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ უკანონოდ მიაკუთვნა მოსარჩელე ფ.ც-ს თანასაკუთრებიდან 2\3 მაშინ, როცა შვილები ცხოვრობენ ო.ბ-თან და იმყოფებიან მის კმაყოფაზე, ხოლო რაც შეეხება ვალის დაკისრებას მხოლოდ ო.ბ-ისათვის, გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია.

საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 131-ე მუხლი და არ გამოიყენა სკ-ის 1169-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მეუღლეთა თანასაკუთრებაში ფ.ც-ის წილი 2/3-ით. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი შვილები – ო. და ლ. ბ-ები ცხოვრობენ დედასთან. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორი მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობენ, მაგრამ არ მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებითაც აღნიშნული გარემოება დადასტურდებოდა. ამდენად, საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილი და ფ. ც-ს მეუღლეთა თანასაკუთრებასთან 2\3 მიაკუთვნა (იხ. წინა გადაწყვეტილება).

პალატა ასევე არ იზიარებს კასატორისმოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სსკ-ის 131-ე მუხლი და სკ-ის 1169-ე მუხლი. 131-ე მუხლის შესაბამისად, აღიარება არის ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ერთ-ერთი მოპასუხე ო.ბ-ის მიერ რაიმე გარემოების აღიარება არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს მეორე მოპასუხის _ ფ.ცალანის მიმართაც. ფ.ცალანი უარყოფს ნ.შ-ისაგან სესხის აღების ფაქტს და არც სხვა რაიმე მტკიცებულებაა საქმის მასალებში, რომელიც ფ.ც-ის მიმართ ნ.შ-ის მოთხოვნის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ო.ბ-მა აღიარებით ფაქტობრივად ცნო ნ.შ-ის სარჩელი.

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ განაპირობებს მიეორე მოპასუხის მიმართაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 1169-ე მუხლი. აღნიშნული ნორმით, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ ვალი მეუღლეთა საერთო ვალია. ასეთ შემთხვევაში 1169-ე მუხლი არ გამოიყენება.

ამდენად, საკასაციო საჩივარიდაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.