გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 24.10.2005
საქმის ნომერი
ას-719-1359-03
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ას-719-1359-03 24 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ო., ქ., მ. ბ-ებისა და ნ. წ-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რეალურად გამოეყო ქ. თბილისში, ....... მდებარე საცხოვრებელი ფართის 74,06 კვ.მ ¹4, ¹5, ¹13 და ¹14 ოთახები. ნ. მ-ი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ¹13 და 14 ოთახებში, ხოლო დანარჩენი ფართი წლების განმავლობაში დაკავებული აქვთ მოპასუხეებს, რომლებიც ყოველთვიურად იხდიდნენ ბინის ქირას. მოსარჩელის განმარტებით, დედის გარდაცვალების შემდეგ ნ. მ-თან საცხოვრებლად გადავიდა მისი ძმა თავის ოჯახთან ერთად, რის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული ორი ოთახი ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად საკმარისი არ იყო. ნ. მ-მა აღნიშნა, რომ, არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხეები მის კუთვნილ ფართს არ ათავისუფლებენ. ამდენად, სკ-ის 559-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 562-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ მოითხოვა დაკავებული ფართიდან მათი გამოსახლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ მხარეებს შორის არსებობს საცხოვრებელი სადგომის დათმობით წარმოშობილ ურთიერთობები და დავაც მხოლოდ ამ კანონით უნდა მოწესრიგდეს.

ქ. თბილისის კრწანისის-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ო. ბ-ს, ნ. ბ-ს, ქ. და მ. ბ-ებს შეუწყდათ მფლობელობა და გამოსახლებულ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ. მ-ის სახელზე რიცხული პირველ სართულზე განთავსებული ¹4 და ¹5 ოთახებიდან და დამხმარე სათავსებიდან შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობა და მოწინააღმდეგე მხარის გამოსახლებისას გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო სკ-ის 562-ე მუხლი. ამასთან, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ უნდა გამოეყენებინა “საცხოვრებელი ადგილით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, ხოლო ამ კანონის სხვა ნორმები არ ითვალისწინებენ მესაკუთრის ვალდებულებას სარგებლობის შეწყვეტისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა უნდა გადაწყდეს სკ-ის იმ მუხლების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებს მფლობელისა და მესაკუთრის უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, ამ კოდექსის 168-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2, კერძოდ, ¹4 და ¹5 ოთახები პირველ სართულზე, რომლითაც სარგებლობს მოპასუხეთა ოჯახი, ხოლო ¹13 და ¹14 ოთახები მეორე სართულზე ეკუთვნის ნ. მ-ს, რითაც თვითონვე სარგებლობს. სადავო ფართი აშენებულია 1910 წელს და საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რაც შეუძლებელია მოპასუხეთა გამოსახლების გარეშე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 168-ე მუხლით და მიიჩნია, რომ, მართალია, მოპასუხეები სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელები არიან, ნ. მ-ს მათთან შედარებით ფლობის უკეთესი უფლება გააჩნია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო., ქ., მ. ბ-ებისა და ნ. წ-ის წარმომადგენელმა ვ. ნ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 106-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით მოპასუხეები ცნობილ იყვნენ სადავო ოთახების მოსარგებლეებად, რა დროსაც სასამართლო დაეყრდნო კანონს “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”. მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების არსებობის ფაქტი, კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამაც დაადასტურა. ვ. ნ-ემ მიუთითა სკ-ის მე-2 მუხლზე და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ზემოხსენებული კანონის მხოლოდ კონკრეტული მუხლები და არა მთლიანად კანონი. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მისი მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. განსახილველ შემთხვევაში ოთხ სულზე მოპასუხეებს უკავიათ 32 კვ.მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია რაიმე ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: ქ. თბილისში, ...... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2, კერძოდ, ¹4 და ¹5 ოთახები პირველ სართულზე, რომლითაც სარგებლობს მოპასუხეთა ოჯახი, ხოლო ¹13 და ¹14 ოთახები მეორე სართულზე ეკუთვნის ნ. მ-ს და სარგებლობს თვითონვე. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-5 მუხლი სარგებლობის შეწყვეტის შესახებ და საკითხის მოწესრიგებას სპეციალური კანონის სხვა ნორმები არ ითვალისწინებს, დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის ნორმები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური კანონი არსებობს, ამ ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები მხოლოდ სპეციალური კანონით შეიძლება მოწესრიგდეს.

სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოწესრიგებისას ასევე არასწორად განმარტა სკ-ის 168-ე მუხლი. აღნიშნული ნორმით დადგენილია ნივთის მფლობელობის შეწყვეტა მესაკუთრის დასაბუთებული პრეტენზიის გამო მხოლოდ ამავე კოდექსის 165-ე-167-ე მუხლებით გათვალისწინებული ნივთის მფლობელობითი ხანდაზმულობის დროს, რაც მოცემულ შემთხვევას არ მიესადაგება.

სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ შეუფასებია თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 14 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რითაც დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის შესაბამისად, უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ და საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო., ქ., მ. ბ-ებისა და ნ. წ-ის წარმომადგენელ ვ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.