დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-720-990-05 20 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოსარჩელე ნ. ნ.-მ მოპასუხეების: კომპანია „მ.-ისა“ და კომპანია „ო.-ის“ მიმართ და მოითხოვა თავის სასარგებლოდ თავისი ქონების გამოყენებისათვის 26 თვის საფასურის სახით 65.000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა (გადახდის დღის კურსით). მიწის ნაკვეთის გამოყენებისათვის სულ მოსარჩელე ითხოვდა 265.000 აშშ დოლარის გადახდას.
სარჩელის თანახმად, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მშობლები და დეიდა აღიარებული არიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად, როგორც ქ.თბილისში, ... მდებარე ნივთზე უფლებაჩამორთმეულნი. აღნიშნული გადაწყვეტილების და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ადღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ“ უკუძალის მქონე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეპრესირებულებად აღიარებულ მის მშობლებს აღუდგათ დარღვეული პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში დაცული სამოქალაქო უფლებების სახით, რომელშიც თავისთავად 21-ე მუხლით დაცული და გარანტირებული უფლებაც შედის, 2000წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე და მისი ნათესავები ცნობილი არიან ამ ქონებაზე რეაბილიტირებულ პირთა მემკვიდრეებად, მათ მემკვიდრეობით მიიღეს აღდგენილი სამოქალაქო უფლებები, სამკვიდროც გახსნილია. მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს ამ ნივთიდან შემოსავლების მიღების კანონიერი უფლებაც.
როგორც მოსარჩელისათვის გახდა ცნობილი, სასტუმრო „მ.-ის“ შენობა შეჭრილია მის მიწის ნაკვეთზე და მიტაცებული აქვს მოსარჩელის 70 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (რაც დასტურდება 1879წ. მიწის სახელმწიფოსაგან გამოსყიდვის სანოტარო აქტით, ...-ის სახელობის ...-ის ინსტიტუტის 2000წ. 31 მაისის ¹04-03-75/249 ცნობით, ტექბიუროს 2001წ. 22 ოქტომბრის ¹ად-746 წერილითა და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობის ადგილზე შედარებით). სკ-ის 157-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვივდრებელთან. ამდენად, 70 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე მოპასუხეებს გამოსყიდვის სამართლებრივი გზით მოსარჩელისაგან მოსაპოვებელი აქვთ უფლება, რისთვისაც მოპასუხეებისაგან მოითხოვა 20.000 აშშ დოლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით ის დღესდღეობით მისი საკუთრებიდან შემოსავლებს ვერ იღებს, რადგან კომპანია „ო.-მა“ („ო.-ი“) მოიპოვა სასტუმრო „მ.-ის“ ექსკლუზიური განკარვგის უფლება, ხოლო კომპანია „მ.-ი“ მოგვევლინა სასტუმრო „მ.-ის“ ოპერატორ კომპანიად, რომლებიც მოსარჩელე ნ.ნ.-ის საკუთრებას სასტუმროს ფუნქციონირებისათვის იყენებენ 2002წ. მარტიდან (მოწყობილი აქვთ სასტუმროს ავტოსადგომი).
მოპასუხეთა მიერ წერილობითი შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი. მათი წარმომადგენლის ზეპირი განმარტებით: მოსარჩელემ უნდა წარუდგინოს სასამართლოს სადავო ფართზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. მხოლოდ ფართის მესაკუთრეს შეუძლია მის საკუთრებაში არსებული ფართის სარგებლობისათვის მოითხოვოს თანხის დაკისრება.
მოპასუხეებმა აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ნაკვეთის მესაკუთრეს ამჟამად წარმოადგენს შპს “ჯ.-ი”, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალააქო კოდექსის 312-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოსარჩელემ სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ შეძლო საწინააღმდეგო პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამასთან, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხეების შეცვლაზე სათანადო მოპასუხით.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ნ.-ის წარმომადგენელმა ზ. ი.-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 249-ე, მე-200, 207-ე და 248-ე მუხლების მოთხოვნები. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მოპასუხე “ო.-ის” ნაწილში უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მიუხედავად იმისა, რომ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა უწყებები. კოლეგიამ არ გაითვალისწინა სსკ-ის 266-ე მუხლის მოთხოვნა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგების შესახებ, ვინაიდან არ გაითვალისწინა მის მიერ წარმოდგენილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილია შესაბამისი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს, მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობას და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი და შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას ამ მუხლის პირველი ნაწილითა და „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას. ამ მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან როდესაც საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით კი საქმის განმხილველ შემადგენლობას მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს დიდ პალატას, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკისათვის, საქმის სირთულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ნორმის ახლებურ განმარტებას და თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას.
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე არ განეკუთვნება ზემოთ მითითებულ საქმეთა კატეგორიას, ანუ იგი არ წარმოადგენს განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეს. მოცემულ შემთხვევაში ნ. ნ.-ის სარჩელი სასამართლოს მიერ არ არის შეფასებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, როგორც ეს მითითებულია შუამდგომლობაში, არამედ საპროცესო სამართლებრივი ნორმებით. აღნიშნული ნორმების საფუძველზე კი საქმეში მითითებული მხარის სათანადოობის დადგენა სამი მოსამართლის მიერ არ უკავშირდება განსაკუთრებულ სირთულეებს. ამდენად პალატა მიზანშეუწონლად მიიჩნევს აღნიშნული საქმის განსახილველად დიდი პალატისათვის გადაცემას.
ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აზრს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობა შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა ან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 230-ე მუხლის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელია დაფიქსირდეს მოპასუხის გამოუცხადებლობა (რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით) და მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სასამართლოს სხდომაზე ასეთი შუამდგომლობა დაყენებული არ ყოფილა, ხოლო ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, შესაგებლის შემოუტანლობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გათვალისწინებული არ არის საპროცესო კანონმდებლობით.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სსკ-ის 407-ე მუხლი დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს საკასაციო სასამართლოს გარდა რომელიმე ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამდენად, საოლქო სასამართლო მითითებული დავის განხილვისას ვერ იხელმძღვანელებდა მითითებული ნორმით.
საოლქო სასამართლოს კოლეგიამ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია თვითონ მოსარჩელის მიერაც სასამართლოს სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს, თანახმად სსკ-ის 85-ე მუხლისა, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. როგორც საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმიდან ირკვევა, მოსარჩელემ უარი განაცხადა საქმეში მონაწილე მხარის შეცვლაზე. სასამართლო ამავე ნორმის თანახმად, თავისი გადაწყვეტილებით უარს ამბობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ასეთ შემთხვევაში სარჩელი არ კმაყოფილდება არა მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სარჩელში მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად, არამედ საპროცესო ნორმების საფუძველზე. ბუნებრივია, როდესაც მხარეს უფლება არ აქვს, მოსთხოვოს მის მიერ დასახელებულ მოპასუხეს სარჩელში მითითებული მოთხოვნის შესრულება, შეუძლებელია სასამართლომ დავის განხილვისას იმსჯელოს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებაზე და სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენასა თუ არდადგენის ფაქტზე, როდესაც სარჩელზე პასუხისმგებელი მხარე რეალურად არ მონაწილეობს დავაში.
კასატორი სასარჩელო განცხადებაში უთითებს, რომ სასტუმრო „მ.-ის“ შენობა შეჭრილია მის მიწის ნაკვეთზე და მიტაცებულია მისი მიწის ფართი. სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით ითხოვს იგი მოპასუხისაგან ქირის გადახდევინებას. ამასთან, საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს, რომ მოპასუხეები დამქირავებლები და ქირავნობის უფლების შემძენი არიან. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია პირი, რომელიც ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ნივთს, შეიჭრას სხვისი მიწის ნაკვეთზე და მიიტაცოს იგი. ასეთი მოქმედების განხორციელება შეუძლია მხოლოდ იმას, ვინც ააგო სასტუმრო და ვის სახელზეცაა აღრიცხული საკუთრების უფლებით სასტუმრო და მიმდებარე მიწის ნაკვეთი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მხრიდან მონაწილეობდა კომპანია „მ.-ის“ წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ ამ ქონების მესაკუთრე “ჯ.-” ჯგუფია. აღნიშნული არ იქნა უარყოფილი თვით მოსარჩელის მიერ. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, გამოეყენებინა სსკ-ის 85-ე მუხლის დებულებები.
სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული საპროცესო სამართლის ნორმები დარღვეულიც რომ იყოს, კოლეგიის მიერ სწორადაა გამოყენებული სსკ-ის 85-ე მუხლი და აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით მიღებულია სწორი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.