დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 21.09.2006
საქმის ნომერი
ას-802-1066-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-802-1066-05 21 სექტემბერი, 2006 წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. მ-იამ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ჯ. და კ. პ-შვილების მიმართ და განმარტა, რომ 1984 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ჯ. პ-შვილთან. მათი ქორწინება რეგისტრირებულია ზესტაფონის რაიონის სოფ. ... სასოფლო აღმასკომში. ქორწინების დღიდან მან, როგორც კომლის წევრმა, სამეურნეო და საოჯახო საქმიანობა დაიწყო თავისი დედამთილის - ჟ. პ-შვილის კომლში. მათი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, თუ რძალი მონაწილეობას მიიღებდა შრომითი და ფულადი სახსრებით სახლის კეთილმოწყობასა და მშენებლობაში, გახდებოდა საერთო საკუთრების მოწილე. მართლაც, მთელი მისი შემოსავალი, კერძოდ, ხელფასი (იგი მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში) ხმარდებოდა სადავო საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დამთავრებასა და კეთილმოწყობას. სწორედ მისი მონაწილეობით სადავო საცხოვრებელი სახლის პირველ და მე-2 სართულზე დააგეს იატაკი, ყველა ოთახში ჩასვეს კარ-ფანჯრები, სახლის უკანა მხარეს გააკეთეს აივანი, გადახურეს ალუმინით, ეზოს შემოავლეს რკინის ღობე. აღნიშნულის გამო’ მისი ქონებრივი უფლებები ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელზედაც მისმა, აწ გარდაცვლილმა დედამთილმა გასცა ანდერძი. მოპასუხე ჯ. პ-შვილთან შვილი არ შესძენია, სწორედ ამის გამო დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მისი ქმარი დაუკავშირდებოდა ისეთ ქალს, რომელიც ბავშვს გააჩენდა და მათ მისცემდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მოპასუხემ ბავშვი თავის დედიანად მოიყვანა სახლში, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. მეორე მოპასუხე კ. პ-შვილი მისი მაზლის შვილია. აწ განსვენებულმა მისმა დედამთილმა ანდერძით მიწის ნაწილი ამ უკანასკნელს დაუტოვა. მოსარჩელის განმარტებით, მას და ჯ. პ-შვილს თანასაკუთრებაში ჰქონდათ რაიონში მდებარე ოროთახიანი ბინა, რომელიც 2 200 ლარადაა შეფასებული. აღნიშნული ბინა მოსარჩელის სახელზე ირიცხება, იგი თანახმაა ამ ბინიდან იდეალური 1/2 მიეკუთვნოს, ხოლო სოფ. ... მდებარე მოპასუხის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე კი – სასამართლომ იგი თანამესაკუთრედ უნდა ცნოს და მიაკუთვნოს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის იდეალური 1/3. მოსარჩელემ მოითხოვა 2001წ. 9 ივლისის ანდერძისმიერი მემკვიდრობის მოწმობის უფლების გაუქმება და თანამესაკუთრედ ცნობა სოფ. ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე. შემდგომში რაიონულ სასამართლოში მან დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხე ჯ.პ-შვილისათვის სოფ. ...ში მდებარე სადავო სახლის საბაზრო ღირებულების 6 200 ლარის ერთი მესამედის 2 068 ლარის დაკისრება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. მ-იას სარჩელი და მოპასუხე ჯ. (ჯ.) პ-შვილს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2068 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელეს გამოეყო ქ. ზესტაფონში, ... მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის ½ იდეალური წილი. ამავე სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ. პ-შვილის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. პ-შვილმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 7 მაისის განჩინებით ჯ. პ-შვილის სააპელაცო საჩივარი დატოვა განუხილველი. ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჯ. პ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. სააპელაციო პალატამ 2004წ. 18 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 სექტემბრის განჩინებით ჯ. პ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 მაისის განჩინება, მისი სააპელაციო საჩივარი ჩაითვალა წარმოებაში მიღებულად და განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის განჩინებით ჯ.პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2004წ. 9 თებერვლის განჩინება და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-იას სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ იგი ნამდვილად იყო აწ გარდაცვლილი მოანდერძის - ჟ. პ-შვილის კომლის წევრი, რადგან მიიჩნია, რომ კომლის მთლიანი ქონების ერთადერთ კანონიერ მესაკუთრეს სწორედ ჟ. პ-შვილი წარმოადგენდა (ის იყო კომლის ერთადერთი წევრი), ამდენად, მის მიერ გაცემული ანდერძით მან სწორედ თავისი ქონება განკარგა, იყო რა საამისოდ უფლებამოსილი პირი. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 1345-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც’ «მოანდერძე შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი, პირი, რომელსაც ანდერძის შედგენის მომენტისათვის შეუძლია გონივრულად განსაჯოს თავისი მოქმედება და გამოხატოს თავისი ნება».

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-იამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 1323-ე მუხლი, რადგან მხარეები კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრეები იყვნენ; ასევე არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 1344-ე მუხლი, რადგან სადავო ქონება – საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა მხოლოდ ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, ანდერძის საგანი არის საკომლო ქონება. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 1345-ე მუხლი, რადგან დავა არ წამოჭრილა მოანდერძის ქმედუნარიანობასა და გონივრულობაზე. ანდერძი იყო მართლსაწინააღმდეგო, რომელმაც შელახა კომლის წევრობის სამართლებრივი სტატუსი და მოსარჩელის, როგორც კომლის წევრის უფლებაც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი. მ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი ჟ. პ-შვილი ცხოვრობდა ზესტაფონის რაიონის სოფ. ... და მისი კომლი შედგებოდა 1 სულისაგან _ ჟ. პ-შვილისაგან.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ჯ. პ-შვილი (მოსარჩელე ი. მ-იას მეუღლე) 1970 წლიდან აღარ წარმოადგენდა ჟ. პ-შვილის კომლის წევრს და ამოწერილი იყო საკომლო წიგნიდან.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე (კასატორი ი. მ-ია) მოპასუხე ჯ. პ-შვილთან რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა 1984 წელს, ხოლო ჯ. პ-შვილი ამ დროისთვის უკვე აღარ იყო კომლის წევრი.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებულ უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ 1964წ. 26 დეკემბრის სკ-ის 122-ე მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით (ამ კოდექსის 112-ე მუხლი).

ამავე კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავს უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ მას სამიწ. განმავლობაში ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კომლის წევრი არ მონაწილეობდა მეურნეობის წარმოებაში ვადიან სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლებელში სწავლის ან ავადმყოფობის გამო.

კასატორმა სააპელაციო სასამართლოში ვერ დაადასტურა, რომ მისი მეუღლე ჯ. პ-შვილი მასთან ქორწინების პერიოდში წარმოადგენდა ამ კომლის წევრს, რომ ის მუდმივად იღებდა მონაწილეობას კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში შრომით ან თავისი სახსრებით. ამასთან დაკავშირებით კასატორი ვერ უთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც გამოიწვია მისი მოთხოვნის დასადასტურებლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების უგულებელყოფა და, შესაბამისად, არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. მ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.