გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 21.12.2005
საქმის ნომერი
ას-816-1097-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.12.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-816-1097-05 21 დეკემბერი, 2005 წ.,ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ.გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ნ-ემ და მ. ს-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე ჩაქვის აგროსამრეწველო კომბინატის მიმართ და მოითხოვეს უკანონოდ ჩამორთმეულ მიწის ნაკვეთზე მოკრეფილი ციტრუსისა და ნარგავების ღირებულების _ 5292 რუსული რუბლის ანაზღაურება. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს ი.ნ-ისა და მ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5292 მანეთი და სახელმწიფო ბაჟი 1158 მანეთი, სულ _ 6450 მანეთი, რაც მოსარჩელეებს არ მიუღიათ ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო.

1993 წლის 19 იანვარს, მოსარჩელე მ. ს-ემ და ი. ნ-ემ წერილობით მიმართეს მოპასუხე ჩაის აგროკომბინატს და წარუდგინეს სასამართლოს გადაწყვეტილება 6450 მანეთის დაკისრების შესახებ. სააღსრულებლო ფურცელთან ერთად კომბინატის ხელმძღვანელობამ აღნიშნული თანხა ¹35 საგადასახადო დავალებით ჩაურიცხა სს ,,საქართველოს ...ის” ქობულეთის ფილიალს, სადაც მას ანგარიში ჰქონდა გახსნილი, ხოლო ამ უკანასკნელს ეს თანხა უნდა გადაერიცხა ქობულეთის ბინსოცბანკში ქობულეთის რაიონულ სასამართლოს ანგარიშზე. მოსარჩელეების მოთხოვნის მიუხედავად, სადავო თანხა მათ ვერ მიიღეს, რის გამოც 1998 წლის 14 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქობულეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს, სს ,,საქართველოს ...ის” ქობულეთის ფილიალს დაკისრებოდა 11120 აშშ დოლარი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: სს ,,საქართველოს ...ის» ქობულეთის ფილიალს ი.ნ-ისა და მ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11120 აშშ დოლარის გადახდა.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სს «ს-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ნ-ისა და მ.ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სს «ს-ს» მათ სასარგებლოდ დაეკისრა 8153 ლარი და მგზავრობის ხარჯების _ 600 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. ს-ისა და ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ მოპასუხე ჩაქვის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატს მათ სასარგებლოდ დაეკისრა 6450 მანეთი. მოსარჩელე მხარის მიერ კანონიერ ძალაში შესული აღნიშნული გადაწყვეტილება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი 1993 წლის იანვარში შესასრულებლად წარედგინა მოპასუხე ორგანიზაციას, რომელმაც დასახელებული თანხა _ 1993 წლის 19 თებერვლის ¹35 საგადასახადო დავალებით ამავე წლის 1 აპრილს ჩაურიცხა სს „საქართველოს ...ის“ ქობულეთის ფილიალს. აღნიშნული თანხა მოსარჩელეებს დღემდე არ მიუღიათ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჩაქვის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატმა1993 წლის 19 თებერვალს ბანკში წარადგინა საგადასახადო დავალება და, ვინაიდან კომბინატს ფული არ ჰქონდა ანგარიშზე, თანხის გადაირიცხვა 1993 წლის 7 ივნისს. სს „ა-ის“ აჭარის რეგიონალური ფილიალის მმართველის მიერ 1999 წლის 19 მარტს გაცემული ¹14247 წერილის თანახმად, სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე მოქალაქე ი. ნ-ეს ჩაურიცხა თანხა. 1993 წლის 18 ივნისს ...ის ქობულეთის განყოფილებამ ბინსოცბანკის ქობულეთის განყოფილებას ¹870 ანგარიშზე ჩაურიცხა საერთო თანხა 920,416-68, ფულის სახეობა მითითებული არ არის. ზემოთ დასახელებული დავალებით ჩაქვის ... კომბინატმა თანხა გადარიცხა 1993 წლის 1 აპრილს, რაც დასტურდება კომბინატის მაშინდელი დირექტორ ი.წ-ის მიერ აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 15 თებერვლის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებითა და 2003 წლის 8 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად.

ამდენად, კომბინატმა სადავო თანხა ბანკს ჩაურიცხა 1993 წლის 1 აპრილს, ბანკმა კი ბინსოცბანკში გადარიცხა 1993 წლის 18 ივნისს. ამასთან, გადარიცხვა მოხდა საერთო თანხისა, სადაც გაშიფრული არ არის მასში შემავალი თანხების კუთვნილება ოდენობის მიხედვით და საეჭვოა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მითითებულ თანხაში შედიოდა ი. ნ-ესა და მ. ს-ეზე გასაცემი ფულის ოდენობა. ქობულეთის რაიონული სასამართლოს სხდომაზე ბინსოცბანკის მაშინდელმა მმართველმა თ.რომანაძემ განმარტა, რომ მათ ბანკში ი.ნ-ისა და მ.ს-ის სახელზე თანხები საერთოდ არ ჩარიცხულა. სასამართლოს აღმასრულებელ კ.კ-ის განმარტებით კი სადეპოზიტო წიგნში ი.ნ-ის სახელზე არავითარი თანხა არ არის გატარებული. საქმეში მოიპოვება ქობულეთის რაიონული სასამართლოს სადეპოზიტო თანხების აღრიცხვის წიგნის ამონაწერები დეპოზიტზე არსებული თანხების შესახებ, სადაც ი.ნ-ისა და მ.ს-ის სახელზე თანხები არ ირიცხება. ჩამონათვალში ბოლო ნომრად მითითებული არის 1993 წლის 7 ივნისის მდგომარეობით ქობულეთის ბინსოცბანკსა და 6454.00 მანეთზე, რომელიც ჩასწორებულია. ამ პერიოდში საქართველოში საგადამხდელო საშუალებად შემოღებულ იქნა კუპონი, რასაც მოჰყვა საყოველთაოდ ცნობილი ფულის ინფლაცია და ქართული ფულის – ლარის გამოშვება. მოსარჩელეებზე თანხის გაცემის დაყოვნებამ ფული გააუფასურა. მოდავე მხარე წლების განმავლობაში დაეძებდა მასზედ გადარიცხულ თანხას და საბოლოოდ, 1998 წელს განუცხადეს, რომ მათ მიერ მისაღები თანხა შეესაბამებოდა 0,5 თეთრს, რის გამოც მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მისი უფლებები დაირღვა, სადავო თანხის მიუღებლობით მიადგა გარკვეული ზიანი, რაზედაც სარჩელით მიმართა სასამართლოს, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ მას სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა არ გაუშვია. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ბრალით მიადგა ზიანი მოსარჩელეს, რადგანაც დადგენილია, რომ ჩაქვის ჩაის აგროკომბინატმა მოსარჩელის სახელზე თანხა ჩარიცხა კუპონის შემოღებამდე და თანხის ...ში დაყოვნების პერიოდში მას ინფლაცია არ განუცდია და ერთი კუპონი შეესაბამებოდა ერთ მანეთს. ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყანაში ინფლაცია დაიწყო 1993 წლის აგვისტოდან. საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საინკასო დავალებებს ბანკი მიიღებს ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების არსებობის მიუხედავად. ანგარიშსწორების ანგარიშზე სახსრების უკმარისობის შემთხვევაში დავალება აიღება კართოტეკაში და განაღდება მოხდება პირველ რიგში სახსრების შემოსვლის კვალობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, აღნიშნული საკითხი ანალოგიურად რეგულირდებოდა ადრე მოქმედი კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომბინატის მიერ 1993 წლის 19 თებერვალს წარდგენილი საგადასახადო დავალების შესასრულებლად თანხა გადაირიცხვა იმავე წლის 1 აპრილს. აღნიშნული წესებიდან გამომდინარე, ბანკი ვალდებული იყო, ჩაქვის ჩაის აგროკომბინატის მიერ 1 აპრილს ჩარიცხული თანხა დროულად გადაერიცხა დანიშნულებისამებრ. ადრე მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მოვალემ არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, იგი მოვალეა აუნაზღაუროს კრედიტორს ამით მიყენებული ზარალი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ზარალად ითვლება როგორც კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯები, ისე მისი ქონების დაკარგვა. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად კი პირი, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება ან არაჯეროვნად შეასრულა იგი, ქონებრივად პასუხს აგებს მაშინ, თუ მას ბრალი მიუძღვის. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ბანკის ბრალი თანხის დაყოვნებით გადარიცხვაში დადასტურებულია და მოპასუხის საწინააღმდეგო მოსაზრება მისი ბრალის არარსებობის შესახებ სასამართლომ არ გაიზიარა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც საფუძვლიანია.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა თანხის ოდენობის შესახებ, კერძოდ, მანეთის დოლართან ოფიციალური კურსით შეფარდებისა და მოპასუხე მხარეზე 11120 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში მიმდინარეობდა ინფლაცია. მართალია, ითვლებოდა, რომ დადგენილი იყო საბჭოთა დროინდელი ოფიციალური კურსი, მაგრამ ფაქტობრივად ქვეყანაში მოქმედებდა საბაზრო და კომერციული კურსები, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ფულის გაცვლა. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2001 წლის 1 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, „ეკონომიკური თვალსაზრისით რაიმე თანხის ეკვივალენტი დროის სხვადასხვა პერიოდისათვის დგინდება არა ამ თანხის უცხოურ ვალუტაზე გადაყვანით, არამედ საწყისი თანხის გადაანგარიშებით განვლილ პერიოდში მსყიდველობითი უნარიანობის ცვლილების (ინფლაციის) გათვალისწინებით, მაგრამ ასეთი გადაანგარიშების მოთხოვნაზე სასამართლოს არაერთი მიმართვის მიუხედავად, დეპარტამენტმა არ უპასუხა. ასევე, თანხის გადაანგარიშების თაობაზე განმეორებით ექსპერტიზაზე დასკვნა არ იქნა მიღებული.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაზიარებელია იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის აჭარის ა/რ ფილიალის გადაანგარიშება და მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის გადარიცხვის დაყოვნებით მიყენებული ზიანი 8153 ლარის ოდენობით. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გზის ხარჯების ანაზღაურების თაობაზეც სამართლიანია, რადგან მას მოცემული წლების განმავლობაში უწევდა გარკვეული ხარჯების გაწევა და ზემოთ მითითებულ ზიანთან ერთად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ დაკარგული თანხის ძიებაში გაწეული გზის ხარჯები 600 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს «ს-ის» გენერალურმა დირექტორმა გ. გ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო ტენდენციური იყო, რადგან მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევიათ. მოსარჩელეების მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სარჩელის შეტანის საბოლოო ვადა იყო 1996 წლის 19 თებერვალი, ხოლო ი.ნ-ემ და მ.ს-ემ სარჩელი შეიტანეს 1998 წელს.

საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო არაობიექტური იყო თანხის დაკისრების ნაწილში, რადგან არ გაითვალისწინა ცნობები საქართველოს ეროვნული ბანკიდან და სტატისტიკის სამმართველოდან სადავო პერიოდში მოქმედი სავალუტო კურსების შესახებ, საქართველოს სავალუტო ბაზარზე სავალუტო კურსების განმსაზღვრელ ერთადერთ ინსტიტუტს კი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. აღნიშნული ცნობების მიხედვით, 1993 წლის მდგომარეობით 6450 მანეთის კურსი არ აღემატება 10 აშშ დოლარს, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლომ იხელმძვანელა საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის აჭარის ა/რ ფილიალის ექსპერტის დასკვნით, რომელიც ასევე განმარტავს, რომ ინფლაციისა და სავალუტო კურსების შესახებ საკითხების გარკვევა არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და მათი გადაწყვეტა არ შედის ექსპერტის კომპეტენციაში.

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის 600 ლარის გზის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში უკანონოა, რადგან სასამართლომ მხოლოდ თავის შეხედულისამებრ განსაზღვრა თანხა და არ დაასაბუთა, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა სადავო თანხის ოდენობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველ საქმეში დავის საგანია ფულადი ვალდებულების შესრულება. მოსარჩელე მოპასუხე ბანკისაგან მოითხოვს იმ თანხის ანაზღაურებას, რაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს სადეზოზიტო ანგარიშზე საგადასახადო დავალების შესასრულებლად ჩაერიცხა. სასამართლომ დაადგინა, რომ ჩაქვის ჩაის აგროსამრეწველო კომბინატის მიერ 1993 წლის 19 თებერვალს ბანკში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე თანხის ჩარიცხვა მოხდა იმავე წლის 18 ივნისს ი. ნ-ის სადეპოზიტო ანგარიშზე. უდავოა, რომ სარჩელი აღძრულია 1998 წლის 14 ნოემბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ გაუშვია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა ამ გარემოების დამადასტურებელ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით. ამავე კოდექსის 80-ე მუხლით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლებით წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას არ მიუთითა კანონზე, რომლითაც იხელმძღვანელა, არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რატომ არ მიიჩნია მოთხოვნა ხანდაზმულად, აგრეთვე, არ დაადგინა, თუ როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო მოსარჩელეს დარღვეული უფლებების თაობაზე.

პალატა ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სავალუტო კურსის განმსაზღვრელია საქართველოს ეროვნული ბანკი და სადავო თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ცნობები. «საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის «ბ» ქვეპუნქტით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია, დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო მოსარჩელეს თავისი უფლების დარღვევის თაობაზე; იმ შემთხვევაში, თუ დავა არ იქნება მიჩნეული ხანდაზმულად, სასამართლომ სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე უნდა განსაზღვროს ზიანის ოდენობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.