გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-843-1095-04 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია
დავის საგანი: პატივისა და ღირსების დაცვა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ს. ს-ს, გაზეთ «.. ..ის» მიმართ და მოითხოვა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფა.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხე ს. ს-სთან. მათ შორის უთანხმოება დაიწყო 1988 წლიდან, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა იმ თანხის უკან დაბრუნება, რაც ჰქონდა ნასესხები. მოპასუხემ აღნიშნული თანხის არსებობა უარყო და დაიწყო მოსარჩელის შეურაცხყოფა. მოპასუხემ მას ხელი შეუშალა შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლის გაგრძელებაში; ინსტიტუტის დირექტორ გ. ბ-ის სახელზე გაგზავნილ განცხადებაში მას უწოდებს შანტაჟისტს, ცილისმწამებელს, ბრალს დებს კ.გამსახურდიას 250 ტომის გაყიდვასა და ფულის მითვისებაში; ს. ს-მ მოსარჩელეს გაზეთ „.. ..ა» და გაზეთ „მესამე ...» გამოქვეყნებულ წერილებში უწოდა გამომძალველი.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სარჩელს მოპასუხე ს. ს-ს მიმართ პატივის და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. კვირკვიამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დააკონკრეტა მოთხოვნა და მოითხოვა გაზეთ „.. ..ში» გამოქვეყნებული გამონათქვამების: „მას აწუხებს აკვიატებული აზრები», „იგი არის გამომძალველი» და „მას წაღებული აქვს კ. გ-ს 250 ტომი» უარყოფა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ დაევალა ს. ს-ს, გამოაქვეყნოს გაზეთ „.. ..ში», რომ იმავე გაზეთის 2000წ. 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ მისივე წერილში გამონათქვამი: „მ. კ-ს წაღებული აქვს მისგან კ. გ-ს 250 ტომი» არ შეეფერება სინამდვილეს.
აღნიშნული გამონათქვამის უარყოფა სასამართლომ დაადგინა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გაზეთ „.. ..ში» იმავე გვერდზე, იმავე ფორმით; მ. კ-ს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: გაზეთ „.. ..ში» 2000წ. 16 თებერვალს გამოქვეყნდა პარლამენტის წევრის, გაზეთ „XXI საუკუნის» მთავარი რედაქტორის, ს. ს-ს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მ. კ-ს აწუხებს აკვიატებული აზრი», იგი მოხსენებულია, როგორც „გამომძალველი». მოპასუხემ იქვე აღნიშნა, რომ მ. კ-ს წაღებული აქვს კ.გამსახურდიას 250 ტომი, რაზედაც ფული არ გადაუხდია და არც წიგნები დაუბრუნებია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ის მოსაზრება, რომ წერილში მითითებული გამონათქვამი: მ. კ-ს აწუხებს „აკვიატებული აზრი» და სასამართლომ გაამტყუნა იგი როგორც „გამომძალველი», უნდა ჩაითვალოს ისეთი ინფორმაციის და ცნობების გავრცელებად, რომელმაც შელახა მისი პატივი და ღირსება; პალატამ მიიჩნია, რომ ზემოთქმული გამონათქვამები არის მოწინააღმდეგე მხარის შეფასება აპელანტის ქმედებაზე, რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა მოწინააღმდეგე მხარისათვის ფულის სესხების შესახებ. ასევე, სასამართლოს მიერ მ. კ-ს სარჩელის უარყოფა, რომლითაც არ დადგინდა მ. კ-ს მიერ ს. ს-ზე ფულის სესხების ფაქტი, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეფასებულ იქნა როგორც გამომძალველის გამტყუნება.
სააპელაციო პალატამ მოპასუხის ის გამონათქვამი: „მ. კ-ს წაღებული აქვს კ.გ-ს 250 ტომი, რომელიც არ დაუბრუნა მან და არც მისი საფასური გადაუხდია», ჩათვალა ისეთი ინფორმაციის გავრცელებად, რომლითაც ბრალი ედება მას სხვის წიგნების მითვისებაში და აღნიშნული არ შეეფერება სინამდვილეს. საქმის მასალებით ვერ დასტურდება მ. კ-ს მიერ ზემოთქმული წიგნების მითვისების ფაქტი. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ გაზეთ „.. ..ში» გამოქვეყნებულმა ასეთმა ინფორმაციამ, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება, ხელყო აპელანტის პირადი არაქონებრივი უფლება _ მისი პატივი და ღირსება. სკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის უარყოფა უნდა მოხდეს იმავე საშუალებით, კერძოდ, გაზეთ „.. ..ის» მეშვეობით, რითაც მოხდა ზემოთმითითებული ინფორმაციის გავრცელება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის ის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტსა, თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის. რადგან, კონკრეტულ შემთხვევაში ს. ს-ს მიერ გაზეთ „.. ..ში» გამოქვეყნებული გამონათქვამი, რამაც შელახა მ. კ-ს პატივი და ღირსება, არ წარმოადგენს პარლამენტის წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმულ აზრს და შეხედულებას; ზემოთ მითითებულ გამონათქვამებში გავრცელებული მოსაზრებები შეეხება პარლამენტარის პირად ცხოვრებას.
მ. კ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებებზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს.
კასატორმა სარჩელით მოითხოვა ს. ს-ს მიერ მასზე გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების უარყოფა და მისგან ბოდიშის მოხდა. სააპელაციო პალატას ამ უკანასკნელზე საერთოდ არ უმსჯელია. გარდა ამისა, არა მარტო გაზეთ „.. ..ში» 2000წ. 16 თებერვალს გამოქვეყნებული წერილით შელახა კასატორის ღირსება ს. ს-მ, არამედ ... სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში გაგზავნილი განცხადებითა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციაში შეტანილი საჩივრითაც, რომლებშიც უწოდა შანტაჟისტი და დამნაშავე. თუმცა პოლიციის მიერ ს.ს-ს საჩივართან დაკავშირებით გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, ამ ფაქტებზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.
სააპელაციო პალატამ იურიდიულად არ დაასაბუთა, გაზეთ „.. ..ში» 2000წ. 16 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში ს.ს-ს მიერ კასატორის მისამართით ნათქვამი _ „გამომძალველი, რაც დაადასტურა სასამართლომ» _ რატომ არ არის მისი ღირსებისა და პატივის შემლახველი ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ.კ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა დაუშვებელია. კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს საკანონმდებლო აქტები ადგენს, როგორც მოსაზრებების, ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივისა და ღირსების დაცვის გარანტიებს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ.კ-მ სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის სხდომაზე მოითხოვა გაზეთ «.. ..ში» მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული გამონათქვამების უარყოფა, კერძოდ, მან რომ მიითვისა კ.გ-ს 250 ტომი; იგი გამომძალველი რომ არის და აწუხებს აკვიატებული აზრები. ამიტომ საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის შემდეგი მითითება: სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმის შესახებ, რომ ს. ს-მ მისი პატივი და ღირსება შელახა, ასევე, ... სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში გაგზავნილი განცხადებითა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ პოლიციაში შეტანილი საჩივრითაც, რომლებშიც იგი მოხსენიებულია როგორც შანტაჟისტი და დამნაშავე, თუმცა პოლიციის მიერ ს-ს საჩივართან დაკავშირებით გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
სსკ-ის 377-ე მუხლით განსაზღვრულია სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების შემოწმების ფარგლები; ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.კ-ს ზემოხსენებული მოტივის თაობაზე არ მიუთითებია არც სააპელაციო საჩივარში და არც სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივნისისა და 2 ივლისის სხდომაზე; რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად არ იმსჯელა აღნიშნულის თაობაზე.
გაზეთ «.. ..ში» 2000წ. 16 თებერვალს მოპასუხემ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მიუთითა, რომ მ. კ-მ « ...... წლების მანძილზე ჩემი ლანძღვით აიკლო სხვადასხვა ინსტანციები, ჩემი ახლობლები და ოჯახის წევრები. მას აწუხებს აკვიატებული აზრი _ თითქოს მისგან მესესხოს 500 აშშ დოლარი და არ ვუბრუნებ! ამის გამო ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც გაამტყუნა იგი, როგორც გამომძალველი». ს.ს-ს მიერ ამ სტატიაში მითითებული გამონათქვამი _ „მას აწუხებს აკვიატებული აზრი» და „სასამართლომ იგი გაამტყუნა როგორც გამომძალველი» _ სააპელაციო პალატამ არასწორად არ მიიჩნია მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. კ-ს, როგორც გამომძალველის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული და არც კანონიერ ძალაში შესული განაჩენია დადგენილი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. კ-ს სარჩელი ს. ს-ს მიმართ თანხის სესხების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარემ ეს შეაფასა მოსარჩელის აკვიატებულ აზრად, როგორც გამომძალველის გამტყუნება და ეს არ წარმოადგენს მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვას. საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.კ-ს ზემოთ მითითებულ სამოქალაქო სარჩელზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ იგი გამომძალველია, რადგან, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად, გამოძალვა სისხლის სამართლის დანაშაულია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. ს-ს შეფასებები მ. კ-ს მიმართ არ შეესაბამებასინამდვილეს, რის გამოც შეილახა მოსარჩელის პატივი და ღირსება.
სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. სკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქმის ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება, ამიტომ ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, რომლითაც მოპასუხის გამონათქვამები: «მას აწუხებს აკვიატებული აზრი», «სასამართლომ იგი გაამტყუნა როგორც გამომძალველი», სასამართლომ არ ჩათვალა მ.კ-ს პატივისა და ღირსების შელახვად და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. მ. კ-ს სარჩელი ს. ს-ს მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომლითაც მან მოითხოვა გაზეთ „.. ..ის» 2000წ. 16 თებერვლის ნომერში ს. ს-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილში გამონათქვამების: „მას აწუხებს აკვიატებული აზრები» და „იგი არის გამომძალველი» უარყოფა. ს. ს-ს უნდა დაევალოს, ასევე, გამოაქვეყნოს გაზეთ „.. ..ში», რომ იმავე გაზეთის 2000წ. 16 თებერვლის ნომერში მისივე წერილში მ. კ-ს მიმართ გამონათქვამები: „მას აწუხებს აკვიატებული აზრი» და „... ამის გამო ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგი გაამტყუნა როგორც გამომძალველი», არ შეეფერება სინამდვილეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. კ-ს სარჩელი ს. ს-ს მიმართ გაზეთ „.. ..ში» 2000წ. 16 თებერვლის ნომერში ს. ს-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილში მითითებული გამონათქვამების: „მას აწუხებს აკვიატებული აზრები» და „იგი არის გამომძალველი», უარყოფის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
მ. კ-ს სარჩელი ს. ს-ს მიმართ დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომლითაც მან მოითხოვა გაზეთ „.. ..ის» 2000წ. 16 თებერვლის ნომერში ს. ს-ს მიერ გამოქვეყნებულ წერილში გამონათქვამების: „მას აწუხებს აკვიატებული აზრები» და „იგი არის გამომძალველი», უარყოფა.
დაევალოს ს. ს-ს გამოაქვეყნოს გაზეთ „.. ..ში», რომ იმავე გაზეთის 2000წ. 16 თებერვლის ნომერში მისივე წერილში მ. კ-ს მიმართ გამონათქვამები: „მას აწუხებს აკვიატებული აზრი» და „... ამის გამო ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც იგი გაამტყუნა როგორც გამომძალველი», არ შეეფერება სინამდვილეს.
აღნიშნული გამონათქვამის უარყოფა მოხდეს საკასაციო პალატის გადაწყვეტილების ასლის ს. ს-სათვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში გაზეთ „.. ..ში» იმავე გვერდზე, იმავე ფორმით.
მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.