დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.01.2005
საქმის ნომერი
ას-844-1096-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-844-1096-04 28 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის მემკვიდრეობის ჩამორთმევა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ას წინააღმდეგ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ძ-ი გამოცხადდა გარდაცვლილად. იგი არის ა. ძ-ის არარეგისტრირებული მეუღლე. ჰყავთ ერთი შვილი, ვ. ძ-ი, რომელიც დაბადებიდან ცხოვრობდა მამკვიდრებელთან. მისმა შვილმა სამკვიდრო ვერ მიიღო, რადგან ა. ძ-ის რეგისტრირებულმა მეუღლემ სამკვიდროდან მოითხოვა წილი. მოსარჩელის განმარტებით, ა. ძ-სა და მოპასუხე ლ.ბ-ას ქორწინება მიზნად ისახავდა მხოლოდ მოპასუხის თბილისში ჩაწერას და არა ოჯახის შექმნას. აღნიშნული საფუძვლით, მოსარჩელემ მოითხოვა ა.ძ-სა და ლ.ბ-ას ქორწინების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა და მამკვიდრებლის არასრულწლოვანი შვილის, ვ. ძ-ის სამკვიდროს მიკუთვნება. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა მოპასუხისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა და სამკვიდროს არასრულწლოვანი ვ. ძ-ისათვის მიკუთვნება.

მოპასუხის წარმომადგენელმად სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, სკ-ის 1342-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ვინაიდან ქორწინების ბათილობა დაუშვებელია, შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა შეუძლებელია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ბ-ას ჩამოერთვა კანონით მემკვიდრეობის უფლება და კანონიერი მემკვიდრეობის წესით ა. ძ-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ მის დანაშთ ქონებაზე, მდებარე თბილისში, ..., ბინა ¹48-ზე, ცნობილ იქნა ქორწინების გარეშე შეძენილი არასრულწლოვანი შვილი _ 1991წ. 2 დეკემბერს დაბადებული _ ვ. ძ-ი.

აღნიშნულიგადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ამ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ა. ძ-ი ლ. ბ-ასთან ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა 1988წ. 1 მარტს. ა. ძ-ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მ. კ-თან, რომელთანაც შეეძინა შვილი, 1991 წელს დაბადებული, ვ. ძ-ი.

მ.კარაპეტიანის განცხადების საფუძველზე, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა. ძ-ი გამოცხადებულ იქნა გარდაცვლილად. სააპელაციო პალატამ, სკ-ის 22-ე და 1320-ე მუხლების შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ჩათვალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი, 2003წ. 26 მარტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, 2003წ. 9 ივნისს.

სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხესა და ა.ძუკაევას შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. მეზობლებს იგი არასოდეს უნახავთ და არც იცოდნენ, რომ ა.ძ-ს ჰყავდა მეორე ცოლი _ ლ. ბ-ა. ა.ძ-ი 1990 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობდა მ. კ-თან. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად განმარტა სკ-ის 1341-ე მუხლი, რომლის თანახმად, მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა ერთ-ერთ მეუღლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წ.ა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, სწორად ჩამოართვა მოპასუხეს მემკვიდრეობის უფლება.

აღნიშნული საფუძვლებით, სააპელაციო პალატამ 2004წ. 9 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ლ.ბ-ას სააპელაციო საჩივარი. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ამ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. არასწორად გამოიყენა სკ-ის 1341-ე მუხლი, რადგან იგი ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იყო მამკვიდრებელთან, მიიღო სამკვიდრო, რის გამოც მთლიანი ბინა არ უნდა გადაეცათ მისი შვილისათვის. გარდა ამისა, მამკივდრებელს ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე, მამა - ყაზბეგ ძუკაევი, რომელსაც ასევე მიღებული აქვს სამკვიდრო, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინადა მთელი დანაშთი ქონება მიაკუთვნა შვილს.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს სასამართლოში აწარმოებდა ადვოკატის მეშვეობით, რომელმაც, მისი აზრით, შეგნებულად აუარა გვერდი ზემოთ აღნიშნულ გარემოებებს, რამაც სავალალო შედეგამდე მიიყვანა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მ. კ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი ამცირებს მოთხოვნას გარდაცვლილის მამის - ყაზბეგ ძუკაევის სასარგებლოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ლ. ბ-ასა და ა. ძ-ს შორის ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო ქორწინება. ა.ძ-ი 1990 წლიდან ფაქტობრივად ცხოვრობდა მ. კ-თან, რომელთანაც შეეძინა შვილი, 19.... წელს დაბადებული ვ. ძ-ა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქოსაპროცესო კოდექსის 407-ე მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებასა და მტკიცებულებაზე, რომელიც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სკ-ის 1341-ე მუხლი. ამ ნორმის მიხედვით, მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა ერთ-ერთ მეუღლეს, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ, სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებები შეაფასა სრულად და ობიექტურად, რის შედეგადაც გამოიტანა სწორი დასკვნა ლ. ბ-ასათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის შესახებ. რაც შეეხება, მ.კ-ის წარმომადგენლის განცხადებას, ყაზბეგ ძუკაევის სასარგებლოდ მოთხოვნის შემცირების შესახებ, აღნიშნული ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, რადგან მოცემულ საქმეზე ყ. ძ-ი არ წარმოადგენს მხარეს. მხარედ საქმეში ჩაბმულია ლ.ბ-ა, რომლის მიმართაც მოწინააღმდეგე მხარეს მოთხოვნა არ შეუმცირებია.

კასატორის მითითება, რომ სასამართლომ არ იმსჯელა გარდაცვლილის მამისათვის მემკვიდრეობის მიკუთვნების თაობაზე, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დისპოზიციურობის პრინციპზეა აგებული. უფლების დასაცავად სასამართლოში მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის არა აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 9 ივლისი განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.