შეწყდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-885-1181-05 25 ივლისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, ბინიდან გამოსახლება და საოჯახო ნივთების დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
გ. გ-ურმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ჭ-ძის მიმართ, სადაც განმარტა, რომ გ. ჭ-ძისაგან შეიძინა ქ.თბილისში, ... მდებარე ბინა ¹59. მესაკუთრეს გადაუხადა ბინის ღირებულება მოპასუხის თანდასწრებით, მაგრამ გადაფორმება ვერ მოასწრო, რადგან მოულოდნელად გარდაიცვალა გ. ჭ-ძე. გ. გ-ურმა სარჩელით მოითხოვა გ. ჭ-ძესთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ურსა და გ. ჭ-ძეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად იქნა ცნობილი, გ. გ-ური ცნობილ იქნა აღნიშნული ბინის მესაკუთრედ: საჯარო რეესტრსა და ტექბიუროს დაევალათ სათანადო ცვლილებების შეტანა, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2003წ. 13 ივნისს ნ. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს ამავე სასამართლოს 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი საქმის განხილვაზე არ იყო მიწვეული როგორც დაინტერესებული მხარე. იმავე დღეს, ნ. ხ-შვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქ.თბილისში, ... მდებარე ¹59 ბინაზე და მასში განთავსებული ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ხ-შვილის განცხადება. დაედო ყადაღა ქ.თბილისში, ... მდებარე ¹59 ბინასა და მასში განთავსებულ ქონებას.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის განჩინებით ნ.ხ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა _ ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.
ნ. ხ-შვილმა დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა სასამართლოში და განმარტა, რომ 2003წ. 2 ივნისს შეიტყო ბინის გ-ურის სახელზე გაფორმების შესახებ, რის შემდგომაც სადავო ბინა 2002წ. 27 სექტემბერს თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცეს საჩხერის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ ს. ც-ძეს. აღნიშნული გარიგებები გაფორმებულია გ. ჭ-ძის გარდაცვალებიდან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი 6 _ თვიანი სავალდებულო ვადის გასვლამდე. ნ. ხ-შვილის განმარტებით, იგი 1993 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ჭ-ძესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი _ გ. ჭ-ძე. ამ პერიოდშია შეძენილი ბინა და სხვა ნივთები. მეუღლის გარდაცვალების გამო დაიწყო საბუთების შეგროვება, რა დროსაც შეიტყო, რომ ბინა გასხვისებულია.
ნ. ხ-შვილმა სარჩელით მოითხოვა გ. გ-ურსა და ს. ც-ძეს შორის 2002წ. 26 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ს. ც-ძის გამოსახლება‚ გ. გ-ურისა და ს. ც-ძისათვის ბინაში არსებული ნ. ხ-შვილის მზითვისა და გ. ჭ-ძესთან ერთად შეძენილი საოჯახო ნივთების დაბრუნების დაკისრება.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ურს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ნ. ხატიაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ს. ც-ძე გამოსახლდა ქ.თბილისში, ... ¹59 ბინიდან, დანარჩენ ნაწილში ნ.ხ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ც-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 აპრილის განჩინებით გაუქმდა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო ს.ც-ძის უფლებებსა და მოვალეობებს, ხოლო მისი საქმეში მესამე პირად ჩაბმით სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა ს.ც-ძის საპროცესო უფლებები, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების გასაჩივრების შეუძლებლობაში, ვინაიდან მესამე პირებს, რომლებიც არ აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე, საპროცესო კოდექსით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნიათ.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ურს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ნ. ხ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ს. ც-ძე გამოსახლდა ქ.თბილისში, ... ¹59 ბინიდან. დანარჩენ ნაწილში ნ.ხ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ურმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ს.ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილება ს. ც-ძის გამოსახლების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში ნ. ხ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სკ-ის 268-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. ამავე კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის გამო, გ. გ-ურის სარჩელი უსაფუძვლოა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ. ხ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებისა და ს. ც-ძის გამოსახლების ნაწილში ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არასწორია, დადგენილია, რის გამოც გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 1158-ე მუხლი, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო თანასაკუთრებას. კასატორი ასევე‚ მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა რა სკ-ის 172-ე მუხლი, არ გამოიყენა ამავე კოდექსის 173-ე მუხლი, რომლის მიხედვით‚ მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას ანუ თანაზიარი ქონებაა და თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. მოცემულ შემთხვევაში, ნ.ხატიაშვილსაც ჰქონდა ნივთის გამოთხოვის უფლება. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ის 152-ე მუხლი, კერძოდ, ს. ც-ძე სადავო ბინის მართლზომიერ მფლობლად მიიჩნია მაშინ, როდესაც გ. გ-ურსა და ს. ც-ძეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური და მოჩვენებითია.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, კასატორმა ნ. ხ-შვილმა საკასაციო პალატას წარმოუდგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გადაუხადა თანხა 6000 აშშ დოლარი და მოითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ნ. ხ-შვილის განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, აპელაციის თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო სსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც კასაციის თავი შეიცავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელზე უარის თქმა დასაშვებია, როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოშიც.
ნ. ხ-შვილმა 2006წ. 21 ივლისს, საკასაციო პალატაში საქმის განხილვის დროს, წარადგინა განცხადება, რომლითაც იგი უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე და ითხოვს საქმის წარმოებით შეწყვეტას.
სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ნ. ხ-შვილის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება.
სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე ან მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება ნ. ხ-შვილის სარჩელით მოპასუხე გ. გ-ურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ.
საკასაციო პალატას თვლის, რომ მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის უკვე მიღებული ღონისძიებები. უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუქმდეს სასამართლოს ინიციატივითაც, როდესაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ან როდესაც გადაწყვეტილება აღსრულდა მისი კანონიერ ძალაში შესვლამდე, ან კიდევ საქმის წარმოება შეწყდა (სსკ-ის 272-ე მუხლი), ან სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული (სსკ-ის 275-ე მუხლი). ასეთი გადაწყვეტილების (განჩინების) კანონიერ ძალაში შესვლამდე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, ნ. ხ-შვილმა უარი განაცხადა სარჩელზე იმ საფუძვლით, რომ მის სასარგებლოდ გადახდილია 6000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი და მოითხოვა საქმის წარმოებით შეწყვეტა. ამდენად ქ.თბილისში, ... ¹59-ში ს. ც-ძის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინას და მასში განთავსებულ დაყადაღებულ ქონებას უნდა მოეხსნას ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტით, 272-ე მუხლის „გ“ პუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შეწყდეს საქმის წარმოება ნ. ხ-შვილის სარჩელით მოპასუხე გ. გ-ურის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ, გაუქმდეს ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებები, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
ნ. ხ-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი – 15 ლარი მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ... (საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ ..., საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ..., დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე);
ქ.თბილისში, ... ¹59-ში მდებარე ს. ც-ძის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ ბინას და მასში განთავსებულ ქონებას მოეხსნას ყადაღა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.