დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-905-1168-05 7 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. კ-შვილმა 2005 წლის თებერვალში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „საქართველოს ე-ის“ სენაკის ფილიალის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის 2005 წლის 31 იანვრის ¹3-2\9 ბრძანების გაუქმება და ტელეგრაფისტის თანამდებობაზე აღდგენა, ასევე, მოპასუხის 2004 წლის 16 დეკემბრის ბრძანების _ მოსარჩელის მიმართ სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე _ გაუქმება.მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 1987 წლიდან მუშაობს სენაკის ე-ში ტელეგრაფისტად. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე’ 2005 წლის 1 თებერვლიდან შტატების შემცირების გამო’ გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის მოსაზრებით’ მისი სამუშაოდან დათხოვნა მოხდა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რადგან განთავისუფლება უნდა მომხდარიყო პროფკომიტეტთან შეთანხმებით, რომელსაც უნდა ემსჯელა უპირატესი დარჩენის უფლებაზე ამ კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ჰყავს ავადმყოფი შვილი, არის მაღალკვალიფიციური მუშაკი, სპეციალობით მუშაობს 1982 წლიდან. მოპასუხე ორგანიზაციაში 2005 წლის 31 იანვარს ჩატარდა პროფკომიტეტის სხდომა, რომელსაც მოსარჩელეც დაესწრო, მაგრამ მისი მდგომარეობა არ იქნა გათვალისწინებული; მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ 2004 წლის ოქტომბრის ბოლოს პირადი საჭიროებისათვის მოიხმარა სატელეგრაფო-მომსახურეობიდან შემოსული თანხა, ისე, რომ არავისთვის არ შეუთანხმებია. აღნიშნულზე დააწერინეს ახსნა-განმარტება, თანხის დასაფარად მისცეს ვადა 1 ნოემბრამდე, მაგრამ გახარჯული თანხა მან მხოლოდ 2005 წლის 5 იანვარს დაფარა. აღნიშნული დარღვევისათვის მას სასტიკი საყვედური გამოუცხადეს 2004 წლის 16 დეკემბერს, მაგრამ აღნიშნულის თაობაზე მისთვის არ იყო ცნობილი და ამიტომ იგი უკანონოდ მიიჩნია.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით’ ს. კ-შვილის მოთხოვნა სს „საქართველოს ე-ის“ სენაკის ფილიალის 2005 წლის 31 იანვრის ¹3-2\9 ბრძანების გაუქმებისა და ტელეგრაფისტის სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გაუქმდა სს „საქართველოს ე-ის“ სენაკის ფილიალის 2004 წლის 16 დეკემბრის ¹1-25\2 ბრძანება მოსარჩელე ს. კ-შვილისათვის სასტიკი საყვედურის გამოცხადების თაობაზე.
ს. კ-შვილმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინებით ს. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა: უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, 1987 წლის 20 მარტიდან ს. კ-შვილი მუშაობდა სენაკის ე-ში ტელეგრაფისტად. მოპასუხე ორგანიზაციის ხელმძღვანელის 2005 წლის 31 იანვრის ¹3-2\9 ბრძანების საფუძველზე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე’ შტატების შემცირების გამო’ 2005 წლის 1 თებერვლიდან გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ სს „საქართველოს ე-ის“ 2005 წლის 27 იანვრის ¹01\05 ბრძანებით 2005 წლის 1 თებერვლიდან დამტკიცდა ფილიალების ახალი საშტატო განრიგები. ამავე ბრძანების შესაბამისად’ სენაკის რაიონულ ფილიალს შეუმცირდა რამდენიმე საშტატო ერთეული და’ მათ შორის’ ტელეგრაფისტის სამი შტატის ნაცვლად დატოვებული იქნა ერთი შტატი. შტატების განრიგების დამტკიცებამდე ერთი თვით ადრე შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით 2004 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელე ხელის მოწერით გაფრთხილებული იქნა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. 2005 წლის 31 იანვარს ჩატარდა ფილიალის პროფკომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა და თანხმობა მისცა ფილიალის თანამშრომლებს და მათ შორის’ ტელეგრაფისტს ს.კ-შვილს სამსახურიდან განთავისუფლებაზე. სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად’ მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ ლ. კ-ას შრომის წიგნაკით დადასტურებულად ჩათვალა, რომ ტელეგრაფისტად ლ. კ-ა მუშაობს 1967 წლიდან, ხოლო 1977 წლიდან პირველი კლასის ტელეგრაფისტ – სპეციალისტად. მიღებული აქვს მადლობები. 1981 წელს გაიარა რადისტ-ოპერატორის ასამაღლებელი კურსები ფრიადი შეფასებით, ხოლო მოსარჩელის შრომის წიგნაკის და კურსების გავლის მოწმობით დადგენილია, რომ 1982 წლიდან მუშაობს მესამე კლასის ტელეგრაფისტად. 1984 წელს გაიარა სპეცკურსები, რომელიც დაამთავრა „დამაკმაყოფილებელი“ შეფასებით.
ფილიალის ადმინისტრაციის განმარტებით ტელეგრაფისტებიდან ლ. კ-ა მაღალი კვალიფიკაციის გარდა ასევე გამოირჩეოდა შრომის ნაყოფიერებით. ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ს. კ-შვილი ლ. კ-აზე უფრო ნაკლები კვალიფიკაციის მქონე მუშაკია, რის გამოც’ იმავე’ კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად საწარმოოს ადმინისტრაცია მას ვერ მიანიჭებდა უპირატეს უფლებას და მოცემულ შემთხვევაში სამსახურში ვერ დატოვებდა.
სასამართლომ გაიზიარა აპელანტის ის არგუმენტი, რომელიც ს.კ-შვილისა და ლ. კ-ას ოჯახურ პირობებს ეხება, ვინაიდან იმავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოყვანილი გარემოებების გათვალისწინება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მუშაკებს მაღალი კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების თანაბარი პირობები გააჩნიათ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად მოსარჩელე ვალდებული იყო’ სასამართლოსათვის დაემტკიცებინა მის მიერ მოყვანილი გარემოებები კანონით დადგენილი წესით, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მან ვერ წარადგინა.
ს. კ-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ საქმის განხილვისას არასწორად იქნა შეფასებული, თითქოს ლ. კ-ას გააჩნდა შედარებით მაღალი კვალიფიკაცია, რის გამოც, სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის I ნაწილით და მას მიანიჭა კასატორთან შედარებით სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კასატორსა და ლ.კ-ას თანაბარი პირობები გააჩნდათ. მართალია’ ლ.კ-ას გააჩნია პირველი კლასის ტელეგრაფისტის კვალიფიკაცია და კასატორს მესამე ხარისხის, მაგრამ ამჟამად კანონი მუშაკთა შორის ამგვარი განსხვავებას აღარ ითვალისწინებს. სასამართლოს განჩინებაში ყურადღება გამახვილებულია ლ. კ-ასათვის გამოცხადებულ მადლობებზე, მაგრამ ამის გამო მისთვის უპირატესობის მინიჭება არასწორია, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი ლ. კ-ას მიმართ მადლობის გამოცხადების თაობაზე მხოლოდ ერთხელ და არა რამოდენიმეჯერ. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა კონკურენტის სპეციალურ ცოდნაზე (მორზეს ანბანის ცოდნა და სხვა). აღნიშნული არგუმენტები კი მოცემულ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული უპირატესობის მისანიჭებლად, ვინაიდან მათი სამსახური არ მოითხოვს ამგვარ სპეციალურ ცოდნას. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის I ნაწილის, არამედ იმავე მუხლის II ნაწილის მიხედვით, რომლის თანახმადაც’ სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების განმსაზღვრელად მიჩნეულია მუშაკთა ოჯახური პირობები. აღნიშნულის მხრივ კი კასატორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იგი განქორწინებულია, ჰყავს 2 შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი მძიმე ავადმყოფია, მეორე კი უმუშევარი, მისი ოჯახის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა მხოლოდ კასატორის სამსახური.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციამ ერთი თვით ადრე შტატების მოსალოდნელ შემცირებასთან დაკავშირებით 2004 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელე ხელის მოწერით გააფრთხილა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. მოპასუხე ორგანიზაციის ფილიალის პროფკომიტეტის სხდომა ჩატარდა 2005 წლის 31 იანვარს, რომელმაც განიხილა და თანხმობა მისცა ფილიალის თანამშრომლებს და მათ შორის _ ტელეგრაფისტს ს.კ-შვილს სამსახურიდან განთავისუფლებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად’ მუშაკთა რიცხოვნობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება ენიჭებათ იმ მუშაკებს, რომლებიც უფრო მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით გამოირჩევიან. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ’ იმავე ორგანიზაციაში ტელეგრაფისტად მომუშავე ლ. კ-ას შრომის წიგნაკით დადასტურებულად ჩათვალა, რომ ტელეგრაფისტად ლ.კ-ა მუშაობს 1967 წლიდან, ხოლო 1977 წლიდან პირველი კლასის ტელეგრაფისტ – სპეციალისტად. მიღებული აქვს მადლობები. 1981 წელს გაიარა რადისტ-ოპერატორის ასამაღლებელი კურსები ფრიადი შეფასებით, ხოლო მოსარჩელის შრომის წიგნაკის და კურსების გავლის მოწმობით დადგენილია, რომ 1982 წლიდან მუშაობს მესამე კლასის ტელეგრაფისტად. 1984 წელს გაიარა სპეცკურსები. ფილიალის ადმინისტრაციის განმარტებით’ ტელეგრაფისტებიდან ლ.კ-ა მაღალი კვალიფიკაციის გარდა’ ასევე’ გამოირჩეოდა შრომის ნაყოფიერებით’ ამიტომ სასამართლომ ჩათვალა, რომ ს.კ-შვილი ლ.კ-აზე უფრო ნაკლები კვალიფიკაციის მქონე მუშაკია, რის გამოც იმავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად საწარმოოს ადმინისტრაცია მას ვერ მიანიჭებდა უპირატეს უფლებას და მოცემულ შემთხვევაში სამსახურში ვერ დატოვებდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს.კ-შვილი საკასაციო საჩივარში სადავოდ არ ხდის სამუშაოზე დარჩენილი თანამშრომელი ლ.კ-ას მაღალ კვალიფიკაციას და შრომის ნაყოფიერებას (არ უარყოფს მისთვის მადლობის გამოცხადებას); ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, არამედ იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. 36-ე მუხლის მეორე ნაწილი მუშაკს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას ოჯახური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუ მუშაკებს მაღალი კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების თანაბარი პირობები გააჩნიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ს.კ-შვილს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ს. კ-შვილის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 მაისის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.