დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 28.02.2006
საქმის ნომერი
ას-923-1157-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-923-1157-05 28 თებერვალი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, საკუთრების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-შვილისა და ბაზალეთის რაიონის საკრებულოს მიმართ ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, ასევე საკუთრების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძველებით: მოსარჩელის მშობლები ს.და ნ. გ-შვილები შვილებთან _ გ. და ლ. გ-შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ დუშეთის რაიონის სოფელ ... მოსარჩელის მამა დაიკარგა დიდ სამამულო ომში. აღნიშნულის შემდეგ ნ. გ-შვილი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი. მ-შვილთან, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი _ ზ., ლ. და ნ.. ნ.გ-შვილის გარდაცვალების შემდეგ ი. მ-შვილმა მოსარჩელის მამის კუთვნილ სახლში მიიყვანა მეორე ცოლი ე. გ-შვილი. 1992 წელს ი.მ-შვილი გარდაიცვალა, ხოლო 1999წ. დეკემბერში გარდაიცვალა ე. გ-შვილი. მოსარჩელის დედასა და მამინაცვალს შორის, ასევე‚ მამინაცვალსა და მის მეორე ცოლს _ ე. გ-შვილს შორის ქორწინების რეგისტრაცია არ მომხდარა. ე.გ-შვილმა მოსარჩელის მამის კუთვნილი სახლი და ქონება უანდერძა ლ. მ-შვილს. მოსარჩელის განმარტებით, მის დედასა და მამინაცვალს ერთად ცხოვრების პერიოდში მამის დანატოვარ სახლისათვის არაფერი შეუმატებიათ და სახლი იმავე მდგომარეობაში დარჩა, როგორიც მამამ დაუტოვა. 15 კვ.მ ერთი ოთახი და მის გასწვრივ საბოსტნე ნაკვეთი უკავია მოსარჩელეს, ხოლო სახლის მეორე _ 25 კვ.მ ოთახში ცხოვრობს მოპასუხე. 2004წ. გაზაფხულზე ლ.მ-შვილმა გ.გ-შვილს მითითებული ოთახის დაცლა მოსთხოვა, რა დროსაც მოარჩელემ შეიტყო ე. მ-შვილის ანდერძის არსებობის შესახებ. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 1992წ. 12 მაისს ბაზალეთის საკრებულოს მიერ ე. მ-შვილის სახელით გაცემული დამოწმებული ანდერძისა და დუშეთის ნოტარიუსის მიერ ლ. მ-შვილის სახელზე გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის ბათილობა, ს. გ-შვილის კანონისმიერ მემკვიდრედ ცნობა, ლ. მ-შვილისაგან მის უკანონო მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაბრუნება.

მოპასუხე ლ.მ-შვილმა სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნები უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლის მიხედვით‚ სადავო სახლი წარმოადგენდა ს. გ-შვილის საკუთრებას. გ.გ-შვილს ე. გ-შვილთან არანაირი ნათესაური კავშირი არ გააჩნდა და ამ უკანასკნელის მიერ 1992წ. 12 მაისის ანდერძით მოსარჩელის ინტერესები არ ილახება. სადავო ანდერძის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

მოპასუხე ბაზალეთის საკრებულოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გ.გ-შვილის ოჯახი აღრიცხული იყო ცალკე კომლად. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი ცხოვრობდა სადავო სახლის ერთ ოთახში. სადავო ანდერძის გაფორმების კანონიერების შესახებ ინფორმაცია მოპასუხეს არ გააჩნდა, რადგან მითითებული დოკუმენტი მისი მუშაობის პერიოდში არ გაფორმებულა.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბაზალეთის საკრებულოს მიერ ე. მ-შვილის სახელით გაცემული ანდერძი და ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა. გ. გ-შვილი ცნობილ იქნა ს. გ-შვილის კანონისმიერ მემკვიდრედ. ლ. მ-შვილს დაევალა დუშეთის რაიონის სოფელ ... მდებარე საცხოვრებელი სახლის გ. გ-შვილისათვის დაბრუნება, ასევე მოსარჩელის საარგებლოდ 211 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. მ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გ.გ-შვილმა გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა დუშეთის რაიონის ტექბიუროს 2001წ. 21 ნოემბრის ¹105 რეგისტრაციის ჩანაწერების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: დუშეთის რაიონული სახელმწიფო არქივის 2004წ. 1 ივნისს გაცემული ცნობით 1940-1942 წლებში ბაზალეთის სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ კომლის უფროსი იყო ს. გ-შვილი, რომლის ოჯახი შედგებოდა მეუღლისა და შვილებისაგან, მათ შორის გ. გელიაშვილისაგან. 2004წ. 28 მაისს გაცემული საარქივო ცნობით ს. გ-შვილი ოჯახის უფროსად აღრიცხულია 1938-1945 წლებში, ხოლო 1945-47 წლებში მისი სახელი გადაშლილია და ოჯახის უფროსად 1945 წლიდან 1985 წლამდე აღრიცხულია ი. მ-შვილი. 2001წ. 24 ნოემბერს ლ. მ-შვილმა ე. მ-შვილისაგან ანდერძისმიერი მემკვიდრეობით მიიღო დუშეთის რაიონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და 576 კვ.მ მიწის ნაკვეთი. პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნების მიმართ გ.გ-შვილს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი ვერ ექნებოდა, რადგან 1992წ. 12 მაისს დამოწმებული ანდერძის, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობისა და 2001წ. 22 ნოემბრის რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება ს. გ-შვილის მემკვიდრედ ცნობისა და ლ. მ-შვილის გამოსახლების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეთათვის სარჩელის მიხედვით დაკისრებული პასუხისმგებლობა გ.გ-შვილს ვერ შეუქმნის მომავალში ლ.მ-შვილისადმი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით შედავების საფუძვლებს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით და მიიჩნია, რომ გ.გ-შვილის მოთხოვნა სადავო სახლის მიკუთვნების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან სადავო სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობის პირობებშიც კი სახლი და მიწის ნაკვეთი ს. გ-შვილის საკუთრებად მიჩნეული ვერ იქნებოდა, ვინაიდან, ოჯახის უფროსად საარქივო ცნობის მიხედვით 1947 წლიდან 1985 წლამდე ითვლებოდა ი. მ-შვილი. გ. გ-შვილის მამის _ ს. გ-შვილის სახელზე სადავო სახლი ვერ აღირიცხებოდა და შესაბამისად გ.გ-შვილი ვერ იქნებოდა მისი მემკვიდრე. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ მისი მამა, რომელიც ომში დაიკარგა, შესაძლოა ცოცხალიც იყოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში სამკვიდრო ქონებაზე დავა უსაფუძვლოა, ხოლო ს.გ-შვილის გარდაცვლილად მიჩნევის პირობებში, სადავო სახლი და მიწის ნაკვეთი მის საკუთრებად ვერ ჩაითვლება სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით სადავო სახლი და მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ს.გ-შვილის სახელზე ოდესმე ირიცხებოდა. შესაბამისად, იგი ვერ გახდებოდა მამკვიდრებელი.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-შვილმა შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ანდერძის გაცემის დროს კასატორი ცხოვრობდა სადავო ბინაში და ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს. ამასთან, იხდიდა გადასახადებს სახლსა და მიწის ნაკვეთზე, ამიტომაც კასატორს გააჩნდა იურიდიული ინტერესი, რომ აღეძრა სარჩელი თავის წილ ფართზე და მოეთხოვა ტექბიუროს ჩანაწერების ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აგებულია სავარაუდო მოსაზრებებზე, ვინაიდან სასამართლო უშვებს შესაძლებლობას, რომ ს.მამსიკაშვილი ცოცხალიც რომ იყოს, კასატორის მოთხოვნა მაინც არ დაკმაყოფილდებოდა. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების ძირითადი საფუძველი ს.მამსიკაშვილის უგზო-უკვლოდ დაკარგვა, სავარაუდოა და იგი კანონის შესაბამისად დადგენილი არ არის. სასამართლომ არ შეაფასა გ. გ-შვილის მიერ წარმოდგენილი ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი არის სოფელ ჩრდილელიანთკარის კომლის წევრი, ხოლო მამამისი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული. ასევე არ შეფასებულა ცნობა, რომლითაც გ.გელიაშვილის სახელზე სოფელ ... ირიცხება საცხოვრებელი ბინა, საეზოვე და სასოფლო დანიშნულების მიწა. სასამართლო თუკი საეჭვოდ მიიჩნევდა ამ დოკუმენტების სისწორეს, მხარედ უნდა ჩაერთო დუშეთის რაიონის საკრებულო, ვინაიდან ამ ორგანომ გასცა ზემოაღნიშნული დოკუმენტები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: 1940-1942 წლებში ბაზალეთის სასოფლო საბჭოს საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით კომლის უფროსი იყო ს.გ-შვილი, რომლის ოჯახის წევრს სხვებთან ერთად წარმოადგენდა გ. გ-შვილი. ს.გ-შვილი ოჯახის უფროსად აღრიცხულია 1938-1945 წლებში, ხოლო 1945-47 წლებში მისი სახელი გადაშლილია და ოჯახის უფროსად 1945 წლიდან 1985 წლამდე აღრიცხულია ი. მ-შვილი. 2001წ. 24 ნოემბერის ანდერძით ე. მ-შვილმა ლ. მ-შვილს ანდერძად დაუტოვა მის სახელზე რიცხული დუშეთის რაიონში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და 576 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც, სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეს გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ასევე გარეშე პირთაგან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი არის ე. მ-შვილის საკუთრების უფლება სადავო ნივთზე. მოანდერძე უფლებამოსილი იყო, რომ თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა საკუთრებაში არსებული ქონება. ე. მ-შვილი წარმოადგენდა რა კომლის ბოლო წევრს, სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, მისი გარდაცვალების დღიდან კომლის ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია კასატორის მიერ სადავო ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, აგრეთვე, დუშეთის რაიონის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობები, რომლითაც იგი წარმოადგენს კომლის წევრს, მასზე ირიცხება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და სხვა. სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე და სხვა სანივთო უფლებები, ხოლო ამავე კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის უფლება სადავო მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ ბინაზე მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემით უნდა დადგინდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ დასტურდება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ გ. გ-შვილს არ აქვს სადავო ანდერძის, ანდერძისმიერი მოწმობისა და რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან სადავო ქონება კასატორის მამის _ ს.გ-შვილის საკუთრებად ვერ აღირიცხება იმის გამო, რომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სადავო ქონება ს.გ-შვილის შემდეგ, 1947-85 წლებში აღრიცხული იყო ი. მ-შვილზე. ამ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლომ მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამდენად, სადავო ქონება ს.გელიაშვილის სამკვიდრო ქონებაში ვერ შევიდოდა. რაც შეეხება ვარაუდს, რომ შესაძლოა ს.გელიაშვილი ცოცხალი იყოს, ამ შემთხვევაშიც სასამართლომ სწორად მიუთითა 1306-ე მუხლზე, რომლის ძალითაც მემკვიდრეობა დასაშვებია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ქონებაზე.

უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო სავარაუდო ფაქტებს კასატორის მამის _ ს.გ-შვილის უგზო-უკვლოდ დაკარგვის თაობაზე. გ. გ-შვილმა სარჩელით მიმართა რა სასამართლოს, მოითხოვა მამის ს.გ-შვილის მემკვიდრედ ცნობა. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, სარჩელში მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა და მოცემულ შემთხვევაში გ. გ-შვილს თვითონ უნდა დაემტკიცებინა ს.გ-შვილის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ან გარდაცვალების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.