დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.10.2006
საქმის ნომერი
ას-92-534-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

განჩინება

ას-92-534-06 24 ოქტომბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურების გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

ო.მ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ს-ძისა და ი.ქ-ძის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 1997 წელს 30000 ლარად თურქეთში შეისყიდა ლენტური ტიპის სახერხი დაზგა „ომურლუ-100“, რომლის საქართველოში ჩამოტანისათვის გადაიხადა 1000 ლარი. შპს „ჭ-ის“ დირექტორ ჯ. ს-ძის თანხმობით, მითითებული დანადგარი დამონტაჟდა ამ საწარმოს ბალანსზე რიცხულ შენობაში. საამქროს ექსპლუატაციაში გაშვებისათვის დაიხარჯა 9800 ლარი. მოპასუხეებმა არაკეთილსინდისიერად ისარგებლეს მოსარჩელის ნდობით და მიითვისეს საამქროთი სარგებლობის უფლება, რის შედეგად იგი უვარგის მდგომარეობაში აღმოჩნდა. სკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო საამქროს ღირებულების _ 43800ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 54000 ლარის, სულ _ 97800 ლარის ანაზღაურება.

ჯ. ს-ძემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში ო., დ. და გ. მ-ძეების, შპს „დ-ს“, ი.ქ-ძის, ა. რ-ძისა და მ. ა-ელის მიმართ შემდეგი დასაბუთებით: მ. ა-ელმა, ო.და გ. მ-ძეებმა ჯ.ს-ძეს სთხოვეს მისი კუთვნილი შპს „პ-ას“ სახელით გაეხსნა სახერხი საამქრო. ამ წინადადების საფუძველზე შპს „პ-ასა“ და შპს „ი-ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ მოპასუხეებმა სახერხი დანადგარების შემოტანა ვერ უზრუნველყვეს. სახერხი დანადგარები შემოიტანა თურქეთის ფირმა „ო-ს“ წარმომადგენელმა ს. ი-მა და ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადასცა შპს „პ-ას“. დანადგარები დამონტაჟდა შპს „ჭ-ის“ შენობაში, რის გამოც „პ-ასა“ და შპს „ჭ-ს“ შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, საამქროს ოსტატად კი დაინიშნა ო. მ-ძე. ო.მ-ძემ და მ.ა-ელმა საწარმოში დამუშავებული ხე-ტყე, შპს „პ-ასთან“ ანგარიშსწორებისა და იჯარის ქირის გადახდის გარეშე, გაიტანეს თურქეთში. 1999წ. მაისის ბოლოს ო. მ-ძემ და მ. ა-ელმა ჯ.ს-ძესთან მიიყვანეს ინდივიდუალური მეწარმე «მ. შ-შვილის» წარმომადგენლები _ ი.ქ-ძე და ა. რიჟვაძე. მათ იშუამდგომლეს მითითებული ინდივიდუალური მეწარმისათვის ერთი წლის ვადით შენობისა და დანადგარის იჯარით გადაცემის შესახებ, სამაგიეროდ შეჰპირდნენ შპს „პ-ას“ დავალიანების _ 3500 დოლარისა და „ჭ-ის“ საიჯარო ქირის _ 11520 ლარის დაფარვას. 1999წ. 1 ივნისს შპს „ჭ-სა“ და მ. შ-შვილს შორის გაფორმდა შენობის გადაცემის საიჯარო ხელშეკრულება. მოპასუხეებმა უკანონო დემონტაჟი გაუკეთეს და გაიტანეს შპს „პ-ას“ დროებით სარგებლობაში გადაცემული სახერხი დანადგარები. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა გ. მ-ძისათვის შპს „ჭ-ის“ სასარგებლოდ 20 თვის საიჯარო ქირის _ 520 ლარისა და შენობა-დანადგარებისათვის მიყენებული ზიანის _ 15000 ლარის, სულ _ 26520 ლარის დაკისრება, ფირმა „ი-ის“ დირექტორ მ. ა-ელისათვის მითვისებული ხე-ტყისა და მასალის ღირებულების _ 3500 აშშ დოლარის გადახდევინება, ხოლო ი.ქ-ძისა და ა. რ-ძისათვის სამი თვის გადაუხდელი ქირის _ 1728 ლარი დაკისრება.

ი. ქ-ძემ როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელები არ ცნო შემდეგი მოტივებით: დანადგარები მის საკუთრებას არ წარმოადგენს, არამედ ეკუთვნის ს. ი-ს, რომელმაც დაზგების სარგებლობის უფლება მას დაუთმო. ი.ქ-ძემ დანადგარები მ. ა-ელთან ერთად გაიტანა, რადგან ო. მ-ძემ სრული დატვირთვით საამქროს ამუშავება ვერ მოახერხა. ი.ქ-ძის მოსაზრებით, ო.მ-ძეს არ აქვს მოთხოვნის უფლება და იგი არასათანადო მოსარჩელეა, მოთხოვნის უფლება ასევე არ გააჩნია შეგებებული სარჩელის შემტანს, ვინაიდან შენობის მესაკუთრეს მის მიმართ არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ს-ძესა და ი.ქ-ძეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 53600 ლარის გადახდა. მოსარჩელე ო. მ-ძეს სარჩელის დანარჩენ 39200 ლარის მოპასუხე ჯ.ს-ძისა და ი.ქ-ძისათვის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. მოპასუხე ჯ.ს-ძეს აეკრძალა ო.მ-ძისათვის სადავო ტრანსფორმატორის განკარგვა-გასხისებაში ხელშეშლა. ჯ. ს-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ჭ-ის“ დირექტორმა ჯ. ს-ძემ და ი.ქ-ძემ. 2001წ. 14 ოქტომბერს ჯ. ს-ძე გარდაიცვალა, მის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება რ. ს-ძე.

აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის გადაწყვეტილებით შპს «ჭ-ის» სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ი.ქ-ძის სააპელაციო საჩივარს კი უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ო.მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი.ქ-ძეს ო.მ-ძის სასარგებლოდ, 53600 ლარის ნაცვლად, დაეკისრა 49600 ლარის გადახდა. მოსარჩელეს შპს «ჭ-ისათვის» 53600 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა. შპს «ჭ-ის» შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ო. მ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა სამი თვის საიჯარო ქირის _ 1728 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ა.რ-ძის, ი.ქ-ძის, ი.მ-ძისა და მ.ა-ელისადმი შპს «ჭ-ის» მოთხოვნის ნაწილში მხარეს განემარტა, რომ შეუძლია დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ი. ქ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ო.მ-ძის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ი.ქ-ძისათვის მის სასარგებლოდ 49600 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ო. მ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ი.ქ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 53600 ლარის ნაცვლად, დაეკისრა 41373 ლარის გადახდა, რაც ი.ქ-ძემ კვლავ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 29 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე კვლავ დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება ი.ქ-ძისათვის თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ო.მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო სახერხი დაზგა-დანადგარი თურქული ფირმა «ო-ს» საკუთრებაა, რომელიც შპს «ო-სა» და შპს «პ-ას» შორის 1997წ. 20 აგვისტოს დადებული ¹1 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ო-მ» შპს «პ-ას» სახელზე შემოიტანა თურქეთიდან საქართველოში. მითითებული საზოგადოების წარმომადგენელმა ო.მ-ძემ 1997წ. 10 ოქტომბერს დანადგარი დაამონტაჟა შპს «ჭ-ის» ბალანსზე არსებულ შენობაში, დაბა ხელვაჩაურში, საიდანაც აპელანტმა ი.ქ-ძემ და მ. ა-ელმა მოახდინეს მისი დემონტაჟი და გაიტანეს. პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ო.მ-ძე სადავო ნივთის მესაკუთრე არ არის. სასამართლოს მითითებით, მართალია, დანადგარის თურქეთიდან შემოტანის დროს, 1997წ. 17 ოქტომბერს, საბაჟო დეკლარაციაში ო. მ-ძე, როგორც შპს «პ-ას» წარმომადგენელი ფიგურირებს, მაგრამ ამავე დეკლარაციით დანადგარი შემოტანილია 1997წ. 20 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე 1998 წლამდე ვადით. ამავე ხელშეკრულებით, თურქული ფირმა «ი-ის» დირექტორი მ. ა-ელი, როგორც შემკვეთი, სადავო დანადგარს 1998წ. აგვისტომდე დროებით სარგებლობაში გადასცემს არენდატორს _ შპს «პ-ას» დირექტორ ჯ.ს-ძეს. ო.მ-ძის მიერ წარმოდგენილ მინდობილობაზე, რომლითაც ს. ი-მა მის მიერ შპს «ო-საგან» შეძენილი დანადგარი სარგებლობის უფლებით მიანდო ო. მ-ძეს, სასამართლომ მიუთითა, რომ მინდობილობიდან არ ირკვევა სადავო საგნის ო.მ-ძის მიერ საკუთრების უფლებით შეძენა. დანადგარის ო.მ-ძისათვის სარგებლობაში გადაცემის ფაქტის დამადასტურებლად სასამართლომ ასევე მიიჩნია შპს «პ-ას» 1997წ. 10 ოქტომბრის ¹2 ბრძანება საამქროს უფროსად ო.მ-ძის დანიშვნისა და მისთვის დანადგარის დამონტაჟების დავალების შესახებ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ს. ი-ის სანოტარო წესით დამოწმებულ განმარტებაზე, რომ მას ო.მ-ძისათვის სადავო ნივთი არ მიუყიდია, არამედ მისი ნებართვით იგი ინახება ი.ქ-ძის ქარხანაში. პალატამ არ გაიზიარა მ.ა-ელის ხელწერილი იმის შესახებ, რომ დანადგარების მესაკუთრეა ო.მ-ძე, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მ.ა-ელმა დაადასტურა მითითებულ ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა, თუმცა განმარტა, რომ ქართული ტექსტის შინაარსიმისთვის უცნობი იყო. ხელწერილს ხელი მოაწერა, რადგან განუმარტეს, რომ ს-ძეს დანადგარს საბაჟოზე არ ატანდნენ. იმავე სხდომაზე მ. ი-მა ასევე განმარტა, რომ ნივთის მესაკუთრე ო.მ-ძე არ ყოფილა, მან საწარმო ვერ აამუშავა, რის შემდეგ სადავო დანადგარი ს. ი-მა მიჰყიდა ი.ქ-ძეს. სასამართლომ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომ მან მ.ა-ელთან ერთად ნამდვილად მოახდინა დანადგარის დემონტაჟი, რაც განხორციელდა ს. ი-თან შეთანხმებით. სასამართლოს მითითებით, ო.მ-ძეს სადავო დანადგარის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მას ევალებოდა. პალატამ სკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ო.მ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. მ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება, ნაწილობრივ ახალი გადაწყვეტილების მიღება და ი.ქ-ძისათვის 23400 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება, დანარჩენ 17800 ლარის ნაწილში კი საქმის დაბრუნება სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი.ქ-ძის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება _ ს. ი-ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი რეალობას არ შეესაბამება, იგი თავად აპელანტმა გააყალბა, რაც სათანადო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა დადასტურდეს. სააპელაციო სასამართლომ დაუშვა შეცდომა, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააყრდნო მ.ი-ის განმარტებას, სავარაუდოდ სასამართლო გულისხმობდა ს. ი-ს, აღნიშნული პიროვნება კი სასამართლოს არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულა. ს.ი-ის მიერ გამოგზავნილ სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტზე მსჯელობისას სასამართლომ შეცვალა ზოგიერთი ფაქტი, კერძოდ: აღნიშნული დოკუმენტი გამოიგზავნა არა თურქეთიდან, არამედ შეიქმნა ქ.ბათუმში. მასში მითითებულია, რომ დანადგარების საფასური სრულად გადახდილია და დავალიანება არ არის. აღნიშნული მიუთითებს, რომ შპს «ო-ს» შემდგომში ო.მ-ძის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა. ამასვე ადასტურებს მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობა. შპს «პ-ას» მიერ 1997წ. 10 ოქტომბრის ბრძანებით ო.მ-ძეს დავალებული ჰქონდა მისივე სახსრებით შემოეტანა დაზგა-დანადგარი, გაეღო დემონტაჟის ხარჯები, რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციითა და 1998წ. 1 იანვარს საწარმოს ამოქმედებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს.ი-ი იყო ო.მ-ძის წარმომადგენელი, განმარტება «თანხა გადახდილია სრულად» არის მისი ანგარიშვალდებულება ო.მ-ძის წინაშე, ხოლო მინდობილობაში მითითებული ფრაზა _ «ვანდობ მთელ ჩემს უფლებებს ი.მ-ძეს» არის შპს «ო-ს» მიერ ს.ი-ისათვის მინიჭებული უფლებების სრული დელეგირება ო.მ-ძისათვის და თავისთავად გამორიცხავს ს.ი-ის სადავო ნივთის მესაკუთრედ მიჩნევის შესაძლებლობას. ხსენებული დოკუმენტის განმარტებისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 345-ე მუხლი, რაც მას არ განუხორციელებია. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, თითქოს ო.მ-ძემ სადავო მოწყობილობის საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. პალატამ არასწორად გაიზიარა მ.ა-ელის განმარტება, რომ იგი საქმეში წარმოდგენილი მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსს არ გასცნობია. აღნიშნული განმარტება რეალობას არ შეესაბამება, ვინაიდან მ.ა-ელი მოქმედებდა ი.ქ-ძესთან ერთად. ამასთან, სადავო დოკუმენტის ტექსტი შედგენილ იქნა მესამე პირის მიერ, რომელსაც აღნიშნულის დადასტურება შეუძლია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი.ქ-ძის მფლობელობაში საამქრო გადავიდა ო.მ-ძესთან დადებული გარიგების საფუძველზე, რომლის პირობები ი.ქ-ძემ დაარღვია, საამქრო მიიტაცა, 1999წ. ივნისიდან 2001წ. ივლისამდე უკანონოდ ამუშავებდა და მოცემული მომენტისათვისაც მის მფლობელობაშია. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატას საერთოდ არ უმსჯელია მიუღებელი შემოსავლის შესახებ. დაუსაბუთებელია და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ი.ქ-ძის მოსაზრება, რომ მას სადავო ნივთის ფლობის უკეთესი უფლება აქვს, ვინაიდან დოკუმენტში, რომელზეც ეს უკანასკნელი თავის პრეტენზიას ამყარებს, აღნიშნულია, რომ ნივთი ი.ქ-ძის ქარხანაში ამანათად დევს და მოწყობილობის ექსპლუატაციის უფლებას არ იძლევა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: სადავო სახერხი დაზგა-დანადგარი თურქული ფირმა «ო-ს» საკუთრებაა, რომელიც შპს «ო-სა» და შპს «პ-ას» შორის 1997წ. 20 აგვისტოს დადებული ¹1 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ო-მ» შპს «პ-ას» სახელზე შემოიტანა თურქეთიდან საქართველოში. მითითებული საზოგადოების წარმომადგენელმა ო.მ-ძემ 1997წ. 10 ოქტომბერს დანადგარი დაამონტაჟა შპს «ჭ-ის» ბალანსზე არსებულ შენობაში, დაბა ხელვაჩაურში, საიდანაც აპელანტმა ი.ქ-ძემ და მ. ა-ელმა მოახდინეს მისი დემონტაჟი და გაიტანეს. ო. მ-ძემ სადავო ქონების საკუთრებაში მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს იზიარებს, ვინაიდან კასატორს აღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო, სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ძალითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

მოცემულ შემთხვევაში ო. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა თანხის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება სადავო ნივთის მის საკუთრებაში არსებობას. ამ უფლებით ნივთის ო. მ-ძის მიერ შეძენის ფაქტი დადასტურებული არ არის, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.

კასატორის დასაბუთებულ პრეტენზიად ვერ მიიჩნევა მოსაზრება, რომ ს. ი-ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი რეალობას არ შეესაბამება და იგი თავად ქ-ძემ გააყალბა. სსკ-ის 137-ე მუხლით იმპერატიულად განსაზღვრულია რა სასამართლოსათვის წარდგენილი საბუთის სიყალბის საკითხის გადაწყვეტის წესი, დოკუმენტის მტკიცებულებითი მნიშვნელობის გაქარწყლება მხოლოდ კანონით დადგენილი წესით მისი სიყალბის დადგენის გზითაა შესაძლებელი.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება _ ს.ი-ის ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა. აღნიშნული დოკუმენტის ტექსტის მიხედვით, ს. ი-მა მის მიერ «ო-საგან» შეძენილი დანადგარი, სარგებლობის მიზნით, მინდობილობის საფუძველზე გადასცა ო. მ-ძეს. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ აღნიშნული დანადგარების საფასური სრულად გადახდილია და დავალიანება არ არის, ასევე მითითებულია, რომ მინდობილობის გამცემი მთელ თავის უფლებებს ანდობს ო.მ-ძეს. დასახელებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი ადასტურებს სადავო საგანზე ო.მ-ძის საკუთრების უფლებას, ვინაიდან ასეთი გარემოება მინდობილობის შინაარსით არ დგინდება. ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ მინდობილობაში მითითებული ფრაზა _ «თანხა გადახდილია სრულად» არის მისი ანგარიშვალდებულება ო.მ-ძის წინაშე, ხოლო _ «ვანდობ მთელ ჩემს უფლებებს ი.მ-ძეს» არის შპს «ო-ს» მიერ ს.ი-ისათვის მინიჭებული უფლებების სრული დელეგირება ო.მ-ძისათვის და თავისთავად გამორიცხავს ს.ი-ის სადავო ნივთის მესაკუთრედ მიჩნევის შესაძლებლობას. მითითებული მტკიცებულება არ ადგენს, რომ დანადგარების საფასურის გადახდა ო.მ-ძემ განახორციელა და იგი კასატორის მოსაზრების შესაბამისად არ შეიძლება განიმარტოს, ვინაიდან ეს მოსაზრება არ შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ამ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ მესაკუთრემ სადავო ნივთთან მიმართებით თავისი უფლებები ო.მ-ძეს მინდობილობით გადასცა და არა ნასყიდობის ხელშეკრულებით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზემოხსენებული დოკუმენტის განმარტებისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 345-ე მუხლი. ხსენებული ნორმა აწესრიგებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტის განმარტებას. მოცემულ შემთხვევაში არსებობს არა სტანდარტული ხელშეკრულება, არამედ სარგებლობის უფლებით ნივთის გადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც ხელშეკრულების პირობები დეტალურად არის განსაზღვრული.

ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლოს მოთხოვნით სადავო დანადგარის შეფასება აუდიტის მიერ დასტურია იმისა, რომ იგი შეიძინა მ-ძემ და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სწორია. სადავო საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტი ამ ღირებულების გადახდის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 15 მაისის განჩინებით კასატორ ო.მ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა და მას გადაევადა გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის, 1448 ლარის გადახდა. საკასაციო პალატა, ო.მ-ძის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ითვალისწინებს რა მის ქონებრივ მდგომარეობას, მიიჩნევს, რომ, სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, ო. მ-ძეს შეუმცირდეს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 1448 ლარი და დაეკისროს 730 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

ო. მ-ძეს შეუმცირდეს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 1448 ლარი და დაეკისროს 730 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.