დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.10.2006
საქმის ნომერი
ას-94-536-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-94-536-06 10 ოქტომბერი, 2006 წ.

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საზღვრის აღდგენა და ჭიშკრის აღება.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. ბ-ძემ, გ. დ-ძემ, მ. მ-შვილმა და ნ. მ-შვილმა 2003წ. ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ბ. ხ-ძის მიმართ და მოითხოვეს ეზოში ჩასასვლელი ჭიშკრის აღება და ეზოს დაბრუნება. მოსარჩელეებმა თავიანთი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ვანის რაიონის სოფ. ...ში აქვთ მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით. ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მათ ბებიას ნ. ს-ძეს, ეს ნაკვეთები მიიღეს მემკვიდრეობით. ეზოში დგას ოთხი საცხოვრებელი სახლი, აქედან ერთი ეკუთნოდა მოსარჩელეების ბიძას შ. ს-ძეს, რომლის გარდაცვალების შემდეგ 1997 წელს ეს მიწის ნაკვეთი გასხვისდა ორ პიროვნებაზე: გ. ხ-ძეზე და ბ. ხ-ძეზე. 1997წ. გაზაფხულამდე ეზო იყო გაუყოფელი, არავითარი სამეზობლო ჭიშკარი მათ გვერდით მცხოვრებ მეზობელთან არ ჰქონდა. მოსარჩელის განმარტებით, ბ. ხ-ძემ ისარგებლა მათი იქ არ ყოფნით, დაარღვია საზღვარი და თვითნებურად დაიკავა მათი ეზოს ნაწილი, მათ ეზოში დადგა სამი დიდი ჭიშკარი, მაშინ როცა მას ეზოში ჩასასვლელი საკმაოდ დიდი ჭიშკარი ჰქონდა, მოსარჩელეების ჭიშკარი დააპატარავა ისე, რომ მანქანა ვერ ჩადის, დაიკავა ღვარსადენი, კვალის დაფარვის მიზნით გადაჭრა აზბესტის დიდი მილი, თვითნებურად გავლებულ საზღვარში მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა დარგო ხეები, უკანონოდ ააგო ბოსელი, ეუფლება მათ ნახევარ ჭიშკარს ეზოთითურთ.

ვანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. ბ-ძის, გ. დ-ძის, მ. მ-შვილის, ნ. მ-შვილის სარჩელი მოპასუხე ბ. ხ-ძის მიმართ დაკმაყოფიდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს დაუბრუნდა საერთო სარგებლობაში არსებული ეზო და მასში ჩასასვლელი ჭიშკარი. მხარეებს შორის საზღვარი გავლებულ იქნა ს. ს-ძისა და ა. ხ-ძეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის მიხედვით; სასაზღვრო მიჯნიდან აღებული იქნა ბ. ხ-ძის მიერ უნებართვოდ დადგმული ჭიშკარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ნ. მ-შვილებმა, გ. დ-ძემ და ო. ბ-ძემ.

რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბ. ხ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. და მ. მ-შვილების, გ. დ-ძისა და ო. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2004წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება; საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ვანის რაიონულ სასამართლოს.

ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: მ. მ-შვილისა და სხვათა მოთხოვნა მათ საკუთრებაში არსებული ეზოთსარგებლობისა და ეზოში მოპასუხეების მხრიდან არსებული ჭიშკრების აღების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ბ. ხ-ძეს და ა. ხ-ძეს აეკრძალა მოსარჩელეთა ეზოთი და ეზოში ჩასასვლელი გზით სარგებლობა; მოპასუხეებს დაევალა მათ მიერ მოსარჩელეთა ეზოს საზღვარზე დადგმული ჭიშკრების გაუქმება; მოსარჩელეთა მოთხოვნა, ნაკვეთებს შორის საზღვრის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ა. ხ-ძეს დაევალა საზღვრის თავისი ეზოს შიგნით ერთი მეტრით მთელ სიგრძეზე გადაწევის უზრუნველყოფა; მოსარჩელეთა მოთხოვნას ბ. ხ-ძის მიმართ პირუტყვის საბმულის თაობაზე ეთქვა უარი მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო.

ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ა. და ბ. ხ-ძეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება. ო. ბ-ძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები აწ. განსვენებული ნ. ს-ძის მემკვიდრეები არიან, კერძოდ, კანონით მეკვიდრეობის უფლების მოწმობით დადგენილია, რომ ნ. ს-ძის მემკვიდრეები თანაბარ წილში არიან შ. ს-ძე, ნ. ბ-ძე, ლ. მ-შვილი და ე. დ-ძე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მიწის ნაკვეთის ის ოდენობა, რომელსაც დღეის მდგომარეობით ფლობენ მოსარჩელეები მათ შეევსოთ როგორც ქალაქად მცხოვრები მე-3 კატეგორიის ოჯახებს, ნ. ს-ძის მემკვიდრეთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი განუყოფელია, იქ მაცხოვრებლებს ურთიერთშორის სასაზღვრო მიჯნა არასოდეს არ ჰქონიათ. სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო გზას არ წარმოადგენდა და იგი იყო მოსარჩელეების და ს. ს-ძის ერთიანი ეზოს განუყოფელი ნაწილი გამოკვეთილი სასაზღვრო მიჯნით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეები არ უარყოფენ იმას, 1997 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეებსა და ს. ს-ძეს ეკუთვნოდა, ასევე იმას, რომ 1997 წლამდე იქ არანაირი საჯარო გზა არსებობდა. ამიტომ პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო გზას წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის არსებობს ალტერნატიული გზა _ თავის ნაკვეთთან მისასვლელად, რადგან ნაკვეთი, რომელიც მან ს-ძისგან შეიძინა მისსავე საცხოვრებელ სახლსა და ეზოს ნაკვეთებს ესაზღვრება. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გზა აუცილებელია მოსარჩელეთათვის ეზოში მოსახვედრად და მათი საერთო ეზოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ სასაზღვრო მიჯნის გადმოწევით და ჭიშკრის ჩადგმით მოხდა მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელეთა საკუთრების ხელყოფა. მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ აუცილებელ გზაზე არ იმსჯელა, რადგან ეს საკითხი არ არის სასამართლოს განსჯის საგანი, ასეთი მოთხოვნა მოპასუხეთა მიერ სასამართლოში არ ყოფილა დაყენებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა ა. და ბ. ხ-ძეებმა, რომლითაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებთი მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორების მოსაზრებით, მოსარჩელეების ნაკვეთს სხვა ალტერნატიული შესასვლელი გზა არ გააჩნდა და არც გააჩნია, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ს. ს-ძისა და ა. ხ-ძის ნაკვეთებს შორის გამავალი გზა მანამდეც არსებობდა და იგი არ წარმოადგენდა ნ. ს-ძის ეზოს. ს. ს-ძემ მოიცვალა სამოსახლო და მიიღო მიწა სადავო გზის მარცხენა მხარეს. კასატორები ყურადღებას ამხვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ს. ს-ძე ვერ მიიღებდა რეფორმის პერიოდში 4500 კვ. მ მიწის და ვერ გაასხვისებდა, რადგან კანონის შესაბამისად მას 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მეტი არ ეკუთვნოდა. მიწა ს. ს-ძის სახელზე ვერ იქნებოდა აღრიცხული, იგი ავტომატურად ჩაირიცხებოდა სარეფორმო ფონდში და მიეზომა როგორც სარეფორმო მიწა ა. ხ-ძეს, რაც დაადასტურა იმდროინდელმა სოფ. ...ის მიწათმომწყობმა, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტება მხოლოდ ამ ნაწილში. კასატორის მითითებით, არასწორია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გზით სარგებლობის საკითხი თვითონ ს. ს-ძემ მოაწესრიგა და სადავო გზა აჩუქა თავის მამიდაშვილებს _ მოსარჩელეებს, ყოველივე აღნიშნული კანონის დარღვევას წარმოადგენს, რადგან არავის არა აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის უფლება, გარდა საქართველოს პრეზიდენტისა. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო გზა ს. ს-ძის საკუთრება იყო. სასამართლომ არ გაითვალისწინა საჯარო რეესტრის მონაცემები. სასამართლომ დაავალდებულა მოპასუხეები მიჯნის გადაწევაში ისე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები არ გაუუქმებია, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემებს ვერ გააუქმებდა, რადგან საქმეში წარმოდგენილი არ იყო არანაირი მტკიცებულება. კასატორთა მოსაზრებით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აუცილებელ გზას, შესაბამისად, სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა სკ-ის 180-181-ე მუხლები. მოსარჩელეებს უნდა აეკრძალოთ მოპასუხეებისათვის გზით სარგებლობის ხელის შეშლა. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მიჯნის დარღვევის თაობაზე რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება და არც რომელიმე მოწმეს დაუდასტურებია, რომ მიჯნა დარღვეულია, მოწმეთა ჩვენებებიდან ჩანს, რომ მიჯნა არ არის დარღვეული. კასატორმა სკ-ის 181-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საკადასტრო მონაცემები და ფაქტიური მფლობელობა ერთნაირია და სასამართლოს არ ჰქონდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ამასთან, მოსარჩელეთა მიერ არ იყო წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც მიჯნის გადაწევის ფაქტს დაადასტურებდა. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ გაეცნო სრულად საქმეში არსებულ მოწმეთა ჩვენებებს. მხოლოდ მოწინაღმდეგე მხარის სასარგებლოდ მიცემულ ჩვენებებზე დაამყარა გადაწყვეტილება. კასატორების მითითებით ხ-ძისა და ს-ძის ჩვენებებიდან არ ირკვევა, რომ მიჯნა გადაწეულია. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომ ხელყო ა. და ბ. ხ-ძის საკუთრება. სასამართლომ სადავო გზის გარდა ღობის 1 მ-ით შეწევა დაავალდებულა მოპასუხეს ეზოს მთელ სიგრძეზე ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, რითაც სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ხ-ძისა და ბ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1997 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეთა და ს. ს-ძის საკუთრებას წარმოადგენდა და იყო ერთიანი ეზოს განუყოფელი ნაწილი. 1997 წელს ს. ს-ძემ გაასხვისა თავისი წილი ეზო საცხოვრებელი სახლითურთ ბ. ხ-ძეზე და ს. ხ-ძეზე და მათ მიერ გაიმიჯნა საზღვრები. თვით ს. ს-ძის განმარტების თანახმად, მას სადავო მიწის ნაკვეთი არ გაუსხვისებია, რადგან ეს გზა მ.მ-შვილის სახლთან მისასვლილი ერთადერთი გზა იყო; მან მოპასუხეები გააფრთხილა, აღნიშნული ეზოთი არ ესარგებლათ, რადგან ეზო იყო მხოლოდ მისი მამიდაშვილების. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის არსებობს ალტერნატიული გზა _ თავის ნაკვეთთან მისასვლელად, რადგან ნაკვეთი, რომელიც მან ს-ძისგან შეიძინა, მისსავე საცხოვრებელ სახლსა და ეზოს ნაკვეთებს ესაზღვრება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა დადასტურებულად, სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო გზას რომ არ წარმოადგენს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, თუ რა რაოდენობის მიწის ფართობებს ფლობენ მხარეები და არა სადავო საკითხი, თუ სად გადის მიჯნა ამ ნაკვეთებს შორის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვანის რაიონული სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, როცა მოპასუხე ა. ხ-ძეს 2005წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით დაევალა საზღვრის გადაწევა თავისი ეზოს შიგნით 1 მეტრით მთელ სიგრძეზე, რადგან ს.ფ. 197-198-ზე ჩამოყალიბებულია მოსარჩელე მ. მ-შვილის ზემოაღნიშნული მოთხოვნა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო გზა აუცილებელია მოსარჩელეთათვის ეზოში მოსახვედრად და მათი საერთო ეზოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ სასაზღვრო მიჯნის გადმოწევით და ჭიშკრის ჩადგმით მოხდა მოპასუხეთა მხრიდან მოსარჩელეთა საკუთრების ხელყოფა. მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ხ-ძის და ბ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 6 იანვრის განჩინება.საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა