გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-448-01 10 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),თ. კობახიძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: განქორწინება, შვილების აღსაზრდელად გადაცემა, ქონების გაყოფა, ანდერძის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. და ნ. ჯ-იერები 1987 წლის 25 აპრილს გატარდნენ ქორწინების რეგისტრაციაში. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი: ა. ჯ-ერი, დაბადებული 1988 წლის 24 აპრილს და თ. ჯ-ერი, დაბადებული 1992 წლის 6 ოქტომბერს.
ოჯახური უსიამოვნების გამო ნ. და დ. ჯ-ერებს შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეწყდა.
2001 წლის აპრილში ნ. ჯ-ერმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში დ. ჯ-ერის მიმართ შვილების მიკუთვნების, ალიმენტის გადახდევინების და ნივთების დაბრუნების შესახებ.
დ. ჯ-ერმა აღძრა სარჩელი განქორწინებისა და ერთად ცხოვრების პერიოდში ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... შეძენილი სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ჯ-ერის სარჩელი; შეწყდა მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება და მოსარჩელე ცნობილი იქნა სოფ. ... ნ. ჯ-ერზე რიცხული სახლის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.
ნ. ჯ-ერის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შვილების ა. და თ. ჯ-ერები აღსაზრდელად გადაცემის ნაწილში. დ. ჯ-ერს შვილების საზრდოდ დაეკისრა ალიმენტი, ყოველთვიურად 50-50 ლარის ოდენობით, სულ 100 ლარი, ბავშვების სრულწლოვანებამდე; ნივთების დაბრუნების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნ. ჯ-ერს უარი ეთქვა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო საჩივრით დ. ჯ-ერმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება ბავშვების აღსაზრდელად გადაცემის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მიღებით შვილების მასთან დატოვება. დ. ჯ-ერმა მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1128-ე და 1201-ე მუხლებზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მხარეთა სააპელაციო საჩივრები. უცვლელად იქნა დატოვებული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
ბავშვების აღსაზრდელად გადაცემის საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა თბილისის განათლების განყოფილების, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ 2001 წლის 5 დეკემბერს გაცემულ დასკვნაში გამოთქმული მოსაზრებები. აღნიშნული დასკვნით მიზანშეწონილად არის მიჩნეული, რომ ბავშვების სულიერების დისკომფორტის გაგრძელების თავიდან ასაცილებლად ისინი დედას უნდა დაუბრუნდნენ აღსაზრდელად.
საკასაციო საჩივარით დ. ჯ-ერი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას ბავშვების აღსაზრდელად გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ არ იქნა მიღებული მხედველობაში ბავშვების მიერ გამოთქმული სურვილი მამასთან აღსაზრდელად დაბრუნების შესახებ, შვილების რჩენისათვის საჭირო თითოეული მხარის მატერიალური შესაძლებლობები და რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ დ. ჯ-ერის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შვილის ა. ჯ-ერის აღსაზრდელად გადაცემის ნაწილში და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, ორივე მხარე დადებითად ხასიათდება. დ. ჯ-ერს აქვს შედარებით უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობები, ხოლო ნ. ჯ-ერი გამოირჩევა, როგორც ოჯახის მოყვარული, მზრუნველი დედა.
სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. და დ. ჯ-ერებს შორის ქორწინების შეწყვეტის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის შესაბამისად, თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდნენ არასრულწლოვანი შვილები. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.
სააპელაციო სასამართლომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის მხედველობაში მიღებით ჩათვალა, რომ შვილები უნდა ცხოვრობდნენ დედასთან, ბავშვები კი ითხოვდნენ მამასთან საცხოვრებლად დარჩენას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 14 წლის ა. ჯ-ერის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას მისი ნების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება არ იმოქმედებს დადებითად ბავშვის განწყობაზე და ვერ შეუწყობს ხელს დედა-შვილს შორის გულთბილი ურთიერთობის აღდგენას.
ქალიშვილის, თ. ჯ-ერის მიმართ ასაკის გათვალისწინებით სასამართლო იყო უფლებამოსილი
ქალიშვილი თ. ჯ-ერი არ არის მიღწეული ისეთ ასაკს, რომ მისმა სურვილმა, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში, როგორც კანონიერი და დასაბუთებული უნდა დარჩეს უცვლელად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ იცხოვრებს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
დ. ჯ-ერის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 6 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს შვილის _ ა. ჯ-ერის აღსაზრდელად მოსარჩელე ნ. ჯ-ერისათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში გამოტანოლო იანას ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
ნ. ჯ-ერს სარჩელზე ა. ჯ-ერის აღსაზრდელად გადაცემის შესახებ უარი ეთქვას.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.