დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹3კ/819-01 10 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
კერძო საჩივრის ავტორის თხოვნა: სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 28 აგვისტოს პ. მ-შვილმა ზ. ჭ-იას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000 წლის 9 მარტს მას და მ. ბ-ძეს შორის, ქ. კ-შვილთან შეთანხმებით, მისი წარმომადგენლის, ზ. ჭ-იას, მეშვეობით დაიდო მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება.
ამ ხელშეკრულების თანახმად მ. ბ-ძემ მას დაუთმო 13500 აშშ დოლარის, ყოველთვიურად 2%-ის დარიცხვით, მიღების უფლება და მოთხოვნა, რომელიც მას გააჩნდა ზ. ჭ-იას მიმართ სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დატვირთული ქ. კ-შვილის საკუთრებაში მყოფ ბინაზე.
იმავე დღეს მან ბ. ჭ-იასთან დადო შეთანხმება ხელშეკრულებაში პირობების შეცვლის შესახებ, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა გაიზარდა 4900 აშშ დოლარით და დასაბრუნებელმა თანხამ შეადგინა 18400 აშშ დოლარი ყოველთვიური 2% დარიცხვით.
2000 წლის 9 ივნისს გავიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, მაგრამ მოპასუხემ ვალი არ გადაიხადა.
მოსარჩელემ მოითხოვა სულ 24000 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ჭ-იას მიმართ მინდობილობა გაცემული ჰქონდა არა სესხის ასაღებად და ქონების იპოთეკით დასატვირთად, არამედ ქონების შესაძენად. ამდენად, რწმუნებული უფლებამოსილი არ იყო, მარწმუნებლის სახელით აეღო სესხი და იპოთეკით დაეტვირთა ქონება.
რაიონული სასამართლოს 2000 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა 21400 აშშ დოლარი და დადგინდა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაცია.
მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე კ-შვილს სარჩელი ჰქონდა აღძრული ჭ-იას წინააღმდეგ გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მოცემული საქმის განხილვა დასრულებული არ იყო.
მითითებული გარემოებების გამო, მოპასუხის შუამდგომლობის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე მოცემული საქმის წარმოება შეაჩერა. სასამართლომ მიუთითა, რომ წინამდებარე საქმის განხილვა შეუძლებელი იყო, სანამ არ განიხილებოდა კ-შვილის მიერ აღძრული სარჩელი გაცემული მინდობილობის ბათილობასთან დაკავშირებით.
მოსარჩელემ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საქმის წარმოებით შეჩერების შესახებ მიღებული განჩინების გაუქმების თაობაზე და საქმე კერძო საჩივართან ერთად გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით შეაჩერა საქმის წარმოება, მოითხოვა ამ საქმეზე საქმის წარმოებით შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება არსებითად განხილვისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. კ-შვილს სასამართლოში აღძრული ჰქონდა სხვა სარჩელი მისი რწმუნებულის, ზ. ჭ-იას, წინააღმდეგ, მის მიერ გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ. სწორედ აღნიშნული მინდობილობა ედო საფუძვლად დავას პ. მ-შვილსა და ქ. კ-შვილს შორის, ამიტომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმის განხილვა შეუძლებელი იქნებოდა მითითებული მინდობილობის ბათილობის საკითხის გადაწყვეტამდე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. კ-შვილის მიერ მინდობილობის ბათილობასთან დაკავშირებით ზ. ჭ-იას წინააღმდეგ აღძრული საქმის განუხილველობამ არ უნდა დააბრკოლოს მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. პალატას სავსებით შესაძლებლად მიაჩნია ამ საქმეზე გადაწყვეტლების მიღება, ვიდრე გადაწყდება მინდობილობის ბათილობის საკითხი, რადგან სამოქალაქო კოდექსის 716-ე მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად ქონება, რომელიც მარწმუნებელმა გადასცა რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესასრულებლად კრედიტორთან, რწმუნებულის ურთიერთობაში ჩაითვლება მარწმუნებლის ქონებად.
ქ. კ-შვილის მიერ მეუღლე ზ. ჭ-იაზე გაცემული საქმეში წარმოდგენილი მინდობილობა აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნას. მითითებული მინდობილობის შესაბამისად ზ. ჭ-იას უფლება ჰქონდა, აეღო სესხი და იპოთეკით დაეტვირთა მარწმუნებლის ქონება. მითითებული მინდობილობა ბათილად არაა ცნობილი.
სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა (მოცემულ შემთხვევაში ფორმა დაცულია და ფორმის დაუცველობასთან დაკავშირებით ეჭვი გამორიცხულია).
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავალების ხელშეკრულება, გაფორმებული ზ. ჭ-იასა და მის მეუღლეს, ქ. კ-შვილს, შორის, ნამდვილია მანამ, სანამ იგი არ იქნება ბათილად ცნობილი კანონით დადგენილი წესით. ამიტომ ბათილობის საკითხის გადაწყვეტა მოცემული საქმის განხილვას ხელს არ უშლის. მით უმეტეს, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ზ. ჭ-იას მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. მ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 17 მაისის განჩინება და საქმე შემდგომი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.