დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.03.2006
საქმის ნომერი
ას-1089-1337-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1089-1337-05 9 მარტი, 2005 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებლი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ძე, თ. ბ-ძე (მოპასუხეები)

დავის საგანი – წილის გამოყოფა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. ა-ძემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ბ. ა-ძისა და თ. ბ-ძის წინააღმდეგ წილის გამოყოფის შესახებ.

ქედის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ბ. ა-ძემ და თ. ბ-ძემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 10 მაისის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა აპელანტ ბ. ა-ძის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.

ც. ა-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. მან მიუთითა, რომ აწ გარდაცვლილი ბ. ა-ძე წილის გამოყოფას არ ეწინააღმდეგებოდა და საჭირო არ არის უფლებამონაცვლის ჩართვა საქმეში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის განჩინებით ც. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდათ ბ. ა-ძესა და თამაზ ბ-ძეს. ბ. ა-ძე გარდაიცვალა, რის გამოც მის უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება. ჯერჯერობით უფლებამონაცვლე დაუდგენელია, აგრეთვე, შეჩერების გამომწვევი გარემოება აღმოფხვრილი არ არის და, აქედან გამომდინარე, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის «ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ც. ა-ძე მიუთითებს, რომ მას, როგორც ამხანაგობის წევრს, ამხანაგობიდან ეკუთვნის წილი. მოპასუხეებად დაასახელა ბ. ა-ძე და თ. ბ-ძე. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინებით მოცემული საქმის განხილვა შეჩერდა აპელანტ ბ. ა-ძის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

სადავო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, კერძოდ, მოცემული ურთიერთობა რაკი ეხება წილის გამოყოფას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქმეში ჩაერთოს გარდაცვლილი ბ. ა-ძის უფლებამონაცვლე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რამაც გამოიწვია საქმის წარმოების შეჩერება, კერძოდ, ბ. ა-ძის უფლებამონაცვლე, სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი ც. ა-ძეს საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკამყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.