დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 16.01.2006
საქმის ნომერი
ას-1188-1432-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-1188-1432-05 ¹ ას-1188-1432-05 16 იანვარი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ს-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. ბ-ძეს აეკრძალა ლ. ს-ვას სახელზე რიცხულ, სხვა მეზობლებისაგან იზოლირებულად გამოყოფილ სახლთმფლობელობაში მდებარე ქ.თბილისში, ... ქ.¹29-ში მესაკუთრის თანხმობის გარეშე შესვლა და მესაკუთრისათვის უკანონო მოქმედებებით ყოველგვარი ხელშეშლა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მხარეები ერთის მხრივ ლ. ს-ვა და მეორეს მხრივ ი. ბ-ძე შეთანხმდნენ, რომ ი. ბ-ძე (ს-შვილი) გადაუხდის ლ. ს-ვას 2004წ. 25 ოქტომბრამდე 100 ლარს, ხოლო ლ. ს-ვა აიღო ვალდებულება გაეკეთებინა 2005წ. 1 იანვრამდე ორი მეტრის სიმაღლის ფიცრის ღობე მის და ი. ბ-ძის (ს-შვილის) ეზოებს შორის ამჟამად არსებულ საზღვარზე მთელი მიჯნის გასწვრივ. მორიგების პირობების დამრღვევი მხარე მეორე მხარეს გადაუხდის 1000 ლარს.

მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება და 2005წ. 21 თებერვალს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

2005წ. 6 მაისს ლ.ს-ვამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მორიგების აქტი ყალბია. 2005წ. 27 მაისის განცხადებით, ლ.ს-ვამ დამატებით აღნიშნა, რომ მორიგების აქტის შედგენაში მას მონაწილეობა არ მიუღია, შესაბამისად, არც ხელი მოუწერია და მისი ხელმოწერა გაყალბებულია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განჩინებით ლ. ს-ვას განცხადება დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, იმ მოტივით, რომ განცხადება შეტანილი იყო სსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნულ განჩინებაზე ლ. ს-ვამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 20 ივნისის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მორიგების აქტის გაყალბების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2005წ. 15 აპრილს, შესაბამისად, განცხადება შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და საქმის წარმოება შეწყვეტილია, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 426-ე მუხლის არა პირველი ნაწილით, არამედ ამ მუხლის მე-4 ნაწილით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 ივლისის განჩინებით ლ. ს-ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სხდომას ესწრებოდა ორივე მხარე, როგორც აპელანტი ი.ბ-ძე, ასევე, მოწინააღმდეგე მხარე ლ. ს-ვა და მისი წარმომადგენელი მ.რ-შვილი. მხარეებმა იშუამდგომლეს მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება მათ მიერვე ჩამოყალიბებული პირობებით. 2004წ. 20 ოქტომბრის ხელწერილების თანახმად, ორივე მხარემ უარი განაცხადა მორიგების შესახებ განჩინების გასაჩივრებაზე. აღნიშნული სხდომის ოქმის მიმართ ლ. ს-ავას სსკ-ის 291-ე მუხლით დადგენილ სამდღიან ვადაში შენიშვნები არ წარუდგენია.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ლ. ს-ვამ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა 2005წ. 6 მაისს, ანუ მორიგების განჩინების გამოტანიდან 6 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, რითაც დარღვეულ იქნა სსკ-ის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ.ს-ვას არგუმენტს იმის თაობაზე, რომ მორიგების თაობაზე განჩინების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2005წ. 15 აპრილს, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად კი თითეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემული ნორმა ადგენს იმ მაქსიმალურ ვადას, რომლის შემდეგ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლების არსებობის მიუხედავად, აღარ შეიძლება საქმის წარმოების განახლება. მოცემულ შემთხვევაში კი საუბარია საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის არსებობაზე, რომელსაც ადგენს 426-ე მუხლის პირველი ნაწილი.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ს-ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს.

თბილსის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.