გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1230-1473-05 28 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: რეაბილიტაციის შეწყვეტა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ფინანსთა მინისტრ ვ.ჩ-შვილის განცხადება სს „ა-ის“ მიმართ რეაბილიტაციის შეწყვეტისა და გაკოტრების საქმეთა წარმოების გახსნის შესახებ.
სს „ა-ის“ მიმართ შეწყდა რეაბილიტაცია და განახლდა გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მმართველად დაინიშნა ზ. ი-შვილი, კრედიტორთა პირველი კრების ჩატარებამდე გაკოტრების მმართველის არჩევით დანიშვნამდე.
კრედიტორთა პირველი კრება დაინიშნა 2005წ. 24 ივნისს, 10 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობაში. დღის წესრიგად განისაზღვრა ახალი კრედიტორების კომიტეტის არჩევა; გაკოტრების მმართველ ზ. იაშვილის ანგარიშის მოსმენა; კრედიტორთა მიერ სს „ა-ის“ გაკოტრების მმართველის არჩევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრება მოწვეულ იქნა 2005წ. 15 ივლისს, 10 საათზე, საქალაქო სასამართლოს შენობაში. კრედიტორთა კრების დღის წესრიგად განისაზღვრა კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.
2005წ. 24 ივნისს სს „ა-ის“ კრედიტორებმა «ი. ი.ი.ჯ-ის»Q წარმომადგენელმა ვ. ა-ვმა და ფირმა „ს-დის“ წარმომადგენელმა ა. ქ-ძემ კერძო საჩივრით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2005წ. 6 ივნისის განჩინების გაუქმება რეაბილიტაციის შეწყვეტისა და სს „ა-ის“ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე და გადაწყვეტილების მიღება სს „ა-ის“ რეაბილიტაციის პროცედურის გაგრძელების შესახებ.
კერძო საჩივარში მითითებულია, რომ სასამართლომ დაარღვია „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონის 25-ე და 25-ე მუხლის მოთხოვნები, სათანადოდ არ შეამოწმა მოვალის მიერ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევა. სასამართლომ დაარღვია კანონის 22-ე მუხლის მოთხოვნები კრედიტორთა კრებაზე კენჭისყრაში მონაწილე პირთა შესახებ. ასევე‚ სადავო განჩინების გამოტანისას სასამართლომ მიუთითა, რომ გაკოტრების მმართველი არჩეული იქნებოდა კრედიტორთა კომიტეტის და არა კრედიტორთა კრების მიერ, რითაც დაირღვა ამავე კანონის 15-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 აგვისტოს განჩინებით Q„ი.ი.ი.ჯ_-ის” წარმომადგენელ ვ. ა-ვისა და ფირმა „ს-დის“ წარმომადგენელ ა. ქ-ძის კერძო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 ივნისის განჩინებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კერძო საჩივარი იყო შეტანილი სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორები არ წარმოადგენენ ვალაუვალ მოვალეს, არც იმ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია გასაჩივრებული განჩინება; გასაჩივრებული განჩინება უშუალოდ მათ არ ეხებათ. ამდენად, «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის 31-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც დაუშვებლად ხდის მას და სსკ-ის 420-ე და 374-ე მუხლების თანახმად, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა Q„ი. ი.ი.ჯ-ის“ წარმომადგენელმა ვ. ა-ვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 ივნისის განჩინება არ გამოქვეყნებულა «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, იმისათვის, რომ განჩინების გამოქვეყნება ჩათვლილიყო განხორციელებულად, აუცილებელი იყო მისი გამოქვეყნება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, სადაც არის «ი. ი.ი.ჯ-ის” ადგილსამყოფელი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, არ ყოფილა დარღვეული კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005წ. 23 სექტემბრის განჩინებით «ი. ი.ი.ჯ-ის” კერძო საჩივარი, მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ «ი.ი.ი.ჯ-ის» კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და მის დაკმაყოფილებას უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრში აღნიშნულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 ივნისის განჩინება არ იყო გამოქვეყნებული «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, იმისათვის, რომ განჩინების გამოქვეყნება ჩათვლილიყო განხორციელებულად, აუცილებელი იყო მისი გამოქვეყნება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, სადაც არის «ი. ი.ი.ჯ-ის» ადგილსამყოფელი.
კერძო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს არა იმ დღიდან, როდესაც განჩინება გამოქვეყნდა მხოლოდ ერთ-ერთი სავალდებულო საშუალებით, არამედ გამოქვეყნება ჩაითვლება განხორციელებულად იმ დღიდან, როდესაც სრულად იქნა შესრულებული გამოქვეყნების თაობაზე კანონმდებლობითა და განჩინებით დადგენილი ყველა სავალდებულო წესი. განჩინების ავტორი მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული ვადის ათვლის მომენტად ერთ-ერთ გაზეთში მისი გამოქვეყნების თარიღის მიჩნევა უმართებულოა.
«გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესის ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე, სასამართლოს დაფაზე ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში. განჩინების გავრცელებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნება შესრულებულად ითვლება გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებას იმ სახელმწიფოშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ნაწილი. გამოქვეყნდება განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილი.
განსახილველი ნორმის პირველი წინადადების თანახმად, დადგენილია გამოქვეყნების ისეთი საშუალებები, როგორიცაა პრესის ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალება, აგრეთვე, ინფორმაციის განთავსებას სასამართლოს დაფაზე ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში განჩინების გავრცელება. ანუ გამოქვეყნებისათვის აუცილებელია მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის ერთდროულად დაცვა, კერძოდ, მასობრივი საშუალებების ერთ-ერთი ალტერნატიული საშუალებისა და სასამართლოში არსებული გამოქვეყნების რომელიმე წესის დაცვა.
ზემოაღნიშნული პირობების დაცვით განჩინების გავრცელებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნება შესრულებულად ითვლება გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის მიმართ («გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება).
საჭიროების შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებას იმ სახელმწიფოშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ნაწილი («გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ" კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადება).
განსახილველი ნორმა ადგენს, თუ რომელ სახელმწიფოში უნდა გამოყვეყნდეს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინება (სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ნაწილი) და რა შემთხვევაში (საჭიროების შემთხვევაში). კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოექვეყნებინა აღნიშნული განჩინება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არის ამ ორგანიზაციის ადგილსამყოფელი.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევას ადგენს სასამართლო ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანია «ი. ი.ი.ჯ-ის” ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოში იმ დროს, როდესაც პრესაში გამოქვეყნდა გასაჩივრებული განჩინება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გაკოტრების წარმოების გახსნის შესახებ განჩინების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნების საჭიროება. კერძო საჩივრის ავტორი აუცილებლად მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებას, რადგან აშშ-ს ტერიტორიაზეა მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორი არ ასაბუთებს, თუ რატომ იყო საჭირო ამ განჩინების სხვა ქვეყანაში გამოქვეყნება (რა ობიექტური გარემოებები მიუთითებდნენ ამაზე, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ, მაგალითად, არ გააჩნია წარმომადგენლობა ან წარმომადგენელი საქართველოში და ა.შ.).
ამდენად, გაკოტრების გახსნის შესახებ განჩინების აშშ-ში გამოქვეყნების საჭიროების არარსებობის გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 6 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული, რომ აღნიშნული განჩინება უნდა გამოქვეყნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 414_ე, 420_ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
«ი. ი.ი.ჯ-ის” წარმომადგენელ ვ. ა-ვს უარი ეთქვას კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე;
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 29 აგვისტოს განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.