დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1293-1528-05 ას-1293-1528-05 9 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «ქ. პ. მ-ბის» სარჩელი მოპასუხე შპს ფ-ლის» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ - შპს «ს. ფ-ლმა». ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 მარტის და განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 15 ივნისის განჩინებით.
2005წ. 2 აგვისტოს შპს «ს. ე-ემამ» სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქუთაისის - საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, ვინაიდან შპს «ს ე-მა» საქმეში ჩაბმული იყო მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, იგი არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირს.
სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «ს. ე-მამ» იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება მათ ინტერესებს უკავშირდება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ოქტომბრის განჩინებით შპს «ს. ე-მის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს «ს. ე-მის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 28-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორციელებს მის ფუნქციებს. ფილიალი არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიანობას ეწევა დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე.
ფილიალის მიერ განხორციელებული საქმიანობით წარმოშობილ მოვალეობებზე პასუხს აგებს ის იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელსა და ფუნქციების განმხორციელებელს წარმოადგენს ფილიალი.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სს „ქ. მ-მა“ სარჩელი აღძრა შპს „ს. ე-მის“ ქუთაისის ფილიალის მიმართ. ფილიალის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ძირითადი საწარმო შპს „ს. ე-მა“. სასამართლოში, როგორც ძირითადი საწარმოს, ისე _ ფილიალის სახელით შპს „ს. ე-მის“ გენერალური დირექტორ ბ.ქ-ლის მიერ გაცემული რწმუნების საფუძველზე, საქმეს აწარმოებდა ჯ. უ-ძე, რომელიც გენერალური დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი იყო შეესრულებინა სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის _ მარწმუნებლის სახელით გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლები, ორ ეგზემპლარად, ერთი ფილიალისათვის და მეორე ძირითადი საწარმოსათვის გადასაცემად, ჩაჰბარდა წარმომადგენელს ჯ.უ-ძეს 2004წ. 22 იანვარს. შპს „ს. ე-მის“ გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 1წ.ა და 6 თვის შემდეგ, 2005წ. 2 აგვისტოს, ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ასევე დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფილიალის დირექტორმა, რომლის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მარტის განჩინებით დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია.
დადგენილია, რომ საქმის განხილვისას, ძირითად საწარმოს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ საქმეში ფილიალი ჩაბმული იყო მოპასუხედ, ხოლო ძირითადი საწარმო მესამე პირად, აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ძირითადი საწარმო თანახმა იყო ფილიალს წარმოედგინა და განეხორციელებინა ძირითადი საწარმოს ფუნქციები. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ როგორც ძირითადი საწარმოს, ისე ფილიალის ინტერესებს სასამართლოში იცავდა გენერალური დირექტორის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც საქმეში ფილიალის მოპასუხედ მონაწილეობაზე პრეტენზია არ განუცხადებია და არც გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით. შესაბამისად, ფილიალის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედება (სააპელაციო წესით გასაჩივრება) ინარჩუნებს მნიშვნელობას და ძირითადი საწარმოს მიერ კვლავ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სსკ-ის მე-11 თავით დადგენილ შემთხვევებში და წესით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა შპს „ს. ე-მის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «ს. ე-მის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.