გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ას-1300-1411-04 10 მარტი, 2005 წ. ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: გაკოტრების ტაბულაში უზრუნველყოფილ კრედიტორად შეყვანა, საპროცესო ვადის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით ს/ს «ქ-ს» მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. ამავე განჩინებით «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ვალაუვალი მოავლის ყველა კრედიტორს დაევალა დადგენილ ვადაში _ 2002წ. 30 ოქტომბრამდე სასამართლოში თავისი მოთხოვნების წარდგენა.
2003წ. 10 ოქტომბერს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა ვ.კ-მ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ ს/ს «ქ-ს» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ 2003წ. 6 იანვარს წარმოების დირექტორისაგან შეიტყო. მისი განმარტებით, ინსპექციისათვის არც გაკოტრების მმართველს და არც სასამართლოს განაცხადის შეტანის ვადის შესახებ არ შეუტყობინებია და აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ «...ში». ვ.კ-ს განმარტებით, მოცემულ წარმოებას ბიჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ გააჩნია 12.683.101,58 ლარის ოდენობის დავალიანება. მხარის მითითებით, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია საჯარო იურიდიული პირია და მის თანამშრომლებს აქვთ საგადასახადო კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული მოვალეობანი, რომელშიც რესპუბლიკაში გამოცემული გაზეთების კითხვა არ შედის, ამდენად, განაცხადის ვადის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა შემთხვევით, არაოფიციალური წყაროებიდან. ვ.კ-მ მოითხოვა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უზრუნველყოფილ კრედიტორთა სიაში შეყვანა და, «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის თანახმად, კრედიტორთა შორის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის უპირატესი უფლების მინიჭება. 2003წ. 31 იანვარს საგადასახადო ინსპექციამ კვლავ მიმართა სასამართლოს და განაცხადა, რომ «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მას ს/ს «ქ-ს» მიმართ ჰქონდათ გირავნობის მოთხოვნის უფლება და სასამართლო ვალდებული იყო, დაევალებინა მისთვის მოთხოვნათა წაყენების ვადაში განეცხადებინა გაკოტრების მმართველთან ამ უფლების შესახებ, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია. 2003წ. 18 თებერვალს საგადასახადო ინსპექციამ მოითხოვა ამავე წლის 10 და 31 იანვრის განცხადებების განხილვა, ხოლო 31 მარტის სასამართლოსათვის მიმართვაში ვ.კ-მ აღნიშნა, რომ, სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, ყველა წინამდებარე განცხადება წარმოადგენდა მოთხოვნას საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ და შესრულებულია ის საპროცესო მოქმედება, რომელზეც ვადა გასულია _ შეტანილია მოთხოვნის განაცხადი. აღნიშნულის საპატიო მიზეზად მხარემ მიუთითა სასამართლოს მიერ ს/ს «ქ-ს» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ შეუტყობინებლობა. ვ.კ-მ მოითხოვა წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და ვადის აღდგენის გზით ს/ს «ქ-ს» კრედიტორთა ტაბულაში საგადასახადო ინსპექციის შეყვანა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 აპრილის განჩინებით მოთხოვნა საგადასახადო ინსპექციის უზრუნველყოფილ კრედიტორად გაკოტრების ტაბულაში შეყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საგადასახადო ინსპექციის განცხადება დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ, ასევე, ს/ს «ქ-ს» კრედიტორთა კომიტეტის წევრმა მ.ბერაძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 აპრილის განჩინებით გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად. ამდენად, საქმე დაუბრუნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის განჩინებით საგადასახადო ინსპექციის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 10 იანვრის განცხადების შესწავლა უნდა მოხდეს კრედიტორული მოთხოვნების შესამოწმებელ დამატებით სხდომაზე. ზემოხსენებულ განჩინებაზე რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 21 აპრილის განჩინება შეიცვალა ნაწილობრივ და ამ განჩინებას დაემატა მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმად, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას უარი ეთქვა 2002წ. 27 სექტემბრის კრედიტორული დავალიანების შესახებ წერილის დროულად შეტანილ განცხადებად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით ს/ს «ქ-ს» მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და ამავე განჩინებით ვალაუვალი მოვალის კრედიტორებს დაევალათ, 2002წ. 30 ოქტომბრამდე წარადგინონ გაკოტრების სასამართლოში თავინთი მოთხოვნები ვალაუვალი მოვალის მიმართ მოთხოვნის ოდენობისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით. აქვე ვალაუვალი მოვალის კრედიტორებს მიეთითათ, რომ მოთხოვნათა წაყენების ვადის დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების შედეგებზე მოქმედებს «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტი. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა თანახმად, განჩინება ს/ს «ქ-ს» გაკოტრების შესახებ გამოქვეყნდა 2002წ. 25 აგვისტოს გაზეთ «...ში». სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ს/ს «ქ-ს» მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ, ვინაიდან 2002წ. 27 სექტემბერს, როდესაც სასამართლოში მოთხოვნათა წარდგენის ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული, მან ს/ს «ქ-ს» გაკოტრების მმართველს მიმართა წერილით, რომლითაც ინფორმაციას აწვდიდა არსებული დავალიანების შესახებ. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული ადასტურებს, რომ რუსთავის საგადასახადო ინსპექციისათვის საზოგადოების მიმართ გაკოტრების საქმის გახსნის შესახებ ცნობილი იყო, თუმცა მას სასამართლოსათვის თავისი მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს. პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი 2002წ. 27 სექტემბრის წერილი ვადაში გაცხადებულ პრეტენზიად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ განცხადების ადრესატია გაკოტრების მმართველი და არა სასამართლო. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მოსაზრებას, თითქოს იგი თავს უზრუნველყოფილ მოვალედ თვლიდა და, «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «დ» პუნქტის თანახმად, მოთხოვნით უნდა მიემართა არა სასამართლოში, არამედ გაკოტრების მმართველისათვის, რაც განახორციელა 2002წ. 27 სექტემბრის წერილით. პალატის მითითებით, კანონის ამ ნორმის მიხედვით, ყველა იმ პირს, რომელსაც ვალაუვალი მოვალის ქონებას მიკუთვნებულ ნივთზე აქვს საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება, ევალება მოთხოვნათა წარდგენის ვადაში განაცხადონ გაკოტრების მმართველთან ამ უფლების შესახებ, ხოლო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 27 სექტემბრის წერილი არის არა გირავნობის მოთხოვნის უფლების განცხადება, არამედ _ ინფორმაცია დარიცხვებისა და გადასახადების შესახებ. ამასთან, როგორც კანონიერ ძალაში შესული განჩინებით აღინიშნა, საგადასახადო ინსპექცია უზრუნველყოფილ კრედიტორად არ იქნა ცნობილი და ამდენად, მას, როგორც ჩვეულებრივ მოვალეს, თავისი მოთხოვნები ს/ს «ქ-ს» მიმართ სასამართლოში უნდა განეცხადებინა, რაც არ გაუკეთებია. რაც შეეხება ვადის გაგრძელების მოთხოვნას, პალატამ ჩათვალა, რომ ეს მოთხოვნაც უსაფუძვლოა და პირველი ინსტანციის მიერ სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-4 და 21-ე მუხლებით და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმებით იმპერატიულად გამომდინარეობს, თუ რა ხდება კრედიტორების მიერ თავისი მოთხოვნების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში _ ისინი განიხილებიან დამატებით სხდომაზე, ხოლო საბოლოო სიის დამტკიცების შემდეგ წარდგენილი მოთხოვნები საერთოდ არ განიხილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული კანონი კრედიტორთა მოთხოვნების წარდგენისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამდენად, სსკ-ის იმ ნორმათა გამოყენება, რომლებიც არეგულირებენ საპროცესო ვადის გაგრძელების წესებს, მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 66-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ამ ვადის გასვლამდე საგადასახადო ინსპექციას არ წარუდგენია, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ ასეთი განცხადების დაკმაყოფილებისათვის საპატიო მიზეზი საქმის მასალებში არ მოიპოვება. პალატის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 27 სექტემბრის წერილზე სამოტივაციო ნაწილში არსებული მსჯელობის თაობაზე არაფერია ნათქვამი, პალატამ ჩათვალა, რომ განჩინებას უნდა დაემატოს პუნქტი, რომელშიც აისახება სასამართლოს დასკვნა ამ წერილის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე რუსთავის საგადასახადო ინსპექციამ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მიუთითა, რომ განჩინება მიღებულია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონი და სსკ-ის 249-ე მუხლი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან, სასამართლომ არ გაითვალისწინა სააპელაციო პალატის მიერ 2003წ. 18 ივლისის განჩინებით უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც კვლავ სადავოდ გახადა. კერძოდ, დადგენილია, რომ 2002წ. 27 სექტემბრის რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წერილი წარმოადგენს განაცხადს კრედიტორული დავალიანების შესახებ და დასადგენია მხოლოდ ვადის საკითხი _ არის თუ არა იგი დროული განაცხადი. ასევე დადგენილია, რომ სსკ-ის 64-69-ე მუხლები არ ეწინააღმდეგება «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მიზანს და ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს. დადგენილია, რომ შეფასება უნდა მიეცეს იმ ფაქტს, რომ გაკოტრების მმართველისათვის 2002წ. 9 აგვისტოს ცნობილი იყო, რომ ს/ს «ქ-ს» გააჩნდა სახელმწიფო დავალიანება, რომლის დაკისრების მიზნით, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას აღძრული ჰქონდა სარჩელი. ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის წარდგენის ვადის გაგრძელების ან ვადის დაცულად ცნობის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება მოთხოვნის მოცულობის შემოწმების მიზნით. აღნიშნული დადგენილი გარემოებანი გასაჩივრებული განჩინებით უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა საგადასახადო კოდექსის 226-ე მუხლი. მხარის განმარტებით, უსაფუძვლოა გასაჩივრებულ განჩინებაში არსებული მითითება, თითქოს სადავო მოთხოვნა უნდა წაეყენებინათ გაკოტრების სასამართლოში და არა გაკოტრების მმართველთან, რის გამოც 2002წ. 27 სექტემბრის წერილი არ ჩაითვალა დროულ განაცხადად, რადგან საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლის საფუძველზე კასატორი თვლიდა, რომ ს/ს «ქ-ს» მიმართ გააჩნდათ გირავნობის უფლება, შესაბამისად, გაკოტრების მმართველისადმი მიმართვა კრედიტორული დავალიანების თაობაზე შეესაბამებოდა «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მოთხოვნებს, მით უფრო, რომ მხარის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო გაკოტრების საქმის გახსნისა და ვადის დადგენის შესახებ. ამ კანონის მე-15 მუხლიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის ვალდებული იყო, ინსპექციის მოთხოვნა გადაეგზავნა გაკოტრების სასამართლოსათვის, გაეტანა აღნიშნული საკითხი მოთხოვნის შესამოწმებელ სხდომაზე, ხოლო საგადასახადო ინსპექციის უზრუნველყოფილ კრედიტორად არ მიჩნევის შემთხვევაში, მხარის აზრით, გაკოტრების მმართველი ვალდებული იყო, მიეცა მისთვის ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად _ გაკოტრების სასამართლოსათვის მისამართად. 2002წ. 27 სექტემბრის მიმართვა წარმოადგენდა ვადაში გაცხადებულ მოთხოვნას კრედიტორული დავალიანების შესახებ. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის მე-11-15 მუხლები. საგადასახადო ინსპექცია არ დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას მოთხოვნის წაყენების ვადის გაგრძელების შესახებ. მხარის აზრით, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა საერთოდ დაუშვებელია, მაშინ მან უბრალოდ არ უნდა ამტკიცოს, რომ არ არსებობს ვადის გაგრძელებისათვის საპატიო მიზეზი, რადგან აღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტაციაა. მხარემ ყურადღება გაამახვილა 2002წ. 19 მარტის განჩინებაზე ინსპექციის სარჩელის გამო ს/ს «ქ-ს» ვადაგადაცილებული დავალიანების დაკისრების თაობაზე. აღნიშნული განჩინებებიდან გამომდინარე, გაკოტრების სასამართლო «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის 12.4 მუხლის თანახმად, ვალდებული იყო, გამოეგზავნა გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განჩინება, რაც არ განუხორციელებია. ამავე კანონის 12.3 მუხლის «ბ» პუნქტით კი გაკოტრების სასამართლო ვალდებული იყო, საგადასახადო ინსპექციისათვის, როგორც მარეგისტრირებელი უწყებსისათვის, გაეგზავნა განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ს/ს «ქ-ს» მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს გამოქვეყნებულად, რადგან გამოქვეყნება არ შეესაბამება «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის 12.2 მუხლის მოთხოვნებს, ხოლო 7.4-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების სასამართლოს არც გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ დოკუმენტი ჩაუბარებია ინსპექციისათვის _ როგორც სააღსრულებო ორგანოსათვის. კასატორმა მოითხოვა რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 27 სექტემბრის წერილის ს/ს «ქ-ს» გაკოტრების შესახებ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში განხორციელებულ განაცხადად ან წინააღმდეგ შემთხვევაში _ ვადის გაშვების საპატიოდ ცნობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლი-ანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 აგვისტოს განჩინებით გაიხსნა ს/ს «ქ-ს» გაკოტრების საქმის წარმოება და საზოგადოების კრედიტორებს მოთხოვნის წარდგენის ვადად განესაზღვრათ 2002წ. 30 ოქტომბერი. ამავე განჩინებით დგინდება, რომ სასამართლომ გაკოტრების წარმოება გახსნა სს «ქ-ს» სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის, ზ.კ-ის, განცხადების საფუძველზე და დამტკიცებულად ცნო საწარმოს, როგორც ზედავალიანება, ასევე მისი გადახდისუუნარობაც. სასამართლომ მიუთითა, რომ გაკოტრების წარმოების მატერიალური წინაპირობების არსებობა დადასტურებულია განმცხადებლის მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, და სასამართლო მოსმენაზე მიწოდებული ინფორმაციით. ამავე განჩინებაში სასამართლომ მიუთითა საწარმოს უარყოფით ბალანსზე _ 8 168 556 ლარზე, აგრეთვე, ს/ს «ქ-ს» ვალდებულებების ჯამზე 15 963 835 ლარზე. ამ მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ ს/ს «ქ-ს» ვალდებულებების ჯამში მოიაზრებოდა საგადასახადო ვალდებულებები 12 491 052 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002წ. 27 სექტემბერს რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ ს/ს «ქ-ს» გაკოტრების მმართველს აცნობა დაზუსტებული სახით დავალიანების 12 689 000 ლარის ოდენობითარსებობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2002წ. 27 სექტემბრის წერილი არ უნდა ჩაითვალოს ვადაში გაცხადებულ პრეტენზიად, ვინაიდან ამ განაცხადის ადრესატი არის არა სასამართლო, არამედ გაკოტრების მმართველი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული მტკიცებულება, კერძოდ, «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულია გაკოტრების წარმოებაში გაკოტრების მმართველის როლი და ფუნქციებ. ამ მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაკოტრების მმართველის საქმიანობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს გაკოტრების სასამართლო. გაკოტრების მმართველის საქმიანობა უნდა ესადაგებოდეს გაკოტრების ძირითად მიზანს _ ლიკვიდაციასა და კრედიტორთა დაკმაყოფილებას. ამ საქმიანობის განხორციელებისას გაკოტრების მმართველის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს კრედიტორთა მოძიება და მათი მოთხოვნების გამორკვევა. გაკოტრების მმართველი კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს რა გაკოტრების წარმოების სწორად წარმართვაზე პასუხისმგებელ პირს, მის წინაშე კრედიტორის მიერ გაცხადებული მოთხოვნის არასაკმარის ღონისძიებად შეფასება წინააღმდეგობაშია «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის დანაწესებსა და მიზნებთან.
საოლქო სასამართლომ ჯეროვანი შეფასება არ მისცა რიგ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» კანონის პირველი მუხლით, ამ კანონის მიზანია მოვალის ფინანსური სიძნელეების დაძლევა და მოვალის საწარმოს ლიკვიდაციით ან რეაბილიტაციით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. ამავე კანონის მე-2 მუხლის მეორე ნაწილით, გაკოტრების ზოგადი საფუძვლებია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე, მისი ზედავალიანება, თუ მოვალე იურიდიული პირია, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გაკოტრების განცხადების წარმოებაში მიღებიდან 45 დღის ვადაში სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის საკითხი, გამოარკვიოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე უნდა ემყარებოდეს სასამართლოს მიერ გადამოწმებულ დასკვნას გაკოტრების წარმოების მატერიალური წინაპირობების არსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება გაკოტრების წარმოების გახსნაზე დაეყრდნო სწორედ იმ გარემოებას, რომ ს/ს «ქ-ს» ვალაუვალობა და ზედავალიანება უმეტესწილად განპირობებული იყო საგადასახადო დავალიანების არსებობით, ხოლო ამ დავალიანების არარსებობის შემთხვევაში გაკოტრების საქმის წარმოების საკითხი ეჭვქვეშ უნდა დამდგარიყო. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალმა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს და შეფასება მისცეს ამ გარემოებას.
რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექცია საჩივრის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს «გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინება უნდა გაუგზავნოს აგრეთვე იმ პირებს, რომლებმაც მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლამდე განაცხადეს, რომ ვალაუვალი მოვალის მიმართ აქვთ მოთხოვნები და სხვა უფლებები, ან რომლებმაც ვალაუვალი მოვალის მიმართ უნდა შეასრულონ ვალდებულებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გაკოტრების მმართველისათვის 2002წ. 9 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ს/ს «ქ-ს» გააჩნდა სახელმწიფოს დავალიანება, რომლის დაკისრების მიზნით, რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციას აღძრული ჰქონდა სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში, რისთვისაც საოლქო სასამართლოს შეფასება არ მიუცია. ხსენებული და გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იმსჯელოს დაირღვა თუ არა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნებიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწკარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 4 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.