გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 25.09.2006
საქმის ნომერი
ას-151-576-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.09.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-151-576-06 25 სექტემბერი, 2006

ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: თანხის გადახდა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. პ-ძემ 2001წ. მარტში განცხადებით მიმართა სასამართლოს მოვალე გ. ც-ავას მიმართ გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების მიღების შესახებ და მოითხოვა 680 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ გადახდის ბრძანების მიღება. განმცხადებლის მითითებით, მან 1998წ. 1 ოქტომბერს სესხად გადასცა გ. ც-ავას 380 აშშ დოლარი, თვეში 10%-იანი დარიცხვით. მისი მხრიდან მოვალის სასარგებლოდ არ იყო გათვალისწინებული საპასუხო ვალდებულების შესრულება. გადაცემული თანხიდან მოვალეს პროცენტებთან ერთად გადასახდელი აქვს 680 აშშ დოლარი.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადახდის ბრძანებით მოვალე გ. ც-ავას რ. პ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 680 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის 17 აშშ დოლარის, სულ 697 აშშ დოლარის გდახდა.

გ. ც-ავამ 2004წ. 18 თებერვალს პროტესტი შეიტანა სასამართლოში ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადახდის ბრძანებაზე და მოითხოვა რ. პ-ძის მოთხოვნის განხილვა და გადაწყვეტა სასარჩელო წარმოების საერთო წესით. მისი მითითებით, განმცხადებელთან დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10%-იანი განაკვეთი არ იყო შესაბამისობაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პროცენტის ზღვრული ოდენობა შეადგენდა 2-3%-ს, ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ შეთანხმება ბათილია. მისი მოსაზრებით, სასამართლომ გადახდის ბრძანება მიიღო ბათილი გარიგების თაობაზე, რითაც სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 305-ე მუხლის «ბ» პუნქტი. ამასთან, მან გარიგებით გათვალისწინებული დავალიანება სრულად დაფარა.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით რ. პ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ც-ავას რ. პ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 461 აშშ დოლარის და 40 ცენტის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გ. ც-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებით გ. ც-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 374-ე მუხლის თანახმად შეამოწმა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა და დაუშვებლად მიიჩნია გ. ც-ავას სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რადგან სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს და შეადგენს 461.40 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ც-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2005წ. 4 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილ ვადაში _ 2005წ. 18 ივლისს. მისი მითითებით, მისი სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად საოლქო სასამართლოში შემოვიდა 2005წ. 28 ივლისს, რის შემდეგ სასამართლოს 10 დღის განმავლობაში უნდა შეესწავლა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიეღო შესაბამისი განჩინება, რიომელიც არ მიუღია, რითაც დაარღვია სსკ-ის 374-ე და 376-ე მუხლების მოთხოვნები.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ოქტომბრის განჩინებით გ. ც-ავას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებაში მითითებული იყო, რომ კერძო საჩივარი არ პასუხობდა სსკ-ის 39-ე და 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარს არ ახლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა გ. ც-ავას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 16 თებერვლის განჩინებით გ. ც-ავას კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად იმის გამო, რომ მან განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად 5 დღის ვადაში გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. ც-ავას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. ც-ავამ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2006წ. 9 მარტს და განცხადებაში მიუთითა, რომ მან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2005წ. 28 ოქტომბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებაში არ იყო მითითებული, რომ იგი ვალდებული იყო ბაჟის გადახდის ქვითრები სასამართლოში წარედგინა, არც ბანკში განუმარტეს ამის შესახებ. საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია გ. ც-ავას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი არ იყო ინფორმირებული, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უშუალოდ სასამართლოში უნდა წარედგინა; ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებაში კონკრეტულად არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ გ.ც-ავა ვალდებულია კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი წარადგნოს სასამართლოში. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ც-ავას კერძო საჩივარი დასაშვებია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინებით გ.ც-ავას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2005წ. 11 ივლისს გამოქვეყნდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რომელიც ამოქმედდა 2005წ. 15 ივლისიდან. ეს ცვლილებები შეეხო სსკ-ის 365-ე მუხლს და ამ ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გ.ც-ავას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილების, რომლითაც გ. ც-ავას რ. პ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 461 აშშ დოლარის და 40 ცენტის გადახდა, მიღების მომენტისათვის მოქმედი სსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, გ.ც-ავას სააპელაციო საჩივარი დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით იყო დასაშვები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ც-ავას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 12 სექტემბრის განჩინება და გ.ც-ავას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.