დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-158-583-06 31 მაისი, 2006 წ ¹ ას-158-583-06 31 მაისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მეცნიერებათა აკადემიის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის სარჩელი მოპასუხე ი. მ-შვილის მიმართ თვითნებურად დაკავებული არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ი. მ-შვილმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, ვინაიდან რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებას მხარეები დაეთანხმნენ და უარი თქვეს მის გასაჩივრებაზე, რაც აღინიშნა სასამართლო სხდომის ოქმში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმის თაობაზე ი. მ-შვილმა მიმართა სასამართლოს ასევე წერილობითი ფორმით. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სსკ-ის 370-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. მ-შვილმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე მხარემ შეიყვანა შეცდომაში და უარი ათქმევინა სააპელაციო საჩივარზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 14 მარტის განჩინებით ი. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ი. მ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
დადგენილია, რომ მხარეებმა უარი განაცხადეს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რაც დადასტურდა სასამართლო ოქმზე ხელმოწერებითა და მათი წერილობითი განცხადებებით. სსკ-ის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა მხარის უფლებაა, რასაც გარკვეული იურიდიული შედეგი უკავშირდება, კერძოდ, მხარე, რომელმაც ასეთი უარი განაცხადა, კარგავს უფლებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. მ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილისა და 2006წ. 14 მარტის განჩინებები
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.